„სააკაშვილი აფერისტობისთვისაც არის გასასამართლებელი, ვითომ დემენცია და ათასი სხვა დაავადებები სჭირდა - ასეთი ავადმყოფი კაცი ციხეში ბავშვებს აკეთებდა“

„სააკაშვილი აფერისტობისთვისაც არის გასასამართლებელი, ვითომ დემენცია და ათასი სხვა დაავადებები სჭირდა - ასეთი ავადმყოფი კაცი ციხეში ბავშვებს აკეთებდა“

12-წლიანი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სადაც მე-3 პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვის გამო 9 წელი მიუსაჯეს, ჯერ კიდევ უცნობია, როდის გადაიყვანენ მას ციხეში. ფაქტი ერთია, რომ კამპანია, რომელიც მისი ჯანმრთელობის და ე.წ. მოწამვლის შესახებ მთელი დასავლეთის მასშტაბით მიმდინარეობდა, ერთი დიდი აფერა და ტყუილი აღმოჩნდა. მმართველ გუნდში ჯერჯერობით ამაზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ფაქტია, რომ სააკაშვილი თავს მშვენივრად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სასამართლომ კი მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი ძვირადღირებული ვოიაჟების, სასტუმროების, საჩუქრების, ავტომობილების, კერძო იახტების და ვერტმფრენებში საქართველოს ბიუჯეტიდან ფულის გაფლანგვის გამო გამოუტანა. სააკაშვილის მიერ, მხოლოდ 4 წელში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგული 9 მილიონის მცირე ნაწილია. ექსპრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით „საიდუმლო“ განკარგულებები, რომელიც სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა, მმართველი გუნდისთვის ელიტური კორუფციის უტყუარი მტკიცებულებებია.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარის გარდა, დამატებით 9 მილიონის ფარულად, პირადი კომფორტისთვის დახარჯვა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ყველაზე სამწუხარო ისაა, უამრავი მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, ქონების ჩამორთმევის და ათასი სასტიკი დანაშაულის ავტორი, რომლის წინააღმდეგაც სტრასბურგის სასამართლოს 100 ვერდიქტი არსებობს, გარე ძალების მხრიდან დღემდე მხარდაჭერილია. ხოლო „FREE MISHA-ს კამპანიაში მთელი ევროპარლამენტი, ექსპერტები და საზოგადოების ცნობილი სახეები იყვნენ ჩართული.

რატომ გამოსცა ექსპრეზიდენტმა გრიფით „საიდუმლო“ განკარგულებები თუ თითოეული ხარჯი სახელმწიფო ინტერესებს ხმარდებოდა? - პასუხს „ნაციონალური მოძრაობა“ თავს არიდებს.

ექსპრეზიდენტი საბოლოო ვერდიქტს კიდევ ორ - საზღვრის უკანონო კვეთისა და 7 ნოემბრის საქმეზე ელოდება.

„ზოგიერთი ადამიანი მორალური პიედესტალიდან რომ ლაპარაკობს დღესაც, ახლა მაინც არ რცხვენიათ, რომ კორუმპირებული ადამიანის გაშვებას ითხოვდნენ“, - ინტერესდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

„ახლა ეს ყველაფერი ჩავსვათ კონტექსტში. სულ ახლახან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სააკაშვილი მოიხსენა მოდერნიზატორად. ჩვენ ვნახეთ, რომ მთელი ის დრო, რაც ციხეში ზის, არ გაჩერდნენ არც ბალტიელი პოლიტიკოსები, არც ფრანგები და არც ზოგი პოლონელი პოლიტიკოსი. არ დაგვასვენეს, ჩაწერეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში. კორუმპირებული ადამიანის გაშვებას ითხოვს ევროპარლამენტი - ამაზე დიდი სირცხვილი, ამაზე დიდი მხილება თავად ევროპარლამენტის კორუმპირებულობისა რა შეიძლება იყოს.

 კორუმპირებული, ძალადობრივი სისტემის შემქმნელი სააკაშვილი და მისი მფარველი ვილნიუსელი, ტალინელი თუ ბრიუსელელი პოლიტიკური ქსელი... ერთი დასკვნა უნდა გამოიტანოს საქართველოს საზოგადოებამ მთელი ამ ისტორიიდან - არავის ჭკუის სასწავლებელი ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და ქართულ მართლმსაჯულებას არა აქვს. ყველა ვინც „ფრი მიშას“ კამპანიაში იყო ჩართული, მათ შორის ზოგიერთი ადამიანი მორალური პიედესტალიდან რომ ლაპარაკობს დღესაც, ახლა მაინც არ რცხვენიათ, რომ კორუმპირებული და მოძალადე ადამიანის გაშვებას ითხოვდნენ და კიდევ აქეთ უნდათ, რომ საზოგადოებას ჭკუა ასწავლონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის საკითხი საზოგადოებაში ძალიან მკაფიოდ მუსირებს და უკვე ბევრი ინტერესდება, რატომ იმყოფება ის ისევ „ვივამედში“. ანალიტიკოსი for.ge-თან ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება კარგი იქნება თუკი მალე იქნება მიღებული, რადგან სააკაშვილს არაფერი არ სჭირს და მის აფერისტობას წერტილი უნდა დაესვას.

„მე რომ მკითხოს კაცმა, სააკაშვილი აფერისტობისთვისაც არის გასასამართლებელი. მან და მისმა ოჯახმა, გარემოცვამ, მისმა პატრონებმა ქვეყნის გარეთ, რაც იკადრეს და რა ცილიც ხელისუფლებას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დასწამეს, ყველას პასუხი აქვს საგებელი. ის ექიმებიც ზედ უნდა დააყოლოს კაცმა, რომლებიც ტყუილებს წერდნენ, ვითომ დემენცია ჰქონდა, ვითომ ათასი სხვა დაავადებები სჭირდა. ასევე, მოიგონეს, თითქოს ხელისუფლება მას წამლავდა. ალბათ, ამ თემაზე დისერტაციის დაცვაც კი იქნება შესაძლებელი, როცა ასეთი ავადმყოფი კაცი ციხეში ბავშვებს აკეთებდა. ღმერთმა გაამრავლოს კაცო, არავინ არის წინააღმდეგი, მაგრამ მან რაც ქვეყანას ამ ხნის განმავლობაში ავნო, იმაზე პასუხი არ უნდა აგოს? ეს კაცი მოძლიერებული, მოსულიერებული და გადასარევ ფერზე იმყოფება. აუცილებლად იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა იყოს გადაყვანილი, რასაც ციხე ჰქვია. მთელმა მსოფლიომ ნახა ეს კაცი რასაც წარმოადგენს, რა დონის მატყუარა და ქვეყნის მოღალატეა. მას რა სასჯელიც ეკუთვნის და რა ფორმითაც, ის უნდა მიიღოს“, - ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, სააკაშვილის ტყუილები უკვე ყველამ იცის, მისი დანაშაულის შესახებ სტრასბურგში ტომები დევს, ამიტომაც ვერ ბედავს იქ საკუთარი საქმეების გასაჩივრებას.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურამ სულ „კაპიკ-კაპიკ“ ჩამოწერა სააკაშვილმა ეს ფული რაში და ვისზე დახარჯა, დღემდე „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წევრები უნამუსოდ ამ საქმეს ე.წ. პიჯაკების საქმეს ეძახიან. ისევ საკუთარ მედიებში სამარცხვინოდ გამოდიან და ამბობენ, რომ ვითომ სააკაშვილს ვინმე სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტების და მაღალი თანამდებობის პირების გამასპინძლებისთვის ედავება. არა და თეთრით შავზეა დაწერილი, რა თანხები დახარჯა სააკაშვილმა მეგობარი ქალების საჩუქრებისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან. ასევე, რა თანხებია დახარჯული შვილის სწავლაზე, დედის, ბებიის ცოლის და სხვა ოჯახის წევრების მივლინებებში და მოგზაურობებში. ამიტომ სააკაშვილი აუცილებლად უნდა გადაიყვანონ ციხეში და დასრულდეს მისი აფერისტობის პერიოდი. ყველამ გაიგო, გაიშიფრა მისი მაიმუნობა. ეს საკითხი დროზეა დასასრულებელი“, - ამბობს გვენეტაძე.