“გაზპრომის” კრიტიკული დღეები (წერილი მერვე)

“გაზპრომის” კრიტიკული დღეები (წერილი მერვე)

2013 წლის დასაწყისში, ევროკომისიამ რუსული სახელმწიფო კომპანია “როსნეფტის” მიერ რუსულ-ინგლისური ნავთობკომპანიის - “ტე-ენ-კა ბი-პი”-ს შეძენაზე დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა, რის შედეგადაც, რუსულ “როსნეფტს” საშუალება ეძლევა, დაასრულოს ინგლისურ-რუსული “ტე-ენ-კა”-ს აქციების შეძენის პროცესი და მსოფლიოს უდიდესი ნავთობკომპანია გახდეს.

ეს გარიგება ბრიუსელში განიხილეს. ევროკომისიის მიერ ჩატარებული შემოწმების მთავარ ინტერესს “როსნეფტის” საქმიანობაში რუსეთის ხელისუფლების ჩარევისა და აღნიშნული გარიგების შედეგად, ევროპაში ბაზრის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების საკითხი წარმოადგენდა. კომისიის მიერ გამოქვეყნებული დადებითი დასკვნით, გაერთიანებული კომპანია არ შეზღუდავს კონკურენტებს, ანუ ბაზრის სხვა მოთამაშეებს, მყიდველებს კი ისევ ექნებათ არჩევანის საშუალება, თუ ვისგან, ან რამდენად მიიღონ ნავთობი.

კომპანია “როსნეფტი” რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად 2,439 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს. “ტე-ენ-კა ბი-პი”-ს შეძენა “როსნეფტის” შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის და მალე რუსეთის მთლიანი წარმოების 40%-ს დაფარავს.

ვერტიკალურად ინტეგრირებული ინგლისურ-რუსული “ტე-ენ-კა ბი-პი” ნავთობის კერძო კომპანიების ტოპ ათეულშია. მისი საქმიანობის სფერო ძირითადად დასავლეთ და აღმოსავლეთ ციმბირში მდებარე საბადოებს მოიცავს. კომპანიის აქციათა 50% ინგლისური “ბი-პი”-ს საკუთრებაა, რომელმაც 2012 წლის ივნისში გამოთქვა აქციების გაყიდვის სურვილი. დარჩენილი 50% რუსი ბინზესმენებისაგან შემდგარ კონსორციუმს ეკუთვნის, რომელმაც 2012 წლის ოქტომბერში საკუთარი აქციების “როსნეფტისათვის” მიყიდვა დაადასტურა.

“ტე-ენ-კა ბი-პი”-სა და “როსნეფტს” შორის 55 მილიარდდოლარიანი გარიგება, მნიშვნელობისა და ღირებულების მიხედვით, ნავთობის სფეროში მსოფლიო მასშტაბით განხორციელებულ ტრანზაქციებში მესამე ადგილზეა. კომპანიის შეძენა ორ ეტაპად მოხდება. თავდაპირველად “როსნეფტი” “ბი-პი”-ს კუთვნილი 50%-ის სანაცვლოდ, 17.1 მილიარდ დოლარს გადაიხდის, დარჩენილი 12.8 მილიარდის სანაცვლოდ კი, რუსული კომპანია საკუთარ აქციებს დაუთმობს ინლისურ ნავთობ-გიგანტს, რის შედეგადაც, “ბი-პი” “როსნეფტის” აქციათა ყველაზე მსხვილი უცხოელი მფლობელი გახდება. ასევე, 28 მილიარდ დოლარს “ტე-ენ-კა ბი-პი”-ს დარჩენილ აქციათა მფლობელების კონსორციუმი მიიღებს.

სოლიდური თანხის გარდა, ინგლისური კომპანია “როსნეფტის” ცხრაადგილიან სამეთვალყურეო საბჭოში ორს მიიღებს. ეს ყველაფერი, “ბი-პი”-ს წარმომადგენელთა განცხადებით, ინგლისურ კომპანიას საშუალებას მისცემს, გარკვეული სარგებელი მიიღოს “როსნეფტის” უზარმაზარი რეზერვებისა და შემოსავლებიდან. “ბი-პი”-ს ევრაზიის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორის, პეატიეს განცხადებით, “ტე-ენ-კა”-სთან დაკავშირებული შეთანხმება ინგლისური კომპანიის “...რუსეთში 50-წლიან მომავალს უზრუნველყოფს”. კერძოდ, “ბი-პი”-ს წარმომადგენლები დიდ იმედებს ამყარებენ “როსნეფტისა” და ამერიკული “ექსონ მობილის” მიერ რუსეთის არქტიკული შელფის ერთობლივი დამუშავების შედეგად მისაღებ შემოსავლებსა და “როსნეფტის” მიერ ვენესუელაში დაგეგმილ პროექტებზე, საიდანაც ინგლისურ გიგანტს, როგორც აქციათა 20%-ის მფლობელს, გარკვეული სარგებელი ექნება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იგორ სეჩინისა და კრემლის მიერ მართულ კომპანიაში ინგლისური “ბი-პი” სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას ნაკლებად მიიღებს.

ამასწინათ, “როსნეფტმა” ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, “ტე-ენ-კა ბი-პი”-ს შეძენისათვის საჭირო თანხებს კომპანია უცხოური ბანკების სესხების დახმარებით (ძირითადად ამერიკული ბანკები) დაფარავდა. კერძოდ, საუბარია 14.2 მილიარდი დოლარის სესხზე, რომელიც “ტე-ენ-კა ბი-პი”-ს კონსორციუმის წევრი ოლიგარქებისთვის განკუთვნილი თანხების გადასახდელად იქნება განსაზღვრული.

“როსნეფტის” საქმიანობის განმავლობაში, არაერთხელ გახდა ნათელი, რომ კომპანია ბანკის სესხების დასაფარად წინასწარი გადახდის პრინციპზე დაფუძნებულ კონტრაქტებს იყენებს. სწორედ ამ მიზნით გაფორმდა ხელშეკრულებები შვეიცარიულ სავაჭრო კომპანიებთან - “ვიტოლსა” და “გლენკორთან”. ხელშეკრულებების მიხედვით, რუსული კომპანია 2013 წლიდან, 5 წლის განმავლობაში, 67 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტისთვის განკუთვნილი თანხის ნაწილს წინასწარ მიიღებს. კონტრაქტი ნავთობის ნავთობპროდუქტებით ჩანაცვლებასაც გულისხმობს.

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებების ზუსტი ღირებულება უცნობია, მაგრამ იგორ სეჩინის თქმით, იგი ერთ ბარელ ნავთობზე წინასწარ დადგენილი ფასით გამოითვლება. თუ ნავთობის საშუალო ფასს (100 დოლარი ერთ ბარელზე) გავითვალისწინებთ, მაშინ “როსნეფტის” საექსპორტო ნავთობის ღირებულება 50 მილიარდ დოლარს გაუტოლდება. უცხოური ბანკებიდან აღებულ სესხებთან ერთად კი, “როსნეფტისათვის” ეს თანხა სრულიად საკმარისია “ტე-ენ-კა ბი-პი”-ს საფასურის დასაფარად. ექსპერტების აზრით, ნავთობის სექტორში 5-წლიან კონტრაქტში ასეთი დიდი მოცულობის ნავთობზე ფასების წინასწარ დადგენა ძალიან იშვიათია, რაც ხაზს უსვამს აღნიშნული გარიგების მნიშვნელობას.

“როსნეფტის” მიერ “ტე-ენ-კა ბი-პი”-ს აქციების შეძენა თავად ინგლისურ-რუსულ კომპანიაში, წლების განმავლობაში არსებულ შიდა დაპირისპირებას მოჰყვა, რასაც 2008 წელს კომპანიის პრეზიდენტის, რობერტ დადლის (ამჟამად “ბი-პი”-ს აღმასრულებელი დირექტორი) თანამდებობაც შეეწირა.

“ტე-ენ-კა ბი-პი”-ში დაპირისპირების მთავარი მიზეზი “ბი-პი”-სა და “როსნეფტს” შორის რუსეთის არქტიკული შელფის დამუშავებასთან დაკავშირებული დაგეგმილი გარიგება გახდა, რომელიც რუსი ბიზნესმენებისაგან შემდგარმა კონსორციუმმა დაბლოკა. შედეგად, “როსნეფტს” არქტიკული შელფის დამუშავებისათვის ახალი პარტნიორის მოძებნა დასჭირდა, რომელიც საბოლოოდ, ამერიკული “ექსონ მობილი” აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ “როსნეფტი” რუსეთის ოფშორული საბადოების ყველაზე მეტ ლიცენზიას ფლობს. ამ საბადოების რეზერვები, იგორ სეჩინის ინფორმაციით, ჯამში, 275 მილიარდ ბარელს უდრის. საექსპლუატაციო გეგმის მიხედვით, დაგეგმილია 96 ჭაბურღილის ამუშავება, რასაც რუსული კომპანია ძირითადად ამერიკელ პარტნიორთან ერთად განახორციელებს. “როსნეფტს” არ აქვს შესაბამისი ტექნოლოგია, რომელიც ღრმა საბადოების დასამუშავებლად, მძიმე გეოლოგიური და მეტეოროლოგიური პირობების დროს გამოიყენება.

2012 წელს “როსნეფტმა” ბარენცის ზღვაში არსებული მნიშვნელოვანი საბადოების გადამუშავების ლიცენზიები მოიპოვა, რასაც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ტერიტორიის გამოყენება სამხედრო საქმიანობისათვის (წვრთნები, ბირთვული იარაღის გამოცდა და ა.შ.) იგეგმებოდა, თუმცა “როსნეფტმა” ბარენცის ზღვის 3 საბადოზე ლიცენზიის მოპოვება მაინც მოახერხა.

ბარენცის ზღვის საბადოების “როსნეფტის” მიერ შენარჩუნებას ხელი შეუწყო ნორვეგიასა და რუსეთს შორის ბოლო დროს ხელმოწერილმა ხელშეკრულებამ, რომლითაც ამ ორ ქვეყანას შორის საზღვაო საზღვარი 20-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გამოიკვეთა.

ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს საუბარი რუსეთის ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შემცირებაზე, რასაც, ერთი შეხედვით, თავად პრეზიდენტიც ეთანხმება. ამის მაგალითად შეიძლება, ჩაითვალოს ოფშორული საბადოების ლიცენზირების სფეროში გატარებული ცვლილებები.

აღსანიშნავია, რომ პუტინის მთავრობა, წლების განმავლობაში, ოფშორულ საბადოებზე ლიცენზიებს, სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, მხოლოდ სახელმწიფო კომპანიებზე გასცემდა. შედეგად, არქტიკულ შელფზე მხოლოდ “გაზპრომი” და “როსნეფტი” საქმიანობენ. ბოლო პერიოდში კი, რუსეთის პრეზიდენტმა მნიშვნელოვან პროექტებში არა მხოლოდ უცხოური, არამედ, კერძო კომპანიების დაშვების შესახებაც დაიწყო საუბარი.

პუტინმა ცვლილებები შეიტანა საგადასახადო სისტემაშიც. მაგალითად, უცხოურ კომპანიებს, რომლებიც ოფშორული საბადოების გადამუშავებაში მიიღებენ მონაწილეობას, აღარ ევალებათ ექსპორტზე დაწესებული გადასახადის გადახდა, ნავთობის მოპოვების გადასახადი კი, 5-10%-ით შეუმცირდებათ, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პუტინის ნებისმიერი ნაბიჯი მაინც მონოპოლიზაციისკენაა გადადგმული - პრეზიდენტი არ დაუშვებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ლიბერალიზაციასა და ბოლომდე გახსნას, მით უფრო, რომ არქტიკული შელფის რესურსები მისთვის ეროვნული და პიროვნული ღირსების საკითხია. ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე, პუტინი ღიად აცხადებს, რომ ენერგორესურსები ისაა, რამაც რუსეთს ძლიერი სახელმწიფოს იმიჯი უნდა შეუნარჩუნოს.

ამ ცვლილებების მიუხედავად, აშკარაა, რომ ლიბერალიზაციის მხრივ დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ერთ რუსულ კერძო კომპანიასაც არ აქვს ოფშორული საბადოების დამუშავებისთვის აუცილებელი არც ტექნოლოგია და არც - გამოცდილება. გარდა ამისა, სახელმწიფო კომპანიებს (“გაზპრომი” და “როსნეფტი”) ოფშორული საბადოების გადამუშავების საქმეში მაინც მთავარი როლი დარჩებათ, ვინაიდან პუტინის მიერ გატარებული ცვლილებები არქტიკული შელფის სრულად გახსნას არ ითვალისწინებს - კერძო კომპანიებს თითოეულ პროექტში აქციების არაუმეტეს 20%-ის შეძენის უფლება აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კერძო კომპანია “გაზპრომის”, ან “როსნეფტის” გარეშე მაინც ვერ მიიღებს.

იგივე პოზიცია იკვეთება “ტე-ენ-კა ბი-პი”-ს საქმესთან დაკავშირებითაც: პუტინმა რუსეთის მთავრობის მიერ კომპანიების შეერთების შესახებ მიღებული დადებითი გადაწყვეტილება “ტე-ენ-კა ბი-პი”-ს შიდა დაპირისპირების აღმოფხვრის მცდელობით ახსნა, რაც თავის მხრივ, ეწინააღმდეგება რუსულ ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შემცირების პრინციპს, თუმცა, მეორეს მხრივ, “როსნეფტის” მიერ “ტე-ენ-კა ბი-პი”-ს მითვისება ემსახურება პუტინის ჩანაფიქრს, აღადგინოს სახელმწიფოს კონტროლი ნავთობის იმ სექტორზე, რომელიც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ჩატარებული პრივატიზაციით, ძირითადად ოლიგარქების ხელში აღმოჩნდა.

ამრიგად, “ტე-ენ-კა ბი-პი-”სა და “როსნეფტის” შეერთების შედეგად, „როსნეფტის” გლობალური მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზრდება - მსოფლიოს ლიდერი ნავთობის სექტორში სწორედ რუსული კომპანია გახდება. აღნიშნული კომპანიის წარმატება პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნის იმიჯსა და პუტინის პოლიტიკასთან, რომელიც რუსეთის ზესახელმწიფოს როლის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის სწორედ ენერგორესურსების გამოყენებას გულისხმობს.

ამასთან, ევროპულ მედიაში დიდი ხანია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “გაზპრომის” ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი თანამდებობას დატოვებს, თუმცა ამის შესახებ “გაზპრომში” არაფერს ამბობენ. აშკარაა, რომ მილერის შესაძლო გათავისუფლება იმ მწვავე პრობლემას უკავშირდება, რაც რუსულ კომპანიას ბოლო დროს აწუხებს.

“გაზპრომი”, წლების განმავლობაში, ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ევროპის მთავარი გაზმომმარაგებელია - დასავლეთის ქვეყნების მთლიანი გაზმომარაგების 25% სწორედ ამ რუსულ კომპანიაზე მოდის. გარდა ამისა, “გაზპრომის” წყალობით, მოსკოვი ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარშავის ბლოკის ქვეყნებზე თავის გავლენას ინარჩუნებს, თუმცა ბოლო დროს რუსულ გიგანტს საკუთარი პოზიციებისა და შემოსავლების შენარჩუნება, გაზრდილი კონკურენციის პირობებში, აშკარად უჭირს. კომპანია ჯერჯერობით ვერ ახერხებს საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვნად ექსპანსიასაც.

ექსპერტები თვლიან, რომ კომპანიას იმაზე მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე - ამ პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ფული. ინვესტორების აზრით, “გაზპრომის” კაპიტალიზაცია ამჟამად სამჯერ იმაზე ნაკლებია, ვიდრე 2008 წელს იყოს. „საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს” შეფასებით, “გაზპრომს” 2035 წლისთვის, დაახლოებით, 730 მილიარდი დოლარი დასჭირდება, რათა უზრუნველყოს ამჟამინდელი წარმოება - წელიწადში 655 მილიარდი კუბური მეტრი აირი. ეს კი, კომპანიის დღევანდელი შემოსავლების პირობებში, საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ მილერის განთავისუფლება “გაზპრომის” პრობლემებს ვერ მოაგვარებს. აშკარაა, რომ კომპანიას ახალი სტრატეგია სჭირდება, რომელიც პირველ რიგში, რუსული გაზის სექტორში არსებულ გამოწვევებს გაითვალისწინებს. ეს გამოწვევები კი, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, რუსულ კომპანიას მომავალში კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის - “გაზპრომის” კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება თუ, მაგალითად, აშშ-მ 2018 წელს ფიქლების გაზის ექსპორტი დაიწყო; თუ ჩინეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში ფიქლების გაზი სერიოზული ენერგიის წყაროდ იქცა; თუ პოლიტიკური ვითარების ცვლილების გამო, გაიხსნა ისეთი ქვეყნების გაზის წარმოება და ექსპორტი, როგორებიცაა ირანი, ერაყი და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები.

მოკლედ, “გაზპრომი” უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული საფრთხის წინაშეა. კომპანიის პრობლემები საკუთარ ბიზნესმოდელს უკავშირდება. კერძოდ, რუსული გიგანტის საქმიანობა ძირითადად გრძელვადიან კონტრაქტებს ეფუძნება, რაც არაეფექტურია. არაერთი მყიდველი გამოთქვამს უკმაყოფილებას რუსულ გაზში არაბუნებრივად მაღალი ფასის გადახდის გამო, მათ შორის, აზიის ქვეყნები - იაპონია და ჩინეთი, რომლებიც რუსულ კომპანიას თხევადი გაზის იმპორტისთვის მნიშვნელოვან თანხებს უხდიან. ევროპულ სპოტ-ის (ტანკერებით მცირე პარტიებად ვაჭრობა) ბაზარზეც ძალიან ხშირად გაზის შეძენა ბევრად იაფია, ვიდრე - რუსული გრძელვადიანი კონტრაქტით.

მოძველებული ბიზნესმოდელის გამო, “გაზპრომს”, ასევე, უძნელდება, კონკურენციის პირობებში, საკუთარი შემოსავლების ზრდა. მაგალითად, ბოლო დროს ნორვეგიის სახელმწიფო კომპანია “სტატოილმა” გაზზე ფასები შეამცირა და ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილსაც დაეპატრონა. “გაზპრომმა” აღნიშნულ კონკურენციას ფასების კლების ხანგრძლივი პროცესით უპასუხა, რაც კომპანიას, საბოლოო ჯამში, 4.7 მილიარდი დოლარის დაკარგვად დაუჯდება.

ევროპელი ფინანსისტები ვარაუდობენ, რომ ევროპაში ყოველ მილიონ ბრიტანულ თერმულ ერთეულზე 1 დოლარით გაზის ფასის შემცირება “გაზპრომის” მოგების 4 მილიარდით შემცირებას იწვევს.

“გაზპრომის” ბიზნესმოდელის კიდევ ერთი უაყოფითი შედეგი ევროკომისიის მიერ რუსული კომპანიის წინაღმდეგ გასულ წელს წამოწყებული საგამოძიებო პროცესია. ევროკომისია თვლის, რომ კომპანია საკუთარ დომინანტურ პოზიციას იყენებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რათა ხელი შეუშალოს ჯანსაღ კონკურენციასა და ფასების დაბალანსებას. პროცესის წაგების შემთხვევაში, “გაზპრომმა” 14 მილიარდი დოლარის ჯარიმა უნდა გადაიხადოს.

გაზის კონტრაქტებში ფასის წინასწარ, ნავთობის ფასებზე „მიბმულად” განსაზღვრის გამო, “გაზპრომი” ვერ ახერხებს აღმოსავლეთის ბაზრებზე გასვლას, რაც კომპანიის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია. “გაზპრომი” ჩინეთთან თითქმის ათწლეულია აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსული გაზის „ალტაის“ მილსადენით ჩინეთში ექსპორტის შესახებ, თუმცა “გაზპრომი” აზიურ ფასებზე უარს ამბობს და სურს, ჩინეთი საკუთარი ფასით განსაზღვრული კონტრაქტებით მოამარაგოს. შედეგად, ჩინეთმა თხევადი გაზის შესყიდვაზე ხელშეკრულებები გააფორმა ცენტრალური აზიის, ავსტრალიის, ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთ აფრიკის კომპანიებთან, ანუ ყველასთან, გარდა “გაზპრომისა”.

“გაზპრომის” წარმატებულ საქმიანობას საფრთხეს რუსულ მთავრობასთან ახლო კავშირიც უქმნის. რუსული გიგანტი სხვა, ჩვეულებრივ კომპანიებს არ ჰგავს. იგი ორ მიზანს ემსახურება: ერთის მხრივ, ეკონომიკურ სარგებელს ესწრაფვის, მეორეს მხრივ კი, ასრულებს პოლიტიკური იარაღის ფუნქციას, რაც ხშირად პირველი მიზნის აღსრულების ხელისშემშლელი ფაქტორია.

მას შემდეგ, რაც 2000 წელს პუტინმა ქვეყანა ჩაიბარა, “გაზპრომი” რუსეთის პრეზიდენტის ინტერესების გამტარებელია. კომპანია საჭირო დროს უზრუნველყოფს სხვადასხვა ქვეყანაში (უკრაინა, საქართველო, ბელორუსი, მოლდოვა) ენერგოკრიზისის გამოწვევას, რაც ამ ქვეყნებთან მიმართებაში რუსეთის მთავრობის პოლიტიკის ნაწილია. გარდა ამისა, “გაზპრომი” პუტინის ძალაუფლებას ქვეყნის შიგნითაც ამყარებს. კომპანია არაერთ მედია-საშუალებას დაეპატრონა, რაც ენერგოკომპანიისათვის საკმაოდ უჩვეულოა და მიზნად კრემლის პოლიტიკის ხელშეწყობას ისახავს. ამიტომ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ “გაზპრომს” მხოლოდ ერთი მენეჯერი ჰყავს - ვლადიმერ პუტინი.

კრემლთან ასოცირების გამო, “გაზპრომი” პოტენციური მყიდველების თვალში ხშირად არასაიმედო პარტნიორია. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპაში არაერთი ქვეყანა ამჯობინებს შედარებით დიდი თანხები დახარჯოს საკუთარი რესურსების განვითარებაზე, ან მოძებნოს ალტერნატიული მიმწოდებელი, ვიდრე რუსული კომპანიის პარტნიორი გახდეს. ამის ნათელი მაგალითია უკრაინა, რომელიც კრემლთან, ე.ი. “გაზპრომთან” დაპირისპირების გამო, სულ უფრო ამცირებს რუსული გაზის იმპორტს. მაგალითად, 2012 წელს უკრაინაში იმპორტირებული რუსული გაზის რაოდენობა 27%-ით შემცირდა. კიევი არ მალავს, რომ ის ალტერნატიულ დონორს ეძებს. უკრაინულმა “ნაფტოგაზმა” ხელშეკრულება გააფორმა გერმანულ კომპანიასთან, რომლისგანაც კიევი გაზს, პოლონეთის გავლით, უფრო შეღავათიან პირობებში მიიღებს, ვიდრე “გაზპრომისაგან” იღებდა. უკრაინა, ასევე, გეგმავს თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობასა და ფიქლების გაზის წარმოების დაწყებას. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ევროპაში ფიქლების გაზის რეზერვების მხრივ (რომელიც 1.2 ტრილიონ კუბურ მეტრს უტოლდება) მესამე ადგილზეა.

მართალია, კრემლთან სიახლოვის გამო, “გაზპრომი” შეღავათიანი გადასახადებითა და საბადოებზე პრივილეგირებული წვდომით სარგებლობს, მაგრამ კომპანიის დანახარჯები მაინც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის შეფასებით, “გაზპრომის” მიერ 2011 წელს კომპანიის ნომინალურ მოგებად 46 მილიარდი დოლარის დასახელების მიუხედავად, რუსულმა ენერგოგიგანტმა, დაახლოებით, 40 მილიარდი დაკარგა კორუფციისა და არაეფექტური ხარჯვის გამო.

კომპანიის დიდი დანახარჯები გრანდიოზულ პროექტებსაც უკავშირდება. ამის მაგალითია პროექტი “სამხრეთის ნაკადი”, რომლის ეკონომიკური მომგებიანობის საკითხი, ექსპერტთა აზრით, კითხვის ნიშნის ქვეშაა. აღნიშნული პროექტი, პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთისთვის სრულიად გამართლებულია, ვინაიდან იგი უკრაინის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, გზის ავლასა და კიევის თამაშგარე სიტუაციაში დატოვებას გულისხმობს, თუმცა “სამხრეთის ნაკადის” მშენებლობის ხარჯები სულ უფრო და უფრო იზრდება. თავდაპირველად პროექტის ღირებულება, “გაზპრომის” შეფასებით, 15.5 მილიარდი ევრო იყო, შემდეგ, ეს რიცხვი 17 მილიარდამდე გაიზარდა, ბოლო დროს კი, პროექტის ღირებულებად 21-მილიარდამდე ევრო დასახელდა. გავრცელებული პროგნოზით, “სამხრეთ ნაკადის” ღირებულებამ შეიძლება, 27 მილიარდ ევროსაც მიაღწიოს.

კიდევ ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაშიც კომპანიამ 8 მილიარდ ევრომდე დახარჯა, გერმანიასა და რუსეთს შორის პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე გაზსადენი “ჩრდილოეთის ნაკადია”. გაწეული ხარჯების მიუხედავად, ეს გაზსადენი წინასწარ დაგეგმილზე ბევრად ნაკლებ გაზს ატარებს.

ექსპერტები თვლიან, რომ “გაზპრომის” პრობლემების მოგვარება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კომპანიის პრივატიზება მოხდება და სახელმწიფო მასში მხოლოდ 25%-იან წილს დაიტოვებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თავად პუტინისთვისაც უკეთესი უნდა იყოს მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კომპანიის 25%-ის ფლობა, ვიდრე - დაღმავალ გზაზე მდგარი “გაზპრომის” სრული მესაკუთრეობა. პუტინს ისიც კარგად უნდა ესმოდეს, რომ მსოფლიო ბაზარზე ვერც ერთი კომპანია ვერ გახდება წარმატებული, თუ მოძველებულ ბიზნესმოდელს გამოიყენებს და დროს ფეხს ვერ აუწყობს. გაზის მთავარი მომხმარებელი - ევროპა თანდათან ალტერნატიულ მომარაგების წყაროს გაიჩენს, რასაც “გაზპრომის” მხრიდან გაზზე ფასის დაკლებას გამოიწვევს. ფასების შემცირება კი, თავის მხრივ, კომპანიას საბოლოო გაკოტრებამდე მიიყვანს.

გარდა ამისა, ექსპერტთა აზრით, აუცილებელია, რომ მსოფლიო გაზის რეზერვების 18%-ის მქონე კომპანიამ, გაზის მომარაგების გარდა, აქცენტი ელექტროენერგიის სექტორზეც გააკეთოს. ასეთი კომბინაცია რუსულ გიგანტს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შესძენს, მით უფრო, რომ ელექტროენერგიის ბაზარი მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო და უფრო იზრდება. „საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს“ მონაცემებით, მომდევნო 25 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად 2.5%-ით გაიზრდება, რაც, შესაბამისად, უფრო მეტ ინვესტიციებთან იქნება დაკავშირებული. ასეთ პირობებში კი, “გაზპრომი” უდავოდ მსოფლიოს წარმატებული ენერგოკომპანია იქნება.