რამდენად შეეხება საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული ეკონომიკური სანქციები? რუსეთი ჩვენი ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებს შორის ერთ-ერთი ლიდერია, ჩრდილოეთიდან ყოველწლიურად ფულადი გზავნილების სახით 800 დოლარი შემოდის, ბოლო ერთი წელია ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტიც სწორედ ამ ქვეყნის ხარჯზე იზრდება.
რუსეთის ფინანსთა ექსმინისტრის, ალექსეი კუდრინის განცხადებით, დასავლეთის ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები, შესაძლოა, რუსული ეკონომიკისთვის იმაზე მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე ამას რუსეთის მთავრობა ვარაუდობს. კუდრინი თვლის, რომ სანქციების პირველი ტალღა 2014 წელს ეკონომიკის ზრდას შეაფერხებს, რასაც ვითარების შემდეგომი გართულება მოჰყვება. ზარალი წელიწადში სულ მცირე 200 მილიარდი იქნება.
ბოლო ინფორმაციით, ამერიკასა და ევროკავშირს სანქციებით შეუერთდა იაპონიაც, რომელიც რუსეთის მიმართ კომპლექსულ სანქციებს აწესებს. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუმიო კისიდამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ კონსულტაციები შეაჩერა. გარდა ამისა, ტოკიო გეგმავს შეაჩეროს მოლაპარაკებების დაწყება რუსეთთან სამ სავარაუდო ხელშეკრულებაზე, მათ შორის, საინვესტიციო თანამშრომლობაზე.
რუსული სახელმწიფო კომპანიების, „როსნეფტისა“ და „გაზპრომის“ ხელმძღვანელებს, იგორ სეჩინს და ალექსეი მილერს ევროკავშირის სავიზო და საფინანსო სანქციები დაეკისრება. ბიზნესმენები იმ „შავ სიაში“არიან, რომლებსაც ევროკავშირში შესვლას აუკრძალავენ, ხოლო მათი აქტივები გაიყინება. სანქციები ჯერ მენეჯერებს ეხებათ. თუმცა სიტუაციის გაანალიზების შემდეგ შეზღუდვები უკვე იმ სახელმწიფო კომპანიებზე გავრცელდება, რომლებიც საზღვარგარეთ ფუნქციობენ.
„შესაძლოა, რეგულატორებმა დაბლოკონ „როსნეფტის“ მიერ უმსხვილესი ამერიკული კომპანია Morgan Stanley-ის ნავთობის სატრეიდინგო განყოფილების შესყიდვის პროცესიც, რომელზეც კარგა ხანია, რუსულ კომპანიას თვალი აქვს დადგმული. უკრაინის კონფლიქტამდე „როსნეფტში“ იმედოვნებდნენ, რომ გარიგებას 2014 წლის მეორე ნახევრამდე დაასრულებდნენ“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
„როსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტმა, მიხეილ ლეონტიევმა, ევროკავშირის მოსალოდნელი სანქციები დაახასიათა, როგორც „სულელური, მეწვრილმანე და მავნებლური ქმედება, რომლითაც პირველ რიგში, საკუთარ თავს დააზარალებს“, ხოლო „გაზპრომის“ წარმომადგენლმა ირონიულად აღნიშნა, რომ „ის დაეხმარება ევროპული ავიაკომპანიების ბიზნესს, რადგან მილერის სანახავად პარტნიორებს რუსეთში მოუწევთ ფრენა“.
ქართველი ექსპერტები რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების გავლენას საქართველოზეც ელოდებიან, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია სანქციების სიმკაცრეზე.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ირანის მაგალითს იხსენებს, როდესაც საქართველო შეუერთდა საერთაშორისო თანამეგობრობას და ირანული კომპანიებისთვის გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა. მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემთხვევაში არ არის გამორიცხული შეიზღუდოს ქართული პროდუქციის წვდომა რუსულ ბაზარზე: ეს შესაძლოა რუსეთში სამუშაოდ წასულ ქართველებზეც აისახოს და მოხდეს მათი დეპორტაცია, რაც საბოლოო ჯამში, რუსეთიდან ფულად გზავნილებზეც მოახდენს გავლენას, რომელიც დღეისათვის დაახლოებით 800 მილიონს შეადგენს.
ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის განმარტებით კი, აისახება თუ არა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საქართველოზე, დამოკიდებულია იმაზე თუ, როგორ იმოქმედებს საქართველო შექმნილ სიტუაციაში და შეუერთდება თუ არა სანქციებს.
ლექვინაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ გარკვეული გავლენა, შესაძლოა, სავაჭრო ურთიერთობებზე გავრცელდეს, თუმცა ეს არ იქნება კატასტროფა. სავარაუდოდ, პრობლემა არ შეეხება ფულად გზავინელებს, რადგან ჩრდილოეთიდან თანხების გადმორიხვა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც არ შემცირებულა.