რატომ აძლევენ ნაციონალები და ზაზა ხატიაშვილი ონიანის დაკავებას პოლიტიკურ ელფერს

რატომ აძლევენ ნაციონალები და ზაზა ხატიაშვილი ონიანის დაკავებას პოლიტიკურ ელფერს

გუშინ, 23 თებერვალს სამართალდამცავებმა ადვოკატი გიორგი ონიანი დააკავეს. რაღა თქმა უნდა, ამ ამბავს ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა მხრიდან პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა და ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური დაკავებაა. სხვათა შორის, არც თუ შორეულ წარსულში, დაკავებების სერიას სწორედ ნაციონალები ატარებდნენ და თან ისე, რომ ნებისმიერი ადამიანი არათუ მაშინვე ცხადდებოდა დამნაშავედ, არამედ პროკურატურამაც და მოსამართლემაც უკვე იცოდნენ, რამდენს მიუსჯიდნენ (უარეს შემთხვევაში), ან რამდენს გადაახდევინებდნენ საპროცესო გარიგების შედეგად (უკეთეს შემთხვევაში).

სხვათა შორის, არ იქნება ურიგო, თუ ნაციონალური მოძრაობის წევრები იმ ათიათასობით დაკავებებიდან ერთ კადრს მაინც ნახავენ, რომელშიც გამოჩნდება, რომ დაკავებულს სამართალდამცავები კამერების წინ აჩერებენ და განცხადების გაკეთების შესაძლებლობას აძლევენ. ონიანს ამის შანსი მიეცა და მანაც მშვიდად ჩამოაყალიბა ის, რასაც ფიქრობდა, და შეფასებებიც გააკეთა.

პარალელურად, უცნაური განცხადება გააკეთა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა. მისი განცხადებით, ხელისუფლებას ადვოკატთა დევნა არ შერჩება და ისე გამოვიდა, თითქოს ადვოკატობა იმუნიტეტი იყოს. დამნაშავე, ადვოკატი იქნება, ზეინკალი თუ მინისტრი, უნდა დაისაჯოს. საინტერესოა, ხატიაშვილს თუ აქვს ნანახი ის კადრები, პოლიციელი ონიანი ქუჩაში მოქალაქეებს რომ ურტყამს და თუ უნახავს, რატომ არ ამბობს, რომ ეს დანაშაულია? თუ, ხატიაშვილმა ივარაუდა, რომ ონიანი შემდგომში ადვოკატი გახდებოდა და კოლეგიალობა დაიცვა?

რაც შეეხება უშუალოდ ბრალს...

პროკურატურის ინფორმაციით, ონიანმა 2011 წელს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, შპს “დაო-პრინტის” მენეჯერი, დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა. შპს “დაო-პრინტი” იმ დროისათვის პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” ლოგოიანი მაისურების დამზადებას ახდენდა და სწორედ ეს ფაქტი გახდა შათირიშვილის დაკავების მიზეზი, რაც მას პირდაპირ დაუფიქსირა საუბარში ონიანმა დაკავების შემდეგ.

დავით შათირიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, გიორგი ონიანმა საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და დაავალა რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების დავით შათირიშვილის პირადი ჩხრეკისას ამოღების ფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.

გიორგი ონიანის ძალისხმევის შედეგად დავით შათირიშვილს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით, და საქმე საბრალდებო დასკვნით არსებითად განსახილველად წარიმართა სასამართლოში.

პროკურატურა ეჭვობს, რომ საბოლოო ჯამში, შათირიშვილს მარიხუანა ონიანის მითითებით ჩაუდეს და სწორედ ეს არის გამოძიების მიზანი - დაადგინოს, მართლა მოხდა თუ არა აღნიშნული ფაქტი და წინასწარ იმის მტკიცება, დამნაშავეა თუ უდანაშაულო ონიანი, ელემენტარულად უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა.

აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია: როგორც კი ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წევრს დააკავებენ, მაშინვე ჩნდება ინფორმაცია, რომ დაკავებული კონკრეტულ რაიონში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას. კარგი იქნება, თუ ნაციონალური მოძრაობის წევრები გამოაქვეყნებენ სიას, რომელშიც აღნიშნული იქნება, კონკრეტულად ვინ სად აპირებს კენჭისყრას და იმასაც თუ მოაყოლებენ, რომ ამ ადამიანებს სუფთა წარსული აქვთ და უკანონო არასდროს არაფერი ჩაუდენიათ.

რა თქმა უნდა, ამის გაკეთება რთულია, მაგრამ ხომ გვიმტკიცებენ, მთელი 9 წელი ქვეყანას ვაშენებდით და უბრალოდ, თქვენ ვერ გაიგეთ, რამხელა ნაბიჯებით მივიწევდით წინო. მათ უნდა ახსნან, იგივე ონიანი რატომ გახდა ადვოკატი მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, რატომ არავინ მოთხოვა პასუხი იმაზე, რომ ქუჩაში, კამერების თვალწინ ადამიანებს ცემა-ტყეპით სვამდა მანქანაში და თურმე ახლა თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი.

როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრები ამტკიცებენ, საავადმყოფოში გადაყვანის დროს ონიანზე სასწრაფო დახმარების მანქანაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ იმ 24 ათასი პატიმრიდან, რომელიც წინა ხელისუფლებამ ახალს დაუტოვა, 99 პროცენტი რამდენიმე ადამიანის მიერ ნაცემი კი არა, სასიკვდილოდ გამეტებული იყო, თუმცა მაშინ არც ნაციონალურ მოძრაობასა და არც თავად ონიანს აზრად არ მოსვლიათ, ამაზე ხმა ამოეღოთ. ახლა კი, მაქსიმალურად ცდილობენ, ისე დახატონ სიტუაცია, თითქოს მთელი სახელმწიფო მანქანა ამუშავდა იმისთვის, რათა გიორგი ონიანი გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყო და ვაზისუბანში ნაციონალურ მოძრაობას არჩევნები წაეგო.

არადა, ეს ერთი რიგითი საქმის რიგითი გამოძიებაა, რომელშიც ეჭვმიტანილი ნაციონალური მოძრაობის რიგითი წევრი, გიორგი ონიანია.