ორშაბათამდე ყველაფერი უნდა გაირკვეს - ან პუტინმა უნდა დაიხიოს უკან, ან მას კისერზე „ეკონომიკური სახეობის ყულფს“ ჩამოაცმევენ, რომელიც დრო და დრო დავიწროვდება. საინტერესოა, რა ტიპის ეკონომიკური იარაღი გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ დასავლეთსა და რუსეთს?
გერმანიის კანცლერამა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში პირდაპირ და დაუფარავად განაცხადა - თუ რუსეთი არ გამოხატავს მზადყოფნას ხელი შეუწყოს უკრაინაში კრიზისის გადაწყვეტას და შექმნილი დაძაბული ვითარების განმუხტვას, მაშინ ორშაბათს ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეორე საფეხურის შემოღების შესახებ.
„უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს. თუ რუსეთი გააგრძელებს ბოლო დღეების განმავლობაში გამჟღავნებულ თავის კურსს, ეს იქნება კატასტროფა არა მხოლოდ უკრაინისთვის. დარწმუნებული ვარ, იგი სერიოზულ ზიანს მიაყენებს თავად რუსეთსაც - პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე“, - განაცხადა მერკელმა.
პოლიტიკურს რომ თავი დავანეოთ, საინტერესოა, რა ეკონომიკური ბერკეტები აქვს დასავლეთს კრემლის მოსათვინირებლად და პირიქით, რა „კოზირი“ უჭირავს რუსეთს.
ეკონომიკური ტიპის პირველი დარტყმები რუსეთმა უკვე იგემა. მაგალითად, ევროკავშირმა „სამხრეთ ნაკადის“ გაზსადენის შავი ზღვის ფსკერზე მშენებლობის თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკება შეწყვიტა. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ეტინგერი ირწმუნება, რომ ამჟამად ევროპა არ განიცდის სიძნელეებს გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, მით უფრო, როდესაც ზამთარი უკვე გავიდა და ამიტომ ყირიმში რუსი სამხედროების შეყვანის პრობლემა და მისი დიპლომატიური გზით მოგვარება უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
ეტინგერი მხარს უჭერს ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსი მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქებისთვის დაკისრებულ სანქციებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ეს სანქციები ძალიან მკაცრი არ უნდა იყოს.
რამდენიმე დღის წინ კი თეთრი სახლის ოფიციალურმა პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, განკარგულება „უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ხელისშემწყობი პირების ქონების ბლოკირების შესახებ“.
პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით არიან ჩართული ყირიმის ნახევარკუნძულზე მიმდინარე არადემოკრატიულ პროცესებში, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება, აქვთ ქონება ან ქონების ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, მოექცევიან ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული სანქციების ქვეშ. კერძოდ, არ შეეძლებათ მათ სახელზე არსებული ქონების გახარჯვა, გადაცემა, ექსპორტი, დონაცია ან სხვა რამე სახით გამოყენება. დაუწესდებათ სავიზო შეზღუდვები და არ შეეძლებათ ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა.
ევროკავშირმა კი განცხადება გააკეთა, რომ შეაჩერებს ყოველგვარ სავაჭრო მოლაპარაკებას პუტინის მთავრობასთან და, რაც ამ ეტაპზე რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 28 ქვეყანაში უვიზო რეჟიმით მიმოსვლის საკითხის განხილვას.
რუსეთს კი „ეკონომიკურ ომში“ საკუთარი ბუნებრივი რესურსების იმედი აქვს. როგორც პრეზიდენტმა პუტინმა მის ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, მოსკოვს არ სჭირდება ბირთვული იარაღი მაშინ, როცა აქვს გაზი და ნავთობი. ამ ეტაპზე გერმანია, იტალია და საფრანგეთი მოხმარებული გაზის 30%-ზე მეტს რუსეთიდან იღებენ. ექსპერტები უკვე პროგნოზირებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამკაცრებულმა სანქციებმა ევროკავშირი 21-ე საუკუნის უდიდეს კრიზისამდე შეიძლება მიიყვანოს. პუტინს იმედი აქვს, რომ დასავლეთი მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მკაცრ ზომებს ვერ მიიღებს.
რუსეთი საკმაოდ მაღალი მასშტაბებითაა სავაჭრო და ფინანსურ გარემოში ინტეგრირებული და სანქციები მხოლოდ მას არ დააზარალებს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ავტოექსპორტის 10% მოდის რუსეთზე, უფრო დიდია გერმანული ავტომობილების ექსპორტის წილი ჩრდილოეთის ბაზარზე.
რუსეთი ჩინეთთან ერთად ყველაზე დიდი სამომხმარებლო ბაზარია. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ დევიდ კამერონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მკაცრ სანქციებზე დათანხმებისგან თავს იკავებს, ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ დასავლური ეკონომიკები რუსული ბაზრის ჩანაცვლებას შეძლებენ სხვა ეკონომიკური ზომებით.
მართალია, სანქციების შემთხვევაში ეს რესურსი მოაკლდება ევროპას, მაგრამ სპეციალისტთა შეფასებით, რუსეთის დანაკარგი ამ მხრივ გაცილებით დიდი იქნება, რადგან მისი შემოსავლის მთავარი წყარო - ნავთობისა და გაზის ევროპაში ექსპორტია.
„გაზპრომმა“ 2013 წელს 133 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა ევროკავშირში. ამ მოცულობის თითქმის ნახევარი, 65 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ევროპას უკრაინის გავლით მიეწოდა. „გაზპრომის“ სტატისტიკის მიხედვით, გერმანია რუსული გაზის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია, მასზე მოდის ექსპორტირებული აირის 40 მილიონი კუბური მეტრი.
შეძლებს თუ არა ევროპული ეკონომიკა რუსული გაზის ჩანაცვლებას სანქციების შემთხვევაში? ესაა მთავარი საკითხი, რომელზეც დასავლელ პოლიტიკოსებს უწევთ მუშაობა.
ევროკავშირი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. თავის მხრივ, რუსეთი ევროკავშირის მესამე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. 2012 წელს რუსეთის ექსპორტმა ევროკავშირში 213 მილიარდი ევრო შეადგინა, იმპორტმა კი 123 მილიარდი ევრო. რუსეთი არის გაზის, ნავთობის, ურანისა და ნახშირის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი ევროპისთვის.