„ბრიტანეთის საელჩოს რისხვა გასაგებია - ვერ შედგა რევოლუცია და ტაქტიკას ცვლიან - ცდილობენ ეთნიკური და რელიგიური შუღლი გააღვივონ“

„ბრიტანეთის საელჩოს რისხვა გასაგებია - ვერ შედგა რევოლუცია და ტაქტიკას ცვლიან - ცდილობენ ეთნიკური და რელიგიური შუღლი გააღვივონ“

პენსიაზე გასულ აშშ-ის ელჩს დიდი ბრიტანეთის საელჩო ჩაენაცვლა. დიპლომატიური მისია აცხადებს, რომ გააგრძელებს იმ არასამთავრობოების დაფინანსებას, რომლებიც ჩართული არიან რადიკალური პროცესების ორგანიზებასა და მართვაში. პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური წერილის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის საელჩო არ ასაჯაროებს, ვის რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და რა თანხით აფინანსებს დღეს. სხვა ქვეყანაში პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, თუმცა საელჩო ჯიუტად ამტკიცებს, რომ არ ცნობს საერთაშორისო სამართალს. 

რა მიზანი აქვს ბრიტანეთის საელჩოს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის საელჩოსგან შალვა პაპუაშვილი ითხვოს გაასაჯაროვონ, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს, თუმცა საელჩო ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს და განცხადებას, განცხადებით პასუხობს. ბატონი სოსო, რატომ გვერჩის ბრიტანეთის საელჩო, რომელმაც აშშ-ს საელჩო ჩაანაცვლა?

სოსო მანჯავიძე: გასაგებია რაც უნდათ - ბრიტანეთს საქართველოს ხელისუფლების ჩანაცვლება უნდა, მაგრამ რატომ და როგორ, ეს გეოპოლიტიკური საკითხია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ეს უნდა განვიხილოთ იმ პროცესებთან ერთად, რაც მიმდინარეობს ირანში, უკრაინაში, ასევე, რაც მიმდინარეობდა სირიაში და ა.შ. ბრიტანეთს არ აწყობს აქ შუა კორიდორის ფუნქციონირება და ჩინეთის დიდი აბრეშუმის გზის განხორციელება. ამ ლოჯისტიკური გზების ბლოკირებისთვის და კონტროლისთვის ისინი აფნინასებენ ამ ჯგუფებს.

კონტროლი რას ნიშნავს?

- როცა, შენ გყავს მორჩილი მთავრობა, აკონტროლებ ლოჯისტიკურ გზებს და შესაბამისად, გაქვს გეოპოლიტიკური აქტი. გარდა ამისა, გაქვს საშუალება შემდგომ განავითარო ის სტრატეგია, რომელსაც ჰქვია ჰარტლენდის კონტროლის ამოცანა. ეს არის დიდი გეოპოლიტიკა. შესაბამისად, საინფორმაციო ეპოქაში გრძელდება დიდი გეპოლიტიკური თამაში ახალი ფორმებით და საშუალებებით. ჩვენც ამ თამაშის ნაწილი ვართ და აქიდან გამომდინარეობს ის აღვირახსნილი ტყუილები და წინასწარ დაგეგმილი ფალსიფიკაციები მოვლენების, რაშიც მრავლსაუკუნოვანი ცოდნა და გამოცდილება აქვს ბრიტანულ დაზვერვას.

ხომ გვახსოვს და სხვათა შორის, წინასწარ ვსაუბრობდი იმის შესახებ, რას იტყოდა ქართული ოპოზიცია არჩევნების შემდეგ. ხომ ზუსტად იგივე თქვეს, რაზეც ვსაუბრობდი? ისიც მითქვამს არაერთგზის, რა იყო ამოცანა და ე.წ. შარლ მიშელის ამოცანა რა იყო. ფაქტობრივად, დაიმორჩილეს საქართველოს ხელისუფლება და ხელი მოაწერინეს სასიკვდილო განაჩენზე - პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით. ხომ გვახსოვს რა ზეწოლა იყო? დაარღვევინეს ყველა კანონი, პირდაპირ ვთქვათ, პოლიტპატიმრებად გამოაცხადებინეს კრიმინალები. ფაქტობრივად, მათთვის არასასურველ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერების მხარდაჭერა მოუსპეს.

ეს რა მიზანს ემსახურებოდა, რა გათვლა იყო?

- „ოცნების“ მხარდამჭერები მოითხოვდნენ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების და მე-5 კოლონის განეიტრალებას და ვერ აცნობიერებდნენ იმას, რომ იმ პირობებში მათი განეიტრალება გამოიწვევდა დასავლეთისნ პირდაპირ აგრესიას, რომელსაც ვერ გაუძლებდა ხელისუფლება. მოგეხსენებათ, რომ ამის ინსტრუმენტი ძალიან ბევრი აქვს დასავლეთს. შეგახსენებთ, ამდენი ხანი ხალხს ეგონა, რომ მივდიოდით ევროკავშირისკენ და ნატოსკენ.

ამაში ხელს უწყობდა „ქართული ოცნებაც“...

- კი ბატონო. „ოცნება“ ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ეს ვალდებულება აიღო - დადო ასოცირების ხელშეკრულება და ა.შ. კონსტიტუციაში წერია, რომ ნატოსკენ და ევროკავშირისკენ მისწრაფებას უნდა დავუქვემდებაროთ ყველა მოქმედებაო. ეს იყო მართვის ინსტრუმენტი. თუ, შენი მოქმედებები არ ექვემდებარება კონსტიტუციაში გაცხადებულ მიზანს, შენ თვითონ ხარ არალეგიტიური. აი, ეს მიზანი იყო. მთელი ნარატივი ხომ ეს არის.

როდესაც დაინახეს, რომ მთლად არ გამოდიოდა საქართველოს გამოყენება იმისთვის, რისთვისაც საქართველო სჭირდებოდათ და საქართველომ მოინდომა, რომ თავხედურად არ ჩართულიყო უკრაინის ომში, ამავე დროს საქართველოს ხელისუფლებამ თავისი გეპოლიტიკური მდებარეობიდან გარკვეული დივიდენდების მიღება მოინდომა, დაიწყო პირდაპირი დარტყმა.

ეს პირდაპირი დარტყმა, ბუნებრივია, გამაოგნებელი იყო. თავისი მართული მედიასაშუალებებით აწარმოებდნენ ნეიროლინგვისტიკურ პროგრამირებას, თითქოს უდიდესი სიკეთის მომტანი იყო პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით, რადგან ეს არის დემოკრატიის პიკი. სინამდვილეში ეს არის ქვეყნის მართვის ინსტრუმენტი და თავიდანვე ვამბობდით, რომ თუ არ იქნებოდა მაჟორიტარული სისტემა, დასავლეთს საერთოდ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გავუწევდით და ისინიც თავიანთი მართული პარტიებით გააკეთებდნენ იმას, რაც უნდოდათ.

თუმცა, შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ დააწესა ბარიერი...

- დააწესა და გვახსოვს მაშინ რა რეაქცია იყო, ლამის, ომი გამოაცხადეს. ბარიერის მიუხედავად, როდესაც აქეთა მხარეს არის სახელისუფლებო პარტია და იქეთა მხარეს სხვა პარტიები, როგორც წესი, პროპორციული არჩევნების დროს ერთი პარტია ვერ იღებს უმრავლესობას. როგორც წესი, ეს ასეა, იმიტომ რომ ხელისუფლებას აქვს თავისი ცოდვები და ოპოზიცია მართული ტელევიზებით ხალხზე ზემოქმედებს, ტყუილს და მართალს კი მნიშვნელობა არ აქვს.

ვხედავთ რა პროპაგანდა მიმდინარეობს და რად გადააქციეს ტელევიზიები, როდესაც ნებისმიერი სტიქიური უბედურება, მკვლელობა და ა.შ. პოლიტიკურში გადაჰყავდათ. ღია ეთერში გასვენებებს გვაჩვენებდნენ და ა.შ. ამაზრზენი მოქმედებების რომელი ერთი ეპიზოდი გავიხსენო. ბუნებრივია, ეს პროპაგანდა მუშაობდა. ამ პროპაგანდის საშუალებები ენჯეოები და პარტიები კი დასავლეთის მფარველობის ქვეშ იყვნენ.

კონკრეტულად ვისი მმართველობის ქვეშ იყვნენ და ვინ მართავდა ამ პროცესებს?

- საელჩოები მართავდნენ ამ პროცესს, რომლებსაც მხარს უჭერდნენ მათი ქვეყნები. გადაბირებული იქნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები. სურათი ასეთი იყო - მესამე პრეზიდენტი, სააკაშვილი ციხეშია, მეოთხე პრეზიდენტი ოპოზიციაშია მეუღლითურთ და მეხუთე - ზურაბიშვილი, „ქართული ოცნების“ მთავარი არქეოლოგიური აღმოჩენა, „განძი“ ოპოზიციაშია. მთელი ენჯეოსექტორი მათია, მათ შორის საინფორმაციო სივრცეში დიდი უპირატესობა აქვთ და პლუს დასავლეთის ბერკეტები და თან შეიმუშავეს ტექნოლოგია - დაარქვეს კოალიცები, შექმნეს დეპერსონალიზირებული კერპი, რომელიც დაუპირისპირეს „ქართულ ოცნებას“ და ელოდნენ, რომ გაიმარჯვებდნენ, მაგრამ ვერ გაიმარჯვეს და შესაბამისად, ჩართეს მეორე ბერკეტი.

რა არის ეს მეორე ბერკეტი?

- თუ გაიმარჯვებ, გაიმარჯვებ. დაიწყება რეჟიმის ცვლილების ოპერაცია, ან სამოქალაქო დაპირისპირებით ამ დერეფნის ბლოკირება, ანუ გეოპოლიტიკური ამოცანის შესრულება. ან, თუ ვერ იმარჯვებ, მაშინ ვიტყვით, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია და ჩაირთო ეს ოპერაცია. შეთხზეს ლეგენდა, რომ ოპოზიციის მომხრე 400 ათას ადამიანს ძალადობრივი გზით წაართვეს პირადობა და გააკეთეს კარუსელი, რისი მეშვეობითაც გაიმარჯვეს. ამავე დროს, „მელანმაც გაჟონა“...

ყველაზე დიდი პარადოქსი ის იყო, რომ ყველა კომისიაში ჰყავდათ თავიანთი წარმომადგენლები და სხვათა შორის კომისიის დაკომპლექტების წესიც თვითონ მოიგონეს. ყველაზე გამჭვირვალე წესით და ელექტრონული წესით ჩაატარეს არჩევნები, თან თქვეს, რომ ამ სისტემით შეუძლებელია გაყალბებაო, რაც ერთადერთი სიმართლე იყო მათი პირიდან ამოსული და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ, მაგრამ განუწყვეტლივ იმეორებენ სიგიჟეებს.

ვაღიაროთ, რომ დაარწმუნეს ბევრი ადამიანი...

- ადამიანი მოწყვლადია. როცა განუწყვეტლივ იმეორებ ერთი და იგივე სიგიჟეს, ადამიანების გარკვეული პროცენტი იჯერებს. ე.წ. მგალობელი ჩიტის ეფექტის ტექნოლოგიაა. ექსპერიმენტი გააკეთეს - ადამინები სხედან, ცდის პირი შემოდის და ეუბნებიან, ესა თუ ის ბურთულები შავია, თუ თეთრია. ვინაიდან კომისიის წევრები თეთრზე შავიაო იძახიან, ათიდან ხუთი ცდის პირი, ეთანხმება. აი, ეს ტექნოლოგია არის გამოყენებული.

ჩვენი მოსახლეობის გარვეული ჯგუფი რომ გააჩერო, გიპასუხებს, რომ 400 ათას კაცს გამოართვეს პირადობა, ოღონდ ვერავინ ვერ გაიგო, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ კომისიის წევრები, რომლებიც იქ იჯდნენ და ერთი ოქმი არ დაუწერიათ, რომ გაყალბდა, გაჟონა, ეს არაფერი. ეს საგიჟეთი მოაწყვეს და ბევრმა, სამწუხაროდ, დაიჯერა.

აქედან გამომდინარე ბრიტანეთის საელჩოს რისხვა გასაგებია - ვერ გააკეთეს რევოლუცია, ვერ შეცვალეს არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლება და ახლა გესლს ანთხევენ და ცვლიან ტაქტიკას - ცდილობენ გამოიწვიონ ეთნიკური და რელიგიური შუღლი, რაშიც ჩართეს აბსურდული ტყუილები. რაც უფრო აბსურდულია და დაუჯერებელია ტყუილი, მით უფრო მეტად მოქმედებს ადამიანზე. ადამიანი არაცნობიერად ფიქრობს - როგორ შეიძლება ასეთი რამ მოიფიქრო თუ რაღაცა საფუძველი არ არის? ასე შეგიძლია ადამიანს თავს მოახვიო ტყუილი.

რაზე აქვთ გათვლა?

- რა თქმა უნდა, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, მათ გათვლილი აქვთ რელიგიური დაპირისპირების გაღვივება. გასაგებია, ბევრი ისტორიული ძნელბედობა გვაქვს გადატანილი, გვაქვს მტკივნეული განცდა, მტკივნეული ისტორიული წყენები და ამის საფუძველზე წამოკიდება და არასასურველი პროცესების გაჩაღება, ზუსტად მაგათი ხელწერაა. იმედია ქართველი ხალხის კეთილგონიერი ნაწილი ამას წინ აღუდგება და ამ ავანტურისტებს და მეხუთე კოლონას არ მისცემს საშუალებას, ქვეყანაში ააგორონ ახალი სიგიჟე.

დავაკვირდეთ, ლექსიკაც კი ერთნაირი აქვთ - არალეგიტიმური ხელისუფლება. საინტერესოა, რომ გააღვიძო ახლა ესენი და კითხო - არალეგიტიმურ ხელუსუფლებას რომ იძახი, ლეგიტიმურ კონტროლს ვინ განახორციელებს ქვეყნის კონტროლზე? რა შედეგები მოყვება ამ არალეგიტიმურის ძახილს ხომ გასაგებია, ხომ გამოგვივლია ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, ისინი სარგებლობენ ჩვენი თანამოქალაქეების ამბიციური სიგიჟეებით. ვინაიდან, არ არიან ხელისუფლებაში, ნაწყენები არიან. სხვა გასართობი ვერ ნახეს და თავიანთ პირად პრობლემებს, ამბიციებს და ამპარტავნობას ქვეყანას აყოლებენ, რასაც მერე პატრიოტიზმად ასაღებენ.