„ფრანგულმა სასამართლომ პროკურატურის ბრალდების უსუსურობა დაადასტურა“

„ფრანგულმა სასამართლომ პროკურატურის ბრალდების უსუსურობა დაადასტურა“

საფრანგეთის ექს ან პროვანსის სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი უთხრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მოეხსნა ე.წ. ელექტრონული სამაჯური, დაუბრუნდა ორივე პასტორტი. მეტიც, კეზერაშვილს ქვეყნის დატოვების უფლებაც მიეცა. მთავარი პროკურატურა ექს ან პროვანსის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით კი ფრანგმა პროკურორმა კეზერაშვილის ძვირადღირებულ ადვოკატს ღირსეული კონკურენცია ვერ გაუწია.

„ვწუხვარ, რომ ფრანგმა პროკურორმა კეზერაშვილის ძვირადღირებულ ადვოკატს ღირსეული კონკურენცია ვერ გაუწია. ძალიან ვწუხვარ, რომ ფრანგი მოსამართლე აღმოჩნდა ისეთი უთანასწორობის პირობების წინაშე, როგორც იყო ერთ მხარეს ძვირადღირებული კეზერაშვილის ადვოკატი და მეორე მხარეს ფრანგი პროკურორი და არა ქართველი, რომელმაც ამ ძვირადღირებულ ადვოკატს, როგორც ჩანს, ღირსეული და სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია.

ფრანგ პროკურორს ქართველ სამართალდამცველთა სახელით ევალებოდა დაეცვა ჩვენი ინტერესები. ეს ასე ვერ მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფრანგმა მოსამართლემ კეზერაშვილი რამეში გაამართლა. ბრალი მის წინაშე საქართველოშია წაყენებული და ასეც დარჩება. უბრალოდ, ვწუხვარ, რომ კეზერაშვილს არ მიეცემა საშუალება ჩამოსულიყო და აქ გაებათილებინა (თუკი ის ასე თვლის) მის წინააღმდეგ წაყენებული ქართველი პროკურორის ბრალდებები“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იურისტი ლია მუხაშვარია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ როდესაც მთვარი პროკურატურა ვერ ახერხებს ამ პირის ექსტრადიციას ქვეყანაში, ეს განაჩენი უნდა იყოს პროკურატურისთვის. მათ შორის ყველა იმ პროკურორისთვის, რომლის შუამდგომლობას და მოთხოვნას მოჰყვა ეს შედეგი. როგორც იურისტი განმარტავს, ეს პროკურორები სამსახურს უნდა ტოვებდნენ.

„რაც შეეხება თეა წულუკიანის კომენტარს, ეს კომენტარი გასაოცარი იყო. ფრანგული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის პირადად ადასტურებს ძალიან მარტივ რამეს, ბრალდება, რომელიც საქართველოს მხარემ წაუყენა კეზერაშვილს, იმდენად დაუსაბუთებული იყო, რომ სასამართლომ არ ჩათვალა საკმარისად იმისათვის, რომ ეს პირი გადმოეცათ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისთვის. ჩემი აზრით, ამიტომ, უწევს ასეთი კომენტარების გაკეთება იუსტიციის მინისტრს და პროკურატურას. ფრანგულმა სასამართლომ, პირველ რიგში, მათი ბრალდების უსუსურობა დაადასტურა“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

იურისტი სოსო ბარათაშვილი კი აცხადებს, რომ კეზერაშვილი წარმოადგენდა პოლიტიკურ ფიგურას, ამიტომ გაცილებით უფრო მეტი მტკიცებულებები იყო საჭირო იმისათვის, რომ მოხდარიყო მისი ექსტრადირება, ვიდრე ეს ჩვეულებრივი კრიმინალის შემთხვევაშია საჭირო.
„არსებობდა საქართველოს ყოფილი პერზიდენტის წერილი, რომელიც მისწერა სასამართლოს, დაქირავებული ჰყავდათ ადვოკატები, ოპოზიცია ძალიან სერიოზულად მუშაობდა. პროკურატურას გაცილებით მეტი მტკიცებულების მოპოვება და მეტად მუშაობა მართებდა. ბრალდების მხარეს გაცილებით მეტი ხარისხით უნდა დაეფიქსირებინა სასამართლოზე თავისი პოზიცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ბარათაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება კეზერაშვილთან მიმართებაში აპოკალიფსური არ არის. დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მას მერაბიშვილთან, კეზერაშვილთან და სხვებთან, ამ წუთში კითხვები აღარ აქვს.

„კითხვები მქონდა სამი წლის წინათ და უფრო ადრე, ახლა მათთან კითხვები აქვს პროკურორებს და გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ მოსამართლეებმა. როცა ასეთი თემებია, არ ღირს არც ზედმეტი მოლოდინების ქონა და არც ტრაგედიების გაჩენა.

ექსტრადირებაზე უარის თქმა ერთი წამით არ აყოვნებს გამოძიების პროცესს, ერთი ის არის, რომ ვერ დაკითხავ, მაგრამ ამასობაში თუ გამოიძახებ და არ გამოცხადდება დასაკითხად, მაშინ შეგიძლია, დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება, ამიტომ ეს არ არის აპოკალიფსური გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„ძვირადღირებული ექიმი და მასწავლებელი, რომ უკეთესია ვიდრე იაფიანი. ეს სადაო არ უნდა იყოს“, - ამბობს პარლამენტის ადამაინის უფლებათადა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილი. გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ საფრანგეთის სასამართლოს მაღალი სტანდარტები აქვს. მისი თქმით, ძვირადღირებული ადვოკატი შეიძლება ძალიან ფასეული იყოს.

„კეზერაშვილს აქვს იმის საშუალება, რომ ძვირადღირებული ადვოკატი აიყვანოს. ბევრი იშოვა ქართველი ხალხის ხარჯზე. აქ შეიძლება ორ მომეტს გასმოდა ერთდროულად ხაზი, ერთი ის, რომ კეზერაშვილის საქმე მართლაც ჭიანურდება, იმიტომ რომ მას საკმაოდ გავლენიანი მფარველი ჰყავს, მეორე ის, რომ ამ მფარველების ყოლამ განაპირობა უკანონო გზებით ფულის შოვნა, რაც ახლა მას აძლევს საშუალებას, რომ თავი დაიცვას მართლმსაჯულებისგან. ამიტომ, ვერაფერს სადაოს იუსტიციის მინისტრის კომენტარში ვერ ვხედავ“, - ამბობს ფოფხაძე.

გედევან ფოფხაძე არ იზიარებს იურისტების შეფასებას, რომ საფრანგეთის ექს ან პროვანსის სასამართლოს გადაწყვეტილება განაჩენი უნდა იყოს პროკურატურისთვის. მათ შორის ყველა იმ პროკურორის, რომლის შუამდგომლობას და მოთხოვნას მოჰყვა ეს შედეგი.

„პროკურატურა წარმოადგნეს მტკიცებულებას. დავას აწარმოებს საფრანგეთის პროკურატურა. რამდენად მყარი იყო, ან არა, მტკიცებულება, ამას ვერ გეტყვით. მტკიცებულებას არ ვიცნობ. აქიდან გამომდინარე, ვერაფრეს ვერ გეტყვით. მარტო იმიტომ, რომ საქმე წააგო, ასეთი პრინციპული რატომ უნდა ვიყო?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გედევან ფოფხაძე.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ პროკურატურა აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ დავით კეზერაშვილის ექსტრადირება საქართველოში განხორციელდეს და მან საზოგადოების კითხვებს პასუხი გასცეს.

„ამით ჩვენი სამუშაო ამოწურული არ არის. პროკურატურა აგრძელებს მუშაობას, რომ დღეს თუ არა ხვალ კეზერაშვილი იქნას ჩამობრძანებული ქვეყანაში, იმისთვის, რომ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას“, - დასძინა იუსტიციის მინისტრმა.

როგორც ცნობილია, კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რიყისა და „ტელე იმედის“ გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ. ამასთან, მთავარი პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს კიდევ ერთ საქმეზე, საქმე ეხება კეზერაშვილის კავშირს იარაღის ბიზნესთან.
ყოფილი მმართველი ძალა თვლის, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. მათივე განცხადებით, მას ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ დევნის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია. სწორედ, ამ შინაარსის წერილით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ექს ან პროვანსის სასამართლოს. მიხეილ სააკაშვილი წერილში აღნიშნავდა, რომ კეზერაშვილს დანაშაულად უთვლიან, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და მას პოზიტიურად აფასებს. როგორც კეზერაშვილმა განმარტა მის საქმე პოლიტიზირებული იყო.

„მიხარია, რომ საფრანგეთის სასამართლომ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ორივე საქმე ჩემს წინააღმდეგ აბსოლუტურად ხელოვნური იყო“, - განაცხადა დავით კეზერაშვილმა, რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს, რას გააკეთებს მომავალში.