„სიტუაცია დღეს ზუსტად იგივეა, რაც პირველი მსოფლიო ომის წინ - მაშინაც ევროპის ინტელექტუალური ელიტა ომს მოითხოვდა და... ომმა დამარხა ევროპული ცივილიზაცია“

„სიტუაცია დღეს ზუსტად იგივეა, რაც პირველი მსოფლიო ომის წინ - მაშინაც ევროპის ინტელექტუალური ელიტა ომს მოითხოვდა და... ომმა დამარხა ევროპული ცივილიზაცია“

ევროპასა და რუსეთს შორის დაპირისპირება რომ დაიწყება, ამაზე ბევრი რამ მიანიშნებს - ევროპული პრესა, ევროპელი პოლიტიკოსების რიტორიკა, ინტერვიუები. სიტუაცია დღეს ზუსტად იგივეა, რაც პირველი მსოფლიო ომის წინ, როდესაც მაშინდელი კლასიკური ევროპული ცივილიზაციის პირობებში ევროპის უზარმაზარი ინტელექტუალური ელიტა ომს მოითხოვდა, მაგრამ პირველმა მსოფლიო ომმა დამარხა კლასიკური ევროპული ცივილიზაცია- აცხადებს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე for.ge-სთან საუბრისას.

ერთი შეხედვით, იმიტაცია იქმნება, თითქოს შეერთებული შტატები, ეს ზესახელმწიფო, ყველაფერს აკეთებს უკრაინაში ომის დასასრულებლად, მაგრამ ომი მაინც არ სრულდება. რომც დასრულდეს, არ ჩანს მყარი გარანტია, რომ საომარი დაპირისპირება მოკლე ხანში არ განახლდება. სინამდვილეში, სურს კი დასავლეთს ომის ფინალში გასვლა, თუ ისევ არსებობს შეუსრულებელი მიზნები, რომ უკრაინის ხარჯზე დაასუსტონ რუსეთი?

- მოვლენები არ ჩანს ისე, რომ უკრაინის ომი მალე დასრულდება. უკრაინის თემა არ დგას გეოპოლიტიკური მაღალი რანგის საკითხებს შორის. უკრაინა გამოყენებულ იქნა, როგორც გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალება და უკრაინის ხელისუფლებისა და მთლიანად უკრაინის ინტელექტუალური ელიტის უდიდესი ტრაგედია და შეცდომა იყო, რომ მათ ევროპის ეს უდიდესი ქვეყანა, კოლოსალური სამრეწველო პოტენციალის მქონე, შესანიშნავი სამეცნიერო კადრებით, დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში გამოაყენებინეს ერთ მხარეს მეორე მხარის წინააღმდეგ. შედეგი რაც არის, კარგად ხედავთ. უკრაინის ტრაგედია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, იგი კიდევ უფრო ღრმა და დიდი უბედურების მომტანი იქნება უკრაინელი ხალხისთვის. ყველა მინიშნება არსებობს, რომ ამერიკელები აღადგენენ როგორც იარაღის მიწოდებას, ისე ირიბ მხარდაჭერას, თუმცა თვითონ ამერიკელებს უნდათ, ისე გავიდნენ უკრაინული კონფლიქტიდან, რომ სახე შეინარჩუნონ. სამაგიეროდ, წინა პლანზე წამოვლენ ევროკავშირის ქვეყნები და ნატო, ოღონდ შეერთებული შტატების გარეშე. ევროპაში სხვა მზადებაა, სხვა ტონალობაშია საუბარი, ფაქტობრივად, მიდის რუსეთთან ომის მზადება. სასწაული იქნება, რომ რუსეთი ევროპასთან დიდ ომს გადაურჩეს.

თუკი უკრაინის ომის შემდეგ მაინც დაიწყება რუსეთსა და ევროპას შორის გარდაუვალი დაპირისპირება, მაშინ რა საჭირო იყო უკრაინის ამხელა მსხვერპლი და პროქსი ომის წარმოება? ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ომმა ევროპას პრობლემები კი არ გადაუჭრა, არამედ გაუმძაფრა? რა მიანიშნებს, რომ ევროპასა და რუსეთს შორის დაპირისპირება დაიწყება?

- ევროპასა და რუსეთს შორის რომ დაიწყება დაპირისპირება, ამაზე ბევრი რამ მიანიშნებს. ყოველ შემთხვევაში, აქეთკენ მზადდება სიტუაცია. ასეთია ევროპული პრესა, ასეთია ევროპელი პოლიტიკოსების რიტორიკა, ინტერვიუები, განცხადებები მხოლოდ ამაზე მიუთითებს.

მაგრამ ამერიკის გარეშე ევროპას რა ძალა ექნება რუსეთის დასამარცხებლად? ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკამ უკრაინის დახმარებაც გადაიფიქრა, მით უფრო, ტრამპი არ დაეხმარება საზიზღარ ევროკავშირს, როგორც თავად უწოდებს ამ გაერთიანებას.

- ყველა რესურსი გამოყენებულ უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ. სამიზნეა რუსეთი, აქ უკრაინა საერთოდ თემა არ არის. უკრაინა მხოლოდ ინსტრუმენტია. არასწორად ეგონათ, რომ უკრაინაში ომი გაამართლებდა, მაგრამ ვერ გაამართლა. ამის თაობაზე ჯერ კიდევ სამი წლის წინ ვწერდი, ეგონათ, რომ წაიფორხილებდა რუსეთი და შემდეგ უკვე ნატოს მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა მისი განადგურება. საბოლოო მიზანია რუსეთის სახელმწიფოს განადგურება, ეს მიზანი ჯერჯერობით მიღწეული არ არის. პირიქით, უარესი გამოვიდა მათთვის, რუსეთი უფრო ძლიერად გამოვიდა ამ კონფლიქტიდან, თუმცა მას სერიოზული პრობლემები აქვს. ახლა მზადდება გაცილებით დიდი ომი. აქედან რა გამოვა, ამას ვნახავთ, სიტუაცია ძალიან საშიშია. სხვათა შორის, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გლობალისტური ელიტის ქვეშ მოქცეული ევროკავშირი გამოყენებულ იქნება რუსეთის წინააღმდეგ. ისიც უნდა ვიციდეთ, რომ თბილისში მიმდინარე პროცესები ამ მთავარი პროცესის კონტექსტში უნდა იყოს დანახული.

ამერიკა განცალკევებით აპირებს ყოფნას, ის კი არა, ნატოდან უნდა გასვლა. ამდენად, ამერიკა არ დაეხმარება ევროკავშირს?

- არაფრით არ შეიძლება ორი უზარმაზარი ბირთვული ქვეყანა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, ეს არ მოხდება. ამიტომ ამერიკელები ცდილობენ, გავიდნენ აქედან, რომ სუფთა სახე შეინარჩუნონ. ევროკავშირი მთლიანად გამოყენებულ იქნება რუსეთის წინააღმდეგ, ეს რესურსი როცა ამოიწურება, ნატოს რესურსიც ამოიწურება, მაშინ ევროპის ტრაგედია დასრულდება, თუმცა აქ დიდი მსხვერპლის გარეშე ვერავინ ვერ გამოვა, ამის შემდეგ შეერთებული შტატები და რუსეთი რაღაცაზე მოილაპარაკებენ. თუმცა ჯერ აქამდე ადრეა.

უკრაინელები მებრძოლი ხალხია, ევროპელები კი ყველას კარგად მოეხსენება, რაც არიან. თუკი უკრაინელების შესახებ ბჭობდნენ, სამი დღე შეაკავებდნენ რუსეთს, თუ სამი კვირა, ევროპა რამდენ ხანს შეაჩერებს რუსეთს? მით უმეტეს, მათ აქვთ რუსეთთან ბრძოლის მწარე გამოცდილება - რუსეთთან ნაპოლეონი დამარცხდა, ჰიტლერი დამარცხდა.

- ყველაფერი ეს, რა რესურსებიც აქვს ახლა ევროპას, ევროპულ პრესაშია გადმოცემული. ყველაფერი დათვლილია, მთელი ევროპის მობილიზაციაც რომ მოხდეს, მათ შეუძლიათ, მხოლოდ რამდენიმე კვირით შეაჩერონ შეტევა. რაც შეეხება ევროპელების რაკეტების რაოდენობას, მთლიანობაში რამდენიმე დღე ეყოფა სერიოზული ომისთვის ევროპას. სანამ ევროპა რაიმეს გადააწყობს და, ძალიან დიდი ეჭვია, რომ ვერაფერს ვერ გადააწყობს, შეერთებული შტატები სთხოვს ევროპის ქვეყნებს, ნატოს წევრ ქვეყნებს მთლიანი შიდა პროდუქტის 5% მოახმარონ თავდაცვას. რა იმალება ამაში? ეს მოთხოვნა სრულიად მკაფიოა, რადგან ეს არის თავდაცვის ხარჯების დიდი დაფინანსება, მაგრამ რაკი ევროპელებს საკუთარი მრეწველობა თავიანთი 30-წლიანი ნეოლიბერალური მარაზმის გამო ენგრევათ თავზე, ყველაფერი უნდა იყიდონ შეერთებულ შტატებში. ამიტომ ეს დიდი დაფინანსება წავა შეერთებულ შტატებში, იმუშავებს ამერიკის ეკონომიკისა და სახელმწიფოს ინტერესების ფარგლებში.

ევროპელების ეკონომიკა ძალზე მძიმე მდგომარეობაშია დღეს, უამრავი საწარმო იხურება, იმ რესურსების, ღირებულების ფონზე, რასაც წარმოადგენს დღეს ენერგომატარებლების ფასები ევროპაში, ვერანაირი კონკურენტუნარიანი ეკონომიკური პროდუქცია ვერ შეიქმნება ევროპაში. რესურსები გამოყენებულ იქნება მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ, როცა ამოიწურება ეს რესურსები, შემდეგ ვნახავთ მოლაპარაკებას. ჯერჯერობით უკრაინის რესურსიც არ არის ამოწურული.

პირველი საფრანგეთს დაარტყამს რუსეთი? ჩანს ამის კონტურები? მით უმეტეს, პუტინმა ირიბად გააფრთხილა მაკრონი, რომ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ნაპოლეონის ეპოქაში დაბრუნება, თუმცა ავიწყდებათ, როგორ დასრულდა ყველაფერი.

- არავინ არავის არ დაარტყამს. გამორიცხულია, რუსეთი გადავიდეს და ევროპაში დაიწყოს ომი. პირიქით, შეტევას აპირებენ ევროპელები, ჯარის განთავსებას, ნახეთ ევროპული მედია, განცხადებები. სინამდვილეში, ვერსად ვერაფერს ვერ განათავსებენ, ვერც შეტევას განახორციელებენ, უბედურება კი შეიძლება მოიტანონ. სიტუაცია დღეს ზუსტად იგივეა, რაც პირველი მსოფლიო ომის წინ, როდესაც მაშინდელი კლასიკური ევროპულული ცივილიზაციის პირობებში ევროპის უზარმაზარი ინტელექტუალური ელიტა ომს მოითხოვდა, ომი წყუროდა, 90% ფიქრობდა და მხარს უჭერდა ომს, რომ ყველა უსწორმასწორობა გასწორებულიყო, მაგრამ პირველმა მსოფლიო ომმა, ამ ძალიან განათლებული და ინტელექტუალური ხალხის მოსაზრებების საპირისპიროდ, დამარხა კლასიკური ევროპული ცივილიზაცია, შემდეგ რასაც ვხედავთ ჩვენ, არის ის, რაც ჯერ კიდევ 1918 წელს ოსვალდ შპენგლერმა თავის ბრწყინვალე ნაწარმოებში აღწერა, რასაც ჰქვია ევროპის დაისი. ჩვენ ახლა ვხედავთ საკუთარი თავის საზიანო განცხადებებს, ომისთვის მზადებას, არ უნდათ მშვიდობის დამყარება უკრაინაში, რადგან დაუმარცხებელი რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულება უკრაინასთან ეს არის სრული კრახი ევროკავშირისა და ნატოსთვის.

 

 

Gami რას ლაყლაყებს ეს"ჭკვიანი" ტიპაჟი -- ევროპამ იცის რომ იარაღი ცოტა აქვს, იცის რომ ეკონომიკა მძიმე მდგომატეობაშია, იცის რომ მენტალურად ჩაფსმულები არიან/ 1914 წლის ევროპელების მენტალობა სხვა იყო!/ და მაინც, მაინც ომს დაიწყებს რუსეთთან რომ გაქრეს?! რატომ? ტოტალური კამიკაძეიზმი სჭირთ? გასაოცარია! უშველეთ ამ სუბიექტს ვინცხამ.
10 საათის უკან
Gami რაც წაუკითხია, ვერაფერი ვერ გაუგია..
10 საათის უკან
ლევკოთეა რა სისულელეებს ამბობს პატივცემული რესპოდენტი?
გიორხელიძემ იცის, რომ ევროპა მოიკოჭლებს სამხედრო თვალსაზრისით და ევროპამ არ იცის? ნებაყოფლობით თავი რომ არ გაჰყოს შარში? ან რაში სჭირდება ევროპას ომი და დავიდარაბა?
ევროპას (ამერიკასაც) სხვისი ხელით უნდა ეკალ-ბარდის დაგლეჯვა, საკუთარით კი არა.
5 საათის უკან