ხელისუფლება ეკონომიკურ პროგნოზებში გაერთიანდა

ხელისუფლება ეკონომიკურ პროგნოზებში გაერთიანდა

შარშან ამ დროს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით სრულიად სხვადასხვა პროგნოზებს ვისმენდით. აზრთა სხვადასხვაობა იყო სამთავრობო გუნდშიც და საბოლოოდ, პესიმისტური პროგნოზი გამართლდა. წელს ვითარება აბსოლუტურად შეიცვალა. ხელისუფლების ყველა რგოლი და საერთაშორისო ინსტიტუტებიც ერთიან პოზიციაზე არიან - ეკონომიკა 5-6%-ით გაიზრდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შეფასებით, მთავრობის პროგნოზი 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის შესახებ რეალურია. მისი მიღწევა შესაძლებელია, თუკი საგარეო ფაქტორები გამოირიცხება.

„რა თქმა უნდა, არის რისკები, რომლებიც, ძირითადად, უკავშირდება გეოპოლიტიკურ მდგომარეობას - თითქმის, ყველა მეზობელ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ამან, რა თქმა უნდა, რაღაც ტიპის გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს ეკონომკაზე. თუ გამოვრიცხავთ საგარეო ფაქტორებს, წმინდა ეკონომიკური პროგნოზის თვალსაზრისით, 5-პროცენტიანი ზრდის მიღწევა სავსებით შესაძლებელია“, - განაცხადა ქადაგიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იქონია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა აღნიშნული ქვეყნიდან შემოსული ფულადი გზავნილების რაოდენობაზე გავლენა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეიდენტის თქმით, ჯერჯერობით შესაბამისი ინფორმაცია არ აქვთ.

„რა თქმა უნდა, ვაკეთებთ შეფასებას, რა შედეგი შეიძლება იქ მიმდინარე მოვლენებმა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, თუმცა ეს მონაცემები გვექნება პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ. ამასთან დაკავშირებით სწორედ ამის მერე შევძლებთ გავაკეთოთ კომენტარი“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

როგორც აღვნიშნეთ, ამჯერად ყველა სახელისუფლებო შტო თანხმდება, რომ ქვეყანის მშპ-ის მინიმუმ 5%-იანი ზრდას ხელს ვერაფერი შეუშლის. შესაბამისად, იგივე პოზიციაზეა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი. მისი თქმით, 2013 წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების მიუხედავად, წინა წლის ოქტომბრიდან ტენდენცია შეიცვალა და ეკონომიკური ზრდა ოქტომბერში - 4.4%, ნოემბერში - 8% ხოლო დეკემბერში - 8.8% დაფიქსირდა. წინასწარი შეფასებით, 2013 წელს ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 3.2% შეადგინა. მინისტრის განცხადებით, ბოლო კვარტლის ზრდის ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წლის დასაწყისიდანაც და იანვარში 7,8%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია.

მინისტრის ინფორმაციით, 2014 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა და 761 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტი გაიზარდა 14%-ით (224 მლნ აშშ დოლარი) და იმპორტი 15%-ით (538 აშშ დოლარი).

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ზრდის ტემპის ასეთი გამოცოცხლების ფონზე, 2014 წლისთვის პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იანი ზრდა აბსოლუტურად რეალურია, შეიძლება ითქვას კონსერვატულიც.

„თუმცა, ხელისუფლების პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები არა მხოლოდ ციფრებისა და მაჩვენებლების დონეზე რჩებოდეს, როგორც ეს ადრე ხდებოდა, როდესაც საერთაშორისო მასშტაბით საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ-ის მიხედვით, 2004 წელს 116-ე ადგილზე იყო, ხოლო 2012 წლისათვის ქვეყნის პოზიცია მხოლოდ ერთი ადგილით გაუმჯობესდა და 115-ზე გადავიდა, არამედ ეკონომიკური ზრდა აისახებოდეს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე“, - აღნიშნა ხადურმა.

საქართველოს მთავრობას ეთანხმებიან საერთაშორისო ინსტიტუტებიც. ის კი არადა, მათი ოპტიმიზმი უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2014 წელს 6,3% იქნება. როგორც ბანკი თავის კვლევაში („გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2014“) იუწყება, სავაჭრო ბალანსი მშპს-თან მიმართებაში 0.7%-ით გაუმჯობესდება და ნავარაუდევი - 7,8%-ის ნაცვლად - 7.1% იქნება.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში არსებულ 21 ქვეყანას შორის, საქართველო ეკონომიკური ზრდით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე იმყოფება. ის მხოლოდ თურქმენეთს (10.1%), უზბეკეთს (7%) და ყირგიზეთს (6,5%) ჩამორჩება. რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს, აზერბაიჯანის მშპ წელს 5,3%-ით, სომხეთის - 5%-ით, ხოლო უკრაინის - 2%-ით გაიზრდება.

შესამჩნევად დაბალი მაჩვენებლები აქვთ თურქეთს (3,5%) და ისეთ ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა, ბულგარეთი (1,7%), უნგრეთი (1,7%) და რუმინეთი (2,5%).