„ყველას ყველაფერი მოეკითხება, თუ ვინმემ რამე ჩაიდინა. სამართალდამცავებს იმ ადამიანებთან აქვთ კითხვები, ვისაც ეგონა, რომ მუდმივად ხელისუფლებაში იქნებოდნენ. თუ არჩევნები ტარდება ქვეყანაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიცია და პროკურატურა შვებულებაში უნდა წავიდნენ და თუ სადმე რამე გამოსაძიებელია, არაფერი გააკეთონ. ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ძალიან ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ არავის არაფერი შერჩება, ყველას ყველაფერი მოეკითხება, თუ ვინმემ რამე ჩაიდინა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებას, რომ გოგა ონიანის დაკავება პოლიტიკური მოტივებით მოხდა.
თავად დაკავებული ონიანი მის დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნის. როგორც ონიანმა დაკავებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის ვაზისუბანში მაჟორიტარად აპირებდა კენჭისყრას, რის გამოც თანამშრომლებს მისი საწინააღმდეგო ჩვენების მიცემა აიძულეს.
„ვაზისუბანში ვაპირებდი კენჭისყრას მაჟორიტარად და როცა ეს გაიგეს, ჩემი ყველა თანამშრომელი დაიბარეს, საშინელ დღეში ჩააგდეს და მოსთხოვეს, დაეწერათ ჩემზე სისულეები. ესაა ცალსახად პოლიტიკური დაკავება“, - აღნიშნა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა.
ყოფილი მმართველი ძალა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებენ, რომ ონიანის დაკავება პოლიტიკური მოტივებით მოხდა, რაც მიზნად ისახავს მის საადვოკატო საქმიანობიდან ჩამოცილებას და ადვოკატის ინსტიტუტის დაშინებას.
„მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი გიორგი ონიანი ეწეოდა აქტიურ საადვოკატო პრაქტიკას და არსად გარბოდა კვირა დღეს, სამართალდამცავები მიუვარდნენ სახლში, დააკავეს, დალუქეს სამუშაო კომპიუტერი. მასზე განხორციელდა ზეწოლა, ადვოკატს აქვს სისხლნაჟღენთები“, - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
დაკავების პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, რომლის განცხადებით პროკურატურის შემადგენლობა არ არის იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პოლიტიკურ დევნას ახორციელებენ. როგორც კანონმდებლემა გვითხრა, ის ბრალდებები, რაც ონიანის მიმართ არის წარდგენილი, საკმაოდ მძიმეა. აქ საქმე ეხება არა მარტო ცილისწამებას, არამედ ფალსიფიცირებას და ადამიანის დაკავებას.
„ძალიან ადამიანური და ზოგადი ენით რომ ვთქვათ, ადამიანის ოჯახის გაუბედურებას, რაც მას ბრალად ედება. როცა სამართლებრივ ცოდვას ჩადიხარ, დრო მოდის, როცა პასუხი უნდა აგო. პროკურატურის ხელმძღვანელი შემადგენლობა არ არის იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პოლიტიკურ დევნას განახორციელებენ.
ეს არის განათლებული ახალგაზრდა ხალხი, რომელიც ორიენტირებულია წესრიგის დამყარებაზე ქვეყანაში. იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“ თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი, პასუხს აგებს ჩადენილ დანაშაულზე“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
თავად ონიანის დაკავების ფაქტი დაემთხვა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკაში ვიზიტს, რამაც შესაძლოა ნაციონალების მეცადინეობით დამატებითი კითხვები გააჩინოს თეთრი სახლში, თუმცა უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე განმარტავს:
„დაზარალებული ასახელებს დროს, როგორ მოხდა მისი დაკავება, მისთვის ნარკოტიკის ჩადება და მისი დაშანტაჟება. ეჭვი გეპარებათ, რომ ეს ასე იქნებოდა? შეიძლება ხვალ სხვა მასალაც იყოს გამოქვეყნებული. პროკურატურა მუშაობს. ასე ვერ შეარჩევს როდის გაემგზავრება ბატონი ღარიბაშვილი ქვეყნიდან, ან როდის უნდა გამოაქვეყნოს და როდის არა. ამაზე მნიშვნელოვანია, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს და არგუმენტები იყოს მყარი. დროში და სივრცეში როგორ დაემთხვა, ეს ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არაა“, - აცხადებს ანი მიროტაძე.
მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ასევე განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, საკუთარ სახლში დააკავა გიორგი ონიანი, რის შემდეგაც, მალავე, დაკავებული ჩაფიძის კარდიოლოგიურ კლინიკაში იქნა მოთავსებული. ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ირწმუნებოდა, რომ მას გულის შეტევა გამომძიებელთან უსიამოვნო საუბრის შემდეგ დაეწყო. სამედიცინო ფორმა №100-ის მიხედვით, ადვოკატი, რომელიც ჩაფიძის კარდიოლოგიის ცენტრში წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გადაიყვანეს, სრულიად ჯანმრთელია და ამ ეტაპზე სტაციონალურ მკურნალობას არ საჭიროებს. გიორგი ონიანი უკვე დააბრუნეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.
გარდა ამისა, არ დასტურდება „ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცება, რომ სასწრაფო დახმარების მანქანაში გოგა ონიანსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შემდეგაც დაკავებულს მკლავებზე, თითქოს დაჟეჟილობები აღენიშნება. დაკავებულის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ცისმარი ონიანმა დაკავებულთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ონიანს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება.
რაც შეეხება ბრალდებას, გამოძიებით დადგინდა, რომ ონიანმა 2011 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა. შპს „დაო-პრინტი“ იმ დროისათვის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურებს ამზადებდა და სწორედ ეს ფაქტი გახდა შათირიშვილის დაკავების მიზეზი, რაც მას პირდაპირ დაუფიქსირა საუბარში ონიანმა დაკავების შემდეგ.
გამოძიების ინფორმაციით, ონიანმა, თავის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს დაავალა პატაკის შედგენა, რომ შათირიშვილი თითქოს, უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. რეალურად კი, აღნიშნული შინაარსის ინფორმაცია გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებს მიღებული არ ჰქონდათ. იმავე დღეს, ონიანის ორგანიზებითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დაკავებულ იქნა დავით შათირიშვილი.
პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკა მხოლოდ დაკავების შემდგომ ჩაუტარეს. თუმცა, მას რაიმე ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში დავით შათირიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყო დაკავებიდან, გიორგი ონიაინის ბრძანებით, იგი გლდანი-ნაძალადების სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში იქნა გადაყვანილი.
ეს არის ბრალდება, რის გამოც დაკავებული იქნა პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად უკვე ადვოკატი, ონიანი, რომლის დაკავებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პოლიტიკური მოტივებით ხსნის, რაც მიზნად ისახავს მის საადვოკატო საქმიანობიდან ჩამოცილებას და ადვოკატის ინსტიტუტის დაშინებას. გოგა ონიანის საქმეში მთავარი მოწმის ადვოკატი ნანა რევაზიშვილი ხატიაშვილს ურჩევს, რომ გაეცნოს საქმის მასალებს და შეისწავლოს დეტალები.
„მინდა, ზაზა ხატიაშვილს ერთი თხოვნა გადავცე, რომელიც ჩემი მეგობარი და კოლეგაა, მან ეტყობა არ იცის საქმეში არსებული დეტალების შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მინდა, რომ იგი საქმეს გაეცნოს, შეისწავლოს დეტალები, საქმის მასალები და თუნდაც გამესაუბროს. შათირიშვილის დაკავება უკანონო იყო.
გოგა ონიანმა პოლიციის სამმართველოში თავად გადაიყვანა, შათირიშვილი, რის შემდეგადაც თეთრ ქაღალდში გახვეული 24.5 გრამი ნედლი მარიხუანა დაუდო და აიძულა ეღიარებინა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა. ზაზა ხატიაშვილი კი აცხადებს, რომ გოგა ონიანის დაკავება პოლიტიკური მოტივებით მოხდა. გაეცნოს საქმის მასალებს“, - აცხადებს ნანა რევაზიშვილი.
ონიანის საქმის მთავარი მოწმე აცხადებს, რომ მისი დაკავების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა გოგა ონიანი და 24.5 გრამის „მარიხუანის“ ქონაზე ხელიც სწორედ ონიანმა მოაწერინა.
„მე დამაკავეს, ვინაიდან ვმუშაობდი სარეკლამო კომპანია „დუო პრინტში“, ვიყავი მენეჯერი და ვასრულებდი გარკვეულ შეკვეთებს, მოცემულ მომენტში ვასრულებდი ბერა ივანიშვილის მაისურების შეკვეთებს კლიპისთვის. ეს შეკვეთა შევასრულეთ, რის შემდეგადაც მე დამაკავეს უკანონოდ. წამიყვანეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში, სადაც ონიანმა შემიყვანა თავის კაბინეტში. მან მაგიდაზე დადო თეთრ ქაღალდში გახვეული მარიხუანა და მითხრა, რომ შენ იცი რაც მოგივა და რაც მოხდაო.
გაურკვეველ ვითარებაში ვიყავი, რადგან არ ვიცოდი რა მოხდა. ვიკითხე, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. მაშინ მან მანახა გარკვეული კლიპი, რომ ეს არის შენი დამზადებული და ქვეყანას საფრთხე შეექმნაო. მან ჩამომიყალიბა გარკვევით, რომ ჩემს ოჯახს შეემქნებოდა დიდი საფრთხე, რამეთუ ჩემი ოჯახიდან, ჩემი მეუღლის სამუშაო და ჩემი სამუშაო ოფისებიდან ამოიღებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. მე გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე ვარჩიე, რომ იქვე შეთავაზებული მარიხუანის „ქონა“ მეღიარებინა, რაზეც მოვაწერე ხელი. შემდგომ გადამიყვანეს იზოლატორში და შემდეგ გლდანის ციხეში“, - აცხადებს დავით შათირიშვილი.
საინტრესო დ გამოიყურება ყოფილი „კმარელი“ გოგა ონიანის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც ჟურნალ „თბილისელებმა“ გამოაქვეყნა. ონიანი ძალოვან სტრუქტურაში მუშაობას 2004 წელს იწყებს, სწორედ აქიდან იწყება „კმარელი“ ონიანის გამდიდრება. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გიორგი ონიანის პირველი დეკლარაცია 2002 წლით თარიღდება, როდესაც ის პროკურატურაში მუშაობდა, თუმცა დეკლარაცია არ იძებნება. არ იკითხება არც მის მიერ 2004 წელს შევსებული დეკლარაცია.
2007 წელს გიორგი ონიანმა დეკლარაცია შეავსო, როგორც ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილემ, როცა ის, სულ რაღაც, 26 წლის იყო. ოჯახის წევრებად მიუთითა მამა – ნუგზარ ონიანი და დედა – ლამარა სურმავა. ოჯახის საკუთრებად მითითებული ერთადერთი, 40 000 ლარად ღირებული, საცხოვრებელი ბინის მფლობელი ქ-ნი ლამარა იყო. ნაღდი ფული, დეკლარაციის შევსების მომენტში, მხოლოდ ბ-ნ ნუგზარს ჰქონდა – 2 000 ლარი. იმხანად ნუგზარ ონიანი შპს „ხინკლისა და მწვადის სამყაროს“ პარტნიორი იყო.
2007 წელს გიორგი და ნუგზარ ონიანებმა, შესაბამისად, 10 000 და 3 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხები აიღეს. იმავე წლის ხელშეკურულებიდან ვიგებთ, რომ 2006 წელს გიორგი ონიანი მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ (ხელფასის სახით 4 800 ლარი აიღო), ასევე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მესამე განყოფილების უფროსად (ხელფასად 1 800 ლარის აღება მოასწრო).
2008 წელს გიორგი ონიანმა დეკლარაცია შეავსო, როგორც პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ და ოჯახის წევრად, მშობლების გარდა, მიუთითა მეუღლე – 1985 წელს დაბადებული ანა მინაშვილი. ამჯერად ონიანების უძრავი ქონება საგრძნობლადაა გაზრდილი: ქ-ნი ლამარა კვლავაც ზემოხსენებული საცხოვრებელი ბინის მფლობელია (ვაზისუბანში), გიორგი ონიანის საკუთრებაა 500 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი ბინა თბილისში, ბახტრიონზე, ნუგზარ ონიანს კი ორი აგარაკი აქვს: ოქროყანაში (300 000 ლარად ღირებული) და ქუთაისში (100 000 ლარად ღირებული); ანა მინაშვილის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა 300 000 ლარად ღირებული ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში და 150 000 ლარად ღირებული აგრაკი მუხათწყაროში. 2007 წლის განმავლობაში გიორგი ონიანის პოლიციურმა სახელფასო შემოსავალმა 15 120 ლარი შეადგინა.
2009 წელს გიორგი ონიანი უკვე გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილეა, დეკლარაციაში ის ცვლილებაა, რომ ამჯერად ნუგზარ ონიანს, ნაღდი ფულის სახით, 12 000 აშშ დოლარი ჰქონდა. ერთობლივად მამა-შვილმა ხელფასის სახით იმ წელს 24 000 ლარი აიღეს. 2010 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ გიორგი ონიანი ცოლ-შვილთან ერთად მარტო ცხოვრობს, მათი უძრავი ქონება კი შემდეგი ოდენობისა: ანა მინაშვილის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში და აგარაკი მუხათწყაროში, ხოლო გიორგი ონიანის საკუთრება კი არის საცხოვრებელი ბინა ბახტრიონზე (ფლობს წილის 50-პროცენტს).
მაშინ, როდესაც გიორგი ონიანი გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო და მისი წლიური ხელფასი 21 600 ლარს შეადგენდა, მისი მეუღლე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ოპერატორი იყო და 1 600 ლარი ჰქონდა წლიური შემოსავალი, 2011 წელს შევსებული დეკლარაციით, გიორგი ონიანის მეუღლეს მუხათწყაროში საცხოვრებელი სახლიც დაუმატებია და, რადგან სამუშაო ადგილის გრაფა ცარიელია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ანა მინაშვილი აღარ მუშაობდა, სამაგიეროდ, გიორგი ონიანის წლიურ სახელფასო შემოსავალს 24 000 ლარი შეუდგენია.
ბოლო დეკლარაცია გიორგი ონიანმა 2012 წელს შეავსო, როგორც გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილემ, თუმცა იმავდროულად, ის შსს-ს ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტიც იყო და მისმა წლიურმა ანაზღაურებამ, დამატებით, 14 346 ლარი შეადგინა. გიორგი ონიანს 2011 წელს 10 წლის ვადით 42 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხიც აუღია.
უმრავლესობის წვერები გამოძიებას მოუწოდებენ, რომ დაინტერესდნენ ქონების წარმომავლობით, რადგან ყოფილი ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა ღამის საათებში ქონების გადაფორმება, საპროცესო გარიგებები, ხოლო თანხები კი მათ ჯიბეებში ილექებოდა.
ანი მიროტაძე ამბობს, რომ საქმე გვქონდა ელიტურ კორუფციასთან, რომლითაც სარგებლობა მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირები.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია. გააჩნია კორუფციას რას დაარქმევ. ბევრჯერ მქონდა საუბარი ჩინოვნიკების სასახლეებთან დაკავშირებით. რამდენჯერმე გავაჟღერე კიდევაც ამ არანორმალური სასახლეების მშენებლობის შესახებ ინფორმაცია. სწორედ თანამდებობაზე ყოფნა აძლევდა ამ ადამიანებს ამის ფუფუნებას, რომ აეშენებინათ ამ ტიპის სასახლეები და ჰქოდათ უკეთესი ფინანსური მდგომარეობა“, - აცხადებს ანი მიროტაძე.