რაზე ისაუბრეს კონკრეტულად დონალდ ტრამპის მეგობარმა სტივ უიტკოფმა და ვლადიმერ პუტინმა უცნობია, ინფორმაციას არც კრემლი და არც ვაშინგტონი დეტალურად ამ ეტაპზე არ ახმაურებენ. ცნობილია, რომ უიტკოფმა მოსკოვში ზუსტად 13 საათი და 50 წუთი დაჰყო და დახურულ კარს მიღმა შეხვდა პუტინს, რომელმაც სტუმარს საკუთარი პირობები გააცნო. კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსკოვში არ გაკეთებულა. შეხვედრის დეტალებს არც ვაშინგტონი ასაჯაროებს. თუმცა შეხვედრამდე პუტინმა საკუთარი პოზიცია უკვე გაახმოვანა და, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტი ტრამპთან მის მეგობარს დააბარა.
გაირკვა, რომ ვაშინგტონში დაბრუნებულმა სტივ უიტკოფმა დონალდ ტრამპს პუტინთან შეხვედრის დეტალები უკვე გადასცა. ამერიკის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან მოლაპარაკება ნაყოფიერად შეაფასა.
„ჩვენ გუშინ ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები გვქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ძალიან კარგი შანსია, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს“, - დაწერა 14 მარტს დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში.
მედიასთან ჯერ არ გამოჩენილა ვლადიმერ პუტინი. 13 მარტს კი თქვა, რომ ომის დასრულება მასაც სურს, თუმცა უნდა ხანგრძლივი მშვიდობა და არა დროებითი ზავი.
ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ეს განცხადება მანიპულაციურია. კიევი დარწმუნებულია, რომ პუტინი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის. პუტინის განცხადებას ზელენსკი შემდეგნაირად გამოეხმაურა: „ძალიან მოსალოდნელი და მანიპულაციური სიტყვები... ის, ფაქტობრივად, უარს ამზადებს. პუტინს, რა თქმა უნდა, ეშინია პრეზიდენტ ტრამპისთვის პირდაპირ იმის თქმა, რომ ამ ომის გაგრძელება და უკრაინელების ხოცვა სურს“.
მისი შეფასებით, პუტინი ხშირად იქცევა ასე „არ ამბობს „არას“ პირდაპირ, მაგრამ ისე იქცევა, რომ პროცესი გაიწელოს, რაც ნორმალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ იძლევა.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მოსკოვმა პუტინის განცხადების შემდეგ პირობები და საპასუხო სანქციები მალევე მიიღო. cbs წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს. სანქციების განახლებაზე შეთანხმდნენ ევროკავშირის ელჩებიც. დიდი შვიდეულის ქვეყნებმა კი მოსკოვს მოუწოდეს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც ახალი სანქციების დაწესება დააანონსეს.
ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ ტრამპი არ არის ისეთი გულუბრყვილო, სჯეროდეს ერთი ხელის მოსმით პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. პროფესორი for.ge-თან მიიჩნევს, რომ ტრამპმა წინასწარ იცოდა რუსეთის პასუხი, თუმცა ეს პოზიციის გაძლიერებისთვის სჭირდებოდა.
„გასაგებია, რომ პუტინი ლავირებას ცდილობს, უნდა ცეცხლის შეწყვეტამდე ბევრი გამოივაჭროს. ვიცით მისი ხასიათი და ვინც პუტინის მანევრებს კარგად იცნობს, ესმის, რასაც აკეთებს. მე არ მგონია, რომ ტრამპმა ეს არ იცის. პირიქით, მან ყველაფერი მშვენივრად იცის, მაგრამ მოლაპარაკებისთვის და იმისთვის, რომ პუტინი მიიყვანოს მოლაპარაკების მაგიდასთან, ასეთი ტაქტიკაა საჭირო. ამიტომ ის ჯერ უყურებს, რას იზამს პუტინი და შემდეგ მისგან მოსალოდნელია, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციები, ისე უკრაინის შეიარაღების მიწოდების გაზრდა მნიშვნელოვნად. მოვლენები კლასიკური სცენარის მიხედვით ვითარდება, ტრამპს სჭირდებოდა საკუთარი პოზიციის გაძლიერება. მან წინასწარ იცოდა პუტინი უარს იტყოდა, მაგრამ ეს მას უნდა ეთქვა, უნდა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რათა შემდეგ მოქმედებაზე გადავიდეს. მგონია ტრამპს გეგმა „ა“- ან გეგმა „ბ“-ზე გადასვლაც შეუძლია, რომელიც უკვე რუსეთის მიმართ ხისტ პოლიტიკას ნიშნავს. მისი მეგობარი პუტინს ამ დანაპირებს გადასცემდა. ეტყოდა რა არის მოსალოდნელი თუკი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს.
ამიტომ ტრამპი უკვე დაიწყებს იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც რუსეთს შეაკავებს და დააფიქრებს იმ ქმედებებზე, რომელსაც ის დგამს“, - ამბობს ფხალაძე.
მისივე თქმით, რუსეთს წელს ისედაც სერიოზული პრობლემები აქვს, წელს რუსული ეკონომიკის იმაზე მეტად შენელებაზე ლაპარაკობენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამიტომ პროფესორი ფიქრობს, რომ ტრამპი გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც უფრო მძიმე ტვირთად დააწვება რუსეთის სამხედრო ეკონომიკას, რომ ვერ შეძლოს ომის გაგრძელება.
„პუტინს უნდა, რომ ევროპის რუკა თავისი შეხედულებებით გადაანაწილოს, ნატოსა და ევროკავშირის გაფართოება-არგაფართოება თავად გადაწყვიტოს, რის უფლებასაც მას არავინ მისცემს. არ ველი, რომ ტრამპი ასე მარტივად წავა დათმობაზე და მის ნება-სურვილს დაჰყვება. პუტინმა ამ ომში იმდენი ჩადო, რომ ასე გამოსვლამ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას შიგნით. ამიტომ დაიწყო ვაჭრობა და ვინ და სადამდე გაჰყვება, ახლა ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული“, - ამბობს ფხალაძე.
ანალიტიკოსი ზაზა მარიდაშვილი კი მიიჩნევს, რომ ძალიან კარგია ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე პროცესი რომ დაიძრა, თუმცა პუტინის პასუხი მოსალოდნელი იყო და მას ეს არ გაჰკვირვებია. მარიდაშვილი for.ge-თან ამბობს, რომ ამ ყველაფრის რეალური დასასრული, დიდი ალბათობით, წლის ბოლოს იქნება და საკითხის ასე სწრაფად გადაჭრას არ ელის.
„რა თქმა უნდა, რუსეთი ისეთ ვითარებაში რაშიც დღეს იმყოფება, ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. მას ახლა ფრონტის ხაზზე წინსვლა აქვს. სამწუხაროდ, რეალობა არის ასეთი, რომ ის ფრონტის ხაზზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია - კურსკის დაბრუნება დაიწყო. ფრონტის ხაზი უკრაინელებს თითქმის ჩამოშლილი აქვთ. ამიტომ რანაირად უნდა დაეთანხმოს პუტინი 30 დღის განმავლობაში ცეცხლი შეწყვიტოს?! ეს ძალიან მარტივად იმას ნიშნავს, რომ ამ 30 დღის განმავლობაში პუტინმა უკრაინელებს საშუალება უნდა მისცეს, რომ გადაჯგუფდნენ, გადაიარაღდნენ, ფრონტზე ზღუდეები ააგონ და უკეთეს საბრძოლო პირობებში ჩადგნენ.
პუტინი, როგორც იტყვიან, მაგის ჩიტი არაა, რომ ამას დათანხმდეს. შეთავაზებაც არასწორი იყო, მაგრამ მოლაპარაკების დაწყების პროცესში ყველაფრის მოსინჯვაა საჭირო. ზეწოლა უნდა მოახდინონ პუტინზე რაღაცით, რომ ის ამაზე წავიდეს. გუშინ, როცა ევროპელებს ომის შეწყვეტა არ უნდოდათ და მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება სურდათ, ახლა პუტინისკენ გაიშვირეს ხელი, რომ მას მშვიდობა არ უნდა, თითქოს აქამდე თავად უნდოდათ. ტრამპმა სპეციალურად კენჭი რუსეთის მოედანზე ისროლა. ზელენსკი რომ ამბობს მშვიდობა მე მინდა და პუტინს არაო, სხვა რა გამოსავალი აქვს? აშშ-დან ის იმხელა ზეწოლას განიცდის, რომ, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში დათანხმდებოდა“, - ამბობს მარიდაშვილი.
მისივე თქმით, ზელენსკის უკვე ფაქტობრივად ომი აქვს წაგებული და ახლა ყველაზე მეტად ვისაც ცეცხლის შეწყვეტა აწყობს, უკრაინაა. პუტინმა ეს კარგად იცის და ასე მარტივად მისი დათანხმება რთული იქნება.