საქართველოში ინგლისური ენის სახელმძღვანელოების შემომტანი კომპანია „კავკასიის აკადემიური ცენტრი“ განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ბრალს პირადი ინტერესების ლობირებაში სდებს - 2011 წელს, ექსმინისტრმა ინგლისური ენის სახელმძღვანელოებს გრიფი კანონსაწინააღმდეგოდ მიანიჭა, რის შედეგადაც, ,,მაკმილანის’‘ გამომცემლობა და მისი პარტნიორი „ინგლისური წიგნი საქართველოში“, სახელმძღვანელოების ბაზრის მონოპოლისტი გახდა. ერთადერთი კონკურენტი კომპანიის, ,,კავკასიის აკადემიური ცენტრის’‘ დამფუძნებლები კი ხმაურიანი სპეცოპერაციით დააპატიმრეს და ციხეში ერთი წელი გაატარეს. ბიზნესმენების განცხადებით, კუდ-მა ისინი იმიტომ დააპატიმრა, გრიფირების კონკურსს ჩამოშორებოდნენ. 2012 წელს, ,,კავკასიის აკადემიური ცენტრის’‘ დამფუძნებლებმა იურისტებს მიმართეს და საქართველოს მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს.
სახელმძღვანელოების სკანდალის პრეისტორია
,,მაკმილანის’‘ სახელმძღვანელო ერთადერთია, რომლითაც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინგლისურ ენას ასწავლიან. მშობელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სახელმძღვანელო არცთუ ხარისხიანია - ბავშვებს მასალის დაძლევა, განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე უჭირთ. მართალია, სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი 2011 წელს გამოცხადდა, რომელშიც ,,მაკმილანის’‘ გამომცემლობამ გაიმარჯვა, მაგრამ ქართველი გამომცემლების განცხადებით, ამ კონკურსს განათლების სამინისტროსა და ,,მაკმილანს’‘ შორის გაფორმებული მემორანდუმი უსწრებდა, რომელიც სამინისტროს საიტზე არ გამოქვეყნებულა და, შესაბამისად, მისი შინაარსი დღემდე უცნობია. ქართველ გამომცემელთა თქმით, მემორანდუმით, ,,მაკმილანი’‘ კონკურსის ერთადერთი გამარჯვებული უნდა ყოფილიყო და მისი შინაარსიც, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაა გასაიდუმლოებული. 2011 წელს, ინგლისური ენის სახელმძღვანელოების გრიფირებაზე გამოცხადებულ კონკურსს, გასაიდუმლოებული შინაარსის მემორანდუმის გარდა, ამ სფეროში მოღვაწე ბიზნესმენების ხმაურიანი დაკავების სპეცოპერაციაც უსწრებდა. კუდ-ის ყოფილი უფროსი სოსო თოფურიძე აცხადებდა, რომ ქრთამის მიცემის ფაქტზე ,,კავკასიის აკადემიური ცენტრის’‘ დამფუძნებლები - დავით ცეცხლაძე და ნიკოლოზ ბაქარაშვილი დააკავეს, რომლებმაც მათ მიერ წარდგენილი ინგლისური ენის სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების სანაცვლოდ, განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს 50 000 აშშ დოლარი შესთავაზეს. 2011 წელს გამოცხადებულ კონკურსში ,,კავკასიის აკადემიური ცენტრის’‘ დამფუძნებლები, მართლაც, მონაწილეობდნენ - კონკურსზე კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ინგლისური ენის სახელმძღვანელო წარადგინეს. დავით ცეცხლაძისა და ნიკოლოზ ბაქარაშვილის დაკავების დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენებს სახელმძღვანელოების ჩამოტანა სწორედ განათლების სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, შაშკინის მრჩეველმა ფელიქს უბირიამ შესთავაზა. მეტიც, ფელიქს უბირია პირობას დებდა, რომ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, მათ მიერ ჩამოტანილ სახელმძღვანელოებს გრიფს მიანიჭებდა. უბირიასა და ცეცხლაძეს შორის მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდა. პარალელურად, დავით ცეცხლაძე შაშკინის მოადგილეს, კოკა სეფერთელაძესაც შეხვდა, თუმცა ბიზნესმენები ამტკიცებენ, რომ თანხის სანაცვლოდ, გრიფის მიღებისთვის გარიგებას ადგილი არ ჰქონია. დავით ცეცხლაძემ ისიც კი მოახერხა, ყველა შეხვედრა ვიდეოფირზე გადაიღო, რაც სრულიად განსხვავდება იმ მასალისგან, რომელიც კუდ-მა ბიზნესმენების დაკავების დროს, ე.წ. ნაციონალური ტელევიზიების საშუალებით გაავრცელა. ,,მაკმილანის’‘ გამომცემლობის საქართველოში ექსკლუზიური წარმომადგენელია კომპანია ,,ინგლისური წიგნი საქართველოში’‘, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და 45%-იანი წილის მფლობელს, ბრიტანეთის მოქალაქე ლიზა ბრაუნს ,,მაკმილანთან’‘ მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. ლიზა ბრაუნის კომპანია ,,ინგლისური წიგნები სერბეთში’‘ ამ ქვეყანაში ,,მაკმილანის’‘ ექსკლუზიური წარმომადგენელი და სერბეთში სახელმძღვანელოების ბაზრის მონოპოლისტია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2012 წლის 17 ოქტომბერს, ლიზა ბრაუნმა კომპანიის - ,,ინგლისური წიგნი საქართველოში’‘ 45%-იანი წილი ამავე კომპანიის დირექტორსა და, ასევე, 45%-იანი წილის მფლობელს, მაია გურგენიძეს 500 000 ლარად მიყიდა, შემდეგ კი საქართველოდან გაემგზავრა. სხვათა შორის, ეს ის დროა, როდესაც ქვეყანა დიმიტრი შაშკინმაც დატოვა. მალევე, ,,მაკმილანის’‘ გამომცემლობა კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია: ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ამ გამომცემლობას 17 000 000 აშშ დოლარის ჯარიმა დაეკისრა, მიზეზი კი ,,მაკმილან ედუქეიშენის’‘ წარმომადგენლის მიერ სუდანში, სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის, 100 სკოლის აშენებისა და 50 სკოლის მოდერნიზებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ გადახდილი ქრთამი იყო.
სკანდალის სამართლებრივი ნაწილი
2011 წელს კუდ-ის მიერ დაკავებული ბიზნესმენები პატიმრობიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2012 წელს გაათავისუფლეს. ახალი ხელისუფლების პირობებში, უკანონოდ დაკავებულმა ბიზნესმენებმა ადვოკატები დაიქირავეს და მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს. რა ვითარებაა ამჟამად? დაიწყო თუ არა გამოძიება? დაკითხა თუ არა პროკურატურამ დიმიტრი შაშკინი, მისი ყოფილი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და ყოფილი მრჩეველი ფელიქს უბირია? ,,ვერსიას’‘ ბიზნესმენ დავით ცეცხლაძის ადვოკატი ირაკლი კერესელიძე ესაუბრება: - სამართლებრივი თვალსაზრისით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენები იმდენად ღიად და თავხედურად მოქმედებდნენ, რომ აშკარა კვალი დატოვეს. შაშკინმა, თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, დავით ცეცხლაძის ბიზნესი ხელში ყაჩაღური გზით ჩაიგდო. ყაჩაღობა მხოლოდ იარაღის გამოყენებას არ ნიშნავს, ბევრად ცინიკური, გამაღიზიანებელი და უსამართლოა ის ფორმა, რომლითაც შაშკინი და მისი ბანდა ჩვენს კომპანიას მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება სასამართლო ეტაპზე არ გადასულა და ჯერ არც გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარა, როგორც გითხარით, დანაშაულის კვალი იმდენად ნათელია, მე, როგორც იურისტი, ამ ტიპის შეფასებას არ მოვერიდები. შაშკინმა, რომელიც იმ პერიოდში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო, თავის ქმედებით ხელი ბაზრის სრულ მონოპოლიზებას შეუწყო: საკუთარი კომერციული და მერკანტილური ინტერესიდან გამომდინარე, პირდაპირი თავდასხმა განახორციელა ბიზნესზე, ჩვენი კომპანია ტენდერს ჩამოაცილა - დავით ცეცხლაძე და მისი პარტნიორი ცრუ ბრალდებების საფუძველზე დააპატიმრეს. კომპანია ,,ინგლისური წიგნი საქართველოში’‘, რომელიც საქართველოში ,,მაკმილანს’‘ წარმოადგენს, რეალურად მარიონეტია შაშკინის ხელში და ამის მტკიცებულებებიც მაქვს. ამ კომპანიას ფორმალური მფლობელები ჰყავს, მოდერაციას კი შაშკინის მეუღლე უწევს და, შესაბამისად, ფინანსური ნაკადებიც მათ ხელშია. რაც შეეხება ამ საქმის სამართლებრივ ნაწილს, მას შემდეგ, რაც დავით ცეცხლაძემ მთავარ პროკურატურას სარჩელით მიმართა, პროკურატურის რამდენიმე თანამშრომელმა პირად საუბარში მითხრა, რომ საქმის საგამოძიებო ნაწილი დასრულდა. არადა, საქმე სასამართლოში გადაგზავნილი არ არის და ეჭვი მაქვს, ამ საქმის გაჭიანურება პოლიტიკურ ნებას უკავშირდება. სხვაგვარად, რას ნიშნავს გამოძიების დასრულება, გაუგებარია, რადგან თუ გამოძიება დასრულდა, ესე იგი, კონკრეტული დანაშაულის გარშემო მტკიცებულებები უკვე შეკრებილია და საქმე სასამართლოს უნდა გადაეცეს, რათა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
- თქვენი ინფორმაციით, დიმიტრი შაშკინი, კოკა სეფერთელაძე და ფელიქს უბირია დაკითხეს?
- გამოძიებამ უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება და სტატუსი, ამ შემთხვევაში, დაზარალებულის სტატუსი უნდა მოგვანიჭოს. სამწუხაროდ, დღემდე არ გვაქვს ეს სტატუსი და შესაბამისად, არც უფლება, რომ გამოძიებაში საფუძვლიანად ჩავიხედოთ და გავიგოთ, დაიკითხა თუ არა შაშკინი ან ვინმე სხვა. აი, აქ არის საკმაოდ სერიოზული პრობლემები და სწორედ აქ მიჩნდება მწვავე კითხვები გამოძიებასთან, მაგალითად: რატომ არ გვანიჭებენ დაზარალებულის სტატუსს? დარწმუნებული ვარ, პროკურატურა ეფექტურ გამოძიებას არ აწარმოებს, რადგან ძიება გონივრულ ვადას სცდება.
- სამართლიანობის აღდგენის მოტივით, პროკურატურაში უამრავი საქმე დაგროვდა და გამოძიების გაჭიანურების მიზეზი, ალბათ ესაა, მაგრამ, თუ გამოძიება უკვე დასრულდა, აბა, რაღა პრობლემაა, მაინც რას ეჭვობთ?
- ამაზე საუბარი ჯერ არ მინდა, მაგრამ ფაქტია, არც წინასასამართლო სხდომა ჩატარებულა, არც ბრალდებულები გამოკვეთილა და მათ მიმართ არც აღკვეთის ღონისძიებებზე ყოფილა მსჯელობა. ეს ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმე არაგონივრულად იწელება, არადა ახლა ვსაუბრობთ არა დასრულებულ, არამედ განგრძობად დანაშაულზე. სამწუხაროდ, ეს დანაშაული ახლაც გრძელდება, რადგან დიმიტრი შაშკინის შვილობილი კომპანია ,,ინგლისური წიგნი საქართველოში’‘ საქმიანობას კვლავ დანაშაულებრივად აგრძელებს. მინდა, მივმართო პროკურატურას, თუ საქმის სირთულის გამო, ძიებას დროულად ვერ წარმართავს, ამ პროცესში აქტიურად ჩართოს შსს და გამოიყენოს მისი რესურსი, როგორც ოპერატიული, ასევე საგამოძიებო კუთხით.
რუსეთის ისტორია და კულტურა ინგლისურად
დავით ცეცხლაძე დღემდე დაჟინებით ითხოვს იმ მემორანდუმის შინაარსის გასაჯაროებას, რომელიც განათლების სამინისტროსა და ,,მაკმილანის’‘ გამომცემლობას შორის 2011 წელს გაფორმდა. ცეცხლაძე ამბობს, რომ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, მემორანდუმის შინაარსი მისთვის ცნობილია და მასში უამრავი დარღვევაა - ის მუხლებიც არ სრულდება, რომელიც მემორანდუმშია ჩადებული. მაგალითად, მემორანდუმის მიხედვით, ,,მაკმილანის’‘ გამომცემლობა ვალდებული იყო, საქართველოს მასშტაბით, ინგლისური ენის 4 200 პედაგოგი გადამზადებულიყო, რაც არ შესრულებულა. ,,ვერსიას’‘ ,,კავკასიის აკადემიური ცენტრის’‘ დამფუძნებელი ბიზნესმენი დავით ცეცხლაძე ესაუბრა.
- ბატონო დავით, ,,მაკმილანის’‘ შუამავალი კომპანია ,,ინგლისური წიგნები სერბეთში’‘ სერბეთის ბაზრის მონოპოლისტია, გარდა ამისა, ინგლისური პრესის ინფორმაციით, ,,მაკმილანის’‘ გამომცემლობა სუდანში კორუფციის სკანდალში გაეხვია... რატომ იქცა ასეთი საეჭვო კომპანია საქართველოს ბაზრის მონოპოლისტად?
- როდესაც ბინძური გარიგება უნდა განახორციელო, მაღალი სტანდარტებისა და მორალის მქონე კომპანია ამაზე არ წამოგყვება. შაშკინი სხვა ისეთ კომპანიას ვერ შეარჩევდა, რომელიც დათანხმდებოდა და საქართველოს ბაზარზე რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოებს შემოიტანდა. ,,მაკმილანის’‘ გამომცემლობა ძალიან ბევრ სკანდალში იყო გახვეული, რაც კორუფციულ გარიგებებს უკავშირდებოდა, სერბეთისა და სუდანის გარდა, ეს კომპანია ანალოგიურად იქცეოდა განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზეც. შესაბამისად, მათთან გარიგება საკმაოდ მარტივი იქნებოდა, რადგან წარმოიდგინეთ, განათლების მინისტრი პირადად ჩადის ამ გამომცემლობის წარმომადგენლებთან და ეუბნება, რომ შეუძლია, თავის ქვეყნის მრავალათასიანი სასკოლო ბაზარი ექსკლუზიურად დაუთმოს. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ლიზა ბრაუნი, რომელიც შაშკინმა გამოიყენა. მართალია, ბრაუნი კომპანიის - ,,ინგლისური წიგნი საქართველოში’‘ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, იგი ამ კომპანიიდან გააძევეს. ძალიან უცნაური იყო, როდესაც ლიზა ბრაუნმა ოფისში დაგვირეკა და გვიამბო, როგორ დაგეგმა შაშკინმა ასეთი ბინძური თამაში. მას ეგონა, ,,მაკმილანის’‘ გამომცემლობა ერთადერთი კი არა, ერთ-ერთი იქნებოდა საქართველოს სახელმძღვანელოების ბაზარზე. ერთი წლის შემდეგ, ლიზა ბრაუნს კომპანიის დატოვება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ, რომ პრობლემებს შეუქმნიდნენ. საუბრის ბოლოს, ბრაუნმა ისიც გვითხრა, რომ დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ჯერ არ დაუკითხავთ. ვფიქრობ, პროკურატურა ცდილობს, ეს საქმე არ დაასრულოს და ბოლომდე არ გამოიძიოს. ამასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით, რომ სისხლის სამართლის საქმე შაშკინის მფარველების გადაწყვეტილებით ჭიანურდება და ეს მფარველები მთავარი პროკურატურისთვისაც დიდ დაბრკოლებას წარმოადგენენ.
- ვინ არიან შაშკინის მფარველები, მთავარი პროკურატურის მოქმედი თანამშრომლები?
- არა, ისინი ახალი ხელისუფლების საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები არიან, რომლებიც დიმიტრი შაშკინს მფარველობენ! ჩემთვის ეს ყველაფერი არა ვარაუდით, არამედ, ძალიან კონკრეტული ფაქტებითაა ცნობილი, გვარებითა და სახელებით ვიცი მათი ვინაობა, რომლებიც შაშკინსა და მის ბიზნესს მფარველობენ! თქვენი გაზეთის საშუალებით, მივმართავ პროკურატურას იმედით, რომ გამოძიებას უახლოეს დროში დაასრულებს. მზად ვარ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდო კიდეც, სხვა შემთხვევაში, მომიწევს, ყველაფერი მედიის საშუალებით განვაცხადო.
- პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ აცხადებდით, რომ ,,მაკმილანის’‘ გამომცემლობას რამდენიმემილიონიანი მოგება აქვს საქართველოში, რადგან ინგლისური ენის სახელმძღვანელოებს 25-30 ლარის ფარგლებში ყიდის. კონკრეტულად, რა მოგებაზეა საუბარი?
- 2011-2012 წლებში, ეს მოგება, დაახლოებით, 15 000 000 ლარის ფარგლებში იქნებოდა, თუმცა შემდეგ წლებში ანუ ახალი ხელისუფლების პირობებში, მოგება სავარაუდოდ, 10 000 000 ლარზე მეტი არ იქნება. ამ მხრივ, ყველაზე მეტად საინტერესოა 2013-2014 წლები, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები მოსწავლეებისთვის უფასო ყოფილიყო. შესაბამისად, შეგვიძლია ვნახოთ, რა თანხა გადაუხადა სახელმწიფომ შაშკინის კომპანიას, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის სახელმძღვანელოები შეეძინა. სავარაუდოდ, სწორედ ეს თანხა იქნება ის მოგება, რომელიც კომპანიამ - ,,ინგლისური წიგნი საქართველოში’‘ 2013-2014 წლებში მიიღო.
- თქვენი აზრით, რატომ არ მოსწონს მშობლების დიდ ნაწილს ,,მაკმილანის’‘ ინგლისური ენის სახელმძღვანელოები?
- განათლების ნებისმიერ ექსპერტს გაესაუბრეთ და ყველა დაგიდასტურებთ, რომ წიგნი, რომელსაც საქართველოს მოსწავლეები იყენებენ, სრულიად არ შეესაბამება ჩვენს ბაზარს. ,,მაკმილანის’‘ სახელმძღვანელო ,,ინგლიშ ვორლდ’‘ რუსეთის ბაზრისთვისაა განკუთვნილი, რადგან ამ სახელმძღვანელოში შეტანილი ტექსტები რუსეთის კულტურას, ტრადიციებს ეხება და გამოჩენილ რუს ადამიანებზე, მაგალითად, იური გაგარინზე მოგვითხრობს. ამ სახელმძღვანელოს 21-ვე ავტორი რუსია. ბუნებრივია, ,,მაკმილანის’‘ გამომცემლობას რუსეთის ბაზარზე საკმაოდ დიდი ტირაჟი ექნებოდა, შესაბამისად, ,,მაკმილანი’‘ შაშკინს ძალიან დაბალ თვითღირებულებას შესთავაზებდა, რათა მეტი მარჟა დარჩენოდა და ასე შემოიტანა საქართველოში რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები. წიგნი, რომელიც საერთაშორისო ბაზრისთვისაა შექმნილი, შაშკინს ამ ფასს ვერ შესთავაზებდა და შესაბამისად, არც ასეთ ბინძურ გარიგებაში შევიდოდა, როდესაც განათლების მინისტრი, ყოველგვარი კონკურსის გარეშე, მიდის გამომცემელთან და ეუბნება, რომ ის მისი ქვეყნის ბაზრის ექსკლუზიური მომწოდებელი იქნება.
P.s. ,,ვერსია’‘ საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, თემურ დოლიძეს დაუკავშირდა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა. მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის თანამშრომლები ინტენსიურად მუშაობენ, გამოძიება არ დასრულებულა და ამჟამადაც მიმდინარეობს.