მუხროვანის საქმის ახალი დეტალები

მუხროვანის საქმის ახალი დეტალები

გენერალ გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი მუხროვანის ამბოხის პერიოდის ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს. კადრებში ჩანს მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გივი თარგამაძე, გიგი უგულავა, ბაჩო ახალაია და მარიკა ვერულაშვილი. მაღალჩინოსნები იმ შენობის წინ დგანან, სადაც დაკავებული სამხედროები იმყოფებიან. ამ შენობოდან ისმის წამების ხმები. ლია კრიალაშვილმა for.ge-სთან საუბრისას არ დააკონკრეტა როგორ აღმოჩნდა მის ხელში ეს ჩანაწერი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები.

ამ საკანდალურ ჩანაწერს გამოეხმაურა მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც ამბობს, რომ პირდაპირ ისმის შენობიდან წამების ხმა, რაც პირდაპირი მტკიცებულებაა, როგორ აწამებენ დაპატიმრებულ ჯარისკაცებს სააკაშვილი, უგულავა, ახალაია, მერაბიშვილი და ადეიშვილი.

„წამების ხმები კარგად ისმის შენობიდან, თანაც ეს არაკაცები თვითონ იღებდნენ ამ ყველაფერს. ყველა იქაა - სააკაშვილი, უგულავა, ახალაია, გივია, ადეიშვილი - ამის მერე იტყვიან რეჟიმი არ გაასამართლოთო. მიმიფურთხებია ეგეთი საქართელოსთვის, სადაც ასეთ რეჟიმს არ გაასამართლებენ!

ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, როგორ აწამებენ დაპატიმრებულ ჯარისკაცებს სააკაშვილი, უგულავა, ახალაია და ძმანი მათნი. წამების ხმები კარგად ისმის შენობიდან. ეს ხდება მუხროვანის ამბოხების დროს. ნაცბანდის უმაღლესი ეშელონები ესწრებიან ამას. რატომ არ აძლევს პროკურატურა ამაზე რეაქციას? რატომ არ ხდება ეს მასალები საჯარო? ეს უკვე დანაშაულია ადამიანობის წინაშე. კარგად შეხედეთ!
ხალხმა უკვე ათიათასობით საჩივარი შეიტანა და უამარავი ფაქტობრივი ნივთმტკიცებაა წარმოდგენილი, მათ შორის - საჯაროდ. ამის არდანახვა შეუძლებელია. აქ საქმე პრემიერმა კი არა პროკურატრამ და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ობიექტურად. პრემიერს არაფერი ესაქმება ამ პროცესებში - მას თავისი საქმეც ბევრი აქვს. ხალხი უკვე დიდი ხანია ითხოვს რეჟიმის გასამართლებას! სირცხვილია ასეთ ქვეყანაში ცხოვრება! და ესენი კიდევ სხვებს ჭკუას ასწავლიან. ფუი...“, წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ირაკლი კაკაბაძე.

აღსანიშნავია, რომ მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროსაა გადაღებული. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის - დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

„დავკითხოთ ვიღაცები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია“, - ასე მიმართავს ვანო მერაბიშვილი იქ მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, შემდგომში სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის.

ვინაიდან ჩანაწერში აშკარად ჩანს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. მთავარი პროკურატურა აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, შეისწავლის მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას, რასაც შედეგად მოჰყვა კობა ოთანაძის და ლევან ამირიძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გიორგი კრიალაშვილის ლიკვიდაცია. გამოძიებამ უკვე დაკითხა ოთანაძე, ამირიძე და მოკლული გენერლის და, ლია კრიალაშვილი.

თუმცა, გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხვას სამხედრო ამბოხში მონაწილეობისთვის გასამართლებული 41 სამხედრო პირი და მათ შორის, რუსთავის პოლიციის განყოფილების უფროსი, ზაზა სანდოძე, რომლის ბრალეულობა ამ სისხლის სამართლის საქმეში ის გახლავთ, რომ სანდოძე კობა ოთანაძის დეიდაშვილია. სანდოძე ირაკლი კოდუას კაბინეტში სასტიკად აწამეს. ყოფილი მაღალჩინოსნები დაკავებულისგან მოითხოვდნენ ეღიარებინა, რომ ე.წ. ამბოხებულები საკუთარი ავტომანქანით ცხინვალში უნდა გადაეყვანა.

For.ge-სთან საუბრისას ზაზა სანოძე იმ მაღალჩინოსნებს ასახელებს, რომლებმაც ის აწამეს.

ბატონო ზაზა, რა იყო მიზეზი, რატომაც თქვენ დაგაკავეს, რას გედავებოდათ გამოძიება?

ზაზა სანდოძე: ჩემი დანაშაული იყო ის, რომ მე კობა ოთანაძის დეიდაშვილი ვიყავი. რუსთავის პოლიციის უფროსი ვიყავი და არანაირი შეხება თავდაცვის სამინისტროსთან არ მქონდა. მუხროვანში ნამყოფიც არ ვარ. ჩემი მეგობრის მანქანით ვიყავი, რომ დამაკავეს. მანქანა ამერიკიდან ტრანზიტით იყო ჩამოყვანილი. რომელი ჭკუათმყოფელი ისეირნებდა ქუჩაში ავტომატით? ჯერ სამი ავტომატი ჩამიდეს, მერე შეთახმდნენ, რომ ერთი ავტომატი დაეტოვებინათ. პარალელურად მიდიან ჩემს სახლში და მეუღლის პარფიუმერიაში ჩადეს სამი ცალი ტყვია.

გადამიყვანეს მცხეთის პოლიციაში. წამიყენეს სამი ბრალდება, იარაღის უკანონო ტარება, თურმე ნასვამი ვიყავი და 7 პოლიციელი ვცემე, კობა ოთანაძე აწყობდა ამბოხებას, საქმის კურსში ვიყავი და არ შევატყობინე სამართლდამცავებს. მთავაზობდნენ, უნდა მეღიარებინა, რომ ეს იარაღი ძებნილების იყო. ვეუბნებოდი, ვაღიარებ, რომ ავტომატი ჩემია. იმ ხალხთან არანაირი შეხება არ მქონია და ვერ დავაბრალებ-მეთქი. მაშინ უკვე დამიწყეს ცემა. დილით შემოვიდა პოლიციის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე და ნაცვლად იმისა, რომ ექიმი მოეყვანა, მითხრა ვისკი დალიე, ტკივილებს გაგიყუჩებსო. ვითხოვდი ექიმის მოყვნას, ძალიან მძიმედ ვიყავი ნაცემი, ვერ ვდგებოდი.

ნაცემ მდგომარეობაში მყოფს რატომ შემოგთავაზათ მაისურაძემ ვისკი, არ ჰკითხეთ?

- უნდოდათ ნარკოტიკების მოხმარება დადასტურებულიყო. ჯერ ბორჯომი შემომთავაზა, შემდეგ ვისკი. სისხლისგან ვიცლებოდი, ექიმი არ მომიყვანეს და ვისკი მიშველიდა? ვერ ვდგებოდი, გული მერეოდა, ამ დროს შემოდის გამომძიებელი ხუციშვილი, ხელი დამიკავა და ასე მომაწერინა ხელი ჩვენებაზე. შემდეგ გადამიყვანეს კუდ-ში. ამიყვანეს ირაკლი კოდუას კაბინეტში, სადაც დამხვდნენ დათა ახალაია, გია ლორთქიფანიძე და ანზორ მარგიანი. ირაკლი კოდუა მეკითხება - სად არის კრიალაშვილიო. ვუთხარი არ ვიცნობ, არანაირი შეხება არ მქონია მასთან-თქო. - რას ნიშნავს არ იცნობო, შენ ვის ატყუებო, - გაგიჟდნენ. ახალაიამ და კოდუამ დამიწყეს ცემა. ამის მერე ვუთხარი, რომ კობა ოთანაძე არის ჩემი დედიაშვილი-თქო. მაშინ ახალაიამ მითხრა, რომ ძალიან კარგი. მათ პოვნაზე 300 ათასია დაწესებული, ამ თანხას შენ მოგცემთო. კოდუა დამემუქრა, იცოდე შენს მეათეკლასელ შვილს წამალს ჩავუდებთ და ორ დღეში გვერდზე მოგიჯდებაო.

რის აღიარებას გთხოვდათ ახალაია და კოდუა?

- უნდა მეღიარებინა, რომ თითქოს, ეს სამი ადამიანი ცხინვალში გადამყვადა. რაც არ იყო, იმას როგორ ვიტყოდი. როცა ავუხსენი, რომ ადამიანებს ცილს ვერ დავწამებ-თქო ირაკლი კოდუამ ძირს დამაგდო, წიხლებით მცემდა. კოდუამ თვალი გადმომიგდო ცემისგან. სადაა, რატომ არაა ძებნა ამ ადამიანზე, რომელსაც არაერთი სისასტიკე აქვს ჩადენილი?

ეს ფაქტი მოდულის შენობაში ხდებოდა?

- დიახ. ჯერ კოდუას კაბინეტში, შემდეგ დასისხლიანებული შემიყვანეს გვერდით კაბინეტში, ანუ მათ სამზარეულო ოთახში, იქ ხდებოდა ყველაფერი. მოგვიანებით ოთახში შემოვიდა ირაკლი ფირცხალავა, დათა ახალაიამ ამ ფირცხალავას უთხრა, აი ეს კაცი დაატარებს იმ ხალხსო, ამ დროს უკნიდან რეზინის ხეკლეტი ჩამარტყეს თავში. თავი გამიხეთქეს, სისხლის გუბე დადგა, ძირს დამაგდეს და ნახევარი საათი გონის დაკარგვამდე სამივე მცემდა. ახალაია და კოდუა წიხლებს მირტყამდნენ, ხოლო ფირცხალავა ავტომატის კონდახით მცემდა.

დიახ, ირაკლი კოდუამ და დათა ახალაიამ ჩამიმტვრიეს ნეკნის ძვალი. ახალაიამ მკლავი მაგიდასა და სკამის საზურგეს შორის დამადებინა და წიხლით ჩამიმტვრია. 5 წუთში ერთხელ ნაცემი შევყავდი აბანოში, ცივ წყალს მასხამდნენ, ასე გრძელდებოდა 2 დღე კუდის შენობაში. დათა ახალაიამ უბრძანა ფირცხალავას - აგერ არის ავტომატი და რაც გინდა ის უქენითო. ფირცალავამ წამიყვანა ჯვრის მონასტერთან, დახვრეტის იმიტაციას მიკეთებდა. ვუთხარი, რას მაწვალებ მომკალი-თქო, გაიქეცი და მოგკლავო - მიპასუხა.

დათა ახალას ბრძანებით წაგიყვანეს?

- დიახ. დათა ახალაია, გია ლორთქიფანიძე და ირაკლი კოდუას ბრძანებით ხდებოდა ყველაფერი. ექსპერტიზაზე, რომ წამიყვანეს, უთხრეს ნარკოტიკი დაუწერეო. საშინლად ნაცემი ვიყავი, ტანსაცმელი სულ სველი იყო. ასეთ მდგომარეობაში რომ მნახა ექსპერტმა, შევეცოდე და მიუხედავად მათი კატეგორიული მოთხოვნისა, რომ დაეწერათ თითქოს ნარკოტიკული ნევთიერების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, არ შეასრულა მათი მოთხოვნა.

ეს ადამიანები ფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ? ამას გეკითხებით იმიტომ, რომ ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით გასამართლებული სამხედროები აცხადებენ, რომ დათა ახალაია და ირაკლი კოდუა არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ...

- ვერ გეტყვით, არ ვიცი. არც ის ვიცი რას ამბობენ ის ბიჭები. ისინი ციხეში გავიცანი. მუხროვანში საერთოდ ნამყოფი არ ვარ. ჩემი დეიდაშვილის გარდა არავის არ ვიცნობდი. დამაკავეს როგორც დეიდაშვილი და დამასახიჩრეს იმიტომ, რომ კობას დეიდაშვილი ვიყავი. ზუსტად სამი თვე უგონო მდგომარეობაში ვიყავი. ხელით შემიყვანეს სასამართლო დარბაზში და 5 წუთში გამომიტანეს განაჩენი. გადამიყვანეს გლდანის მერვე დაწესებულებაში. ერთ-ერთმა ექიმმა ქალბატონმა გადამარჩინა. ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ატირდა, მთელი არაფერი მქონდა. მთელი სხეული დაშავებული მქონდა.

ბატონო ზაზა, პროკურატურას მიმართეთ საჩივრით, რომ ამ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება?

- რა თქმა უნდა, ვითხოვ ამ ადამიანების დასჯას. პროკურატურაში განცხადება შეტანილი მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, არავის არ მოუკითხია ეს საქმე. არ ვიცი რა ხდება.