28 თებერვალს, ვაშინგტონში, ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპსა და ჯეიდი ვენსს შორის მიმდინარე სიტყვიერი დაპირისპირება 40 წუთი გრძელდებოდა. შედეგად, კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა პასუხი მთავარი კითხვაზე - როდის შეწყდება უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები და რა იქნება ამის შემდეგ?
მოლოდინი, რომ 28 თებერვალს, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის მისვლა, მინერალებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის და სამშვიდობო გეგმასთან მიახლოების წინაპირობა იქნებოდა, არ გამართლდა. შეთანხმების ნაცვლად, მთელმა მსოფლიომ პირდაპირი ეთერის საშუალებით იხილა ის, რაზეც საუბარი კიდევ დიდხანს გაგრძელდება და რამაც პირდაპირ, შესაძლოა ითქვას, მსოფლიო პოლიტიკა შეცვალოს. ტრამპმა ზელენსკის მკვახედ მიახალა, რომ თუ უკრაინა ბუნებრივი რესურსების შესახებ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდა, აშშ უკრაინის ომის ირგვლივ მიმდინარე პროცესებიდან გავიდოდა.
ზელენსკი, როგორც დასავლური მედია წერს, ამ დაპირისპირების შემდეგ ტრამპმა თეთრი სახლიდან გააგდო. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი მას ტრამპისთვის ბოდიშის მოხდა ურჩია. ზელენსკი ბოდიშის მოხდას არ აპირებს და ის ვაშინგტონიდან პირდაპირ ლონდონში გაეშურა. სწორედ დიდი ბრიტანეთის პრემიერის მისამართით არსებობს ეჭვები, რომ სწორედ ისაა მთავარი ფიგურა, რომელიც ზელენსკის აშშ-ს პრეზიდენტის წინააღმდეგ მოქმედებისთვის მხარდაჭერას უცხადებს.
ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ამერიკული პრესა იტყობინება, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხსაც გადახედავს.
ოვალურ კაბინეტში სკანდალური სცენის შემდეგ, ევროპა უკრაინის მხარდასაჭერად კიდევ უფრო გააქტიურდა. დიდი ბრიტანეთი ევროპელი ლიდერების სამიტს მასპინძლობს. ინგლისის, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, კანადის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთისა და რუმინეთის ლიდერები, ლონდონში, უკრაინის გადარჩენის გზებზე მსჯელობენ.
უხერხული, არასასურველი, გაუმართლებელი - ასე აფასებენ ევროპული სამიტის მონაწილეები თეთრ სახლში მომხდარს, თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინის პრეზიდენტს შტატების პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას ურჩევენ, რადგან, მათი შეფასებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გარანტი შეერთებული შტატებია.
ხისტია საკუთარ შეფასებაში საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ თუ ვინმეს მესამე მსოფლიო ომი სურს - ეს ვლადიმერ პუტინია.
ლონდონის სამიტში არ მონაწილეობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროკავშირის შიგნით უკრაინასთან დაკავშირებით მიდგომებში სტრატეგიული სხვადასხვაობაა, რაც რთულად გადასალახია.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მოუწოდებს, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და უარი თქვას მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე ერთობლივი დეკლარაციის მიღებაზე.
„როიტერსი“ წერს, რომ ორბანი ევროკავშირს სთავაზობს, ნუ ეცდებიან უკრაინის შესახებ წერილობითი დასკვნების მიღებას, ვიდრე ევროპა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ოფიციალური მოსკოვი კი ვაშინგტონის პოზიციით კმაყოფილია. სერგეი ლავროვმა დონალდ ტრამპი შეაქო და თქვა, რომ ის პრაგმატული ადამიანია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, შტატების ახალ მთავრობას საომარი მოქმედებების დასრულება სურს, ევროპა კი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ზელენსკიმ ახალი რეალობა ვერ შეაფასა და ვერ განსაზღვრა, რომ ტრამპი და ვენსი მის შანტაჟს არ გაატარებდნენ.
„ზელენსკის, რომელსაც საკუთარმა გარემოცვამაც და ამერიკის წარმომადგენელმა კიტ კელოგმაც გასაგებად უთხრა, რომ სჯობდა ასეთი პოზიციით თეთრ სახლში არ ჩასულიყო, მან ეს რჩევები არ გაითვალისწინა. ვნახეთ, ჯეიდი ვენსმა როგორ შეუტია ზელენსკის და არ აპატია ეს უპატივცემულობა. ამ 4-წლიან ციკლში, ტრამპი სულ რომ მოკლან ან, თეორიულად დავუშვათ, იმპიჩმენტით გადააყენონ, ვენსი იქნება პრეზიდენტი. ასე რომ, ტრამპს ჰყავს ძალიან სერიოზული ვიცე პრეზიდენტი, რომელიც ბევრად ახალგაზრდა, ენერგიული და პრინციპულია.
ვინც ამერიკის პოლიტიკას მართავს, ეს არის პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი. მათთან ძალთა ბალანსი თუ სწორად არის დაცული, პოლიტიკის ხაზი ზუსტად და მკაფიოდ მიემართება. სამივე ფიგურა სინერგიას გამოიმუშავებს, ისტორიულად ასეა. ვენსი ტრამპის მთავარი დაზღვევაა და შესაბამისად, ამერიკული ახალი პოლიტიკაც დაზღვეულია და აბსოლუტურად გამყარებულია ზურგით, ეს არის შეუქცევადი პროცესი. ზელენსკიმ ვერ დაინახა და ვერ განსაზღვრა, რომ ტრამპთან ვაჭრობა, გადაბრუნებული სიტყვა, პინგ-პონგის თამაში არ გამოუვა. აქ მხოლოდ ზელენსკი არ არის დამნაშავე და უნდა ვიცოდეთ, რომ ის პატრონებისგან არის ასეთი გაზულუქებული და გატუტუცებული. ამიტომაც გაბედა ის, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა და რაც პასუხადაც მიიღო“,-ამბობს ქადაგიძე.
თეთრ სახლში შეხვედრას წინ უსწრებდა ტრამპის გარემოცვის შეხვედერა ევროპელ ლიდერებთან, რაც გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა ყოფილიყო ევროპისთვის. საქმე ისაა, რომ ვენსმა მიუნხენში მთელ ევროპას და მათ შორის ზელენსკის გასაგებად აუხსნა რას აპირებდა ამერიკის ახალი ადმინისტრაცია. თუმცა, როგორც ჩანს, ევროპა თეთრი სახლის ასეთ სიხისტეს არ მოელოდა მოხდა ის, რაც მოხდა.
„ვენსიმ მიუნხენში ბრიუსელს გასაგებად უთხრათ, რომ ან იყვნენ ამერიკის მხარეს და მათ ყველა პოზიციას ეთანხმებოდნენ, ან კიდევ მათ წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ამერიკის საგარეო პოლიტიკას ტრამპი და ვენსი როგორც წარმართავს ან იმას უნდა მიჰყვნენ ევროპელები ან საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად მოუწევთ ზრუნვა. ამ გაუთვალისწინებელი სიტუაციიდან გამომდინარე, ზელენსკიმ შანტაჟი, დატუქსვა და ამ ტრიოს სინდისზე აგდება მოინდომა - თითის ქნევის იმიტაციას ეცადა, რაც ძალიან დიდი კრახით დასრულდა. ზელენსკი ჭკუის სასწავლებლად ჩავიდა ამერიკაში, მაგრამ ვერ განსაზღვრა, რომ ცეცხლს ეთამაშებოდა.
ტრამპმა და ვენსიმ ძალიან კარგად იცოდნენ ეს სცენარი. ოვალურ კაბინეტში იყვნენ ჟურნალისტები და იცოდნენ ამ სიტუაციას მთელი მსოფლიო ნახავდა. ამერიკელების მხრიდან ყველაფერი იყო დაგეგმილი. ორი ვარიანტი ჰქონდათ ამერიკელებს, ან ზელენსკი თავს დახრიდა და საკუთარ თავზე მიიღებდა ყველაფერს, ან კიდევ მოექცეოდნენ ისე, როგორც მოექცნენ.
ჩვენ ვნახეთ ასევე უკვე სახედაკარგული ზელენსკი, რომელიც სალანძღავ სიტყვებს ხმარობს, რაც არის უდიდესი შეცდომა. ამით წითელი ხაზი გაევლო, არამედ მხოლოდ უკრაინასა და ამერიკას შორის, არამედ ბრიუსელს შორისაც. რეალურად გათვლა იყო იმაზე, რომ ევროპას, ზელენსკის ხელით, ტრამპთან ევაჭრა, რაც არ გამოვიდა“, - ამბობს ქადაგიძე.
ტრამპმა ზელენსკის ომის დასრულების 3-პუნქტიანი გეგმა შესთავაზა. გეგმა გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას იმ პირობით, რომ უკრაინაში აუცილებლად არჩევნები ჩატარდება და მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდება ის, ვისაც უკრაინელი ხალხი აირჩევს. ჯერჯერობით, ბრიუსელის ოფიციოზის მხარდაჭერით, ზელენსკი ფეხებს აბაკუნებს და გეგმა ჩაშალა. საპასუხოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა უკვე დღის სინათლეზე ფულის და ფინანსების საკითხი ამოიწია.
„ამერიკა და რუსეთი რეალურად უკვე შეთანხმებულები არიან ბუნებრივი მინერალების მოპოვების საკითხზე. აქ კი შუაში ბრიუსელი დგას და სავაჭროდ ზელენსკი ჰყავთ წინ წამოწეული. რაც შეეხება ზელენსკის მოთხოვნას ამერიკის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, აბსურდია. ნატოში მას არავინ არ იღებს და ეს კარგად იცის. ასევე თუკი სამშვიდობო ხელშეკრულება არ მოხდება, ვერანაირ ევროპელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე ვერ დადგებიან.
მეორეც კრემლი ამაზე თანახმა არ არის. მაგის გამო მოხდა ომი და ახლა ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცების ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩაყენებას ის არ დათანხმდება. შესაბამისად, ზელენსკი იმ მინერალებიდან, რომელიც რუსების მიერ არის კონტროლირებული, ვერაფერს მიიღებს, თუკი ამერიკასთან არ შეთანხმდება. ამერიკა ვერ მისცემს გარანტიას, რომ უკრაინის გამო ომს დაუწყებს რუსებს“, - ამბობს ქადაგიძე.