იმპორტიორებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმებას ხელისუფლებაში ერთსულოვნად უჭერენ მხარს, თავად იმპორტიორები კი, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგებიან. როგორც ინიციატივის ავტორი გოგი თოფაძე ამბობს, საგადასახადო კოდექსში სხვა ბევრი ცვლილებაც შევა, რათა ქვეყანაში კონკურენტული გარემო შეიქმნას.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, რომლის თანახმადაც მსხვილი იმპორტიორებისთვის საქონლის იმპორტის დღგ-ით დაბეგრვისას გათვალისწინებული შეღავათიანი პირობები უქმდება. კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „პირს, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა გადააჭარბებს 200 000 ლარს, უფლება აქვს, გადავიდეს იმპორტის დღგ-ით დაბეგრვის სპეციალურ წესზე“.
ეს სპეციალური წესი კი, მარტივი ენით რომ ვთქვათ, იმას ნიშნავს, რომ იმპორტიორს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეუძლია დღგ-ს გადახდა. ამით ბაზარზე არაკონკურენტული გარემო იქმნება და მაინცდმაინც ვერც ბიუჯეტი ხეირობს. „მრეწველთა“ შეფასებით, ეს არაკონკურენტულ გარემოს ქმნის.
დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებით, იმპორტიორები ძალიან დიდი შეღავათით სარგებლობდნენ.
„მაგალითად, საქართველოში ჩვენ ვაწარმოებთ სიგარეტს, რომელიც საკმაოდ იაფია. საკმაოდ მაღალი ხარისხის თამბაქო მოგვყავდა ლაგოდეხსა და მარნეულში. ახლა მათი აღდგენა იგეგმება, მაგრამ ნახეთ, რა ხდება - ქართველმა მწარმოებელმა რომ აწარმოოს სიგარეტი, ამისთვის იმპორტირებულ ნედლეულს თუ იყიდის, 8-9 თვით თავისუფლდება დღგ-ის გადასახადისგან, ხოლო ქართველმა რომ ადგილზე აწარმოოს თამბაქო, მან იმ თვეშივე დღგ უნდა გადაიხადოს. ანუ, რა გამოდის? - სახელმწიფო უპროცენტო სესხს აძლევს იმპორტიორს, ადგილობრივ მეწარმეს კი არავითარ შეღავათს არ უკეთებს.
მოგიყვანთ სხვა მაგალითსაც: საქართველოში აწარმოებენ ალაოს. აქ რომ ვიყიდო, მე იმ წუთშივე უნდა გადავიხადო დღგ, ხოლო იმპორტირებულის შემთხვევაში 8-9 თვის შემდეგ შემიძლია რომ გადავიხადო.
თუ ვსაუბრობთ ქართული წარმოების აღდგენასა და ქართული სოფლის აღორძინებაზე, ეს ცვლილება აუცილებელია: როცა მეწარმემ იცის, რომ იმპორტირებულ პროდუქციაზე 18%-ს არ იხდის, ბუნებრივია, იმპორტი ურჩევნია. მალე მთელი კასკადი იგეგმება კანონების“, - აცხადებს თოფაძე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეთანხმება მრეწველთა ინიციატივას, რომ გარკვეული კატეგორიის იმპორტიორები საგადასახადო შეღავათებით არ უნდა სარგებლობდნენ.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ბაზარზე იყოს კონკურენტული გარემო და ყველა მეწარმე იყოს თანაბარ პირობებში. როგორც აღმოჩნდა, მეწარმეთა ნაწილი გარკვეული პერიოდის შემდეგ იხდის დამატებული ღირებულების გადასახადს, რაც მათ არათანაბარ პირობებში აყენებს მცირე და საშუალო საწარმოებთან შედარებით.
ამიტომ ფრაქცია „მრეწველებმა“ მოამზადეს პროექტი, ჩვენ გავეცანით და ვეთანხმებით. უკმაყოფილება არ უნდა გამოიწვიოს ამ პროექტმა, რადგან ყველა გადამხდელი უნდა იყოს თანაბარ პირობებში, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ და კონკურენტულ ბრძოლაში მოგებული დარჩება მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელი“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ამ დროს უმსხვილესი იმპორტიორები სხვა აზრზე დგანან. მათთვის დაწესებული შეღავათების გაუქმებით, ისინი საინვესტიციო გარემოს გაუარესების საფრთხეს ხედავენ.
ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორის „ალიანს ჯგუფის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსხვილი კომპანიები ყოველთვიურად ბიუჯეტში ასი ათასობით ლარს იხდიან. მამუკა ცაგარელი განმარტავს, რომ დღგ-სთან დაკავშირებული შეღავათი კომპანიებისთვის ძალიან მოსახერხებელია, რადგან აქვთ საშუალება გადასახადი არა საზღვარზე განბაჟებისას, არამედ ოდნავ მოგვიანებით, დეკლარაციის წარდგენისას გადაიხადონ.
ცაგარელი ამბობს, რომ ამ საკითხს კონკურენციასთან კავშირი არ აქვს და შესაძლოა ამან უარყოფითად ინვესტორებზე იმოქმედოს, რადგან ასეთი შეღავათი ინვესტორისთვის სტიმულია. შეღავათის გაუქმებით კი, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არაფერი შეიცვლება.
კომპანია „ჯიდი ჰოლდინგშიც“ აცხადებენ, რომ ეს ცვლილება უარყოფითად შეიძლება შეფასდეს და ყველა ასეთი ცვლილება კოდექსში საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად მოქმედებს.