ევროპა საქართველოსთან მიმართებაში ერთგვარი სანქციების პოლიტიკას ამკაცრებს. როგორც ცნობილი გახდა, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო საქართველოს განათლების სამინისტროსა და სხვა უწყებებთან თანამშრომლობას აჩერებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ ერთგვარი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ საკითხი ეხება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერებას.
არსებული ვითარების ფონზე, ჩნდება კითხვა შეზღუდვები რამდენად გავრცელდება ქართველ ახალგაზრდებზე, რომლებიც სხვადასხვა გაცვლით პროგრამებსა და ერთობრივ კვლევით პროექტებში არიან ჩართულნი. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სასტიპენდიო პროგრამებზე, მათ შორის, არც Erasmus+-ისა და DAAD-ის პროგრამებზე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან კომენტარში გამორიცხავს ამა თუ იმ პროგრამების შეჩერებას და გაყინვას. მისი შეფასებით, დასავლეთის ხისტი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში შესაძლოა დიდხანს არ გაგრძელდეს.
„როგორც უწყებაში განმარტეს, ეს ეხება მხოლოდ სამინისტროების ურთიერთობას - გერმანიის ინიციატივით ჩერდება მათ შორის ურთიერთობები, მაგრამ ამა თუ იმ პროგრამების ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. პროცესები ისე მიდის, რომ არ მგონია ძალიან ბეჯითად და დიდხანს გატარდეს ეს პოლიტიკა, თუმცა, ფაქტია, რომ ევროპა გვიტევს მას შემდეგ, რაც ამერიკული ლიბერალიზმი ანუ დემოკრატიული ფრთა შედარებით ჩაქრა. კრიტიკას ამერიკიდან აღარ ვისმენთ - ახლა ლიბერალიზმის ცენტრი გადმოვიდა ევროპაში და ევროპიდან გვესმის მუქარები, სანქციებზე საუბარი და ა.შ. ვერც ეს სანქციები შეძლებენ საქართველო წელში გატეხონ, მაგრამ ფაქტია, უსიამოვნოა ეს ყველაფერი. კონსერვატიზმის გაძლიერების შემთხვევაში, ჩვენს მიმართ მანიაკალური აკვიატების ეტაპი, ალბათ, დასრულდება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ გერმანიის ეს განცხადება, დიდი ალბათობით, სამომავლო პროგრამებს შეეხება და არა წელს დაფინანსებულ პროგრამებს. მისი განმარტებით, გერმანიის განათლების მინისტრის შეცვლის შედეგად, შესაძლოა არსებული ვითარება შეიცვალოს საქართველოსთან მიმართებაში.
„ამ წელიწადს რაც არის დაფინანსებული და განსაზღვრული, ის პროგრამები გაგრძელდება. როგორც ჩანს, ეს ეხება სამომავლო თანამშრომლობის შეჩერებას, მაგრამ გერმანიაში ახალი მთავრობა ყალიბდება - დიდი ალბათობით, ოზდემირი აღარ იქნება გერმანიის განათლების მინისტრი. შესაძლოა ახალმა მინისტრმა სხვა პოზიცია დაიჭიროს. ცნობილია, რომ გერმანიის განათლების მინისტრი გამოირჩევა ანტიქართული და პროაფხაზული პოზიციებით.
ზოგადად, ეს გადაწყვეტილება ჯდება იმ პოლიტიკაში, რასაც გერმანიის მთავრობა ატარებდა საქართველოსთან მიმართებაში, რომ თანდათან შეეკვეცა თანამშრომლობის პროგრამები, რაც გააკეთეს ევროპის ცალკეულმა სახელმწიფოებმა. ეს იმ პოლიტიკის გამოძახილია - ვიდრე საქართველოში არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც არ ატარებს იმ პოლიტიკას, რაც მოსწონს და სურს ევროკავშირს, დაიწყონ ნელ-ნელა თანამშრომლობის პროგრამების შეჩერება“, - განგვიცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური მინისტრის, ჩემ ოზდემირი ალექსანდრე წულაძეს წერს, რომ საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას „ქართული ოცნების“ მიერ ევროპული გზიდან გადახვევის გამო აჩერებს. გერმანიის ელჩის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში შეწყდება სტუდენტთა მობილობა, ასევე საქართველოს მონაწილეობა კვლევებსა და ევროკავშირის პროგრამებში.
„უკვე ორ თვეზე მეტია, საქართველოში ხალხი მშვიდობიან დემონსტრაციებს მართავს თავისი ევროპული მომავლისთვის. დემონსტრანტებს შორის ასევე არის უამრავი მეცნიერი, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფალ მეცნიერებას და ევროინტეგრაციას. აკადემიური თავისუფლება დაცული უნდა იყოს. ეს არის ასევე ორ ქვეყანას შორის წინა თანამშრომლობის საფუძველი.
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ და საქართველოში აკადემიური თავისუფლების მზარდი შეზღუდვა ხელს უშლის ჩვენი თანამშრომლობის მიზნების განხორციელებას. ამიტომ, მე გადავწყვიტე შევაჩერო დაგეგმილი თანამშრომლობა თქვენს სამინისტროსთან“, - წერს ოზდემირი.