ექო „ხრუშჩოვკებიდან“: რა გაძვირდება და რა გაიაფდება

ექო „ხრუშჩოვკებიდან“: რა გაძვირდება და რა გაიაფდება

ვინ და როგორ დაანგრევს „ხრუშჩოვკებს“, ამის შესახებ ინფორმაცია 1 თვეში იქნება ცნობილი, მანამდე კი მოსახლეობასა და მშენებლებში მითქმა-მოთქმა არ წყდება. ზოგი „ხრუშჩოვკების“ გაძვირებას პროგნოზირებს, ზოგი კი მშენებარე კორპუსებში თეთრი თუ შავი კარკასების გაიაფებას.

კომპანია „პრივატ სერვისის“ გაყიდვების მენეჯერის ეკა ვადაჭკორიას ვარაუდით, როგორც კი საკრებულო ხელშეკრულების გაფორმებას დაიწყებს, „ხრუშოვკებზე“ მოთხოვნა და ფასი მაშინვე გაიზრდება. ხალხს ახალი ბინების მიღების შანსი გაუჩნდება და „ხრუშჩოვკებით“ მანიპულირებაც მასობრივად დაიწყება.

„ვიდრე საკრებულო თუნდაც ერთ კორპუსთან ხელშეკრულებას არ გააფორმებს, რამე პროგნოზის გაკეთება რთული იქნება, თუმცა როგორც კი ხელშეკრულება გაფორმდება, „ხრუშჩოვკებზე“ ფასები გაიზრდება და მოთხოვნაც უცებ მოიმატებს“, - აცხადებს ვადაჭკორია.

ეს ლოგიკურიცაა, რადგან ის ადამიანები, რომლებიც ბინის გაყიდვას აპირებენ, არსებულ ვითარებაში ხელის მოთბობას შეეცდებიან, ხოლო მათ, ვინც პოტენციურ მყიდველებად აღიქმებიან, პრესტიჟულ ადგილას ახალ კორპუსში ცხოვრების შანსი მიეცემათ. „ხრუშჩოვკები“ დედაქალაქში, ძირითადად, საბურთალოზე, დიღმის მასივსა და გარეუბნებშია და ამჟამად 1 კვ/მ 600-800 დოლარი ღირს.

უძრავი ქონების სააგენტოს „ლიდერის“ წარმომადგენლის განცხადებით კი, ამ ეტაპზე ხრუშჩოვკებზე სტანდარტული მოთხოვნაა, თუმცა გამორიცხული არაა, საკრებულოს ინიციატივის განხორციელების შემდეგ მოთხოვნა მართალც გაიზარდოს. „ახლა ყველაზე დიდი მოთხოვნა მშენებარე ბინებზეა. „ხრუშჩოვკებზე“ ფასი რამდენიმე წელია სტანდარტულია, თუმცა შეიძლება ვითარება სწრაფად შეიცვალოს“, - აცხადებენ სააგენტოში.

ეს, რაც შეეხება მრავალი ათეული წლის წინ აშენებულ 5-სართულიან კორპუსებს, მაგრამ როგორი იქნება 600-მილიონიანი პროექტის გავლენა მიმდინარე მშენებლობებზე? აქ ადგილობრივი დეველოპერები საფრთხეს ხედავენ. მათი აზრით, არაბული ინვესტიცია ბაზარზე ფასის შემცირებას გამოიწვევს. „ხრუშჩოვკების“ ნაცვლად აშენებულ კორპუსებში 1კვ/მ საცხოვრებელი ფართის ღირებულება, სავარაუდოდ, 500-600 დოლარს არ გადააჭარბებს.

„ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი ვარაუდობს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება, რის გამოც, შესაძლოა, რამდენიმე კომპანია თამაშგარე სიტუაციაში აღმოჩნდეს.

„ინვესტიციების ჩადება სამშენებლო სფეროში დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ხალხს დაასაქმებს. ამ თვალსაზრისით კარგი და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეა, თუმცა ბევრი კომპანია კონკურენციას ვერ გაუძლებს“, - აცხადებს რჩეულიშვილი და მიიჩნევს, რომ ქართველ მშენებელზე იაფად უცხოელი ინვესტორი ვარაფერს ააშენებს.

„სახელმწიფოს ვთხოვთ, კრიზისის შედეგად დაზარალებულ მენაშენეებს მიხედონ, რომ კორპუსების ჩაბარების დროს არ დაიბეგრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება დაუკმაყოფილებელი მყიდველი და გაკოტრებული კომპანია.

თბილისში 15 ათასი ოჯახია, რომელიც ბინის ჩაბარებას ელოდება, მათგან 6 ათასი „ცენტრ-პოინტზე“ მოდის. შენობების ექსპლოატაციაში მიღების პროცესში სახელმწიფო თუ არ დაგვეხმარება, არაბი ინვესტორებისგან განსხვავებით, ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებით“, - აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი.

ჯერჯერობით ვითარებაში ვერ გარკვეულან სპეციალისტებიც. არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე თვლის, რომ წამოწყება ვერ იქნება წარმატებული მანამ, სანამ არ დაიდება სამოქმედო გეგმა, პროექტი, დაანგარიშება და არ იქნება დეტალურად შესწავლილი მდგომარეობა.

„არ არის მაინცდამაინც აქსიომა, რომ „ხრუშჩოვკები“ უნდა დაინგრეს. არის ავარიული და საკმაოდ საღი კორპუსებიც. ეს იდეა თავის დროზე გიგი უგულავას ეკუთვნოდა, თუმცა პირდაპირ არ ნიშნავს, რომ მივალ და დავანგრევ კორპუსებსო. ასე არ შეიძლება, პროფესიონალებს უნდა დაეკითხონ“, - ამბობს ლადო ვარდოსანიძე.