უპრეცენდენტო, მასშტაბური საჰაერო შეტევა მოსკოვის თავზე, რაც დროში დაემთხვა მოლაპარაკებების დაწყებას

უპრეცენდენტო, მასშტაბური საჰაერო შეტევა მოსკოვის თავზე, რაც დროში დაემთხვა მოლაპარაკებების დაწყებას

მოსკოვის თავზე უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმის ფაქტმა რეზონანსული გამოხმაურება გამოიწვია - საუბარია იმაზე, რომ მიმდინარე ომის განმავლობაში, ასეთი მასშტაბის შეტევა კიევის მხრიდან აქამდე არ ყოფილა, რასაც თითქოს დაბნეულობა მოჰყვა რუსულ მედიაში, ამასთან, უკრაინის გარკვეულ უპირატესობაზეც ალაპარაკდა საერთაშორისო მედია. როგორც რუსული მედია წერს, მოსკოვის ოლქის ქალაქ დომოდედოვოზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად კომპანიამირატორგისთანამშრომელი დაიღუპა. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. გარდა ამისა, დაზიანდა 20 ავტომობილი. ცნობილია, რომ ქვეყნის მასშტაბით 337 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის 91 - მოსკოვის ოლქში.

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინის მასშტაბური საჰაერო თავდასხმა დროში საეჭვოდ დაემთხვა საუდის არაბეთში დაწყებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მისი შეფასებით, მსგავსი ტიპის თავდასხმებს თუ არ მოჰყვა რუსეთის საბრძოლო მასალების განადგურება, აღნიშნული დიდ გავლენას ვერ იქონიებს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე.

რთული სათქმელია, რას უკავშირდება დღევანდელი მასშტაბური, საჰაერო შეტევა. როგორც რუსული მედია აღნიშნავს, ეს იყო ამ ომის მანძილზე ყველაზე მასშტაბური, საჰაერო იერიში დრონების მეშვეობით, რომელიც უკრაინამ განახორციელა და დროშიც დაემთხვა საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დაწყებას - საინტერესოა, ხომ არ არის კავშირში სამშვიდობო მოლაპარაკბებთან, რომელსაც აშშ აწარმოებს?! ეს გამოჩნდება, რამდენად გააქტიურდება უკრაინა შემდგომ დღეებში - საქმე გვექნება რაიმე გრძელვადიან გეგმასთან, თუ ეს იყო ცალკეული აქტი.

ჯერჯერობით, რთულია სრული სურათის დანახვა, რა ხასიათის და დანიშნულების ობიექტებზე იქნა იერიში მიტანილი. თუ მეტწილად საცხოვრებელი კორპუსებზე, მანქანების სადგომზე და .. იქნა იერიში მიტანილი, ეს დიდ გავლენას საომარ მოქმედებებზე ვერ მოახდენს, დაძაბულობას კი გაზრდის. მთლიანობაში, ასეთი შეტევები მყისიერ გავლენას ბრძოლის ველზე ვერ ახდენს, თუ საქმე არ გვაქვს საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკით დატვირთული ეშელონების და მსგავსი ხასიათის ტვირთების და ობიექტების განადგურებასთან, თუმცა, სერიოზული ხმაური გამოიწვია უკრაინის მხრიდან განხორციელებულმა აქტმა, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

ანალიტიკოსი უკრაინის მხრიდან მსგავსი ტიპის შეტევებს კვლავ ელოდება. მისი თაქმით, უკრაინის მხრიდან დღევანდელი, მასშტაბური საავიაციო შეტევა უფრო თვალშისაცემი იყო, რადგან რუსეთის მხრიდან ანალოგიური ქმედებები უკვე რუტინად იქცა.

განსაკუთრებულ უპირატესობას უკრაინის მხრიდან ვერ გამოყოფდი. თუ საქმე გვაქვს ახალ ეტაპთან და შემდგომ დღეებში ისევ ვიხილავთ მსგავს მასშტაბურ შეტევებს, გამოჩნდება რამდენად იქონიებს ეს გავლენას ბრძოლის ველზე და არსებულ ვითარებაზე. რა თქმა უნდა, უკრაინა შეტევებს ისევ განახორციელებს, უბრალოდ მასშტაბების შესახებ რთულია საუბარი, - დასძინა სალუქვაძემ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთიდან უნგრეთში მიმავალი ნავთობის მილსადენის მუშაობა შეჩერებულია. როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, გასულ ღამეს, უნგრეთში მიმავალი ნავთობის მილის მუშაობა მას მერე შეჩერდა, რაც ერთ-ერთი გამრიცხველიანების სადგური დრონებით დაიბომბა. მისი თქმით, აღნიშნული მილი კრიტიკულად მნიშვნელოვანია უნგრეთისთვის, ხოლო თავდასხმა მიუღებელია.

უკრაინას მოვუწოდებთ თავს არ დაესხას ამ ინფრასტრუქტურასეს ომი ჩვენი ბრალი არ არის და უნგრეთი პასუხისმგებელი არ არის ამ კონფლიქტზე, - განაცხადა სიიარტომ.

ამასთან, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის შუალედურ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას. განცხადების თანახმად, აშშ დაუყოვნებლივ გააუქმებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე პაუზას და განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თქმით, აშშ-მა უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება შესთავაზა, რომელსაც უკრაინული მხარე დათანხმდა: რათა შევიდეთ ცეცხლის შეწყვეტაში და შევიდეთ მოლაპარაკებებში, რომ დავასრულოთ კონფლიქტი ისე, რომ მყარი და გამძლე იყოს. რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ წინადადება მოიაზრებს ცეცხლის სრულ შეწყვეტას ფრონტის ხაზზე, არა მხოლოდ საჰაერო და საზღვაო ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინელმა შემოგვთავაზეს. რუბიოს თქმით, აშშ ახლა ამ წინადადებით რუსებთან მივა და იმედი აქვს, რომ ისინი დათანხმდებიან. სახელმწიფო მდივნის თქმით, ბურთი ახლა მათ [რუსების] მოედანზეა“ და აღნიშნა, რომ თუ რუსები უარს იტყვიან სამწუხაროდ, გვეცოდინება მშვიდობისთვის შემაფერხებელი რა არის. რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება დღევანდელი მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა.