საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიაციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანიამ შეხვედრები გამართა ევროკავშირის თავდაცვის სააგენტოში. ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ პატრიკ დე რუზიესთან შეხევდრისას ქართველი სამხედროების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში ჩართვის საკითხი და ოპერაციის კონკრეტული დეტალები განიხილეს. საუბრისას ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა საქართველოს შიარაღებული ძალების პროფესიონალიზმსა და მომზადების მაღალ დონეს გაუსვა ხაზი: „საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ევროკავშირთანაც და ნატოსთანაც ძალიან დინამიურად ვითარდება. იცით, რომ საქართველო ერთვება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოპერაციაში. ამიტომაც მქონდა შეხვედრა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან. განვიხილეთ ამ ოპერაციის დეტალები. საქართველოს ისინი აღიარებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას, რომელიც მიიღებს მისიაში მონაწილეობას.“ -განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ქართული დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს ევროპულ სარდლობაშიც იმყოფებოდა. ირაკლი ალასანია აშშ-ს ევროპული სარდლობის (SHAPE) მეთაურს, გენერალ ფილიპ ბრიდლავს შეხვდა. მხარეებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითები განიხილეს და ავღანეთში ISAF -ის მისიის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. „გვქონდა განხილვა ავღანეთში მიმდინარე ოპერაციების და ასევე ორმხრივი თანამშრომლობის, რა ფორმატშიც საქართველოს შეუქმნიან დამატებით თავდაცვით შესაძლებლობებს. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს დღეები გვექნება საუბარი ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდაზე და საქართველოს მომავალ ოპერაციებში მონაწილეობაზე.“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ალასანია ნატოს შტაბ-ბინაში ISAF-ის მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება. ბრიუსელში მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნორვეგიელ, აზერბაიჯანელ და ავღანელ კოლეგებთან.