„ადვოკატთა ასოციაციის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ ორგანიზაცია „ახალგაზრდულმა ცენტრმა“ საპროტესტო აქცია გამართა. შეკრებილებმა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის ზაზა ხატიაშვილის მიერ ადვოკატ გოგა ონიანის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები ადვოკატთა ასოციაციასთან იმ ფოტოებით მივიდნენ, სადაც ონიანი ერთ-ერთ პიროვნებას ფიზიკურად უსწორდებოდა. მათივე განცხადებით, გიორგი ონიანი არის პიროვნება, რომელიც მათ წლების განმავლობაში განსხვავებული აზრისთვის დევნიდა და ფიზიკურად უსწორდებოდა.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებს თავად ზაზა ხატიაშვილიც შეხვდა და განმარტა, რომ ის ონიანის უდანაშაულობაზე არ საუბრობს, მაგრამ მისთვის დაკავების ფორმები მიუღებელია.
ეს ზაზა ხატიაშვილის რიგით მეორე განცხადებაა გოგა ონიანის დაკავების თემაზე. მისი პირვანდელი განცხადება ბევრად უფრო მკვეთრი იყო. კერძოდ, გოგა ონიანის დაკავებისთანავე ზაზა ხატიაშვილი ფიქრობდა, რომ ონიანი პოლიტიკური მოტივებით აიყვანეს და მასზე პოლიტიკური დევნა განხორციელდა. კერძოდ, ხატიაშვილმა იმთავითვე დაასკვნა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის გარეშე ონიანის დაკავება არ მოხდებოდა; ღარიბაშვილი წავიდა ამერიკაში, თუმცა დაიბარა, ონიანი დაეკავებინათ. ამ კონტექტსში ზაზა ხატიაშვილმა ერთგვარად სიმბოლოების მოყვარული ნაციონალების ხაზი გააგრძელა, რომლებმაც, ასევე, განმარტეს, რომ „სიმბოლურია, რომ გოგა ონიანი 23 თებერვალს სწორედ საბჭოთა არმიის დღეს დააკავეს“.
ზაზა ხატიაშვილი იმასაც აცხადებდა, რომ ადვოკატმა გიორგი ონიანმა ასოციაციას მის მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე რამდენჯერმე მიმართა, რადგან პროკურატურაში იბარებდნენ კონკრეტულ პირებს და მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. აღნიშნულის თაობაზე ხატიაშვილი და ონიანი 24 თებერვალს პრესკონფერენციის მოწყობასაც გეგმავდნენ, რომ არა 23 თებერვალს ონიანის დაკავება, რაც ზაზა ხატიაშვილის აზრით, საეჭვოდ დაემთხვა პრესკონფერენციის ჩატარების წინა დღეს. სწორედ ამიტომაც გაუჩნდა კითხვები ზაზა ხატიაშვილს ამ დაკავებასთან დაკავშირებით.
"ვთვლი, რომ ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავება მოხდა პოლიტიკური მოტივებით, რომელიც მიზნად ისახავს საადვოკატო საქმიანობიდან მის ჩამოცილებას და ადვოკატის ინსტიტუტის დაშინებას, რათა ადვოკატებმა ვერ შეძლონ დაცვის უფლების განხორციელება შიშის გარეშე", - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა და მომხდართან დაკავშირებით ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და იურიდიული საზოგადოებების საბჭოს პრეზიდენტს ალდო ბულგარელის მიმართა. თავის მხრივ, ალდო ბულგარელიმ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მიმართა, რომ ადვოკატ გიორგი ონიანთან მიმართებაში ძალადობის ფაქტები აღეკვეთა.
ჩვენ დავინტერესდით, სად გადის ზღვარი ადვოკატობას ამოფარებულ ყოფილ შს წარმომადგენლების დანაშაულსა და ადვოკატის რეალურ პოლიტიკურ დევნას შორის?! ასევე, დაგვაინტერესა, უნდა შეიცვალოს თუ არა ადვოკატთა შესახებ კანონმდებლობა, რათა ყოფილმა ძალოვანმა დამნაშავე ჩინოვნიკებმა ადვოკატურას თავი არ შეაფარონ და პოლიტიკურ დევნაზე არ ალაპარაკდნენ მაშინ, როცა საქმე მათ დანაშაულებრივ წარსულს ეხება.
საქმე ისაა, რომ გოგა ონიანს ადვოკატობისდროინდელ დანაშაულს კი არ ედავებიან, არამედ თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულს. პროკურატურის ინფორმაციით, ონიანი სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ასევე, განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე იქნა დაკავებული.
კერძოდ, სარეკლამო კომპანია "დუო პრინტის" მენეჯერი, დავით შათირიშვილი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მაშინდელი უფროსის მოადგილემ- გოგა ონიანმა პოლიციის სამმართველოში თავად გადაიყვანა, რის შემდეგადაც თეთრ ქაღალდში გახვეული 24.5 გრამი ნედლი მარიხუანა დაუდო და აიძულა, ეღიარებინა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა.
“ამდენი სულში ჩაფურთხება ასეთი ახალგაზრდა კაცისთვის, როგორც დავით შათირიშვილია და მისი ბიოგრაფიის ასეთი შელახვა და ამის შემდეგ კიდევ ისეთი განცხადებები, როგორსაც არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ, ნამდვილად მიუღებელია. მინდა, საქართველოს პირველ ადვოკატს - ზაზა ხატიაშვილს ერთი თხოვნა გადავცე, რომელიც ჩემი მეგობარი და კოლეგაა, მან ეტყობა, არ იცის საქმეში არსებული დეტალების შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მინდა, რომ იგი საქმეს გაეცნოს, შეისწავლოს დეტალები, საქმის მასალები და თუნდაც გამესაუბროს”, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “იუსტიციის მუშაკთა კავშირის” პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ადვოკატმა ნანა რევაზიშვილმა, რომლის ორგანიზაციის წევრიცაა დავით შათირიშვილი.
გუშინვე, საავადმყოფოში გადაყვანილი ონიანი მისმა ადვოკატმა, რომეო საჯაიამ მოინახულა და განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკლავებზე სიხლჩაქცევები ეტყობოდა და რაც მთავარია, საჯაიამ განაცხადა, რომ საავადმყოფოს გზაზე მიმავალ ონიანს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. რა თქმა უნდა, ხატიაშვილმა ეს ყველაფერი გაიმეორა და აღნიშნა, ადვოკატს არავის დავაჩაგვრინებთო, თუმცა მოგვიანებით ონიანთან სხვა ადვოკატი და ნათესავი, ცისმარი ონიანი შევიდა და ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ არანაირი ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება და არც დაკავებული ადასტურებს, რომ მასზე ფიზიკურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ამის მიუხედავად, ხატიაშვილი შემდეგაც ჯიუტად იმეორებდა, რომ ონიანი ნაცემია და ამას არავინ აპატიებდა. ჩნდება კითხვა - სამართალდამცავებმა ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ჯერ საჯაია რომ დააკავონ და მერე ხატიაშვილი, ესეც ზეწოლა იქნება?
“ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ვაანალიზებ რა, ბოლო 6 თვის განმავლობაში ხელისუფლების მიერ, ადვოკატ გიორგი ონიანის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ვთვლი, რომ ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავება მოხდა პოლიტიკური მოტივებით, რომელიც მიზნად ისახავს საადვოკატო საქმიანობიდან მის ჩამოცილებას და ადვოკატის ინსტიტუტის დაშინებას, რათა ადვოკატებმა ვერ შეძლონ დაცვის უფლების განხორციელება შიშის გარეშე. საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის საქართველოში შექმნას ავტოკრატიული მმართველობა რაც აღმაშფოთებელია. ადვოკატების დაკავება თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მხოლოდ ავტორიტარულ სახელმწიფოებში ხდება. სამი კვირის წინ, გოგა ონიანი დაიბარეს და დაკითხეს მოწმის სახით, რომ იგი ჩამოეცილებინათ მის წარმოებაში არსებულ ბაჩანა ახალაიას დაცვის საქმეს, მაგრამ ვინაიდან ადვოკატმა გიორგი ონიანმა გააგრძელა ძველი შემართებით თავისი საადვოკატო საქმიანობა, ადვოკატი დააკავეს” - ეს განცხადება ხატიაშვილმა გაავრცელა. იმ ხატიაშვილმა, რომელიც ადვოკატთა ასოციაციას მაშინაც ხელმძღვანელობდა, როცა ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა იყო და რეალურად ადვოკატები ფოსტალიონის ფუნქციით იყვნენ დაკავებული და ვერაფერს წყვეტდნენ.
მაშინ ხატიაშვილი ასეთი კატეგორიული არ იყო და არ ამბობდა, რომ “საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის საქართველოში შექმნას ავტოკრატიული მმართველობა”. ხატიაშვილს არც ის ახსოვს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მისმა ადვოკატებმა იმაზე მეტი საქმე მოუგეს პროკურატურას, ვიდრე გასული 9 წლის განმავლობაში, მაგრამ ეს არ ახსოვს, ან არ უნდა ახსოვდეს.
ხატიაშვილს არც ის ახსოვს, ადვოკატებს ციხეებში რომ არ უშვებდნენ და ხშირად ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ. ხატიაშვილი არც იმ სურათებს ცნობს, რომელზეც კარგად ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ონიანი მოქალაქეებს და რაც მთავარია, მერე ამ მოქალაქეებს იმ ასოციაციის ადვოაკტები იცავდნენ, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა და პოლიციელ ონიანის ძალადობაზე ორივე თვალს ხუჭავდა. მაშინ ხატიაშვილს არავინ უსმენდა და მისი განცხადებები ძალიან მოზომილი იყო, რადგან უფლებადამცველი თავად არ გამხდარიყო დასაცავი.
ახლა ხატიაშვილი იმ ადამიანების გვერდით დგას, რომლებიც მის საქმიანობას 9 წლის განმავლობაში არ სცნობდნენ, სულში აფურთხებდნენ, მისი პროფესია გათელილი ჰქონდათ და თავად ხატიაშვილიც ერთი რიგითი ფოსტალიონი იყო იმ ფოსტისა, რომელსაც თავად ადვოკატთა ასოციაციას ეძახდა და სინამდვილეში ადვოკატობას თამაშობდა.
ახლა კი, როცა ადვოკატებმა შვება იგრძნეს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებს, რომ სასამართლოში საქმეები შეჯობრიბითობის პრინციპით მიმდინარეობს, ხატიაშვილი უკმაყოფილოა. როგორც ამბობენ, ამ თანამდებობაზე ახლადარჩეული ხატიაშვილი იმედიანადაა და დარწმუნებულია, რომ 4 წელი არავინ შეეხება, თუმცა მას აუცილებლად მოუწევს იმის ახსნა, რატომ ამტკიცებდა ონიანი ნაცემიაო, როცა მისი ადვოკატი და ნათესავი საპირისპიროს ამბობდა!
For.ge-სთან საუბარში ადვოკატი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია ყველამ უნდა დაიცვას. იმის გამო, რომ გოგა ონიანისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ და არც აღმკვეთი ღონისძიება გამოუყენებიათ, ამიტომ მისი მხარდამჭერი თუ განმკიცხავი გამონათქვამები ყოვლად გაუმართლებელია.
უფლებადამცველის თქმით, თავად ის ფაქტი, რომ ადვოკატს აკავებენ, ძალიან სახიფათოა და ცუდად აღიქმება, თუმცა ამის გამო ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ მისი დაკავება უკანონოა. მით უმეტეს, აქ საუბარია ადვოკატზე, რომელიც ძალზე გახმაურებულ საქმეებში გამოდის.
„თუ გოგა ონიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, ამას გამოძიება გაარკვევს. უნდა დაველოდოთ მოვლენებს, შეფასებების გაკეთება ახლა სრულიად უმადური საქმეა. ვერ გეტყვით, რა საფუძვლით იხელმძღვანელა ზაზა ხატიაშვილმა, როცა თქვა, რომ ონიანი თურმე პოლიტიკური მოტივით დააკავეს. სწორი არ იქნება, ეს შევაფასოთ, როგორც პოლიტიკური დაკავება, ან როგორც უკანონობა“,-აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.
ადვოკატი მამუკა ნოზაძე მიიჩნევს, რომ თავდაპირველად ზაზა ხატიაშვილმა არ იცოდა რეალური ბრალდება, რის გამოც დააკავეს ადვოკატი გოგა ონიანი. ამის გამო იჩქარა და მკვეთრი განცხადებები გააკეთა. დღეს კი ვითარებაში გაერკვა და შესაბამისი რეაქციაც მოახდინა.
„უბრალოდ, დროის ფაქტორი იყო. ზაზას ეგონა, რომ, როგორც ბაჩო ახალაიას ადვოკატი, გოგა ონიანი ისე დაიჭირეს. რეალურად, ონიანს ბრალი ედება პოლიციაში ყოფნის პერიოდში ჩადენილ დანაშაულზე. მეტიც, გოგა ონიანი სულ რამდენიმე თვეა, რაც გახდა ადვოკატი. ოდიოზური ფიგურები არ უნდა ხდებოდნენ ადვოკატები. სხვათა შორის, ზაზა ხატიაშვილს თავის დროზე ყოფილი ოდიოზური პროკურორების ადვოკატურაში მიღებაც არ სურდა, მაგრამ მათ სარჩელი შეიტანეს და საქმე მოიგეს. ვფიქრობ, ადამიანს თავიდანვე რომ სდომებოდა ადვოკატობა, ის იქნებოდა კიდეც ადვოკატი და არ გახდებოდა პროკურორი, მოსამართლე ან შს-ს თანამშრომელი. დღეს კი ეს ყოფილი ძალოვანები ადვოკატებად გვევლინებიან. მაგალითად, მათ რიცხვშია ყოფილი მოსამართლე მანანა ოთარაშვილი, რომელსაც უსამართლო განაჩენები გამოჰქონდა“,-აცხადებს მამუკა ნოზაძე For.ge-სთან საუბარში.
ამასთან, მიიჩნევს, რომ ასეთი პირებისთვის შეზღუდვა უნდა დაწესდეს. ამ მიზნით ადვოკატის შესახებ კანონში ცვლილება უნდა შევიდეს, ვინაიდან ადვოკატურა ამ პირთა თავშესაფარი არ არის.
უფლებადამცველის აზრით, ზაზა ხატიაშვილის ნაცმოძრაობის მეხოტბედ წარმოჩენა არასწორია. უბრალოდ, პერიოდულად მის მიერ გაკეთებული განცხადებები მისი ინდივიდუალური აზრებია. გარდა იმისა, რომ ზაზა ხატიაშვილი ადვოკატია, ის პიროვნებაა და ცალკეულ საკითხებზე შეიძლება ბევრისგან განსხვავებული პოზიცია გააჩნდეს.
ჩვენ შევეცადეთ, ზაზა ხატიაშვილსაც დავკავშირებოდით და გაგვერკვია, რას ნიშნავდა მისი ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია გიგა ონიანთან მიმართებით, თუმცა მას, დილიდან მოყოლებული, ტელეფონი გამორთული ჰქონდა.