გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (ფაო) სასურსათო ფასების ინდექსის მკვეთრი ზრდა დააფიქსირა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება შაქარსა და მარცვლეულზე. გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის კრიზისია, რომელიც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზეც ახდენს გავლენას.
2012 წელთან შედარებით, კლიმატური ფაქტორების და მაღალი მოთხოვნის საფუძველზე 2013 წელს საშუალო ზრდამ 208,1 პუნქტი შეადგინა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა ხორბალზე და სიმინდზე. აღსანიშნავია, რომ ტენდენცია 2014 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა, რაც გარკვეულწილად უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
ფაო-ს ინფორმაციით, თებერვალში ფასების ზრდა, მეტად შესამჩნევი იყო. ამ ეტაპზე ანალიტიკოსები მაინც ვერ აზუსტებენ შენარჩუნდება თუ არა სამომავლოდ ზრდის ტენდენცია. გაძვირების ძირითადი მიზეზი მაინც კლიმატური პირობებია, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს შაქრისა და ხორბლის მოსავალზე.
6,2%-ითაა ფასი გაზრდილი შაქარზე, 4,9%-ით - ზეთზე, ხოლო 3,6%-ით - მარცვლეულზე. ერთადერთი პროდუქტი, რაზეც ფასის ზრდა არ დაფიქსირებულა ხორცია.
მარცვლეულის გაძვირება უშუალოდ უკავშირდება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. ეს ქვეყანა მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი უმთავრესი ექსპორტიორია და თანაც ახლომდებარე რეგიონების მთავარი მომმარაგებელი. შესაბამისად, პირველ რიგში სწორედ იმ სახელმწიფოებს ექმნება პრობლემა, რომელიც უშუალოდ უკრაინიდან ყიდულობს მარცვლეულს.
მაგალითად, ჩიკაგოს ბირჟაზე 3 მარტის შემდეგ 1 ტონა ხორბალი 5-7%-ით გაძვირდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. უკრაინის მოვლენებმა რუსული ხორბლის ფასზეც იმოქმედა. ტრეიდერებსა და კომპანიებს, რომლებსაც ხორბალი რუსეთიდან და უკრაინიდან შემოაქვთ, ეშინიათ, რომ შესაძლოა, მომწოდებლებთან დადებული კონტრაქტები არ შესრულდეს. მაისის ფიუჩერსები უკვე გაძვირებულია 10%-ით.
ვინაიდან უკრაინა მარცვლეულის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის, ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიო ბირჟებზე რყევა გამოიწვია. ეს უშუალოდ გავლენას ახდენს მომხმარებბელ ქვეყნებზე და მათ შორის საქართველოზეც. ჩვენთან ხორბალი, ძირითადად, 3-5 ათასტონიანი გემებით შემოდის ეისკის პორტიდან, რომელიც როსტოვთან ახლოსაა. გემებმა ქერჩის ყურე უნდა გამოიარონ და შავ ზღვაში შემოვიდნენ. შექმნილმა ვითარებამ გემების ფრახტი, ანუ დასაქირავებელი ფასიც გაზარდა.
„კონტრაქტები ჯერჯერობით სრულდება, მაგრამ როგორი ვითარება შეიქმნება ხორბლის ბაზარზე მომავალში, ეს პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული. ამჟამად ტრეიდერები რუსულ კომპანიებთან კონტრაქტების დადებას ერიდებიან, რადგან შესაძლოა, მსოფლიომ მას ეკონომიკური სანქციები დაუწესოს და ხორბლის გამოტანა ვეღარ მოხერხდეს. მსგავსი პრობლემა უკრაინასთან დაკავშირებითაც იჩენს თავს, რადგან შესაძლოა, ხორბლით დატვირთული გემები რუსულმა სამხედრო გემებმა არ გამოატარონ“, - ამბობს მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა.
თუკი კრიტიკული სიტუაცია შეიქმნება, ქვეყანაში ხორბლის შემოტანის ერთ-ერთი ალტერნატიული გზაა ყაზახეთი, სადაც მარცვლეულს მატარებლებში დატვირთავენ და აზერბაიჯანის მხრიდან შემოიტანენ საქართველოში. თუმცა, იმის გამო რომ ორიოდე კვირის წინ ყაზახეთში ეროვნული ვალუტა ტენგე გაუფასურდა, ყაზახური ხორბალიც გაძვირდა.
თუმცა ლევან სილაგავა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოში პურის ფასის ზრდას უახლოეს მომავალში არ ვარაუდობს. მისი ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 100-120 ათასი ტონა ხორბლის მარაგია, რაც ქვეყანას 1-1,5 თვე ეყოფა. ასევე, გზაშია მცირედ გაძვირებული, ჯერ კიდევ პოლიტიკურ კრიზისამდე შეძენილი ხორბალი.
„დღეს პურკომბინატებს წისქვილკომბინატები ტომარა ფქვილს, რომლისგანაც პური მასობრივი მოხმარებისთვის ცხვება, 35 ლარად აწვდიან. ეს მეპურეებისთვის ხელსაყრელი ფასია, მათ საკმაოდ დიდი მარჟა აქვთ. დაახლოებით 45 ლარამდე უნდა გაიზარდოს ტომარა ფქვილის ფასი, რომ პურის გაძვირებაზე დაიწყოს ლაპარაკი“, - განაცხადა სილაგავამ.
როგორ სააგენტო “ბიპიენს” სატრეიდერო კომპანია „აგრიკომის“ დამფუძნებელმა, კოკი ოსიპოვმა განუცხადა, არეულობის გამო უკრაინაში საგაზაფხულო სამუშაოები, სავარაუდოდ, შეფერხებით ჩაივლის: ქვეყანაში სარისკო საინვესტიციო გარემოა - ის სამოქალაქო ომისა და დეფოლტის წინაშე დგას, ბანკებს კი ასეთ ვითარებაში სექტორის დაკრედიტება გაუჭირდებათ. ამასთან, აგროვადების დაცვას მოსავლიანობაზე უდიდესი გავლენა გააჩნია.
„მართალია, ამ ეტაპზე, სასურსათო ხორბალი საქართველოში, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის, სამაგიეროდ, საფურაჟე ხორბლისა და სიმინდის მიმართულებით, უკრაინა ჩვენი ძირითადი მომწოდებელია. გარდა ამისა, უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ხორბლის ბაზარზე ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეა და ფასების დაწესებაში სერიოზულ როლს თამაშობს“, - აღნიშნა ოსიპოვმა.
მისი თქმით, შექმნილი სიტუაციის გამო, ხორბლის მთავარმა იმპორტიორმა, რუსეთმა, მარცვლეული უკვე გააძვირა, თუმცა, ნაწილობრივ, რუბლის გაუფასურების, ნაწილობრივ, გაზაფხულის დადგომისა და ტრანსპორტირების ხარჯების შემცირების გამო, საქართველოს მარცვლეული, ჯერჯერობით, კვლავ სასურველ ფასად (280 დოლარი/ტონაზე) მიეწოდება. თუ პოლიტიკური დაძაბულობა უკრაინაში სასწრაფოდ არ დარეგულირდება, ტრეიდერი ხორბლისა და სიმინდის მნიშვნელოვან გაძვირებას ვარაუდობს.