„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოში ადვოკატთა ინსტიტუციური დევნა მიმდინარეობს. თუმცა, ამ პოზიციას არ იზიარებს უფლებადამცველი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომლის განცხადებით, თუ ზაზა ხატიაშვილი შეძლებს დაამტკიცოს, რომ გოგო ონიანი პოლიტიკური პატიმარია, ხოლო ადვოკატთა ასოციაცია განიცდის დევნას, მაშინ პრეტენზიები მისი მისამართით მოიხსნება. იმ შემთხვევაში თუ ვერ შეძლებს ამის დამტკიცებას, მაშინ მოუწევს აღიაროს შეცდომა და ნებისმიერი ქმედება მის მიმართ ლეგიტიმური იქნება.
For.ge. უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
ზაზა ხატიაშვილის თქმით, ონიანმა დაკავებამდე უთხრა, რომ ის დაკითხეს. ადვოკატის მოწმედ დაკითხვა კი მოცემულ საქმეზე, ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, არ შეიძლება და მისი დანაშაული სწორედ ის იქნებობა, რომ არ დაეცვა ონიანი. მაგალითად წინა ხელისუფლების დროს 140 ადვოკატი იხდიდა სასჯელს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პრეცედენტი ადვოკატის დაკავებისა არ ყოფილა. ონიანის დაკავება შეიძლება შეფასდეს როგორც პოლიტიკური დევნა?
დიმიტრი ლორთქიფანიძე: თქვენი შეკითხვის არსიდანაც იკვეთება, რომ კარგად გახსოვთ 2010 წლის საპარალამენტო დებატები, სადაც ეს საკითხი - ადვოკატთა ინსტიტუციური დევნის შესახებ იყო გამოტანილი. მაშინ ბატონმა ზაზამ არაერთი გახამურებული ფაქტი მომაწოდა. დიახ, 140 ადვოკატი იხდიდა სასჯელს მხოლო და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მიერ წარმოებული საქმეები არ ჯდებოდა ხელისუფლების ინტერესებში. ადვოკატის დაკავებისთვის იყენებდნენ მტკიცებულებათა ფაბრიკაციას. ხშირ შემთხვევაში, სწორედ თაღლითობის მუხლით აძლევდნენ მათ პასუხისგებაში.
საფუძვლიანია განცხადება, რომ დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს ადვოკატთა ინსტიტუციური დევნა?
- როდესაც დღევანდელ დღეს კეთდება განცხადება, რომ ქვეყანაში არის ადვოკატთა ინსტიტუციური დევნა, მიმაჩნია, რომ ძალიან გადაჭარბებული შეფასებაა. ინსტიტუციური დევნის პირობებში ჩვენ უნდა ვიცოდეთ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, კონკრეტული ადვოკატების წინააღმდეგ. ონიანის მაგალითი თუ საფუძველია ასეთი განცხადების გაკეთებისა, ამის შეფასებაც ძალიან ადვილად შეგვიძლია. ვინც არ უნდა იყოს და რა წარსულის, ნებისმიერ ადამიანს, ასევე ადვოკატს აქვს თავისი უფლებები. მითუმეტეს ეს უფლებები ადვოკატათა ასოციაციის თავმჯდომარის მხრიდან დასაცავია, მაგრამ ასეთი ხმამაღალი განცხადების გაკეთების საფუძველს ეს არ უნდა იძლეოდეს.
მაგრამ, თუ კი ონიანის უფლება დაირღვა, ეს არ უნდა ითქვას?
- თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს, დაკავება იყო უკანონო - ჩხრეკა-ამოღების აქტი ჩატარდა უკანონოდ. საბოლოო ჯამში, როდესაც ეს ვითარება გაირკვა, ყველაფერი კანონიერი აღმოჩნდა. სასამართლომ იმსჯელა აღკვეთი ღონისძებაზე და ონიანი აღკვეთი ღონისძიების გარეშე არ დაუტოვებია. როგორც საქმის მასალებიდან და სასამართლო პროცესიდან ირკვევა, მისი დაკავების და ჩხრეკა-ამოღების ოქმი დარღვევით არაა შედგენილი.
ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ მას ხელისუფლება ებრძვის...
- ზაზა ხატიაშვილს 80 პროცენტზე მეტმა ადვოკატმა დაუჭირა მხარი. ეს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც ადვოკატების, ისე საზოგადების წინაშე. თითოეული ადვოკატის ომბუდსმენი არის ხატიაშვილი, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც პოლიტიკური განცხადება კეთდება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, მას აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი განმარტებები.
არ დაგილამავთ და გეტყვით, რომ ადვოკატთა ერთმა ჯგუფმა დარეკა ჩემთან. მათ გამიზიარეს თავისი ნეგატიური დამოკიდებულება ზაზა ხატიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. ჩემი რჩევა იყო და არის დღესაც, რომ შეიკრიბოს მრგვალი მაგიდა, სადაც ბატონი ზაზა გააკეთებს კონკრეტულ განმარტებებს, რას გულისხმობდა იგი ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ ინსტიტუციური დევნის საკითხში, რომელსაც მისი თქმით ახორციელებს სახელმწიფო.
ონიანის მხარდამჭერებისგან მივიღე შენიშვა, რომ ბატონი ზაზა მარტო გოგა ონიანის საქმეს არ გულისხმობდაო. სხვა ადვოკატების საქმესთან დაკავშირებითაც აკეთებს განცხადებასო. მე დავურეკე ბატონ ზაზას, მან დაასახელა ბოლო ორი თვის განმავლობაში ადვოკატებზე განხორციელებული ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, ეს დასაგმობია და გამოსაძიებელია.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყოფილი პროკურორები და პოლიციის მაღალჩინოსნები ადვოკატები გახდნენ. არ გიჩნდებათ კითხვა, რატომ შეაფარეს თავი ადვოკატთა ასოციაციას?
- ზუსტად ეს კითხვა დავუსვი საჯაროდ ბატონ ზაზას. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ადვოკატთა ასოციაციას ბევრმა ყოფილმა პროკურორმა შეაფარა თავი. ეს ადამიანები იმ გახმაურებულ საქმეებს ზედამხედველობდნენ, რომლებიც, საბოლოო ჯამში, საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკურ პატიმრად ცნო. ეს უკვე საკმარისი საფუძველია ვივარაუდოთ, რომ ამ პროკურორების პასუხისგებაში მიცემის საკითხი დღის წესრიგში დადგება. მაშინ რა გამოდის? იმ ყოფილ პროკურორებს, როდესაც გამოძიება დაიბარებს ძველ საქმეებთან დაკავშირებით, მათ მიმართა დევნა ხორციელდება?
ვთხოვ ბატონ ზაზას, რომ მოიწვიოს ადვოკატთა ასოციაციის გაფართოებული კრება. თითოეულ ჩვენთაგანს განუმარტოს რა აქვს მხედველობაში, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს. არა მარტო ადვოტაკები, არამედ მოქალაქეების უდიდესი ნაწილი აღშფოთებულია იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი ზონდერები, ყოფილი დამნაშავეები, რომლებიც შეფარებული არიან ადვოკატთა ასოციაციაში და თავს იცავენ ამ სტატუსით. ეს ძალიან არასასურველი პროცესია.
მინდა გითხრათ, რომ ზაზა ხატიაშვილი ეწინააღმდეგებოდა ონიანის მიღებას ადვოკატთა ასოციაციაში. 7 წელი იყო გასული მის მიერ გამოცდის ჩაბარებიდან და მოქმედი კანონის თანახმად, იგი ექვემდებარებოდა თავიდან ტესტირებას. მიუხედავად ამისა, ონიანმა გაასაჩივრა და მოიგო პროცესი. მას არ გაუჭირდება კუბლაშვილის სასამართლოში, რომ ეს პროცესი მოეგო.
იმ შემთხვევაში, თუ დადგება დღის წესრიგში ზაზა ხატაიშვილის უფლებამოსილების საკითხი, თქვენ როგორც ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მხარს დაუჭერთ?
- ასე სწრაფად მისი გადარჩევის საკითხი არ უნდა დადგეს. მე მგონია, რომ ბატონმა ზაზამ, თითოეული მის მიერ წარმოთქმული ფრაზა უნდა გამოიტანოს ადვოკატთა სამსჯავროზე, იმიტომ, რომ მისი, როგორც, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, ფაქტიურად, კეთდება იმ 4 ათასი ადვოკატის მიერ, რომლებიც მისი ასოციაციის წევრი ვართ. ბუნებრივია, ეს ქმნის საჭიროებას, რომ ჩვენ მოვთხოვოთ ბატონ ზაზას განმარტებები თითოეულ საქმესთან დაკავშირებით.
2 ან 3 ფაქტი, ეს არ უნდა იძლეოდეს ხელაღებით ინსტიტუციურ დევნასთან დაკავშირებული საკითხის წამოწევას. თუ ბატონი ზაზა ასე თვლის, რომ ეს არის ინსტიტუციური დევნა, მაშინ მან უნდა განმარტოს. თუ არ დადგინდება და ისიც არ დაეთანხმება მის მიერ წარმოთქმულ აზრს, მაშინ უნდა აღიაროს, რომ ეს არაა ინსტიტუციური დევნა. ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც იქნება.
თუ არსებობს კონკრეტული უფლებადარღვევა, რომელიმე ადვოკატის მიმართ, ესეც ღიად უნდა გვითახრას. იმ შემთხვევაში, თუ ზაზა ხატიაშვილი შეძლებს დაგვიმტკიცოს, რომ გოგა ონიანი არის პოლიტიკური პატიმარი, ხოლო ადვოკატთა ასოციაცია განიცდის დევნას, მაშინ ასეთი პრეტენზიები მისი მისამართით მოიხსნება, მაგრამ თუკი ვერ შეძლებს ამის დამტკიცებას, მაშინ მოუწევს აღიაროს თავისი შეცდომა. თუ შეცდომის აღიარებამდე მივა საქმე და მან ეს შეცდომა არ აღიარა, ამ შემთხვევაში ნებისმიერი ქმედება მისი მიმართ იქნება ლეგიტიმური.
და რა იქნება ეს ქმედება?
- არსებობს კონკრეტული ქმედებები, რომელიც განსაზღვრული არის საჯარო სამართლი პირის მიმართ.