მთელი მსოფლიოს ყურადღება მოსკოვისკენ არის მიმართული. შეძლებს თუ არა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეგობარი სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინის დათანხმებას ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე. ის 13 მარტს მოსკოვში დღის 12 საათზე უკვე ჩაფრინდა, თუმცა მისი და პუტინის შეხვედრის დრო უცნობია. თავად რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ამერიკელებთან შეხვედრას გეგმავს.
დასავლურ მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლმა თეთრ სახლს ცეცხლის შეწყვეტის საკუთარი პირობები და მოთხოვნები უკვე წაუყენა: უკრაინამ, პუტინის მოთხოვნით, უარი ნატოზე საერთოდ უნდა თქვას; მის ტერიტორიებზე არ უნდა იყოს არც ერთი უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალა; უარი უნდა თქვას ყირიმზე და იმ 4 რეგიონზე, რომელიც რუსეთს ოკუპირებული აქვს; ის ასევე უკრაინის ხელისუფლების სრულად გადაყენებას და ზელენსკის პრეზიდენტობიდან წასვლას ითხოვს.
თუმცა რას მიიღებს აქედან პუტინი, ეს უკვე ტრამპზე და მისი გუნდის მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული.
ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს, თუმცა არსებობს ნიუანსები და საჭიროა ამერიკულ მხარესთან საუბარი.
პუტინი ირწმუნება, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება უკრაინას არა აშშ-მ აიძულა, არამედ თავად კიევის მოთხოვნა იყო და ეს ბრძოლის ველზე არსებული რეალობებითაა განპირობებული.
პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთს საბრძოლო უპირატესობა აქვს სხვა მიმართულებებითაც და პაუზით უკრაინელებმა შესაძლოა ისარგებლონ. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ამჟამად გაუგებარია, შეთანხმების დაცვის კონტროლის მექანიზმია.
„და როგორ გადაწყდება სხვა საკითხები შეხების მთელ ხაზზე? ეს კი თითქმის 2 000 კილომეტრია და იქ, როგორც იცით, რუსი სამხედროები შეტევაში არიან პრაქტიკულად საბრძოლო შეხების ყველა მონაკვეთზე. და იქაც იქმნება პირობები იმისთვის, რომ ჩვენ დავბლოკოთ მთელი, საკმაოდ დიდი ქვედანაყოფები. ამ 30 დღეს როგორ გამოიყენებენ? იმისთვის, რომ უკრაინაში გაგრძელდეს იძულებითი მობილიზაცია? იმისთვის, რომ იარაღი მიაწოდონ? იმისთვის, რომ ახალმობილიზებულმა ქვედანაყოფებმა მომზადება გაიარონ? თუ ეს ყველაფერი არ მოხდება მაშინ ჩნდება კითხვა - როგორ გადაწყდება კონტროლისა და ვერიფიკაციის საკითხები? როგორ იქნება ჩვენთვის გარანტირებული, რომ მსგავსი არაფერი მოხდება? კონტროლი როგორ იქნება ორგანიზებული? ვიმედოვნებ, რომ ჯანსაღი გონებისთვის ეს ყველაფერი გასაგებია, ეს სერიოზული საკითხებია. ვინ გასცემს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის ბრძანებებს და რა იქნება ამ ბრძანების ფასი?“ - კითხულობს პუტინი.
დონალდ ტრამპის მხრიდან კი მუქარა უკვე გაისმა. მას იმედი აქვს, რომ არ მოუწევს რუსეთისთვის დამანგრეველი ეკონომიკური სანქციების დაწესება. ტრამპი ამბობს, რომ თუ ცეცხლი არ შეწყდა, მსოფლიო მესამე ომის დაწყების საფრთხის წინაშე დგას.
ცეცხლის შეწყვეტის მცდელობის პარალელურად, რუსეთს კურსკში წინსვლა აქვს. მათმა არმიამ ქალაქ სუჯაზე კონტროლი აღადგინა. კურსკის ოლქში მდებარე ამ ქალაქს უკრაინელი სამხედროები 200 დღის განმავლობაში იკავებდნენ. კრემლის სახელმწიფო მედიამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელზეც ჩანს, რომ რუსმა სამხედროებმა მთავარ მოედანზე დროშა აღმართეს. სუჯასთან ერთად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის არმიამ 6 თვის განმავლობაში დაკავებული ტერიტორიის - 1268 კვადრატული კილომეტრიდან 968 დათმო.
რუსეთის ძალების კონტრშეტევის ოპერაციას, სამხედრო ფორმაში ჩაცმული პუტინი ოლქში მდებარე ერთ-ერთი სამეთაურო შტაბიდან გაეცნო. ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალა კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა.
კურსკის ოლქიდან უკრაინელი სამხედროების გაყვანის ბრძანება გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ გასცა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კიევის დაგეგმილმა ოპერაციამ მოწინააღმდეგეს სერიოზული დანაკარგები მოუტანა.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ პუტინს წითელი ხაზი აქვს უკვე გავლებული და სურს უკრაინის იმ ტერიტორიების მიღება, რომელსაც ვერ ფლობს და ვერც იპყრობს. ამიტომ კონფლიქტოლოგი for.ge-თან მიიჩნევს, რომ ის ცეცხლის შეწყვეტას თუნდაც ერთი თვით არ დასთანხმდება.
„პუტინი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას და ეს მოსალოდნელი იყო. ამის პროგნოზირება ძალიან მარტივად იყო შესაძლებელი. ის ტრამპს ახლა კომერციული ინტერესებით ევაჭრება, რომ იშვიათ ლითონებზე წვდომას სრულად მისცემს. ენერგორესურსებს მისცემს და ა.შ. ამით პუტინი ცდილობს დააბალანსოს ის სურვილი, რისი მიღწევაც მას უნდა. პუტინმა ეს ტერიტორიები უკვე კონსტიტუციაში საკუთრებად ჩაწერა. ამიტომ ძალიან დიდი კრახის წინაშე აღმოჩნდება.
მან ძალიან კარგად იცის, რომ ფრონტის ხაზზე, სადაც მოხდება ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება, იქ უნდა გაჩერდეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ რა დროსაც მოლაპარაკებები დაიწყება, ცეცხლი იმ ტერიტორიაზე უნდა შეწყდეს, ანუ სადამდეც რუსები მისულები არიან. ამიტომ იქ თუ გაჩერდა პუტინი, მაშინ ის ახალ ომს ვერ წამოიწყებს. ისევ ომის დამწყები როგორ და რა ფორმით დაისჯება, ეს ჯერ ცნობილი არ არის. ასევე, მას აქვს შიში, რომ უკრაინის გადაიარაღება, დასვენება, ამოსუნთქვა მოხდება. ამიტომ არ უნდა პუტინს, რომ ეს ომი იქ შეჩერდეს, სადაც ახლა არის. შესაბამისად, ლავირებას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს. ტრამპი დეზორიენტირებულია იმით, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტე იყო იმის წინაპირობა, რომ პუტინმა ომი დაიწყო. ამიტომ დარწმუნებულია, რომ თუკი რაღაცა ინტერესებზე დააფუძნებს რუსეთთან ურთიერთობას, ამ ომს გააჩერებს“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.
მისივე თქმით, ტრამპი სიტუაციას როგორც ბიზნესმენი და დასავლური ყაიდის ლიდერი ისე უყურებს. ამ დროს კი მას ურთიერთობა სრულიად სხვა ყაიდის, კარგად გაწვრთნილ და გამოცდილ სპეცსამსახურების აგენტთან აქვს, რომელიც ასევე ძალიან ძლიერი პოლიტიკოსია.
„პუტინის მიზანია შექმნას ზესახელმწიფო, რომლის ნაწილიც უკრაინა უნდა იყოს. სანამ ტრამპი ამ დასკვნამდე მივა, ამას დრო სჭირდება. თუმცა ტრამპს ჰყავს გარემოცვა, რომელიც ჯერ აცდის მოქმედებას, თუმცა მას ურჩევენ მოქმედების ტაქტიკის შეცვლას. ფაქტია, ეს ცვლილება უკრაინასთან დაკავშირებით უკვე გამოჩნდა. ამიტომ მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ თუკი ტრამპი მიხვდება პუტინი ატყუებს, ხელზე იხვევს, მაშინ წნეხს მოსკოვზე გადაიტანს. მე ტრამპის მსგავს ოპტიმიზმს ვერ გავიზიარებ, რადგან პუტინი არ არის ასეთი მარტივი დასათანხმებელი ლიდერი. მას თავისი დღის წესრიგი და გეგმები აქვს“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ კურსკში კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლები შევიდნენ, რომლებმაც კურსკის სიღრმეში შესასვლელად გაუქმებული 12-კილომეტრიანი გაზის მილი გამოიყენეს. კაპანაძე for.ge-თან ამბობს, რომ ახლა რუსები ცდილობენ, უკრაინელები ალყაში მოაქციონ.
„სწორედ ამ მიზეზით უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება და სახიფათო ზონებიდან გასვლა ხდება. ამავე დროს, შესაძლოა, ითქვას, რომ ჯერ ტორეცკში ისევ უკრაინელები არიან, რომლებიც თავდაცვით ზონებს ამაგრებენ. რა თქმა უნდა, პუტინი ახლა ცდილობს მაქსიმალური ძალისხმევის შედეგად, კურსკი დაიბრუნოს. მისი მიზანი მარტივია, რომ უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან ნაკლები კოზირები გააჩნდეთ. ის ჩქარობს და ეს მოსალოდნელიც იყო. რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომ ამერიკამ რადგან უკრაინას შეუჩერა დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, სწორედ ეს გახდა კურსკში რუსების დაწინაურების მიზეზი, არ არის ბოლომდე სწორი.
უკრაინას ჯერ აქვს იმ სახის მარაგები, რომ რუსების ასეთ შეტევას წინააღმდეგობა გაუწიონ. უკრაინელებს ამერიკიდან მიწოდებული მარაგების გარეშე 4-დან 6-თვემდე ბრძოლის გაგრძელება შეუძლიათ. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ დასავლეთის ქვეყნებმა დახმარება უნდა გაზარდონ. ამიტომ კურსკში რაც ხდება, ეს მოსალოდნელი იყო. პუტინი ელოდა თავის დროს და მან მოლაპარაკების წინ უკრაინისთვის ამ კოზირების წართმევა გადაწყვიტა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რა თქმა უნდა, რთულია ზურგში ამ დონის წინააღმდეგობის გაწევა, ამიტომაც სირსკიმ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ სახიფათო ზონებიდან უკრაინელების გაყვანა დაიწყო“, - ამბობს გენერალი.