სტატისტიკამ დაადასტურა ის, რასაც უბრალო მოქალაქეები ისედაც გრძნობდნენ და აღიქვამდნენ. შარშან ქვეყანაში სამუშაო ადგილები შემცირდა. ეს კი ეკონომიკური სტაგნაციის მთავარი ნიშანია.
საქართველოში დასაქმებულთა რიცხვი 2013 წლის მეოთხე კვარტალში, მესამესთან შედარებით, 11 700-ით გაიზარდა და 519 ათასს მიაღწია, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 8 800 სამუშაო ადგილით ჩამორჩება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი - 22% ვაჭრობითა და რემონტით არიან დაკავებული. ამ სექტორში ერთ კვარტალში 5800 დამატებითი ადგილი შეიქმნა და 115 ათასს მიაღწია.
3,3%-ით - 83 ათასამდე შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა დამამუშავებელი მრეწველობაში, მესამე ადგილზე 57 ათასი ადგილით - ჯანდაცვა და სოციალური დახმარების სექტორია, მოეთხეზე კი - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, სადაც მომუშავეთა რიცხვი 2,7%-ით გაიზარდა და 55 ათასს მიაღწია.
სამუშაო ადგილების რაოდენობის ყველაზე დიდი 24,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა განათლებაში (19 ათასი), ხოლო კლება - თევზჭერაში: შარშან მეთევზეთა რაოდენობა განახევრდა და 353-ით განისაზღვრა.
ეს სტატიტიკა ადასტურებს, რომ შარშან ეკონომიკამ ერთი ნაბიჯითად ვერ წაინაცვლა წინ. მართალია, წლის ბოლო რაღაც გამოცოცხლების ნიშნები იყო, მაგრამ რეალურად და სტატისტიკურად სულ სხვა სურათი დადასტურდა.
სხვათა შორის, ამ რამდენიმე დღის წინ, ირიბად, მთავრობაშიც ადასტურებდნენ, რომ სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ ქვეყანაში სახარბიელო ვითარება არ იყო. „ბოლო წლების ეკონომიკური ზრდა, სამწუხაროდ დასაქმებაზე ვერ აისახა“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ანგარიშის პრეზენტაციაზე სტუმრად მყოფმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. ალბათ, იგი წინასწარ გრძნობდა, რომ ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი არასახარბილო იყო.
როგორც ხადურმა აღნიშნა, ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდის ფონზე სამუშაო ადგილები უნდა გაზრდილიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა და პირიქით, სამუშაო ადგილები შემცირდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ციფრებით ჩვენ შეიძლება უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე 2003 ან 2004 წელს გვქონდა, თუმცა რეალობა გვაქვს ასეთი, რომ უფრო მეტმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. როგორც წესი, ეკონომიკური მაჩვენებლის ფონზე სამუშაო ადგილები უნდა გაზრდილიყო.
ჩვენი სტრატეგიაც იმას ითვალისწინებს, რომ ეკონომიკური ზრდა თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე აისახოს. მათ იშოვონ მაღალანაზღაურებადი სამსახურები და არ იყვნენ დამოკიდებული სახელმწიფოს მრიდან შემწეობაზე. ჩვენ მსოფლიო ბანკთან ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ. ის არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი, რომელიც ასევე ძალიან ბევრ კომერციულ პროექტს ახორციელებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
თითქმის იგვეს ამბობს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ოღონდ მას უფრო მეტად ახლადშემუშავებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა ეიმედება.
„ახლა ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებში მიმდინარეობს რეფორმების სამოქმედო გეგმების შემუშავება. ჩვენ შევქმენით მეწარმეობის განვითარების სააგენტო, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას, დაგეგმილია ღონისძიებები ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშესაწყობად, მიმდინარეობს მსჯელობა საპენსიო რეფორმის გატარებაზე და სხვა“, - აღნიშნაირაკლი ღარიბაშვილმა.
იგი მიიჩნევს, რომ სოციალური დახმარების პროგრამა საკმარისი არაა და ადამიანები ადგილობრივმა ბიზნესმა უნდა დაასაქმოს.
„ჩვენ მიერ დახარჯული ყოველი თეთრი და განსახორციელებელი ყოველი რეფორმა კარგად აწონილ-დაწონილი უნდა იყოს, რათა მან მაქსიმალური ეფექტი მოგვცეს. ადგილობრივმა ბიზნესმა უნდა დაასაქმოს ადამიანები. სოციალური დახმარება უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმართული.
იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდის ეფექტი იგრძნოს მოსახლეობამ, მხოლოდ სოციალური დახმარების პროგრამები არ არის საკმარისი. უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რათა ადამიანების კეთილდღეობა გაიზარდოს მათივე შრომის ანაზღაურებით და ქვეყანაში დოვლათის შექმნით.
შრომის ბაზარზე პრობლემას წარმოადგენს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი. ადამიანებს განათლება აქვთ ისეთ სფეროებში, რომლებზეც შრომის ბაზარზე მოთხოვნა ნაკლებია. ამავე დროს, არასაკმარისია სათანადო პროფესიული განათლების მქონე სამუშაო ძალა იმ ადგილების შესავსებად, რომლებსაც პროფესიული კვალიფიკაცია სჭირდება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერმა.
ბოლო წლებში ყველა მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნის სლოგანით იწყებდა მოღვაწეობას, მაგრამ შემდეგ თავის მართლება უხდებოდა ულმობელი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისთანავე. საინტერესოა, ამჯერად მაინც თუ დაირღვევა ეს არასასურველი ტენდენცია.