დიტო გელოვანი: ბოთლები ჩქარა!

დიტო გელოვანი: ბოთლები ჩქარა!

მთელი ფაფა თავის თეფშზე რომ მოაქცია, კარლსონმა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ჭამა. ჭამა კი არა, ღმურძვლა. რამდენიმე წუთს სამზარეულოში პირის ისეთი წკლაპუნი იდგა, სხვას ვერაფერს გაიგონებდი. ასეა ხოლმე, როცა ვინმე ძალიან ხარბად სანსლავს ფაფას. „სამწუხაროდ, დეიდა ავგუსტას ხათრით შესაჭმელი აღარაფერი დარჩა, - კარლსონმა ხელისგულით მოიწმინდა ტუჩები, - მაგრამ, ამას რას ვხედავ! აქ, თურმე, ფუნთუშებიცაა! წყნარად, წყნარად, ძვირფასო დეიდა ავგუსტა, ყველაფერი კარგადაა, იცხოვრე მშვიდად შენს შორეულ ქალაქ ტუმბეში ან სადაც გინდა. მე კი, შენი ხათრით, ფაფის მაგიერ ორ ფუნთუშას შევჭამ. შეიძლება, სამიც შევჭამო... ან ოთხი... ან სულაც ხუთი“.

(ასტრიდ ლინდგრენი, „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“)

ხოლო ჩვენ ვისი ხათრით თუ ვის ჯინაზე ვჭამთ იმას, რისი არათუ ჭამა, ფეხის ჩადგმა, გადავლა ან გვერდით ჩავლა და დანახვაც რომ საზიზღრობაა? არ ვთქვათ, თითქოს ასე არ არის. არის. დარტყმა, არის! რა დაგვარტყეს ამისთანა, ჩეჩმა და საშაქარლამო ერთმანეთისგან რომ ვერ გაგვირჩევია! იქნებადა, არც დაურტყამს ვინმეს, იქნებ თვითონ მივარტყით თავი და მას შემდეგ ასე ვართ, დარტყმულები და როგორც დარტყმულს შეფერის, ვსხედვართ და, ეს მრავალხმიანობით განთქმული ხალხი ერთ ხმაში ვიმეორებთ: „სარტყელი მივირტყი, მოვირტყი, მორტყმული დავიარებით“.

მამალი დედალს რომ ჩინჩლავს, ეზოში საკენკს რომ გადმოყრიან, მამალი დედალს რომ შეეშვება და დეზ-ნისკარტის მტვრევით რომ გარბის საკენკისკენ და მიხო რომ ამბობს, ღმერთო, აი ასე არ მომაშიოო... საკენკიც ბევრი აგვიკენკავს და ისიც ბევრი გვიჭამია, რისი ჭამაც არ შეიძლება. მთელი გასული კვირა ამის დასტური იყო, ყოველი დღე და ყოველი ნიუსი, რომელსაც ჩემი მეგობარი სააგენტო ათეულობითა და ასეულობით მაწვდის.

რა თქმა უნდა, მეხანძრეთა შიმშილობა სულაც არ არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც გასულ კვირაში მოხდა, მაგრამ ჭამა ვახსენე და მაგაზე გამახსენდა. როცა ჭამ, ხომ ჭამ და ზოგჯერ არ ჭამ, მაგრამ მაინც ჭამ

„მოშიმშილე მეხანძრეებს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მოშიმშილეებთან "ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები", "მწვანე მუშტი", "სამოქალაქო ჩართულობა" და "საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები" მივიდნენ. როგორც "ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარე რევაზ კარანაძემ განაცხადა, კაზრეთის მუშების მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს მოშიმშილე მეხანძრეებსაც“.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუ რას მოითხოვენ მეხანძრეები, მაგრამ ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ რამ აიძულა ისინი, რომ ასეთი რადიკალური ზომებისთვის მიემართათ. შრომის პირობები, ანაზღაურება, დამოკიდებულება... შესაძლოა, ჩამოთვლამ შორს წაგვიყვანოს და დიდხანს ვერც გავიდეთ ბოლომდე. ალბათ, გუშინ და გუშინწინ მოხდა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა მომხდარიყო და იქნებ დღესაც ხდება ის, რის გამოც ხვალ კიდევ დაჯდება ვინმე საშიმშილოდ. მგონია, რომ ხდება, თავად ნიუს გვეუბნება ამას - „მოშიმშილეებთან "ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები", "მწვანე მუშტი", "სამოქალაქო ჩართულობა" და "საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები" მივიდნენ“.

ახალგაზრდა კაცს სოციალ-დემოკრატობა რომ მოუნდება და მოშიმშილეებთან სიარულს სამოქალაქო ჩართულობად რომ ჩათვლის... ახალგაზრდა მწვანეები ხომ ახალგაზრდები არიან (სხვანაირად, ასე არც დაირქმევდნენ) და რატომღაც სახელწოდებად „მწვანე მუშტი“ პენსიონრებს რომ ამოერჩიათ...

ისინი ყველანი ახალგაზრდები არიან, ოღონდ უცებ დაბერებულები, რადგან არაფერი ისე არ აბერებს ადამიანს, როგორც პატივმოყვარეობა. მაგრამ, ასაკი მაინც ასაკია და წინადადება „ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს მოშიმშილე მეხანძრეებს“ ასე მესმის: „ჯიგრები ხართ, ძმებო, გვერდით გვიგულეთ, მხარს გიჭერთ, გააგრძელეთ შიმშილობა“ - უთხრეს ახალგაზრდა პერსპექტიულებმა შუახნის უპერსპექტივოებს და წავიდნენ რესტორანში. იმისთანა სუფრა გაიშალა, ჩიტის რძეც არ აკლდა. „ხაჭაპურით არ დაიწყო, თორემ მერე ვეღარაფერს შეჭამ“ - გააფრთხილა  შედარებით გამოცდილმა ახალგაზრდა პერსპექტიულმა შედარებით გამოუცდელი ახალგაზრდა პერსპექტიული“.

გაივლის წლები და ამ ყმაწვილებიდან რომელიღაც - სახალხო დამცველი გახდება, რომელიღაც - პროფკავშირების თავმჯდომარე, რომელიღაც - კულტურის მინისტრი და რომელიღაცამ, იქნებ, ფინანსთა მინისტრობასაც კი გამოკრას ხელი...

„სახალხო დამცველი მოშიმშილეებს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველი მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც უკვე მეათე დღეა შიმშილობენ და პირადად მათგან მოისმინა პრობლემების შესახებ, რომლებიც დასაქმებულებს უწყებაში მუშაობისას ექმნებათ. უჩა ნანუაშვილი საპროტესტო აქციაზე პროფკავშირების თავმჯდომარესთან ერთად მივიდა“ - ეს ამბავი ნამდვილად არ დაესიზმრებოდა ჩემს მეგობარ სააგენტოს. უბრალოდ, ორივე უსაქმურს თავ-თავისი პრეს-სამსახური აქვს და ამასაც თუ წაიკითხავთ, ნამდვილად არ ინანებთ: „დღეს, 18:00 საათზე აქციის მონაწილეებს პროფკავშირების ქალთა კომიტეტის და სხვადასხვა ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები მოინახულებენ და მოშიმშილეებს სოლიდარობას გამოუცხადებენ“.

ზედმეტად ბევრი სტრიქონი ხომ არ მივუძღვენი ამ აქციას? არა, რადგან სწორედ უსაქმურობაა იმ ერთი რამის ჭამა, ზემოთ რომ მოგახსენებდით და ეს რომ აქტუალურია, ამას ეს ორიოდე პწკარიც ადასტურებს: „ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იმ დეპუტატების დაჯარიმებას ითხოვს, რომლებიც კომიტეტის სხდომებს გაურკვეველი მიზეზებით აცდენენ“.

ჩვენში დარჩეს და, არ მგონია, რომ ამ საქმეს ჯარიმებით და სანქციებით ეშველოს რამე და არც ის მგონია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყოს გამოსავალი. „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“ - ამბობდა ცნობილი გურული მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ეგნატე ნინოშვილი და დასძენდა ხოლმე: „ჰეი, ვინ მოდის მანდ, მომავლიდან“.

მომავლიდან მოდიან "მწვანე მუშტი", "სამოქალაქო ჩართულობა", "საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები" და "ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები", ამ უკანასკნელებს კი იმდენივე წარმოდგენა აქვთ სოციალ-დემოკრატიაზე, რამდენიც ჟურნალ „ლიბერალს“ - ლიბერალიზმზე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას - ეთიკაზე და ნაციონალური მოძრაობის წევრს - დემოკრატიაზე. ორი კვირის წინ თბილისის საკრებულოსთან აქცია რომ ჩატარდა - „არ დაამტკიცოთ დედაქალაქის ბიუჯეტი“ - ვერავინ დამარწმუნებს, რომ აქციის მონაწილეებს ერთხელ მაინც ქონდათ გადაკითხული ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიღებასაც აპროტესტებდნენ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბიუჯეტის პროექტი არც იმათ ექნებათ წაკითხული, რომლებიც სასწრაფოდ ითხოვენ მის მიღებას.

არავინ არაფერი იცის, ვერავინ ვერაფერს ხვდება, საქმის გაკეთება არავის სურს. ქვეყანაშია ფერები მუქი, მაგრამ შიგადაშიგ უგემოვნო მწვანეც გამოსჭვივის.

„დეპუტატი გია გაჩეჩილაძე უმრავლესობის დატოვების მიზეზად "მწვანეთა პარტიის" მიმართ არსებულ დამოკიდებულებას და უთანხმოებას ასახელებს. "ვტოვებ უმრავლესობას, რადგან დამოკიდებულება ჩემი პარტიის მიმართ ძალიან ცუდია. უმრავლესობაში "მწვანეთა პარტიის" იდეებისა და აზრების გათვალისწინება არ ხდება" - განუცხადა ჟურნალისტებს გაჩეჩილაძემ“ - თავზარდამცემ ამბავს იუწყებოდა ჩემი მეგობარი სააგენტო.

ალბათ, ყველამ იცით რა იგულისხმება გაჩეჩილაძის ამ სიტყვებში: „უმრავლესობაში "მწვანეთა პარტიის" იდეებისა და აზრების გათვალისწინება არ ხდება“. მაინც შეგახსენებთ - გაჩეჩილაძეს უმრავლესობის ლიდერების მიმართ უკმაყოფილება მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსების სქემაში, "მწვანეთა პარტიისთვის" თანხის გამოყოფის განსაზღვრა არ მოხდა. თუ მეხსიერება არ მღალატობს, გაჩეჩილაძე 300 ათასი ლარს ითხოვდა, პარტიამ ხომ უნდა იფუნქციონიროსო! რეგიონულმა ოფისებმა ხომ უნდა იმუშავონო!

გაჩეჩილაძის მადა უზომოა (300 ათასით იწყებენ ხოლმე), მაგრამ რადგან ზომაზე მიდგა საქმე, იმის ტვინის ზომებიც დავადგინოთ, ვისი ინიციატივითაც გაჩეჩილაძე პარლამენტში მოხვდა. ბავშვობაში ტელევიზორი მქონდა - „ჰორიზონტი“, ტელევიზორის გვერდით ყოველთვის იდო ბრტყელტუჩა, ანუ ჩვენებურად პლასკაგუბცი, რომლის საშუალებითაც ხდებოდა არხიდან არხზე გადართვა. ჰოდა, იმ ტელევიზორს რომ გამოვრთავდი, სულ ბოლოს წერტილი რჩებოდა და გაჩეჩილაძის გამდეპუტატებელს იმ წერტილისოდენა ტვინიც არ გააჩნია.

თუმცა, რა გინდა - ისევ ეგენი და ეგეთები მოძრაობენ, მაგრამ შედეგი? ნული რაზეც არ უნდა გაამრავლო, მაინც ნული იქნება. მოძრაობით კი, მაინც მოძრაობენ, საქმე არ აქვთ, მაგრამ მაინც მოძრაობენ და ის ძველი ანეკდოტი გამახსენდა... თბილისელი ქუთაისში ავტობუსში ავიდა. მგზავრები სალონში მოძრაობენ, მიდი-მოდიან და გადი-გამოდიან. „რა ხდება?“ - იკითხა თბილისელმა. „მძღოლმა თქვა, უბილეთოდ ნუ გაჩერდებითო“ - იყო პასუხი.

გასულ კვირაში პარლამენტმა ასარჩევ მერებს და გამგებლებს ბილეთის ფასი გაუძვირა. უკან დარჩა წივილ-კივილი და ვნებათაღელვა თემაზე „40 პროცენტის მასხარა დედა ვატირე, მაიტა 50 პროცენტი“. მოითხოვეს და მიეცათ, თუმცა, როგორ მიეცათ მთელი მუღამი და მარილი სწორედ მაგაშია

„50%-იან ბარიერთან დაკავშირებით გადამწყვეტი ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია აღმოჩნდა. კოალიციაში რამდენიმე კვირის განმავლობაში სერიოზული დებატები მიმდინარეობდა. პირველივე შეხვედრაზე თავად ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია 50%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწესებაში მდგომარეობდა. მან მოახერხა თითოეული ჩვენგანი დაერწმუნებინა, რომ სჯობს ასეთი ტიპის ნაბიჯი გადავდგათ, საქართველო ემზადება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად და ამ კონტექსტში მისი პოზიცია ძალიან დამაჯერებელი იყო", - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

როგორც ეგნატე ნინოშვილი იტყოდა, ვაი თქვენს პატრონს, მაგრამ რადგან ქართველები ცოტანი ვართ, რადგან „ახლა საჭიროა ყველა ჯანსაღი ძალის კონსოლიდაცია“ და „ჩვენიანებად“ და „თქვენიანებად“ დაყოფის დროც აღარ დარჩა, ბ-ნ ნინოშვილს ბოდიშის მოხდით შევუსწორებ და ასე ვიტყვი: „ვაი ჩვენს პატრონს“.

ვინ დაიჯერებს, რომ ორი კვირა ერთ პოზიციაზე იდგნენ და უცებ, წკაპანაცია და... სხვა პოზიციაზე აღმოჩნდნენ. სიმართლე კი ის არის, რომ არანაირი პოზიცია არ ჰქონდათ. უთხრეს 40 პროცენტს მიაწექითო და აწვებოდნენ. უთხრეს, მიაწექით 50 პროცენტსო და - მიაწვნენ. აი, თქვენ კი მიაწექით არმაგედონის ზანგის ასივე პროცენტს, თქვე მართლა უცებ და შემთხვევით კეთილმოწყობილებო, თქვენა!!! გიჟ-ვრაცუები ხართო - დაგვცინოდნენ და უცებ ბანძ-ნაცუების მასხარად ასაგდებები გავხდით! შუშის ბოთლზე დასასმელებს პარლამენტში პლასტმასის ბოთლებს ესვრიან... მორჩა, ორშაბათიდან აღარ ვაბარებ ბოთლებს. მეგონა, დადგა ჟამი ბოთლების ჩაბარებისა-მეთქი, მაგრამ შევცდი, ბოთლების შეგროვების ჟამი კვლავ გრძელდება. ბოთლისთვის კი სულერთია, ვინ აღმოჩნდება მასზე, ნაცი თუ ქოცი. მოკლედ, განვითარებული სოციალიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ - „ყველას დამსახურების მიხედვით“.

არ ვიცი თუ ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რით დაიმსახურა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტობა, მაგრამ მუშნი ზარანდიამ რომ თქვა, ჩინი თანამდებობას ახლავსო, პარლამენტში სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტის პოსტის თანმხლებია. მივიდა, ნახა გამოვიდა - ვენი, ვიდი... და რაღაც. არ მინახავს, არ მომისმენია. ხანდახან რომ გადართავ, ხანდახან რომ მოკრავ თვალს და ყურს, მაგას არც ნახვა ქვია და არც მოსმენა, მაგრამ ჩემთვის და თქვენთვის, ანუ ჩვენთვის, არსებობს ჩვენი მეგობარი სააგენტო, რომელიც ზრუნავს ჩვენს ინფორმირებულობაზე და აქედან გამომდინარე, ვიცით, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას პარლამენტში ისმოდა კაკალაშვილის პოეზია და სიტყვები: „ბოზი“, „ჩათლახი“, „ფარჩაკი“, „ჩარეცხილი“.

პრეზიდენტის სიტყვა იყო მშვიდი და დალაგებული, მაგრამ მერე ამით რა? გამოვიდნენ ნაცები - „მთავრობა აღმოჩნდა ერთადერთი ინსტიტუცია, რომელმაც ქართველი ხალხის არჩევანს პატივი არ სცა“, „პრეზიდენტის ინსტიტუტი კნინდება და ეს თავად გიორგი მარგველაშვილის ბრალია“, „საქართველოს პრეზიდენტი იმსახურებს, რომ მის გამოსვლას მთავრობა ესწრებოდეს“ -  და კიდევ ერთხელ გადავირიეთ.

რა დავაშავეთ?! - ამ კითხვას ხშირად ვუსვამდი საკუთარ თავს და ნაცნობ-მეგობრებს, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერს ვხვდები. აი ეს რომ საქართველოში მომხდარიყო, ეს ნიუსი საქართველოდან რომ გავრცელებულიყო, ყველაფერი კარგად იქნებოდა: „ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, უმაღლესი რადას ყოფილ სპიკერს ვლადიმერ რიბაკს სცემეს. ამის შესახებ იანუკოვიჩმა ტელეკომპანია "112"-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რიბაკმა თანამდებობა დატოვა, სცემეს, რის გამოც ის დონეცკში სამკურნალოდ გააგზავნა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ირწმუნება, მისი ადმინისტრაციის უფროსს, ანდრეი კლიუევთან მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინებები მიდის. იანუკოვიჩმა დასძინა, რომ მისი პირადი მანქანაც დაცხრილეს“.

„ამაყი ვიქნებოდი, პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნის 20%-ის დამპყრობლისთვის ერთი სიტყვით ოკუპანტი მაინც ეწოდებინა“ - აღნიშნა უმცირესობის უმცირესმა, გიორგი ღვინიაშვილმა. რა ცოტა ყოფნის ნაცს სიამაყისთვის... და სიხარულისთვისაც. ამბობენ, 2008 წლის 12 აგვისტოს, როცა ნაციონალური მოძრაობა ომში გამარჯვებას რუსთაველზე ზეიმობდა, გიორგი ღვინიაშვილი სიხარულით დახტოდაო. არ მჯერა, რომ ის ხტუნაობა მისი ინიციატივა იყო. უთხრეს, იზეიმეო და იზეიმა, ზუსტად ისე, როგორც „ქ. ოცნებისა“ და 50-პროცენტიანი ბარიერის შემთხვევაში.

დადგება ის დღე, როცა მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ვეტყვით: „ფეჩები ხართ და ბოლები გამოუშვით“, მაგრამ სანამ ეგ მოხდება, კიდევ ბევრჯერ მოხდება ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში. მანამდე, წლების განმავლობაში ხომ ლეიბორალისტები ჭამდნენ ტვინს ათასგვარი განცხადებებით, გასული კვირიდან მოყოლებული კი ამ ნიშის დაკავებას უმრგვალმაგიდო (იმ მაგიდის ოთხივე ფეხი დამპალი აღმოჩნდა) „თავისუფალი საქართველო“ ცდილობს: "თავისუფალი საქართველო" ცენტრალურ აფრიკაში ქართული ჯარის გაგზავნის წინააღმდეგია; "თავისუფალი საქართველო" დავით უსუფაშვილს "თაღლითობაში" ადანაშაულებს; "თავისუფალი საქართველო" - ხელისუფლება, საარჩევნო და თვითმმართველობის კოდექსებს ვენეციის კომისიაში აღარ გააგზავნის; "თავისუფალი საქართველო" - "ქართული ოცნება" ადასტურებს, რომ თბილისის ბიუჯეტის არც ერთი ვარიანტი არ დამტკიცდება“.

თავისუფალი საქართველო... თავისუფალი, ოღონდ რისგან? ფიქრისგან, განსჯისგან, განათლებისგან, პასუხისმგებლობისგან, რწმენისგან, სიყვარულისგან... თავისუფალი. ჰა და ჰა, იქნებ სცადოს ვინმემ და დაიკავოს ის ნიშა, სადაც ნაფიქრი აზრი, გულწრფელი სიტყვა და საშური საქმეა.

ბანძ-ნაცუებმა დაიკავეს ნიშა „დიდება უკრაინას“. აქციები მოაქყვეს ბათუმში, თბილისში, ქუთაისში...

დატკბით: „Slava Ukraine, Heroes Slava, - ამ სიტყვებით პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი გამოვიდა. გაბაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და უკრაინელი ხალხის გმირობის შესახებ ისაუბრა“.

გაბაშვილს რატომღაც არავინ გააახსენა საქართველოსთვის დაღუპული ბიჭების მემორიალთან როგორ მიუსიეს ძაღლები ბიჭებს, რომლებიც ყოველთვის მზად იყვნენ და ახლაც მზად არიან, რომ საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შეწირონ.

ისე, საერთოდ რა უნდა ილაპარაკო იმ ქვეყანაში, სადაც ფინიშამდე ვერმისულ მოთხილამურეს უფრო მეტი დაფასება აქვს, ვიდრე... რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო?

გასული კვირის ზოგიერთი ნიუსის სათაურებს ჩამოვთვლი მცირე კომენტარებით.

„გიგი უგულავა კენჭს საკრებულოს დეპუტატად იყრის“. სარი უთხრია...

„თბილისის საკრებულოს სხდომას უმცირესობა არ ესწრება“... 17 მაისს ხომ დაესწრებიან უმცირესობების შეკრებას? მაგათი ადგილი იქ არის და არა საკრებულოში.

„დავით უსუფაშვილი: "ქართული ოცნება" არჩევნებს ოდესმე აუცილებლად წააგებს“... რაც უფრო მეტად (ოღონდ, ზომიერად) გაუფრთხილდებით ნაცებს, მით უფრო გვიან მოხდება ეს.

„დავით უსუფაშვილი: „ჩემი წინადადებით დავით ბაქრაძის განცხადების სერიოზულობის შემოწმება მინდოდა“... რად უნდა შემოწმება? ქლიბია-მეთქი, ქლიბი!

„დავით უსუფაშვილი: „პარტიებს სჭირდებათ დაფინანსება და კეკლუცობა სწორი არ იქნება“. თუ არ იკეკლუცებენ, ისე ვინ დააფინანსებს?

„თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი გახდა“ და „ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს, თამაზ მარგველაშვილს უფლებამოსილება შეუწყდა“... არ შეგვჭამეს ამ მარგველაშვილებმა?

„უკრაინის სოლიდარობის მიზნით, ხუთმა მოქალაქემ თბილისში რუსული რომანსის საღამო გააპროტესტა“... აქაც ხუთიანი?!

„პრეზიდენტის სასახლეში გამოფენა "ხელოვნება მართავს" გაიხსნება“... უკომენტაროდ!

„მიხეილ სააკაშვილი: „ევროპამ უნდა გაიღვიძოს“... წადი შენი!..

დავით უსუფაშვილი: „პრეზიდენტი არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რა ფასებია ბაზარში, როგორია ლარის კურსი, როგორია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი“... აბა ვინ არის? ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!

გიორგი მარგველაშვილი: „საკუთარი ხალხის მიმართ იარაღის გამოყენება არც ერთ ხელისუფლებას არ შერჩენია“... მაიცა და, ნაცებს არ შერჩათ?

„სამთავროს დედათა მონასტერში შესასვლელად 600-მდე საშვია გაცემული“... ერთ-ერთი საშვი ნოდარ ხადურზე გაიცა, იმ ნოდარ ხადურზე, რომელიც წინა დღეს ამბობდა, პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე დასწრებას კანონი არ მავალდებულებსო.

„სამთავროს დედათა მონასტერთან სასულიერო პირები და მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ“... აღშფოთებით, შეშფოთებით, გულისტკივილით და უკომენტაროდ!!!

ა.ა.წ. (არსადაც არ წავალ) კარლსონმა ხელი სტაცა გუნილას და ღვეზელის ნაჭერი უკან დაადებინა. „ასეთი ღორმუცელა გოგო ჯერ არ მინახავს, - თქვა კარლსონმა და თეფშზე კარგა გვარიანი ნაჭერი დაიდო - მსოფლიოში ღვეზელის სინსილის გამწყვეტი სახურავის ბინადარი კარლსონია“, - გაიღიმა კმაყოფილმა. „აქედან წავიდეთ“ - წაიჩურჩულა დედამ. „კარგს იზამთ, თორემ ძალიან მრცხვენია...“ - განუცხადა კარლსონმა.

(ასტრიდ ლინდგრენი, „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“)