„ინდუსტრიული პროექტებით საქართველოს ეკონომიკის აღორძინება უახლოეს 5 წელიწადშია შესაძლებელი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პროგრამა „რუბიკონის“ დირექტორი, ჰარვარდის ბიზნესსკოლის MBA-ის კურსდამთავრებული ნუგზარ კაჩუხაშვილი. მისივე თქმით, საქართველომ დღეს არსებული უნიკალური შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს და უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით მასობრივი წარმოების შექმნაზე იზრუნოს. კახუჩაშვილს თანამოაზრეებთან ერთად უკვე შემუშავებული აქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარების პროგრამა და კონკრეტული პროექტები. იგი მთავრობის მიერ შემუშავებულ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ აღნიშნულ დოკუმენტს ინოვაციური ინდუსტრიული პროექტები მეტად სრულყოფილს გახდის.
ნუგზარ კაჩუხაშვილი: „საქართველო 2020“ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ოფიციალური ეკონომიკური დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის უახლეს ისტორიაში გამოქვეყნებულა. შეგიძლიათ, არ დაეთანხმოთ მის პრინციპებს, იკამათოთ მის მომხრეებთან, მოიყვანოთ კონტრარგუმენტები, მაგრამ ამგვარი დოკუმენტის მომზადება უკვე წინგადადგმული ნაბიჯია.
განსაკუთრებით რა მოგწონთ ამ დოკუმენტში?
- მთავრობა აღიარებს, რომ საქართველოში თითქმის კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობაა რეალურ მაჩვენებლებზე (მოსახლეობის ერთ სულზე მშპ) და არა ფსევდოინდექსებზე დაყრდნობით, როგორიც არის „Ease of doing business“.
მომწონს „ინკლუზიურობის“ მიდგომა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკის განვითარებაში საზოგადოების ყველა ფენამ უნდა მიიღოს მონაწილობა. აგრეთვე მომწონს „მწვანე“ მიდგომა, რომ უნდა შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა.
განსაკუთრებით გამოვყოფდი ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს: კანონის უზენაესობასა და საკუთრების უფლების განუხრელ დაცვას; საინვესტიციო და საკრედიტო ფინანსების მისაწვდომობას; კომუნიკაციის, ინფრასტრუქტურის და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას; მეცნიერების და საინჟინრო დისციპლინების ხელშეწყობა-განვითარებასა და ინვოციების ხელშეწყობა, დანერგვას (დავამატებდი ფუნდამენტური ინოვაციების დანერგვას).
ეს ის ხუთი ფაქტორია, რომელიც ყველა განვითარებულ ეკონომიკას გააჩნია. მათ გარეშე ეკონომიკური განვითარება შეუქცევადი ვერ იქნება მიუხედავად იმისა, ქვეყანას აქვს თუ არა ნავთობი, ოქრო, საგარეო სუბსიდიები და ა. შ.
ისტორიამ აჩვენა, რომ ერთჯერადი ეკონომიკური ღონისძიებები - სახელმწიფო ქონების, ნავთობის გაყიდვა და მათზე დაყრდნობა ქვეყნისთვის კარგის არაფრის მომტანია. პირიქით, შემოსული თანხებით გათამამებული მთავრობა აღარ ზრუნავს ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებაზე. ადრე თუ გვიან, გასაყიდი ობიექტები აღარ იქნება, რესურსებიც ამოიწურება და ქვეყანა ისევ აღმოჩნდება ეკონომიკურ უფსკრულთან.
თქვენი აზრით, რა გახდიდა უფრო სრულყოფილს „საქართველო 2020-ს“ ?
- ორი სიტყვით თუ ვიტყვით, ესაა ინდუსტრიული პოლიტიკა. მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ინდუსტრიების ჩამოყალიბებას. ინდუსტრიები კი, თავის მხრივ, ორიენტირებულები უნდა იყვნენ მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქციის შექმნაზე - მასობრივი წარმოების მეთოდებით. პროდუქცია ან წარმოების მეთოდი უნდა იყოს ფუნდამენტურ ინოვაციაზე დაფუძნებული. მხოლოდ ასეთი ინდუსტრიული პოლიტიკა მოუტანს საქართველოს მოსახლეობას კეთილდღეობას.
თქვენ ფიქრობთ, რომ მთავრობა პირდაპირ უნდა ჩაერიოს ამა თუ იმ ინდუსტრიის შექმნაში? ეს ხომ ეწინააღმდეგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს?
- სამწუხაროდ, თავისუფალი ბაზარი იმ გაგებით, რასაც გვასწავლიდნენ ბოლო 23 წლის განმავლობაში, არ არსებობს საქართველოში. სწორედ, ასეთი ბაზრის შექმნაში მინდა მივიღო მონაწილეობა ჩვენი ჯგუფით. ამ მიზნით პროგრამა „რუბიკონი“ უკვე შევიმუშავეთ.
ეს პროგრამა პირადად პრემიერ-მინისტრის და ეკონომიკის მინისტრის ზედამხედველობით უნდა განხორციელდეს, ბიუროკრატიულმა ბარიერებმა რომ არ შეუშალოს ხელი.
ინდუსტრიული პოლიტიკა არის ერთადერთი მეთოდი, რომელსაც შეუძლია მოიტანოს ეკონომიკური სტაბილურობა და განვითარების შეუქცევადობა. ეს მოხდა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, მოხდა ჩილეში და მოხდება საქართველოშიც.
ე.წ. ბაზრის ლიბერალიზაცია კი არის ინსტრუქციების ერთობლიობა, რომელიც შემუშავებულია ვაშინგტონში და მას სხვაგვარად „ვაშინგტონის კონსენსუსად“ მოიხსენიებენ. „ვაშინგტონის კონსენსუსის“ თანახმად, საკმარისია შეიქმნას სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ტოტალური დერეგულაცია და ქვეყნის ეკონომიკა ავტომატურად განვითარდება.
მსოფლიოს განვითარების უახლესმა ისტორიამ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის, სამწუხაროდ. არც-ერთი განვითარებადი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რამდენად კარგადაც უნდა დაენერგა „ვაშინგტონის კონსესუსი“, ეკონომიკური განვითარების გზაზე არ დამდგარა.
„ვაშინგტონის კონსენსუსის“ ყველაზე დიდი კრიტიკოსები არიან ჯოსეფ სტიგლიცი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში და დანი როდრიკი, ეკონომიკის პროფესორი ჰარვარდის და პრინსტონის უნივესიტეტებში.
დანი როდრიკის თანახმად, მაკროეკონომიკური გარემოს შექმნა ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. ტოტალური დერეგულაცია კი საკმაოდ მავნებელი შეიძლება აღმოჩნდეს განვითარებადი ქვეყნისთვის, სადაც საკმარისად მდგრადი საბაზრო მექანიზმები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული.
მაგალითად, ჩინეთს თავის დროზე რომ მოეხდინა ტოტალური დერეგულაცია, მხოლოდ იაფი მუშახელის ბაზარი იქნებოდა. დღეს კი ეს ქვეყანა წარმოდგენს ავანგარდს მთელ რიგ ინდუსტრიებში - ელექტრონიკიდან მძიმე მრეწველობამდე. ყველა დარგი განვითარდა მოზომილი და ჭკვიანურად მიმართული ინდუსტრიული პოლიტიკის შედეგად. ამ დარგებმა, თავის მხრივ, განავითარა თავისუფალი ბაზრის მექანიზმები. ახლა ჩინეთი უკვე იმ დონეზეა, რომ შეუძლია ეტაპობრივი დერეგულაცია განახორციელოს.
ინდუსტრიულ პოლიტიკას, თავის მხრივ, ჰყავს ბევრი ოპონენტი. მათი არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ ინდუსტრიულმა პოლიტიკამ, თავის დროზე, შედეგი ვერ გამოიღო ლათინურ ამერიკაში.
მას შემდეგ ინდუსტრიული პოლიტიკის მიდგომა შეიცვალა. მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა კორუფციის აღმოფხვრა. ჩილეში, ინდუსტრიული პოლიტიკის შედეგად ჩამოყალიბდა ოთხი ძირითადი ინდუსტრია. ამ ინდუსტრიების მხრებზე დგას დღევანდელი ჩილეს წარმატებული ეკონომიკა. ეს ინდუსტრიებია - ალუმინის წარმოება, ორაგულის მოშენება, ყურძნის მოყვანა და დისტრიბუცია და ღვინის წარმოება და დისტრიბუცია.
მთავრობას არ უნდა ეშინოდეს პროექტის წარუმატებლობის. ორმაც რომ გაამართლოს, უკვე მიზანი მიღწეული იქნება. მთავარია, მექნიზმები შეიქმნას, რომელიც წარუმატებელ პროექტებს დროულად შეაჩერებს და კორუფციის წყაროდ არ აქცევს.
ფიქრობთ, რომ თქვენი ხედვები მთავრობის ეკონომიკურ სტრატეგიაშიც უნდა აისახოს?
- რადგან მთავრობამ „საქართველო 2020“, როგორც ეკონომიკური განვითარების ათვლის წერტილი, გამოაქვეყნა და მსჯელობის საგნად აქცია, გაგვიჩნდა ოპტიმიზმის საფუძველიც.
გვჯერა, რომ გაგვაჩნია საჭირო არგუმენტები, რომლითაც ჩვენი ჯგუფი, პროგრამა „რუბიკონით“, შეძლებს, დაარწმუნოს დღევანდელი მთავრობა ინდუსტრიული პოლიტიკის აუცილებლობაში, რომელიც უნდა გახდეს „საქართველო 2020-ის“ განუყოფელი ნაწილი.
კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას გულისხმობს პროგრამა „რუბიკონი“?
- პროგრამა „რუბიკონი“ წარმოდგენს კონკრეტულ პროექტთა ერთობლიობას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას ინდუსტრიული პოლიტიკის დანერგვის საშუალებით. იგი ჩამოყალიბდა ჰარვარდის ბიზნესსკოლის კედლებში, დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც შეხვედრა მქონდა ჩემს ყოფილ ჯგუფელებთან და პროფესორებთან.
ჩვენს ჯგუფში ჰარვარდის ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულების, პროფესორებისა და ასპირანტების გარდა ქართველი სპეციალისტები და ენთუზიასტები შედიან.
პროგრამა „რუბიკონის“ წამყვანი პროექტი „აია“ ერთი წლის განმავლობაში შევიმუშავეთ. კიდევ გვაქვს ორი პროექტი, რომლებზეც მუშაობა გრძელდება. პროექტი „აია“საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ბაზას სამ წელიწადში შექმნის.
ეს პროექტი პასუხობს ყველა იმ პარამეტრს, რომელიც აუცილებელია ინდუსტრიული პოლიტიკის წარმატებით დასანერგად. მას ექნება ე.წ. „spillover“ ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოდნა, რომელიც დაგროვდება ამ პროექტის განხორციელების დროს, გადავა სხვა პროექტებსა და დარგებზე. შეიქმნება პარალელური ინდუსტრიები, ამუშავდება გაჩერებული სააწარმოები, რადგან დაგვჭირდება ლითონი, კომპოზიტური პლასტმასი და ა.შ.
ამ პროექტის განსახორციელბლად საჭიროა მთავრობის მრადაჭერა მთელ რიგ საკითხებში, როგორც საკანონმდებლო, ისე მეზობელ ქვეყნებთან ორმხრივი ეკონომიკური მოლაპარაკებების კუთხით.
რას მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას თქვენი პროექტი, თუ ის რეალურად განხორციელდა?
- თუ ჩვენმა ჯგუფმა შეძლო მთავრობის დარწმუნება, რომ ინდუსტრიული პროექტი „აია“ დაინერგოს და განხორციელდეს,ხუთი წლის შემდეგ მასობრივად წარმოებული პროდუქცია წამყვან პოზიციებს დაიკავებს როგორც საქართველოს, ისე ახლო მეზობლების - თურქეთის, უკრაინის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე, პროდუქცია ექსპორტის სახით გავა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, შემდეგ კი გააქტიურდება მუშაობა დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში პროდუქციის გასატანად.
განახლებული რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მთელი დატვირთვით გამოუშვებს მეტალის პროდუქციას შიდა მოხმარებისთვის, ქიმიური ქარხანა კი მთელი დატვირთვით გამოუშვებს კომპოზიტური პლასტმასის ნაწარმებს ასევე „აიას“ მოხმარებისთვის.
ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებსა და ტექნიკურ სასწავლებლებში განახლდება ან შეიქმნება ახალი დისციპლინები: ინდუსტრიული დიზაინი, ბრენდის შექმნა და მენეჯმენტი, მასობრივი წარმოების მეთოდები, მასალათა მეცნიერება, ინჟინერია, ელექტრონიკა და ნახევარგამტარები და ა.შ. ახალ ტექნოლოგიებში განათლებამიღებული თაობა ვენჩერული კაპიტალის საშუალებით თავიანთ კომპანიებს ჩამოაყალიბებენ „აიას“ კომპონენტების საწარმოებლად, რომლებიც მანამდე იმპორტით შემოდიოდა. განვითარდება საბანკო-საკრედიტო სფეროც და „აიას“ პროდუქციის შესაძენად იაფი კრედიტების აღება გახდება შესაძლებელი. განვითარდება სერვისის სფეროც, რომელიც მოემსახურება „აიას“ პროდუქცის. დიპლომატების ახალი თაობა დიდ წვლილს შეიტანს მეზობელ ქვეყნებთან ორმხრივი ეკონომიკური მოლაპარაკებების წარმოებაში. ანუ შესრულდება ის მიზანი, რაც „საქართველო 2020-ს“ აქვს დასახული.
თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება არცთუ ძნელია, სკეპტიკოსებს კი შესაძლოა, ღიმილიც მოჰგვაროს ეკონომიკის განვითარების ამგვარმა გეგმამ.
- სკეპტიკოსებს სულ ეცინებათ, და სამწუხაროდ, ხშირად მართლები არიან. მაგრამ ეს არ არის ის შემთხვევა. პროექტი „აია“ არის სპეციალისტების ბევრი მუშაობის შედეგი, მათ შორის არიან ჰარვარდის გამოჩენილი პოროფესორი ქლეიტონ ქრისტენსენი და მისი ასპირანტები.
დღეს, როდესაც მასობრივი წარმოების მეთოდი ფუნდამენტურად იცვლება, ნაკლებად განვითარებულ და ნაკლებად მდიდარ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ეძლევა უნიკალური შანსი, აწარმოოს ისეთი პროდუქცია, რომლის წარმოებაც მხოლოდ მდიდარი და განვითარებული ქვეყნების პრივილეგიად მიიჩნეოდა.
ის ფაქტი, რომ საქართველოს დღეს მასობრივი წარმოების გამოცდილება არ აქვს, წარმოადგენს დიდ უპირატესობას. ჩვენ დავნერგავთ ყველაზე თანამედროვე წარმოების მეთოდს, რომელიც არის უფრო ადვილი, იაფი და მომგებიანი.
არსებულ კოპორაციების, რომლებიც პროდუქციას მოძველებული დანადგარებით უშვებენ, გაუჭირდებათ ინვესტორების დარწმუნება, რომ ახალ ტექნოლოგიებში ჩადონ დამატებითი ინვესტიციები. ამიტომ, 3-5 წელიწადში ეს უნიკალური შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ.
ახალი მასობრივი წარმოების მეთოდი შემუშავებულია ინგლისელების მიერ. ლიცენზიის ყიდვის შემთხვევაში, ისინი გვასწავლიან, დაგვეხმარებიან ამ მეთოდოლოგიის დანერგვასა და წარმოების გაშვებაში. ერთი წლის წინ, „აია“-ზე მუშაობა რომ დავიწყეთ, არც ერთი ლიცენზია არ იყო გაყიდული, დღეს უკვე ექვსია გაყიდული.
კონკრეტულად რა პროდუქტი უნდა აწარმოოს „აიამ“ ისეთი, რომ საქართველოს ეკონომიკური აღორძინების საფუძველი გახდეს?
- ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებ. ამჯერად ერთს გეტყვით, ეს იქნება პროდუქტი, რომელსაც ყველა ყოველდღიურად მოიხმარს. სიახლე წარმოების, დისტრიბუციის და სერვისის მეთოდშია და არა პროდუქტში. რომ არა წარმოების ახალი მეთოდები საქართველო ამ პროდუქტს ვერ აწარმოებდა. ამავე დროს, ეს პროდუქტი აკმაყოფილებს ყველა იმ პარამეტრს, რომელიც წარმატებული ინდუსტრიული პოლიტიკის საწინდარია.
„რუბიკონის“ ჯგუფი ვგეგმავთ ინდუსტრიული პოლიტიკის და პროექტ „აიას“ პოპულარიზაციას და მთავრობისთვის წარდგენას. ვაპირებთ უახლოეს პერიოდში პროექტის შესახებ პრეზენტაციები გავმართოთ და საჯარო განხილვაც მოვაწყოთ.