უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირველი ნაბიჯები გადადგმულია. აშშ-ს და უკრაინის დელეგაციები საუდის არაბეთში გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდნენ, თუმცა ახლა ჯერი რუსეთზეა, დათანხმდება თუ არა ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას.
საუდის არაბეთის ქალაქი ჯიდა 11 მარტს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში 9 საათის განმავლობაში იყო, სადაც მოლაპარაკების მაგიდასთან ამერიკის და უკრაინის წარმომადგენლები ისხდნენ. 2-რაუნდიანი მოლაპარაკება გარკვეული შეთანხმებით დასრულდა, სადაც გადაწყდა, რომ უკრაინა მზადაა, მიიღოს აშშ-ის წინადადება, ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას.
ამერიკულ დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობდა, უკრაინას კი საგარეო და თავდაცვის მინისტრები, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე წარმოადგენდნენ. თეთრ სახლში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ეს ოფიციალურ ვაშინგტონსა და კიევს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდია.
„დღეს ჯედაში, საუდის არაბეთში, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინისთვის ხანგრძლივი მშვიდობის აღდგენის მიმართულებით. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინელი ხალხის მადლიერება პრეზიდენტ ტრამპის, აშშ-ის კონგრესისა და შეერთებული შტატების ხალხის მიმართ, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა მშვიდობისთვის. უკრაინამ გამოხატა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და რომელიც დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებასა და ერთდროულ განხორციელებაზე. შეერთებული შტატები აცნობებს რუსეთს, რომ რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები არის მშვიდობის მიღწევის გასაღები. შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას და განაახლებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „დელეგაციებმა ასევე განიხილეს ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობა, როგორც სამშვიდობო პროცესის ნაწილი, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, სამოქალაქო პირების გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.
ორივე დელეგაცია შეთანხმდა, რომ დაასახელებენ თავიანთ მომლაპარაკებლების გუნდებს და დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას.
შეერთებულმა შტატებმა აიღო ვალდებულება, განიხილოს ეს კონკრეტული წინადადებები რუსეთის წარმომადგენლებთან. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროპელი პარტნიორები ჩართული იქნებიან სამშვიდობო პროცესში.
ბოლოს, ორივე ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე მოაწერონ ხელი ყოვლისმომცველ შეთანხმებას უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის განვითარებისთვის, რათა გაფართოვდეს უკრაინის ეკონომიკა, დაიფაროს ამერიკული დახმარების ხარჯები და გარანტირებული იყოს უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობა და უსაფრთხოება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით კი უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის. რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა ომის დასრულებისათვის - ან ომის გაგრძელებისთვის. დროა სრული სიმართლისთვის.
„დღეს, აშშ-სთან საუბარში იყო წინადადება, შევეცადოთ 30 დღით მივაღწიოთ ცეცხლის სრულ შეწყვეტას, არა მხოლოდ რაკეტების, დრონების და ჭურვების, არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ ფრონტის მთელ ხაზზე. უკრაინა იღებს ამ წინადადებას, ჩვენ ამას დადებითად ვუყურებთ, ჩვენ მზად ვართ ამ ნაბიჯის გადასადგმელად“, - ამბობს ზელენსკი.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოს თქმით კი, მათ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება მოსკოვს უკვე გაუგზავნეს და იმედოვნებენ, რომ პასუხი მათგანაც დადებითი იქნება.
„ტრამპს ცეცხლის შეწყვეტა სურს, უკრაინა ამისთვის მზად არის. აშშ რამდენიმე არხით გაუგზავნის წინადადებებს რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დადებითი პასუხის იმედით. რუსეთის კეთილგანწყობის საუკეთესო გამოვლინება იქნება შეთანხმება კონფლიქტის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყებაზე“, - ამბობს რუბიო.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ საუდის არაბეთში მიღწეული შეთანხმება ძალიან კარგი და წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ახლა ჯერი რუსეთზეა, დათანხმდება თუ არა პუტინი ცეცხლის შეწყვეტას თუნდაც 30 დღით. ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს და ის როგორც ძველი, გამოცდილი „კაგებეშნიკი“, ტრამპთან თამაშობს და დროს წელავს.
„ძალიან კარგია, რომ აშშ პოზიციები, გარკვეულწილად, უკრაინასთან დაკავშირებით შერბილდა და უფრო დიპლომატიური გახდა. ტრამპის რიტორიკა გარკვეულწილად ნელ-ნელა იცვლება და უფრო ხისტი მიდგომიდან ლავირებაზე გადავიდა. ასევე იქცევა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკიც, რომელმაც გაიაზრა რა მოხდა თეთრ სახლში და რომ მისი მოქმედება ძალიან არადიპლომატიური იყო და ეს უკრაინას კარგს არაფერს მოუტანდა. ამიტომაც ორივე მხარემ დიპლომატიური საუბარი დაიწყო. საუდის არაბეთი ამის ძალიან კარგი მაგალითია. თუმცა აქ ახლა მთავარი მოთამაშის, რუსეთის დაყოლიებაა მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ტრამპი ხვდება, ფრომ პუტინი ანკესზე ასეთი ადვილი წამოსაგები არ არის. ის არის საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი და ძალიან სერიოზული „კაგებეს“ აგენტი, რომელსაც ტრამპი ასე ადვილად ვერაფერს დაათმობინებს. პუტინს აქვს საკუთარი წითელი ხაზები. ეს ხაზები კი არის ის, რომ მას სურს უკრაინის ის ტერიტორიებიც, რომელიც ჯერ არ დაუპყრია.
ამიტომ მე მაინც ვვარაუდობ, რომ პუტინს არ სურს ომის დასრულება. ის ამით დროს იგებს. თუკი ამას ტრამპი მიხვდება, ძალიან კარგი იქნება. გასაგებია, რომ ჯერ ცდილობს უკრაინისგან გაიგოს რისი დამთმობია, მაგრამ რუსეთის პოზიციებია აქ მნიშვნელოვანი. უკრაინა ყველაფერზე რომც დათანხმდეს, პუტინს მადა კიდევ უფრო გაეხსნება. აი, ამის გაკონტროლებაა მნიშვნელოვანი. თუმცა მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ თუკი მოსკოვი ტრამპის წინააღმდეგობას გაუწევს, მაშინ ტრამპის ქმედებაც ადეკვატური იქნება. ის რუსეთს სანქციებს დაუწესებს და უკრაინას დახმარებას გაუზრდის. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ პუტინის მიზანი ტრამპის ავტორიტეტის შელახვაც იყოს და ამ თამაშში იტყუებდეს“, - ამბობს ბენდიანიშვილი.
რაც შეეხება ზელენსკის თანამდებობიდან წასვლას, ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ თუკი უკრაინა აშშ-სგან მიიღებს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს, ზელენსკი წავა.
„ფაქტია, რომ ზელენსკის წასვლის საკითხი რუსეთ-ამერიკის კულუარული მოლაპარაკების საგანია. ინფორმაციამ გაჟონა, რომ პუტინი და ტრამპი ამაზე თანხმდებიან და ეს მოლაპარაკების ერთ-ერთი პირობაა რუსეთის მხრიდან. ვფიქრობ, ეს ზელენსკიმაც კარგად იცის და ამას ათვიცნობიერებს, რომ რუსეთისთვის ის მოლაპარაკების პროცესში არ არის სასურველი ფიგურა. ამიტომ ზელენსკი თავის მხრივ ვაჭრობას ცდილობს. ის თანახმაა წასვლაზე, თუკი უკრაინის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მიიღებს. ამიტომ ბევრი რამ ტრამპზეც არის დამოკიდებული, წაჰყვება ის ბოლომდე პუტინს თამაშში თუ პირიქით, აქეთ გადმოიბირებს. სამწუხაროდ, კიდევ ვიმეორებ, რომ პუტინი ასეთი ადვილი გადასაბირებელი არ არის. ტრამპს ის ჩინეთის წინააღმდეგ სჭირდება, თუმცა რუსეთი აქეთ მის გამოჭერას ცდილობს, როცა ჩინეთის და ირანის სამხედრო წვრთნებში მხარდაჭერას აცხადებს. ამიტომ ტრამპს არც ისე მარტივი სიტუაცია აქვს, ვნახოთ, როგორ მოახერხებს ამ კარტების დალაგებას“,-ამბობს ბენდიანიშვილი.