საფრთხე ქართული ღვინისთვის

საფრთხე ქართული ღვინისთვის

ქართული ღვინის ექსპორტი 300%-ით გაიზარდა და ბოლო რამდენიმე თვეა მეღვინეებმაც გაილაღეს, მაგრამ მოულოდნელად მათ თავსატეხი სულ სხვა მხრიდან შეექმნათ. უკრაინის კრიზისი, რომლის მოგვარების გზები ჯერ კიდევ არ ჩანს, ქართველ მეღვინეებს დიდ საფრხეს უქმნის.

2014 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის 3-ჯერ, 296%-ით გაიზარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2014 წლის იანვარ-თებერვალში, 50-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიის მიერ, საქართველოდან მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9 990 397 ბოთლი ღვინო.

სამინისტროს ცნობით, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველ ხუთეულში შედიან - რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ლატვია. ექსპორტის მთლიან მოცულობაში 68%-ით ლიდერობს რუსეთი, სადაც იანვარ-თებერვალში 6 865 545 ბოთლია გატანილი.

„ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ახალი ბაზრების მოძიება, ასევე არსებულ ბაზრებზე ექსპორტის მაჩვენებლის გაზრდა. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან დავითაშვილმა.

ჯერჯერობით ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით ვითარება მართლაც შესაშურად კარგადაა, მაგრამ ორბაშათიდან რა და როგორ იქნება ძნელი სავარაუდოა. საქმე ისაა, რომ ღვინის 2 მთავარ საექსპორტო ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. რადგანაც ყირიმის კრიზისთან დაკავშირებით რუსეთმა და დასავლეთმა მოლაპარაკების ბოლო შანსიც ხელიდან გაუშვეს, მოვლენები ნებისმიერი სცენარით შეიძლება განვითარდეს - უმკაცრესი ეკონომიკური სანქციებით დაწყებული, ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირებით დასრულებული.

ღვინის კომპანიები უკვე საუბრობენ უკრაინის ბაზართან დაკავშირებულ რისკებზე. როგორც „შუხმან ვაინის“ დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, უკრაინაში პოლიტიკური მდგომარეობა გართულდა და ბაზარი არაპროგნოზირებადი გახდა, თუმცა საქართველოდან ღვინის ექსპორტს ამ ეტაპზე პრობლემა არ შექმნია. უკრაინაში პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანიისგან ინფორმაცია ექსპორტისთვის შესაძლო პრობლემების შექმნაზე არ მიუღიათ და მოცულობის შემცირებაზე ჯერ არ ფიქრობენ.

აბრამიშვილის აზრით, თუ უკრაინაში მიმდინარე პროცესები არ დასტაბილურდა, ეს საქართველოს ეკონომიკას მძიმედ დააწვება.

უკრაინის ბაზართან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობენ „თელავის ღვინის მარანშიც“. როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, უკრაინის ბაზართან დაკავშირებული ხიფათი არსებობს, თუმცა ხელშესახები შეფერხება ჯერჯერობით არ ყოფილა. ზურაბ რამაზაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში ღვინის გაყიდვები სტაბილურია და ამ დრომდე არც ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემებს ჰქონია ადგილი. მისი აზრით, თუ უკრაინაში მიმდინარე პროცესები არ დასტაბილურდა და მდგომარეობა უმართავ სიტუაციაში გადაიზარდა, ეს არა მარტო მათ, არამედ უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობის მქონე ყველა ქვეყანას შეუქმნის პრობლემას.

„პოლიტიკური დაძაბულობის გამო, უკრაინის ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვად გაუფასურდა. სავარაუდოდ, დაეცემა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაც, თუმცა ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ფასების კორექტირება ჩვენი პარტნიორი დისტრიბუტორებისთვის, რადგან შარშან რთველზე ყურძენი საკმაოდ ძვირად შევისყიდეთ“, - აცხადებს „თბილღვინოს“ დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი.

მისი ინფორმაციით, რეალიზაციის შედარებით უკეთესი მაჩვენებელია რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ რუსული რუბლიც მნიშვნელოვან გაუფასურებას განიცდის.

„ფაქტია, რომ ორივე ქვეყანა ქართული ღვინის გასაღების უდიდესი ბაზრებია. შესაბამისად, პოლიტიკურ ვითარებას სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია. ისღა დაგვრჩენია, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება კონფლიქტის მოგვარებაში ძალას არ დაიშურებს“, -აღნიშნა მარგველაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელძღვანელი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ინფორმაციას რომელიმე ქვეყანაში გაყიდვების შემცირების თაობაზე, ჯერჯერობით, არ ფლობს.