თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. ამ ეტაპზე რადიკალური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გამონაკლისია გიორგი გახარია, რომელიც ოფიციალურად არ უარყოფს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. არჩევნებამდე ორი თვით ადრე უკლებლივ ყველა პოლიტიკური ძალა მიმართავს ცესკოს და დარეგისტრირდება როგორც საარჩევნო სუბიექტი, რის შემდეგაც გაირკვევა, ვინ დარჩება პოლიტიკაში.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია, როგორც მარიონეტი, სრულად დამოკიდებულია გარე ინსტრუქციებზე, თუმცა დადგება ოქტომბერი და ყველა მათგანი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.
„რაც შეეხება ჩვენს მარიონეტულ ოპოზიციას, რომელიც ხედავთ, რომ სრულად გარედან იმართება, ამ დღეებშიც ვაკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები. ნაწილი ჩამოვიდა, ნაწილი, ალბათ, ჯერ კიდევ იქ არის. ვხედავთ უკვე მათ განცხადებებს, როგორ უნდა გამოუთხარონ ძირი საქართველოს ეკონომიკას, როგორ უნდა დააორგანიზონ ტერორი და ასე შემდეგ. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. თუმცა, საბოლოო ჯამში, მათ პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ფასი არ აქვს ხოლმე და დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მიიღებს მონაწილეობას იმ ცესკოს შემადგენლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია, მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყავლაშვილი დანიშნავს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ვიცე-სპიკერის განცხადებით, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, ორი მიზანი აქვს - ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ვითარების მუდმივად დაძაბვა. როგორც გია ვოლსკი აცხადებს, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდამ მოახერხა და საზოგადოების დიდი ნაწილი ჩართო განხილვებში - ოპოზიცია არჩევნებში უნდა ჩაერთოს, თუ უარი უნდა თქვას იმის გამო, თითქოს საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა ან საგარეო კურსი შეიცვალა.
„დესტაბილიზაცია ეკონომიკური პროცესების უკუსვლას გამოიწვევს. მათი გეგმა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. რასაკვირველია, არც არჩევნების გაყალბება მომხდარა და არც საგარეო კურსი შეცვლილა. არჩევნების გაყალბება მოხდა თუ არა? არის თუ არა აქციაზე გაჟღერებული ლოზუნგები შესაბამისობაში რეალობასთან, როცა საგარეო კურსის შეცვლაზე ვსაუბრობთ და რაში გამოიხატება საგარეო კურსის შეცვლა? პრორუსული ინტერესების გატარება რაში გამოიხატება, ეს დაგისაბუთეთ, როცა ქვეყანას 2012 წლამდე „ნაცმოძრაობა“ მართავდა.
მათი საკითხების ჩამონათვალს მოგცემთ და ნახავთ, რომ ჩვენ მიმართ პრეტენზია ვერ გექნებათ. ამ საკითხებიდან საუბარმა გადაინაცვლა იმაში, ხაბეიშვილი და ბოკუჩავა ერთმანეთში რას დავობენ, რაც სწორი არ არის. საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, რამდენად სამართლიანია პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლების მიმართ - უსამართლოა და საქართველოს დამარცხების მიზანს ემსახურება“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
რადიკალური ოპოზიციის განცხადებით, „სადაც ხორციელდება სრული სახელმწიფო ტერორი და სრული ჰიბრიდული მეთოდებით ყალბდება არჩევნები, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს“. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს მანამ, სანამ სისტემა არ შეიცვლება და სამართლიანი თამაშის წესები არ დაწესდება.
„მაშინ, როდესაც ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის, ასეთ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას, აზრი არ აქვს. არჩევნები რუსეთშიც ტარდება, მაგრამ იმარჯვებს ყოველთვის ის, ვინც ითვლის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სისტემა შეიცვალოს, დაწესდეს სამართლიანი თამაშის წესები, სადაც იქნება სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარემო და შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება. ამას ითვალისწინებს სწორედ არჩევნები. იმედი მაქვს, ოპოზიციური სპექტრი ერთიანი იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთ არჩევნებში შესვლა, სადაც ყოველთვის იმარჯვეს ის, ვინც ითვლის, სადაც არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, სადაც ხორციელდება სრული სახელმწიფო ტერორი და სრული ჰიბრიდული მეთოდებით ყალბდება არჩევნები, ასეთ არჩევნებში მონაწილეობას უბრალოდ, აზრი არ აქვს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
არჩევნებამდე 8 თვე დარჩა, შესაბამისად გარე დირექტივებზე დამოკიდებულ რადიკალურ ძალას, დიდი ალბათობით, შეაცვლევინებენ გადაწყვეტილებას, რადგან ზეწოლის მიუხედავად ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. ანალიტიკოსი დავით ჩიხელიძე თვლის, რომ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ოპოზიცია არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიციურ ფლანგზე არის რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი, რომლებმაც უკვე განაცხადეს, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, ასევე საგულისხმოა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რეალურად რამდენიმე ძალა არსებობდა, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე პარტიის ერთობას წარმოადგენდა. შესაბამისად, მისი თქმით, არ არის გამორიცხული, არჩევნებამდე აღნიშნული გაერთიანებები დაიშალოს და ისინი არჩევნებზე არა ერთად, არამედ ცალ-ცალკე გავიდნენ.
„ასევე მოსალოდნელია, რომ შეიქმნას რამდენიმე ახალი პოლიტიკური გაერთიანება, ან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებებს, არჩევნებში არმონაწილეობის შესახებ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მათ დღევანდელი პოზიცია შეიცვალონ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. წარსული გამოცდილებით ვიცით, რომ ოპოზიციის სიტყვები არაფერს ნიშნავს და მათი პოზიცია ხშირად იცვლება ხოლმე, რაც დიდწილად ოპოზიციის პატრონების პოზიციაზე არის დამოკიდებული.
წარსულის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დღეს არჩევნებში არმონაწილეობის შესახებ აკეთებს განცხადებებს, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. თუ მათ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება სურთ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება მათი ვალდებულებაც კი არის, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პოლიტიკური მომავალი ეჭვქვეშ დადგება“, - აცხადებს ჩიხელიძე.
კითხვაზე, ამომრჩევლის რა კატეგორიაზეა ოპოზიციის განცხადებები გათვლილი, რომ არ მიიღებენ თვითმმარველობის არჩევნებში მონაწილეობას და საერთოდ, რაზე აქვთ სწორება, ჩიხელიძე ამბობს, რომ აღნიშნული განცხადებით ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მათ რეალობის შეგრძნება დაკარგეს, რადგან რიგგარეშე არჩევნებს შესაბამისი საფუძველი სჭირდება.
„საფუძველი, რომელიც დღეს ქვეყანაში არ არსებობს, არჩევნების შემდეგ გასული დრო საკმარისი იყო იმისთვის, რომ ოპოზიციას გაყალბების ან მანიპულაციის ერთი წონადი ფაქტი მაინც დაედო, მაგრამ ვხედავთ დემაგოგიას და ამომრჩევლისთვის თვალებში ნაცრის შეყრას. მათ არჩევნების გაყალბების ფაქტი ვერ დადეს, ვერც დადებდნენ, რადგან გაყალბების ფაქტი ბუნებაში არ არსებობს!
დღეს ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის თვალში რეაბილიტაციას ცდილობს, მათი განცხადებებიც სწორედ საკუთარ ამომრჩეველზეა გათვლილი, რომლებიც, სიმართლე ვთქვათ, ოპოზიციის უუნარობით დაიღალა და იმედგაცრუებულია, ოპოზიცია კი ცდილობს ეს დაღლა და იმედგაცრუება მსგავსი განცხადებებით დააკომპენსიროს, რადგან საქმით ისინი ვერაფერს აკეთებენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძე.