თავდაცვის სამინისტრომ ღია ტენდერი გამოაცხადა

თავდაცვის სამინისტრომ ღია ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჩასანაცვლებელი ავტომანქანების სიას აქვეყნებს. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის უწყება სამინისტროს ბალანსზე მყოფი ძვირადღირებული და სხვა ავტომანქანების ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლებას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ახორციელებს. სულ ჩასანაცვლებელი მანქანების რაოდენობა 92-ს შეადგენს, რომელთა საერთო ღირებულებაა 838 600 ლარი.

მათ შორის არის ძვირადღირებული მანქანებიც. „მერსედეს ბენცი“ (60 000 ლარი), 4 „კადილად ესკალადე“, რომელთა ფასი 46 500-დან 90 000 ლარამდეა, რამდენიმე „ტოიოტა ლენდკრუიზერი“, 2 „ჰამერი“ (35 000 და 40 000 ლარი) და სხვადასხვა უცხოური ტიპის ავტომობილები. თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში არის ისეთი ავტომობილებიც, რომელთა ღირებულება 400 ლარს შეადგენს. 

მოსაწოდებელი ავტომანქანების სასურველი მახასიათებლები და სავარაუდო რაოდენობები შემდეგია - მოთხოვნილი რაოდენობა 1 ცალი, გამოშვების წელი – 2013-14 (ექსპლუატაციაში არ მყოფი), ძარის ტიპი – პიკაპი, წამყვანი თვლები - 4X4, ფერი – თეთრი ან ვერცხლისფერი, კარების რაოდენობა – 4, საწვავი – დიზელი, ძრავის მოცულობა – 24000 სმ3-დან 3000 სმ3-მდე, გადაცემათა რაოდენობა – არანაკლებ 5+R (მექანიკა), საწვავის ავზის მოცულობა – არანაკლებ 70 ლიტრი, საჭის ჰიდროგამაძლიერებელი, უსაფრთხოების ბალიში – არანაკლებ 2, ნაჭრის სალონი, რადიო, არანაკლებ 2 დინამიკით, კონდიციონერი.

წინადადებაში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ავტომანქანის სახეობა; ავტომანქანის ღირებულება (ლარში); საგარანტიო პირობები; საგარანტიო სერვისის ფარგლებში, 100 000 (ასი ათასი) კმ-ზე გასაწევი მომსახურების ღირებულება (ლარში).
მიღებული წინადადებების განხილვა-შეფასებისას, მხედველობაში იქნება მიღებული ავტომანქანის ფასი, ტექნიკურ პარამეტრები, საგარანტიო პირობები და საგარანტიო სერვისის ღირებულება.

სარგებლობაში მყოფი ავტომანქანების ჩამონათვალისა და მათი საექსპერტო შეფასების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. ყველა დაინტერესებულმა პირმა წინადადებები უნდა წარადგინოს მიმდინარე წლის 4 მარტის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტში.

არჩევნების შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ რადიკალურად შეცვალა თავისი პოლიტიკა შესყიდვებთან დაკავშირებით. რაც გამოიხატება იმაში, რომ მაქსიმალურად ცდილობენ ელექრონული ტენდერების საშუალებით შეიძინონ საჭირო საქონელი. კითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ღია ტენდერი, რამდენად გამოირიცხება, რომ არ მოხდეს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვები, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ტენდერები იქნება ღია და გამჭვივრალე.

„არა ისე, როგორც ამას წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი ერთ პირთან გარიგების გზით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პირმა, ვინც მიიღებს მონაწილეობას იცოდეს პრინციპები.

შესყიდვების სააგენტოს გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია მანქანების ღირებულების შესახებ. ნებისმიერ პირს შეუძლია მონაწილება მიიღოს ელექტრონულად. არაა აუცილებელი პირადი კონტაქტი, რაც გამორიცხავს იმას, რომ შესაძლებელია გარკვეული გარიგებები მოხდეს არასამართლებლივ ფორმაში“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტად ყოფნისას ნატოს შეფასების ექსპერტთა ჯგუფმა ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც შესყიდვებს შეეხებოდა. მოგვიანებით გამოქვეყნდა ანგარიში. ანგარიშში ხაზგასმულია ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც სამინისტრომ უკვე გადადგა გამჭვირვალობის გაზრდისა და კორუფციული რისკების შემცირების მიზნით, ასევე, გამოყოფილია ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დამატებით საჭიროებს მუშაობას.
„გაიზარდა ელექტრონული შესყიდვების სისტემის გამოყენება; გააქტიურდა ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან; გაიხსნა სამოქალაქო მისაღები; დაიწყო ფუნქციონირება შერჩევის საბჭოებმა და დაინერგა სამოქალაქო პერსონალის დამოუკიდებელი ტესტირების სისტემა. დადებითად შეფასდა კორუფციის პრევენციის მიზნით ქონებრივი დეკლარაციების ონლაინ სისტემის შემოღება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.