ქარდების ავტორი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ეწვია. აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი გუშინ მაკა ბოჭორიშვილს ესტუმრა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობები საუკეთესო საფუძველია მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ამასთან, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად.
აშშ-ის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს გააცნო პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მაკა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველო-აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობისადმი ერთგულება ურყევი რჩება.
„ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ინტერესის მნიშვნელოვანი საკითხები. ათწლეულების განმავლობაში ჩვენ შევქმენით მტკიცე პარტნიორობა და ჩვენი ერთგულება საქართველო-აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობისადმი ურყევი რჩება“, - წერს მაკა ბოჭორიშვილი.
ასეთია შეხვედრის მთავარი გზავნილები. საქართველოს ხელისუფლება ამბობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ურთიერთობები ამერიკისა და საქართველოს შორის. აღსანიშნავია, რომ ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერობა სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად დაიძაბა, რადგან ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაცია და პირადად აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი საქართველოს აიძულებდა გაეხსნა ფრონტის ხაზი. იგივე პოლიტიკა გააგრძელა რობინ დანიგანმა, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას. მეტიც, ელჩი საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურობაზე ალაპარაკდა და ხელისუფლებას საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებული ქარდების საშუალებით ელაპარაკებოდა.
დაუმორჩილებელი ელჩი კი, როგორც ჩანს, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ დაიმორჩილა. შეხვედრის შინაარსი არ იცის ანალიტიკოსმა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, მაგრამ რაც იცის, ეს არის სხეულის ენა და ვიზუალი. მისი თქმით, ქვეყნდება საგარეო საქმეთა სამინისტორიში გადაღებული ერთობლივი ფოტო, სადაც ელჩს სახეზე ფერი არ ადევს, ხოლო მინისტრს ძალიან მშვენიერი მომხიბვლევი ღიმილი ამშვენებს.
„თუ ვინმეს გონია, რომ რაღაცა სულელური ვერსიების ირგვლივ, ვადამდელი არჩევნებით თუ პოლიტპატიმრების გამოშვებით და ა.შ. ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს ასეთ კარგ ხასიათზე დააყენებდნენ, ეს ვერსია ჩემთვის არის გაუგებარი. მე მაქვს ჩემი ვერსია - აქამდეც ვთქვი, რომ 4 წლის განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაციის დროს პოსტსაბჭოთა სივრცეში განლაგებულ აშშ-ის საელჩოებს კურირებდა კიევში განლაგებული აშშ-ის საელჩო. კიევში მუშაობდა ასეთი საინტერესო დიპლომატი, მზვერავი, ჯორჯ კენტი, რომელიც აკონტროლებდა ე.წ. მესამე სექტორების მუშაობას ამა თუ იმ ქვეყანაში, ისეთი ორგანიზაციების მუშაობას, როგორიც არის USAID, NED. კენტი არის ფერადი რევოლუციების სპეციალისტი, ეს არის ადამიანი, რომელიც იყო 2014 წლის კიევის მაედნის ორგანიზატორი, ერევანში ხავერდოვანი გადატრიალების და ა.შ.
თითქმის ერთი თვე სრულდება, როდესაც აშშ-ის ახალი ელჩი არის წარდგენილი რუსეთში და ეს არის ჩვენთვის კარგად ცნობილი ბატონი რიჩარდ ნორლანდი, რომელიც საქართველოში მუშაობდა 2012-2015 წლებში. არის ძალიან კეთილგანწყობილი საქართველოს კულტურის, ქართული ტრადიციების მიმართ და ჩემი ღრმა წრმენით, ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ის საელჩოების კურირების ცენტრმა კიევიდან გადაინაცვლა მოსკოვში. მე მაქვს ასეთი ვერსია, რომ ქალბატონი დანიგანის ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტროში არის სწორედ რიჩარდ ნორლანდის მხრიდან თხოვნის, თუ მოთხოვნის შედეგად გადაგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ეს იძულებითი ნაბიჯი არ იქნებოდა სასიამოვნო, ამიტომ მან აბსოლუტურად იგივე გააკეთა, რაც ზელენსკიმ გააკეთა ოვალურ კაბინეტში, ანუ ყოველგვარი ეტიკეტის დაცვის გარეშე (ვგულისხმობ მის ჩაცმულობას) მობრძანდა შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელიც, როგორც ჩანს, და მისი სახის გამომეტყველებაც ამაზე მიგვანიშნებს, რომ არ იყო მისი სურვილით გადადგმული ნაბიჯი. მას ურჩიეს, რომ ეს გაეკეთებინა. ამ ვიზიტით მან, გარკვეულწილად, კითხვის ნიშნები მოხსნა ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ე.წ. ოპოზიციის და მათი ჟურნალისტების ოპტიმიზმს ვერ გავიზიარებ. არანაირ ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე საუბარი, უბრალოდ, არ იქნებოდა“, - აცხადებს ქართველიშვილი.
კითხვაზე, დაიწყო თუ არა გადატვირთვის პოლიტიკა, ანალიტიკოსი პასუხობს, რომ ჯერჯერობით ამის პერსპექტივას ვერ ხედავს.
„ჩემის აზრით, ეს არის ჩვენი ტრადიციული სულსწრაფობა, მოუთმენლობა, ან მეტიჩრობა, რომ ეს გალაქტიკა და ეს პლანეტები საქართველოს ირგვლივ ტრიალებდნენ. მადლობა ღმერთს, აშშ-ს ამ ეტაპზე ჩვენთვის არ სცალია ისე, როგორც სამწუხაროდ, იცლიდნენ ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა მეთიუ მილერები, როდესაც დღე და ღამე საუბარი იყო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე. „რუსული“, „რუსული“ და „რუსული“ გვესმოდა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერატიდან.
ორი თვეა ახალი ადმინისტრაციის მოსვლიდან გასული და საქართველოს აღარ ახსენებენ ამ კონტექსტში. რაც შეეხება სხვა კონტექტს, დაველოდოთ ახალი ელჩის დანიშვნას, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას. დაველოდოთ ამ ტექნიკურ სტაფთან ჩვენს პრაქტიკულ თანამშრომლობას. ნუ ველოდებით იმას, რომ დონალდ ტრამპს, ან მარკო რუბიოს ახლა სცალიათ იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და ჩვენს დღევანდელობას ცალკე განცხადებები მიუძღვნან და ა.შ.
მათ გაცილებით სეროზული ამოცანები ამოძრავებთ და ეს არის „დიფ სთეითის“ დასუსტება, უკრაინის კრიზისის დასუსტება და ახლო აღმოსავლეთის პრობლემის გადაწყვეტა. ნუ გვექნება ზეწარმოდგენა საკუთარ როლსა და ადგილზე ან გეპოლიტიკაში, ან გეოეკონომიკაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.