ფარმაცევტულ ბაზარზე უხარისხო ინდური პროდუქციის შემოსვლის საფრთხე გაჩნდა

ფარმაცევტულ ბაზარზე უხარისხო ინდური პროდუქციის შემოსვლის საფრთხე გაჩნდა

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ინდური პროდუქციის შემოსვლის საფრთხე არსებობს. საქართველოში უხარისხო მედიკამენტების გავრცელების საფრთხეზე ექსპერტულ წრეებში ღიად საუბრობენ. გარდა ამისა, ცოტა ხანში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჩინელები, რუსები, უკრაინელები და თურქები გამოჩნდებიან.

ჯანდაცვის კონსულტანტ თინა ტურძილაძის პროგნოზით, ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. იმის მიხედვით, თუ როგორ სტრატეგიას შეიმუშავებს ხელისუფლება, ბაზარს ან უხარისხო პროდუქცია წალეკავს, ან ეფეტურად მოხდება მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდა.

ორიოდე კვირის წინ ინდური კომპანიების დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა. ინდოელები ირწმუნებიან, რომ მათ საკუთარი ნიშა შექმნეს „ჯენერიქ მედიკამენტებში“, რომლებიც დაბალი ფასის, მაგრამ მაღალი ხარისხისაა. ქართული კომპანიების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ინდური მედიკამენტები უხარისხო იქნება.

ამ ეტაპზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ინდური „ჯენერიქ მედიკამენტების“ შესახებ მწირ ინფორმაციას ფლობენ. არც ის იციან, რომელი კონკრეტული ჯგუფი გეგმავს საქართველოში შემოსვლას.

არსებობს თუ არა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე უხარისხო პროდუქციის შემოსვლის საფრთხე?! ამის შესახებ For.ge ჯანდაცვის კონსულტანტს თინა ტურძილაძეს ესაუბრა.

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე უხარისხო პროდუქციის გავრცელების ალბათობა რამდენად მაღალია?

- საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი უკონტროლოა, შესაბამისად, სუბსტანდარტულობის და კონტრფაქტული პროდუქციის გავრცელების რისკებიც ძალიან მაღალია.

რას იტყვით ინდური კომპანიების ინტერესზე, რომელიც მსოფლიოს სწრაფად განვითარებად 17 ბაზარს შორისაა და, რომელიც სხვა ბაზრების ექსპანსიას ცდილობს?

- ინდური პროდუქცია ყველგანაა, მათ შორის, საქართველოშიც. ის, თუ როგორი ხარისხის ინდური პროდუქტი შევა ბაზარზე, ეს იმპორტიორი ქვეყნის საზრუნავია, ვინაიდან ამას ინდოეთი ფაქტიურად არ აკონტროლებს. მსოფლიოში ფალსიფიცირებული წამლების 35% სწორედ ინდოეთზე მოდის, ის ამ მხრივ მაღალი რისკის მქონე სახელმწიფოა.

რა საფრთხე შეიძლება მოიტანოს აღნიშნული პროდუქციის საქართველოში გავრცელებამ და ამ პროდუქციით ქართული ბაზრის გაჯერების შედეგად იმატებს მედიკამენტების ფასი?

- პრობლემა მარტო ინდოეთში არ არის, პრობლემა ჩვენშია, ვინაიდან, როგორც წესი, თითქმის ყოველთვის და ყველგან, ექსპორტი უფრო ნაკლებად, ან საერთოდაც არ კონტროლდება, ვიდრე იმპორტი. იმპორტის დროს მიმღები ქვეყნის რეგულაციაა დომინანტი. ამიტომ, თუ დავუშვებთ უხარისხო პროდუქციას, მაშინ გამოგზავნიან უხარისხოს.

საფრთხის ასაცილებლად რისი გაკეთება შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროს?

- არსებული კონფიგურაციის სარეგულაციო მოდელით და ზოგადად, შიდა რესურსით სამინისტრო გლობალური ბაზრის ამ გამოწვევებს ვერ უპასუხებს, მას დასჭირდება ახალი სარეგულაციო მოდელი, სულ სხვა მეთოდიკებით, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციურ პროცედურებს. სამწუხაროდ, მარეგულირებელი რეზისტენტულია პროგრესული მოდელების, ეს გასაგებია - თავდაცვის ინსტიქტია მათი მხრიდან, მაგრამ ეს მიუღებელია, ვინაიდან საზოგადოებას სჭირდება მკაცრად მიზანზე ფოკუსირებული რეგულაცია და არა რეგულაცია მარეგულირებლის ძალაუფლებისთვის.

თქვენი პროგნოზით, ქართულ ბაზარზე ჩინელები, რუსები, უკრაინელები, თურქები გამოჩნდებიან და ამ პროცესის შეჩერება წარმოუდგენელია. რატომ იზიდავთ მათ ეს ბაზარი და რა რისკები გველის ამ მხრივ?

- მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე წამლის დანახარჯი ყოველწლიურად იზრდება, ზრდა განვითარებადი ბაზრების და გენერიკების ხარჯზე ხდება, ყველაზე სწრაფად იზრდება ჩინური ბაზარი, შემდეგ - ინდოეთის, ასევე, სწრაფად მზარდია რუსეთის, უკრაინის, თურქეთის ბაზრები. ეს ის ქვეყნებია, რომელთა გარემოცვაშიც ვართ. ისინი ყველგან შედიან, სადაც აკმაყოფილებენ სარეგულაციო მოთხოვნებს. გასაგებია, რომ პროდუქციის გაყიდვა იქ უფრო იოლია, სადაც არ კონტროლდება ბაზარი. ჩვენ ხომ ამ ქვეყნების რიგში ვართ.

და ბოლოს, რომელი ქვეყნის ფარმაცევტული პროდუქცია ითვლება უნაკლოდ და მათი მოხმარების შედეგად რამდენად უსაფრთხოა ჩვენი მომხმარებლის სიცოცხლე?

- ფარმაციაში ყველაზე მკაცრი FDA-ს რეგულაციაა (ამერიკის), ამიტომაც ყველაზე გარანტირებულია ამერიკული წამლების უსაფრთხოება და ეფექტურობა. მკაცრია EMEA-ს და იაპონიის რეგულაციებიც. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნების ნუსხა, რომელთა მარეგულირებლებს მაღალი სანდოობის გამო ნდობა გამოუცხადა და მათ მიერ შიდა ბაზარზე დაშვებული პროდუქცია ქართული ბაზრისთვისაც მისაღებად აღიარა. ზოგადად ეს სწორია, რომ შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყანამ რაციონალურად გამოიყენოს თავისი რესურსი, მაგრამ აქ სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური ხარვეზებია, რაც არ შეიძლება არ გასწორდეს. პრობლემაა ის, რომ უფრო პოლიტიკურია და მასში შეტანილ ზოგიერთ მარეგულირებელს საკუთარ ქვეყანაშიც არ ენდობიან.