Deep State-მა ბრძოლის ტაქტიკა შეცვალა - USAID და NED ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნებმა ჩაანაცვლეს

Deep State-მა ბრძოლის ტაქტიკა შეცვალა - USAID და NED ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნებმა ჩაანაცვლეს

აშშ-დან ევროპაში გადაბარგებული Deep State აშშ-ს და  საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას შეცვლილი მეთოდებით აგრძელებს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვა სწორედ ამ ბრძოლაზე იქნება დამოკიდებული.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „Deep State-ის რებრენდინგისა და მოდერნიზაციის შემდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო გახშირდება თავდასხმები და გამუდმებული მცდელობა, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეიცვალოს... დღეს ჩვენ Deep State-ის რებრენდინგის მომსწრენი ვართ - ამ გლობალური და სახიფათო ძალის სისტემური მოდერნიზების და ძველი, გაცვეთილი და უკვე ცნობილი მეთოდების ახალი, შეფარული მეთოდებით ჩანაცვლების“, და აღნიშნავს, მაგალითად, თუ აქამდე გლობალური ომის პარტია ძირითადად USAID-ის და NED-ის საშუალებით აფინანსებდა მათ კონტროლს მიღმა არსებული ეროვნული ხელისუფლებების ჩამოგდებას, ეს მისია კონკრეტული ქვეყნების „მარიონეტულმა მთავრობებმა“ აიღეს საკუთარ თავზე.

„პრეზიდენტ ტრამპს კიდევ ერთხელ და მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებას Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არათუ დამარცხების, არამედ მისი დასუსტების ნიშნებიც კი არ ჩანს. მოკლე პერიოდში უკვე გამოიკვეთება კონტურები - ეს არის რეალური ბრძოლა Deep State-ის წინააღმდეგ თუ ეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ფარულ პროცესებში იმ ფორმით მოდერნიზაცია და რებრენდინგი, რომ მომავალში კიდევ უფრო რთული იყოს სიმართლის გარკვევა…

ასევე, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში Deep State-ის დამარცხება“, - წერს იგი.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე ამერიკას და მის ახალ ადმინისტრაციას არ სცალია, თუმცა ძალიან მალე ჩვენი საკითხიც დღის წესრიგში დადგება. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენა დამოკიდებულია ტრამპი ამერიკაში რამდენად გადაჭრის Deep State-ის პრობლემას და როგორ შეძლებს მათთან გამკლავებას.

„ამერიკაში Deep State არსად წასულა. ვხედავთ ტრამპს როგორი შიდა ომი აქვს გაჩაღებული. აქ საუბარია იმაზე, რომ სისტემა ინერციით ძველებურია. ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ასე ერთდროულად და ძირეულად ამ ბიუროკრატიის და ძველი გავლენების აღმოფხვრა რთულია. ანუ, სისტემა ლიბერალების ხელშია, რომლის თავშია კონსერვატიული ტრამპი და მისი ჯგუფი. ვხედავთ როგორი დაუნდობელი ბრძოლა მიდის, ილონ მასკი რა დღეშია და რა სახის განცხადებები კეთდება. ამერიკის სამთავრობო სტრუქტურებში ომია გაჩაღებული და დაამარცხებს თუ არა ტრამპი Deep State-ს, ამაზეა დამოკიდებული საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა.

ყველამ კარგად იცის უკვე რის გამო მოხდა ჩვენი ხელისუფლების ათვალისწუნება ლიბერალური სამყაროსგან. პრობლემა გაჩნდა მაშინ, როცა საქართველო კონსერვატორული ფრთის გვერდით დადგა. ამერიკაშიც იგივე მოხდა. ამიტომ თუკი ლიბერალები დამარცხდებიან, ჩვენი კონსერვატიულობა უკვე ტრამპის ხელისუფლების გემოვნებაში ჩაჯდება და ამერიკისთვის გამაღიზიანებელი აღარ იქნება, მაშინ სიტუაცია ძალიან მარტივად დალაგდება. ჯერ ვხედავთ, რომ ჩვენთვის არავის სცალია, მაგრამ მგონია, მალე მოექცევა საქართველო ყურადღების ცენტრში. ვნახოთ, მოვლენებს დაველოდოთ“,-ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ლიბერალიზმის ცენტრმა ახლა ევროპაში გადმოინაცვლა და ევროპაა, მეტ-ნაკლებად, აგრესიული საქართველოს მიმართ. ისინი ისეთი მობილიზებულები აღარ არიან, რადგან საქართველოსთვის არ სცხელათ, თუმცა „წვრილფეხობა“ - ბალტიისპირეთის ქვეყნების სახით, რომლებიც თავიანთი მასშტაბებით ევროპულ პოლიტიკაში ამინდს ვერ ქმნიან, დაუნდობლად იკბინებიან. ამიტომ საყვარელიძის აზრით, თუ ევროპაში ორბანის და ტრამპის ხაზმა გაიმარჯვა, მაშინ საქართველოზე ევროპიდანაც წნეხი შემცირდება.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ აშშ-ში კონსერვატორებმა გაიმარჯვეს, Deep State-ს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუწყვეტია. ნიკოლეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ უბრალოდ, მათ მოქმედების ტაქტიკა შეიცვალოს.

„Deep State-მა ბრძოლის ტაქტიკა შეცვალა, იმიტომ რომ USAID, „კანვასი“ და სხვა დონორები ვეღარ არიან ის დაჯგუფებები, რომლებიც რადიკალურ ძალებს მაშველ რგოლებს გადმოუგდებენ. ამდენად, ეს ფუნქცია ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებმა შეითავსეს. მათი მიზანია, საქართველო როგორმე ჩართონ ისეთ პროცესებში, რაც ქვეყნისთვის მიუღებელია. ამიტომ არის მათი ქმედება აგრესიული და ყველანაირი ჩარჩოებიდან გასული. წარმოიდგინეთ ევროპაში უამრავი პრობლემა არსებობს და ამ დროს ვიღაცები იცლიან, რომ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ცხვირი ჩაყონ.

თუმცა ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების გონიერებით ქართველი ხალხის მოტყუებას ვეღარ ახერხებენ. ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს მშვიდობა სურს, საკუთარი ქვეყნის სტაბილურობა, ნორმალიზება და განვითარება. ვერ მიხვდნენ, რომ ქართველი მენტალურად არ არის ის ერი, რომელიც ასე მარტივად შეეგუება მათი ქვეყნის შიდა საქმეებში ვინმეს ჩარევას. ეს ადამიანები და სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ, უკვე დამარცხებულები არიან, თუმცა ქვეყანაც და ხალხიც ყურადღებით უნდა იყოს, რადგან ეს ბრძოლა გრძელდება“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

Gami "პრობალტიკელი" ფინიების წკავწკავი.
14 საათის უკან