შეხვედრა ავღანელ კოლეგასთან (ვიდეო)

შეხვედრა ავღანელ კოლეგასთან (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს შტაბ-ბინაში ავღანელ კოლეგას ბისმილა ხან მუჰამადს შეხვდა. მხარეებმა ავღანეთის  საერთაშორისო მისიის მიმდინარეობაზე ისაუბრეს და პოსტ-ISAF-ის  ახალი ოპერაციის დეტალები განიხილეს.  ყურადღება გამახვილდა ავღანეთში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ადგილობრივი ძალებისთვის გადაბარების საკითხზეც.

ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ავღანეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. უახლოეს პერიოდში ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებები სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ.

ირაკლი ალასანიამ ავღანელ კოლეგასთან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებს რეფორმების განხორციელების პროცესში. „ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ავღანეთს და მის მინისტრს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის გააგრძელოს მათი მხარდაჭერა,  რადგან, ჩვენ, ისევე როგორც ავღანეთმა, გავიარეთ საბჭოთა ოკუპაცია, სამოქალაქო ომი და დღეს, ძლიერად დავდექით ფეხზე. რეფორმები, რომელიც საქართველოში განხორციელდა, მათთვის ძალიან საინტერესოა. ამიტომ, ჩვენ თავდაცვის რეფორმირების კუთხით  მათ ამ გამოცდილებას გადავცემთ. აქედან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში ჩვენ უკვე გავაფორმებთ ორმხრივ შეთანხმებასაც“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  ავღანელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართა. მინისტერიალის დასრულების შემდეგ, ირაკლი ალასანიამ ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა: „ნატოში საქართველოს იმიჯი ყოველდღე უფრო იზრდება; უფრო და უფრო აფასებენ საქართველოს და ჩვენი ჯარისკაცების ძალიან დიდ წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში. პრაქტიკულად ყველა თანახმაა, რომ საქართველო კიდევ უფრო დიდ, ღრმა ნაბიჯს იმსახურებს ნატოსთან ინტეგრაციისკენ“.