თბილისის საკრებულოში დემოგრაფიული განვითარების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ინიციატივები დეპუტატებს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან ვასაძემ და გამგეობის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ წარუდგინეს. როგორც პრეზენტატორებმა აღნიშნეს, საქართველოში სულ 15 დემოგრაფიული საფრთხე არსებობს და მათ მიერ უკვე 7 საკანონმდებლო ინიციატივა და 12 პროექტია შემუშავებული, რომლებიც პრობლემის მოგვარების საკითხებს მოიცავს.
თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, თბილისში პრობლემებია მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელ ფართებთან და ამ ოჯახებში მცხოვრები მოზარდების განათლებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ასევე ყველაზე მძიმე საკითხად განიხილება აბორტების თემა.
ფონდის წარმომადგენლებმა დეპუტატებს აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის ინიციატივები გააცნეს და განაცხადეს, რომ სასურველი შედეგის დასადგომად აუცილებელია დედაქალაქის საკრებულოსა და მერიის ჩართულობა.
საკრებულოს დეპუტატებტან ერთად პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც ესწრებოდა.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ფონდის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ფონდის ყველა ინიციატივა სახელმწიფო დემოგრაფიის პროგრამაში გადავა.
როგორც შეხვედრის ინიციატორმა, საკრებულოს ფრაქცია " ქართული ოცნება-თბილისელების“ თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, თბილისის საკრებულო მხარს უჭერს ფონდის ინიციტივებს და მზადყოფნას გამოთქვამს დეპუტატებთან ერთად შეიმუშაოს კონკრეტული თემები, რომლებიც ერთის მხრივ პრობლემის აღმოფხვრას, მეორეს მხრივ, კი თემის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
მხარეების განცხადებით, ანალოგიური შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.