თეთრი სახლის სკანდალური შეხვედრა ქართველ რადიკალებს შორის განხეთქილების ვაშლი აღმოჩნდა - ოპოზიციამ საკუთარი თავის ჭამა დაიწყო 

თეთრი სახლის სკანდალური შეხვედრა ქართველ რადიკალებს შორის განხეთქილების ვაშლი აღმოჩნდა - ოპოზიციამ საკუთარი თავის ჭამა დაიწყო 

მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპის და ჯეიდი ვენსის დაპირისპირება იხილა, ყველას მხოლოდ ერთი კითხვა გაუჩნდა - რა იქნება შემდეგ? გამონაკლისი ჩვენი, ქართველი რადიკალები აღმოჩნდნენ, რომელთაც ახლა არც კითხვებისთვის სცალიათ და მით უმეტეს, არც მისი პასუხებისთვის.

როგორც აღმოჩნდა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ერთი თვის წინ ცდილობდა ტრამპის ინაუგურაციაზე, როგორც მოქმედი პრეზიდენტი ისე წარედგინა თავი და ტრამპის გარემოცვასთან საერთო ენა ეპოვა, ამ დაპირისპირებაში მხარი ზელენსკის დაუჭირა. მან სოციალურ ქსელ X-ზე ტრამპის პოლიტიკა, უკრაინის მიმართ, ღიად გააკრიტიკა და აშშ-ს პრეზიდენტსა და ვიცე პრეზიდენტს დიპლომატია დაუწუნა, რამაც ოპოზიციის ნაწილი გააღიზიანა.

„პირველად, როცა მომიწია მოლაპარაკება დამოუკიდებლად გამემართა, მრავალი წლის წინ, უფრო გამოცდილმა კოლეგამ მასწავლა საფუძვლები: „ნებისმიერი ნაბიჯის უფლება გაქვს, მაგრამ არასოდეს… არასოდეს დაამცირო შენი კოლეგა“! უნდა იფიქრონ მათ, ვისაც სურს მშვიდობისმყოფელად აღიქვან!“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

მოგვიანებით ზურაბიშვილმა კიდევ ერთი შეტყობინება გამოაქვეყნა და პირადად ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა:

„ისინი, ვისაც ესმით, რას ნიშნავს საკუთარი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა - არა ერთხელ, არამედ არაერთხელ, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში - თქვენს მხარეს არიან, ბატონო პრეზიდენტო ზელენსკი“.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ დემონსტრაციაა… უფრო, როგორც პუტინის რუსეთის მერე, მეორე ადგილზე მყოფი ამერიკა გამოიყურება. მაშინ, როდესაც ყველას უფრო ძლიერი ამერიკა გვჭირდება უფრო ძლიერ ევროპასთან ერთად. როგორც ჩანს, საბოლოოდ ყველანი ამ უკანასკნელის აღმოცენებას ვხედავთ“, - წერს კიდევ ერთ პოსტში ზურაბიშვილი.

ე.წ. ოპოზიციის ნაწილი კი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის უტაქტობა „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, რომელიც ამ გეოპოლიტიკურ ჯახში აშშ-ს მხარეს იჭერს, რითაც ტრამპის ადმინისტრაციის კეთილგანწყობას მოიპოვებს.

„ახლის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ გაღიზიანება ვერ დამალა, რასაც მალე კომენტარიც მოაყოლა: „კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ - არც სრული ფსონის დადება, აშშ-ში ინაუგურაციაზე მოლოდინებით წასვლა და ამ მოლოდინების ხალხში შექმნაა გამოსავალი და არც ის, ინაუგურაციაზე მყოფი, დღეს რომ აკრიტიკებ. მიუხედავად ადმინისტრაციების ცვლილებისა, აშშ ყოველთვის იყო და არის საქართველოს პარტნიორი. ოპოზიციონერების შეფასებების დიდი ნაწილს, ახლა „ოცნება“ თავისი ინტერესებისთვის იყენებს“, - წერს მელია.

„გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიცია, ენჯეო სექტორი და მათივე მედია საშუალებები, პრაქტიკულად, დიქტატურის მსახურებად შერაცხა: „მინდა, რაღაცნაირად ვეცადო, გამოვისყიდო ის დანაშაული, რასაც ქართული ოპოზიცია და ენჯეოსექტორი ამ ხალხის წინაშე სჩადის, მათ შორის მედია სექტორი, რომელსაც რკინის ფარდა აქვს ჩამოფარებული საქართველოსთვის და არ ჰყვება სამყაროს მთავარი მოვლენების შესახებ, რასაც ეს ხალხი ახორციელებს“.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ჩვენი ოპოზიცია ძალიან კარგად ხვდება სამყაროში რამხელა ცვლილება და გადატრიალება ხდება, როგორ იცვლება მსოფლიო პოლიტიკა და რა ახალი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. თეთრ სახლში ზელენსკი, ტრამპის და ჯეიდის დაპირისპირებამ ეს ნათლად აჩვენა, მაგრამ ჩვენს ოპოზიციას ამის აღიარება უჭირს.

„ოპოზიცია ახლა კატასტროფულ მდგომარეობაშია. ჯერ ერთი, რომ დაკარგეს საზოგადოების მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა, რაც გააჩნდათ. ამ ორთვიანმა ისტერიკამ და აბსურდის თეატრმა საკუთარი ამომრჩეველიც კი დააკარგვინა, ვინაიდან ვერ გაიგეს, რა პოლიტიკის გამტარებლები არიან. ყველამ დაინახა, რომ ეს ადამიანები ქვეყნის გამანადგურებლები არიან. ტრამპის მოსვლის შემდეგ კი ამერიკული დაფინანსება დაკარგეს და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში დარჩნენ. გარდა ამისა, განცხადებების დონეზე მხარდაჭერაც კი დაკარგეს. ამერიკაში ხომ მათთვის ყველა კარი დაიხურა და ევროპაშიც ისეთი გაუგებრობაა, ეს ოპოზიციაც არავის ახსოვს. ზელენსკის ამ შიზოფრენიამ და არაადეკვატურმა ქცევამ, რომელიც მან თეთრ სახლში მოაწყო, პრაქტიკულად, სერიოზული ამერიკელი პოლიტიკოსების უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია. ეს ხალხი ჩვენს ოპოზიციასაც მხარში ედგა. თუმცა მათ ზელენსკის ეს საქციელი ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფად შეაფასეს“,-ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ზელენსკის ამერიკაშივე უკვე ზურგი შეაქციეს და მისი საქციელი დემოკრატმა სენატორებმაც კი დაგმეს. ამიტომ ახვლედიანი ფიქრობს, რომ ჩვენ ოპოზიცია კომპასდაკარგულია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

„ბევრმა ევროპელმა ლიდერმა, რომლებიც ომის ისტერიას და ზელენსკის მხარს უჭერდნენ, მართლა სერიოზულად დაამუხრუჭა. ყველა კარგად ხვდება, რომ თუკი ამერიკა თამაშიდან გავა, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, მაშინ ევროპამ უნდა გადაიხადოს ამ ომის ფული. ეს კი ევროპელებს არ სურთ. არავის არ უნდა ისედაც ამ გართულებულ სიტუაციაში, რაც ომმა გამოიწვია, მთელი ტვირთი და პასუხისმგებლობა ევროპას დააწვეს. ამიტომ ამ გაუგებრობაში ჩვენი ოპოზიცია აიჭრა და აღარ იცის რა იბოდიალონ, რა პოლიტიკური პოზიცია დაიკავონ და ყოველდღიურად ჰარაკირის იკეთებენ.

გვახსოვს, ეს ჩვენი ვაი-ოპოზიცია და ე.წ. პრეზიდენტი, როგორ ცდილობდნენ ტრამპის ინაუგურაციაზე მოხვედრას. ისიც ვნახეთ ზურაბიშვილი როგორ ჩავიდა ვაშინგტონში, ვითომ ისევ პრეზიდენტი იყო, როგორ მიიჭრა ტრამპთან და სცენები დადგა, თითქოს მისი მეგობარი იყო და საქართველოზე ელაპარაკა. ამ ყველაფერს მათი მედიები დიდი ჟივილ-ხივილით აშუქებდნენ, თუმცა ეს პირდაპირ წარმოაჩენდა ზურაბიშვილის პოლიტიკურ უტვინობას.

ერთი თვის წინ აღმოჩნდა, რომ ტრამპის ინაუგურაციაზე მოსახვედრად ცხვირპირს იმტვრევდა. აღარ იცოდა მის გარემოცვასთან ფოტო როგორ გადაეღო და სადმე როგორმე გამოეჭირა. დღეს კი გამოდის და ტრამპის ლანძღვას იწყებს, მის პოლიტიკას აკრიტიკებს, რიტაც თავდაყირა აყენებს არამხოლოდ ტრამპის პოზიციას, არამედ საკუთარ პოზიციებსაც. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ქალბატონს არ შეიძლება ვინმე ენდოს“,-ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ოპოზიციამ საბოლოო ჯამში გაიაზრა, რომ ელექტოლარულ, ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად იმ მხარდამჭერ განცხადებებსაც კარგავენ, რომელიც მაღალი დონის პოლიტიკოსებისგან მაინც კეთდებოდა. ასე რომ, ამ გზაკვალაბნეულ ოპოზიციაში შიგნითვე დაიწყო დაპირისპირება.

„საქართველოს ხელისუფლებამ აქაც აჯობა ოპოზიციას და გეოპოლიტიკური გათვლები 3 წლის წინ გააკეთა. გვახსოვს მთელი ეს დრო მათი პოლიტიკა რაც იყო. ახლა კი ამერიკის და „ოცნების“ პოლიტიკა ზუსტ თანხვედრაშია. გაეროში ამერიკის რეზოლუციის პირველი თანასპონსორი საქართველო იყო. ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა. ასეთ დროს ხდება კომუნიკაცია, შეთანხმება, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციაშია. ასევე, ძალიან კარგად იციან საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ილონ მასკმა საქართველოში პატრიარქის მიერ დაბადებული მესამე ბავშვის მონათვლა საუკეთესო მაგალითად წარმოაჩინა. ოპოზიცია ხვდება, რომ მაგათი სიტუაცია ძალიან ცუდად არის, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ რა ქნან“, - ამბობს ახვლედიანი.

Gami უილსონი ზურაბიშვილს: " არამი იყოს ჩემი ნაჩუქარი მოსაწვევი დონალდის ინაგურაციაზე"!
9 საათის უკან
Gami ასეთ პოლიტიკურ ეკვლიბრისტიკას ეს უდღეური ოპოზიცია ვერ გადახარშავს.
9 საათის უკან