2013 წელს 2 მილიარდი უცხოური ინვესტიციის ნაცვლად, 1 მილიარდი დოლარის თავმოყრაც გაჭირდა. როგორც ჩანს, ინვესტორების დარწმუნება იოლი საქმე სულაც არ აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მთავრობა სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს გარანტიას კიდევ ერთხელ იძლევა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2013 წელს 914 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 6 პროცენტით აღემატება 2012 წლის წინასწარ და 0,3 პროცენტით - ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28 პროცენტი შეადგინა.
წინასწარი მონაცემებით, 2013 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 1822 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა, მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 90 პროცენტი შეადგინა. მთლიან ინვესტიციებში ნიდერლანდების წილი 20 პროცენტია, ლუქსემბურგის - 16 პროცენტი, ჩინეთისა - 11 პროცენტი.
უმსხვილესი სექტორების წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 82 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა - 198 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22 პროცენტია. ასევე ტრადიციულად მოწინავე ადგილზეა საფინანსო სექტორი - 170 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაა 138 მილიონი დოლარით.
აღსანიშნავია, რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში, გაორმაგდა სოფლის-მეურნეობის სექტორში შემოსული კაპიტალის ოდენობა (32 მილიონი დოლარი). ასევე საგრძნობლად გაიზარდა სამთო-მოპოვებით სექტორში დაბანდებული თანხის მაჩვენებელი - 5 მილიონი დოლარიდან 35 მილიონ დოლარამდე.
შარშან ყველაზე ცოტა ინვესტიცია მე-4 კვარტალში შემოვიდა - 217 მილიონი დოლარი, რაც 2012 წლის მე-4 კვარტალის წინასწარ მონაცემებს 20 პროცენტით აღემატება, თუმცა იმავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 7 პროცენტით ნაკლებია. პირველ კვარტალში უცხოური კაპიტალდაბანდებების მოცულობა 226 მილიონი დოლარი იყო, მე-2 კვარტალში - 232 მილიონი დოლარი, ხოლო მე-3 კვარტალში 239 მილიონი დოლარი.
ამ სტატისტიკური მონაცემებიადნ ჩანს, რომ ინვეტორები ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში არიან. მართალია, შარშან ამ დროს მათ მოზღვავებაზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, მაგრამ ამჯერად ვითარება შეცვლილია. 1 წლის წინა განსაკუთრებით რუსი ინვესტორებისა ეიმედებოდათ.
ახლა კი ეკონომიკის სამინისტრო რუსი ინვესტორების მიერ განხორციელებული კონკრეტული პროექტებისა და ბიზნესმენების ვინაობის დასახელებისგან ამჯერადაც თავს იკავებს. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი აცხადებს, ამ დროისთვის ინვესტორები საინვესტიციო გარემოს სწავლობენ, ვინაიდან არც ერთი ინვეტორი, რომელიც უცხო ქვეყანაში კაპიტალდაბანდების განხორციელებას აპირებს, ფულს საინვესტიციო გარემოს წინასწარი შესწავლის გარეშე არ აბანდებს.
საქართველოში რუსული ინვესტიციების შემოსვლას პროგნოზირებდა საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაიაც, თუმცა ამ დრომდე არც საინვესტიციო სააგენტოს აქვს კონკრეტული მონაცემები ინვესტორებთან დაკავშირებით.
ასეთი რეალობის ფონზე, საქართველოს მთავრობა ძალასა და ენერგიას არ იშურებს პოტენციური ინვეტორების გულის მოსაგებად. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირობის იძლევა, რომ მთავრობა თითოეული ცენტ ინვესტიციას დაიცავს.
„ნება მომეცით, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა, სიტყვა მოგცეთ, რომ თქვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება დაცული და დაგიდასტუროთ ჩემი მზადყოფნა, ვიყო ქვეყანაში სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს გარანტორი”, - მიმართა საქართველოს პრემიერმა ისრაელის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, სადაც საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი მიმდინარეობდა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ქვეყანა ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთ სამაგალითოდ იქცეს.
„მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა, მთავარ ღირებულებად და პრიორიტეტად გამოცხადდა კანონის უზენაესობა და კერძო საკუთრების დაცვა. სხვადასხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო ინარჩუნებს მყარ პოზიციებს, მაგალითად, მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსის თანახმად, საქართველომ გააუმჯობესა მაჩვენებლები და მერვე ადგილზე გადაინაცვლა. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს მიაღწევს 6,3 პროცენტს, ნაცვლად 5 პროცენტისა, როგორც თავიდან იყო ნავარაუდევი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერის განმარტებით, საქართველოს, გარდა იმისა, რომ აქვს ხელსაყრელი გარემო ბიზნესის წარმოებისთვის, აქვს განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობაც.