„იცი, რა ხდება ეკონომიკაში?“ - ამ კითხვას, პასუხთან ერთად, საქართველოს მთავრობა ინტერნეტში საინფორმაციო ფურცლის სახით ავრცელებს. ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე მთავრობის განმარტება რიცხვებში ასეა გამოსახული: 2014 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა; იმავე პერიოდში ასევე 15%-ით გაიზარდა დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა. 2014 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გადასახადების სახით, ბიუჯეტში 13%-ით მეტი თანხა არის მობილიზებული.
მთავრობა ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე რიცხვებით საუბრობს. ეკონომიკის ექსპერტები და ანალიტიკოსები კი კვლავ აქტიურად მსჯელობენ მთავრობის სოციალურ-ეკონომიკურ სტრატეგიაზე, რომელიც ერთგვარი ეკონომიკური პროგნოზია და 2020 წლის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ სურათს წარმოაჩენს. სტრატეგიული გეგმის თანახმად, 2020 წელს საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე მშპ - დღევანდელთან შედარებით დაახლოებით 7 ათასი ლარით გაიზრდება და 13 ათასი ლარი იქნება, ჯინის კოეფიციენტი - 0,41 და 0,35-მდე დაიკლებს; ექსპორტი მშპ-ში 35%-დან 50%-მდე გაიზრდება, უმუშევრობა კი 7 წლის განმავლობაში 3%-ით შემცირდება და 15%-ის ნაცვლად - 12% იქნება;
მთავრობის ეკონომიკურ კურსსა და საჯაროდ გამოქვეყნებულ სტარტეგიულ დოკუმენტზე for.ge ეკონომიკის დოქტორს დავით ადეიშვილს ესაუბრა.
დავით ადეიშვილი: ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის შესახებ ამ მოცულობის და მნიშვნელობის დოკუმენტი საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ არ მახსენდება. საკმაოდ კარგად აღწერს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და იმ ფაქტორებს, რაც ხელს უშლის მის განვითარებას. ქმნის ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სტარტეგია.
მთავრობის ეკონომიკურ სტრატეგიაში არის რამდენიმე სადავო საკითხი, საჭიროა გარკვეული მიმართულებების წინ წამოწევაც, მაგრამ, მთლიანობაში დოკუმენტი ნორმალურია.
სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეკონომიკური სტრატეგიაში მემარცხენე კურსისკენ გადახრა იგრძნობა და უმჯობესი იყო, ლიბერალური კურსი შენარჩუნებულიყო, თქვენ რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?
- აბსოლუტურად ლიბერალური ეკონომიკა არ არსებობს. რადგან არსებობს ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროები, ეროვნული ბანკი, ეს უკვე ნიშნავს ეკონომიკაში ჩარევას და რეგულირებას. დერეგულაცია საქმეს არ შველის. ამავე დოკუმენტის თანახმად, მაგალითად, რეიტინგებით ჩვენ პირველ ადგილზე ვართ უცხოელთათვის ქონების დარეგისტრირებით, მაგრამ ეს არაფერს გვაძლევს სახარბიელოს. უკვე წარსულია იმის რწმენა, რომ მაქსიმალური ჩაურევლობა ქმნის მეტ სიმდიდრესა და განვითარებულობას, ეს არის შეცდომა. ადამ სმიტის დროინდელი იდეოლოგია ევროპაში, დიდი ხანია, ისტორიას ჩაბარდა.
უნდა ჩაიხედოთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში, რომელსაც ჩვენ ხელს უახლოეს მომავალში მოვაწერთ და ნახოთ, რამხელა რეგულაციებია. განსაკუთრებით შრომისა და გარემოს დაცვის კუთხით, ენერგეტიკის ეფექტიანობის, სურსათის უვნებლობის კუთხით. სასიხარულო ამიტომაცაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომ სწორი გზით წავალთ - მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით.
წინა ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში ლიბერალური ტალღა მსოფლიოს მოედო, რამაც მიგვიყვანა ცნობილ კრიზისამდე, რომელიც 2007–2008 წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. დღეს უკვე გაცნობიერებულია, რომ დერეგულაციას, მათ შორის ფინანსურს, მივყავართ არასწორი გზით, რომელის კრიზისით სრულდება. ამიტომ ტენდენცია მემარცხენე თვალსაზრისით შეიცვალა. რაც გულისხმობს მეტ რეგულაციას, სოციალურ საბაზრო ეკონომიკას და მდგრად განვითარებას. მდგრად განვითარებაში იგულისხმება სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური მიმართულებების ჰარმონიული განვითარება, მათი დაბალანსებული თანაარსებობა, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია განვითარების თანაბრობასთანაც.
მოსახლეობის შემოსავლების თანაბრობის საკითხი, ანუ ჯინის კოეფიციენტი სტრატეგიულ დოკუმენტში 0,41-ით არის განსაზღვრული და 2020 წლამდე 0,35–მდე უნდა შემცირდეს. როგორ არის შესაძლებელი სოციალურ–ეკონომიკური განვითარების მეტ–ნაკლები თანაბრობის მიღწევა ქვეყანაში?
- ჯინის კოეფიციენტის შემცირება ნიშნავს, რომ შემოსავლების განაწილება ქვეყანაში მეტად უნდა გათანაბრდეს. ეს არ არის მთავრობის კეთილი ჟესტი, ეკონომიკის სფეროს თანამედროვე ნობელიანტები ამტკიცებენ, რომ შედარებით თანაბარი საზოგადოება ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს. როდესაც ქვეყანაში უღატაკესი ფენა მრავალრიცხოვანია, ეკონომიკა ვერ ვითარდება. თუ მოთხოვნა არ არის პროდუქციაზე, წარმოებაც ფერხდება. მაგალითად, თუ მთელი ფული ერთი მუჭა ელიტის ხელშია, ისინი მოთხოვნას ვერ შექმნიან. რამდენი უნდა იყიდოს მილიარდერმა სურსათი, ტანსაცმელი, ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა? ერთეული მდიდრები ეკონომიკაში კლიმატს ვერ ქმნიან. ქვეყნებში, სადაც სიმდიდრე შედარებით თანაბრადაა განაწილებული, ეკონომიკაც მეტად ვითარდება. ასეთია მაგალითად სკანდინავიის ქვეყნები, იგივე ევროპის ქვეყნები - გერმანია, საფრანგეთი. ისინი, სწორედ, სოციალური საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვითარდებიან.
მთავრობის სტარტეგიულ დოკუმენტში არის საუბარი სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დახმარებით უფრო მეტი ფენების მოცვაზე, პენსიაზე და ა.შ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
ამ დოკუმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერმინია ინკლუზიური ზრდა. რომლის მიზანი სიმდიდრის გადანაწილება კი არ არის, არამედ, მოსახლეობის ფართო ფენების ჩართულობაა ეკონომიკურ განვითარებაში.
როგორ, რა საშუალებებით არის შესაძლებელი ქვეყნის განვითარებაში მოსახლეობის მეტი ჩართულობა?
- მეტი სამუშაო ადგილებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით და მისი წილის გაზრდით ეკონომიკაში. ინკლუზიურობა ნიშნავს სიმდიდრის შექმნას და სწორ გადანაწილებას. აქ მთავარი არის ეკონომიკის განვითარებაში ჩართულობა. ეს პოლიტიკა მართებული და ეკონომიკურად გამართლებულია, ეს არ არის განპირობებული მხოლოდ სოციალური და ჰუმანიტარული მოსაზრებებით.
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით მოსახლეობის ჩართულობის ზრდაზე საუბრობთ, მთავრობის სტრატეგიულ დოკუმენტში კი 2020 წლამდე უმუშევრობის მხოლოდ 3%-ით შემცირება არის ნავარაუდევი. რას გვეტყოდით ამ მონაცემზე?
- ეს შეიძლება მოგვეჩვენოს არასაკმარისად, მაგრამ რეალისტურია. დოკუმენტშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში შრომისუნარიანთა 70% თვითდასაქმებული და უმუშევარია. ეს ჩანს გამოკითხვებშიც. სრული დასაქმება, დაქირავების კუთხით, ვერ მოხდება, ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს. დღეს თვითდასაქმება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და კომუნიკაციების საშუალებითაც არის განპირობებული. ადამიანს სამუშაო ადგილი შეიძლება ჰქონდეს სახლში. ამისათვის კი უნდა ამაღლდეს განათლებისა და პროფესიული მომზადების დონე. თუმცა ჩვენთან თვითდასაქმებულად, ძირითადად, სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანები მიიჩნევიან. მათგან ბევრი სოფლიდან უკვე წამოსულია. სოფლად ხალხი მხოლოდ მიწაზე არ უნდა მუშაობდეს, უნდა დასაქმდნენ გადამუშავებით მრეწველობაში, აგრობიზნესში, ინფრასტრუქტურაში, მომსახურების სფეროში.
მთავრობის სტრატეგიულ დოკუმენტში დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლაზეც არის საუბარი. როგორ ფიქრობთ, რამდენად იოლი იქნება საქართველოში ამ სისიტემის დანერგვა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რა შედეგის მოტანა შეუძლია დაგროვებით საპენსიო სისტემას?
- ამგვარი რეფორმა დიდი ხნის წინაც უნდა დაწყებულიყო. განვითარებულ ეკონომიკებში საპენსიო ფონდები დიდ როლს თამაშობენ, რადგან ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი, სწორედ, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობაა. დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლით კი, სწორედ, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება. პენსიონერის მიერ დაგროვებული ფული შეიძლება ჩაიდოს დიდი კომპანიების აქციებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ამით ეკონომიკის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. თავის მხრივ, მოგებული რჩება პენსიონერიც, რომელიც დაგროვებულ თანხას გარკვეულ ასაკში საჭიროებისამებრ მოიხმარს.
სტრატეგიულ დოკუმენტში საუბარია ენერგოდამოუკიდებლობის ზრდაზეც, ამ მიზნით მთავრობა ენერგორესურსების ათვისებაზე საუბრობს და მზადყოფნას გამოთქვამს ელექტროენერგიის ექსპორტს შეუწყოს ხელი.
- მიმაჩნია, რომ ეს არ არის მართებული, რადგან ელენერგიის წარმოების ზრდა დაგეგმილია ძირითადად ჰიდრორესურსების ხარჯზე. ეს მოითხოვს ტერიტორიებს, მიგრაციულ ცვლილებებს, წარმოშობს ეკოლოგიურ და სოციალურ პრობლემებს და საკმაოდ ძვირი უჯდება ქვეყანას. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა პირდაპირ კანონით მიუთითა, რომ 15 მეტრზე მეტი სიმაღლის კაშხლების დაფინანსებასა და მხარდაჭერაში შეერთებული შტატების მთავრობამ არსად მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
ელექტროენერგიის მხრივ, ჩვენ ენერგოდამოუკიდებლები უკვე ვართ, რადგან ჩვენი ელექტროენერგიის ექსპორტი იმპორტს აჭარბებს. ანუ იმპორტს ნაკლებს მოვიხმართ ზამთარში, ვიდრე გაგვაქვს ზაფხულში ექსპორტზე. ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო სტრატეგია არ შეიძლება იყოს ელექტროენერგიის ექსპორტზე ორიენტირებული, ამ დოკუმენტში კი ჩანს, რომ ექსპორტზეა გათვლილი. ჩვენს ეკონომიკურ ზრდას (რეალური 7%) სჭირდება წელიწადში დაახლოებით 3% ენერგომოხმარების ზრდა, დოკუმენტში კი ჩადებულია 10%. ეს კი ნიშნავს ბუნებრივი რესურსების პრიორიტეტს განვითარებაში, რაც ჩამორჩენილობაზე მიუთითებს.
სხვა რა შენიშვნები გაქვთ მთავრობის ეკონომიკურ სტრატეგიასთან?
- ჩვენნაირ განვითარებად, გარდამავალ ქვეყანაში ვერ მოხდება გარღვევა - ნახტომი, თუ მთავრობას არ ექნება მკაფიო, თანამედროვე, ინოვაციური ინდუსტრიული პოლიტიკა. თუ დავკონკრეტდებით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ახალი პროდუქტების შექმნას, რაც მთავრობის მხრიდან გამბედაობას და კომპეტენციას მოითხოვს. ასეთი პოლიტიკის თანამედროვე პრინციპები ცნობილია, მაგალითად: მხარდაჭერა ახალ პროექტს და არა - დარგს; სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობა; ექსპერიმენტულობა; გამჭვირვალობა; წარმატების კრიტერიუმების სიცხადე; თანამდევი დადებითი ეფექტების არსებობა; მაღალი პოლიტიკური ფიგურის უშუალო დაინტერესება და ზედამხედველობა და ასე შემდეგ. მთავრობამ უნდა მოიძიოს ასეთი პროექტები და აქტივობები.
სხვათა შორის, იანვარში ევროკომისიამ მოუწოდა წევრ ქვეყნებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოქმედება „ევროპული ინდუსტრიული რენესანსისთვის“, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ზრდისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ინდუსტრიული მოდერნიზაცია უნდა მოხდეს შესაბამის სფეროებში ინვესტირებით, მათ შორის - საერთოევროპული ფონდებიდან.