ოპოზიციაში დიდი დაპირისპირება დაიწყო. სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის საქმის გარჩევები საჯაროდ, სოციალურ ქსელში და მედია საშუალებებში დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი რამდენიმეა, თუმცა უმთავრესია ბრძოლის გაგრძელების ტაქტიკა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლა ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე უნდა გაგრძელდეს, ასევე დასავლეთთან მუშაობა ინტენსიურად უნდა მიმდინარეობდეს, რათა „ოცნების“ ხელისუფლების აღიარება არ მოხდეს. ამ ყველაფრის სათავეში კი, სალომე ზურაბიშვილს მოიაზრებენ. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა ბრძოლის გზად მხოლოდ ქუჩა აირჩია და დაარწმუნა საკუთარი ამომრჩეველი, რომ არჩევნებს მოიგებდა, ხოლო წაგების შემდეგ, ვერც ქვეყნის გარეთ და ვერც შიგნით არჩევნების გაყალბებაში ვერავინ დააჯერეს.
სალომე ზურაბიშვილი კი დღემდე თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს. ამიტომ თვლის, რომ მთავრობაც მან უნდა წარადგინოს და ხელახალი არჩევნების მოსამზადებლად ოპოზიციაში საერთო საკოორდინაციო ფრონტი უნდა შექმნას. ზურაბიშვილის ამ პოზიციას ოპოზიციაში კიდევ ერთი განხეთქილება და დაპირისპირება მოჰყვა.
კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა: „სალომე ზურაბიშვილი იმ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, რომ ლიდერად წარმოვიდგინო პროცესის, რომლის ქვეშაც პლატფორმები უნდა კეთდებოდეს - ეს ჩემი პოზიციაა და არა კოალიციის, თუ პროცესებმა ასეთი სახე მიიღო, მე იქ არ ვიქნები“.
კოალიციის კიდევ ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს: „დროის გასვლასთან ერთად, ქვეყანაში დარჩება ბრძოლის სულ უფრო ნაკლები რესურსი. სულ უფრო ნაკლები! დრო ჩვენზე არ მუშაობს. ეს გზა გავლილი აქვთ სხვებს. უბრალოდ, წაკითხვა, გააზრება და სიმართლისთვის თვალებში ჩახედვაა საჭირო. რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ახლა, ერთიანად, ვიდრე ქვეყანაში არის ბრძოლის რესურსი. რადგან ერთი ნაწილი უბრალოდ ელოდება, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები რატომღაც თავისით ჩაინიშნება, მეორე ნაწილმა, რომელიც „დუხზე“ მხოლოდ მაშინაა, როცა რუსთაველზე ბევრ ხალხს ხედავს და ეგრევე ისვრის, როგორც კი ხალხის რაოდენობა იკლებს, უკვე ჩაიქნია ხელი და საკუთარი უსუსურობის გასამართლებლად უკვე დაიწყო სახლიდან ჭკუის სწავლება, როგორ უნდა დავუთმოთ ბიძინას ახალი საპარლამენტო არჩევნები და სანაცვლოდ რამე გამოვტყუოთ, რადგან მეტის ძალა არ გვაქვს (ოღონდ გაუგებარია, საერთოდ რატომ დათმობენ რუსები რამეს. თან 2020-ის მერე ვნახეთ ეს სცენარი უკვე და შედეგსაც ვხედავთ), მესამე ნაწილი, რომელიც არასოდეს იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და მხოლოდ სხვების ჯმ…თ არის დაკავებული, ახლაც იმავეს აგრძელებს“.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე კი ამბობს, რომ შელამაზებაა, რომ აქციები თვითდინებით რამეს იზამს, საჭიროა წინა ფლანგზე გამოვიდნენ პოლიტიკური ლიდერები. მისი თქმით არიან პარტიები, რომლებიც ერთმანეთთან არ სხდებიან, „მგელი და ცხვარივით ვართ“, - აღნიშნავს ის. მისივე თქმით, ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ერთად ფოტოს გადაღებასაც კი ერიდებიან და ეს სერიოზული პრობლემაა.
„ნამდვილად არ არის კარგი ვითარება, ძალიან რთულ ვითარებაში ვართ. არ ვიცი 76 წლის ქალს [სალომე ზურაბიშვილს] რამდენად შეუძლია აქციებზე ირბინოს, მაგრამ ვიტყვი ჩემ აზრს, სად არის პრობლემა. მართლა რთულ ვითარებაში ვართ და შელამაზებაა, რომ ეს აქციები თვითდინებით რამეს იზამს, არა, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ დასხდნენ ერთად და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ არიან პარტიები, რომლებიც ერთმანეთთან არ სხდებიან, [ამბობენ], ის თუ მოვა, წავალ, მგელი და ცხვარივით ვართ. ეს არ არის სწორი მიდგომა“,-ამბობს მანჯგალაძე.
„ახალმა“ პოლიტიკური აქტივობა შეანელა, „ლელოს“ პარტნიორები ტოვებენ, „ნაციონალურ მოძრაობის“ პარტნიორებისთვის კი სააკაშვილის შეწყალებაზე უარის მთქმელ ზურაბიშვილთან ერთობა წამგებიანად მიაჩნიათ. ამ ფონზე, ოპოზიციის გაერთიანების რა რესურსი აქვს ყოფილ პრეზიდენტს, ჯერჯერობით, უცნობია.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან დეპრესიული განცხადებები და შიდა დაპირისპირება არ უკვირთ, რადგან არ იმუშავა მათმა მცდელობამ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გაეჩინათ კითხვები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და დღეს ყველა ინსტრუმენტი ხელიდან ეცლებათ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ელის, რომ ოპოზიციაში დაპირისპირება და განხეთქილება კიდევ უფრო გამწვავდება. მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს კონფლიქტი ყოველთვის იყო და დროდადრო მძაფრდებოდა ხოლმე. ახლა კი სასოწარკვეთილებმა, ყველა ფრონტზე წააგეს და ერთმანეთის მიმართ თითის გაშვერა დაიწყეს.
„ეს ოპოზიცია არაერთხელ მითქვამს, რომ ანტიეროვნული ძალაა, რომელთა ინტერესები მხოლოდ პირადული და მერკანტილურია. მათ შორის დაპირისპირება არახალია და ეს მუდმივად არსებობდა. აქ მათი პრობლემა ერთ მთავარ რამეში მდგომარეობს, ამ ხალხისთვის მთავარი არ არის ქვეყანა და სახელმწიფოს ინტერესები. ისინი მხოლოდ საკუთარი ინტერესებით და პარტიული მიზნებით მოქმედებენ, ვინ მერამდენე ადგილს დაიკავებს ხელისუფლებაში, როგორ მოხდება თანამდებობების გადანაწილება და ა.შ.
ამ ადამიანებმა ჯერ არმოგებული არჩევნები იზეიმეს, შემდეგ კი თანამდებობების გაყოფა უნდოდათ. მათ პირველი შეცდომა მაშინ დაუშვეს, როცა გაყალბებული ეგზიტპოლებით ხალხს არჩევნების მოგება აზეიმეს. არჩევნებამდე არწმუნებდნენ, რომ გაყალბება ვერ მოხდებოდა, რადგან ელექტრონული სისტემით ეს შეუძლებელი იყო. წაგების შემდეგ კი ყველაფერი რადიკალურად შეცვალეს და ახლა ხალხის იმაში დარწმუნება დაიწყეს, რომ ამ სისტემითაც გაყალბება შესაძლებელი იყო.
დარბიან დასავლეთში, იქაც ვერ წარადგინეს ერთი მყარი მტკიცებულება იმის, რომ არჩევნები გაყალბდა. არა და ყველა კვლევით იცოდნენ, რომ ამ არჩევნებს ვერ მოიგებდნენ. სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია არ არის საკუთარი ხალხის ინტერესებს მორგებული. მათი მოქმედება ეფუძნებოდა გარე ძალებს, რომლებსაც უკვე კარგად გაწერილი სცენარი ჰქონდათ, რომ ეს არჩევნები ოპოზიციას არალეგიტიმურად უნდა გამოეცხადებინა. ზურაბიშვილი კი ამის ავანგარდში უნდა ყოფილიყო. ყველაფერს მიჰყვებოდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდათ. ახლა კი ერთმანეთს დაეტაკნენ“,-ამბობს მამრაძე.
რაც შეეხება ზურაბიშვილის ირგვლივ ოპოზიციაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, მამრაძე ამბობს, რომ მისი ლიდერობა ოპოზიციაში არ სურთ. ბევრი მათგანი ზურაბიშვილს ძალიან კარგად იცნობს და იციან, რომ ის ოპოზიციის გამაერთიანებელი ვერ იქნება.
„ზურაბიშვილის ფაქტორი, როგორც ჩანს, ხაზარაძეს დასავლეთიდან გამომდინარე სჭირდება. სავარაუდოდ, ის ფიქრობს, რომ დასავლეთთან კომუნიკაციისთვის მას გამოიყენებს. თუმცა ვინც ოპოზიციაში ზურაბიშვილს კარგად იცნობს და ესენი, პირველ რიგში, ნაციონალები არიან და მისი განშტოებები, კარგად იციან ეს ქალბატონი როგორი ამბიციების ბრძანდება, რომელთანაც კომუნიკაცია ძალიან რთულია. ის ვერ იქნება ოპოზიციის ვერც გამაერთიანებელი და ვერც ლიდერი. მას აქვს მხოლოდ საკუთარი ამბიციები და ცდილობს ოპოზიციის ამ ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამოყენებას. ოპოზიციაში კი იციან, რომ მას ქვეყნის შიგნით არა აქვს რეიტინგი, ამიტომ მის გარშემო არავინ გაერთიანდება. ველი რომ დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. დასავლეთში პროცესები ისეთი ფორმით მიდის, რომ ოპოზიციას აღარ ჰყავს დასაყრდენი და დამხმარე ძალა, იქნება ეს ფინანსური თუ პოლიტიკური სახის. ამიტომ მათი პოლიტიკური მომავალი გაურკვეველი ხდება“, - ამბობს მამრაძე.