ვიაგრაგაკეთებული მაღალჩინოსნის ვნებები

ვიაგრაგაკეთებული მაღალჩინოსნის ვნებები

ჯგუფი „ოთხი გია“ საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბოლო წლების განმავლობაში მომღერლები დიდ სცენაზე იშვიათად ჩნდებიან და ძირითად ძალ-ღონეს საკუთარ პროფესიებს უთმობენ. რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ წერილში ჯგუფის წევრების რამდენიმე მოგონება შემოგთავაზეთ. ნება მომეცით დღეს ამ შესანიშნავ მუსიკოსებს კიდევ ერთხელ დავუბრუნდე და მორიგი სახალისო ისტორიები გაგაცნოთ.

თავდაპირველად სიტყვას ბატონ გია ბეროშვილს გადავცემ. ეს პიროვნება ექიმი გახლავთ, სექსოლოგი. პროფესიის თავისებურების გამო სხვადასხვა ორიგინალურ  მდგომარეობაში ხშირად ვარდება და მოსაყოლ-გასახსენებელი ბევრი გააჩნია.

„ერთხელ, მე და პაატა სოფრომაძე, რომელიც ასევე სექსოლოგი, კოლეგა და მეგობარია, ვსხედვართ კაბინეტში. უცებ, კარები გაიღო და ძალოვანი სტრუქტურის ერთ-ერთი თანამშრომელი შემოვიდა. შემოგვჩივლა, დელიკატური საქმე მაქვს და თუ შეიძლება დამეხმარეთო. მოკლედ, ხდება ხოლმე რომ პირველ ღამეს ცოლ-ქმარი ანუ შეყვარებული წყვილი, მოჭარბებული ემოციის, შინაგანი მღელვარებისა და ამა თუ იმ მიზეზის გამო, ხანდახან ვერ ახერხებს ერთად სექსუალურ ცხოვრებას. თურმე იგივე პრობლემა ჰქონდა ამ კაცსაც.

ცოლთან ერთად სასტუმრო „აჭარაში“ დაბინავდა, ცოლი იქ დატოვა და თავად ჩვენთან მოვიდა კლინიკაში კონსულტაციისთვის. მაშინ, სასტუმროში ქალის შეყვანა ასე ადვილი არ იყო, ახლა რომ არის. მოკლედ, მოვიდა და გაგვანდო თავისი გაჭირვება. ადრე იყო ასეთი, მეთოდი: სასქესო ორგანოზე მამაკაცს უკეთდებოდა მასტიმულირებელი საშუალების ინექცია, რომელიც გამოიწვევდა მამაკაცურ აღგზნებას, სასქესო ორგანო მწყობრში დგებოდა და მას გარკვეული დრო ჰქონდა საყვარელ ქალთან სექსუალური აქტის ჩასატარებლად. ეს შევთავაზეთ. მოგვისმინა, დაფიქრდა და დაგვთანხმდა. ჩავუტარეთ პროცედურა, გავუკეთეთ ნემსი, დავარიგეთ როგორ მოქცეულიყო, დრო რამდენი ჰქონდა და გავუშვით სასტუმროში თავის საყვარელ ცოლთან სექსუალური აქტის ჩასატარებლად. წავიდა. არ გავიდა ერთი საათი და უკან დაბრუნდა. ვიფიქრეთ, ეტყობა, თავისი საქმე წარმატებით ჩაატარა და მადლობის სათქმელად მოვიდა ჩვენთანო. გამოვკითხეთ, აბა, როგორ არის საქმეო. დაღონებულმა გაგვიმხილა: რა როგორ არის, ვერაფერი მოვახერხე, გაუვიდა წამალს მოქმედების ვადა, რომ მივედი სასტუმროში ვიფიქრე, ბოლოს და ბოლოს ცოლია, ასე ხომ არ მივახტები-მეთქი, სუფრა გავშალე, ჭიქა მივუჭახუნე, აღვნიშნეთ ჩვენი შეუღლება, მერე ვაკოცე, მოვეფერე და საქმე რომ უნდა დამეწყო კარზე დააკაკუნეს. გავაღე კარი და ორი პოლიციელი შემრჩა. ვიფიქრე, კოლეგები ვართ, ნეტავ, რა მოხდა და ვკითხე, რა გნებავთ-მეთქი. მითხრეს, ინფორმაცია შემოვიდა, თურმე მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ერთად ხართ აქ მობრძანებულიო. ვუპასუხე, როგორ გეკადრებათ, ჩემი ცოლია, გამოვუტანე ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობები, თუკი რამე საბუთები მქონდა და სანამ ისინი დავარწმუნე და გავუშვი, წამლის მოქმედებამაც გაიარაო. გვთხოვა, იქნებ, ერთი ნემსი კიდევ გამიკეთოთ, ხომ იცით, ეს საქმე დღეს უნდა მოვაგვარო ცოლთანო.

რაღას ვიზამდით, ისევ დავარჭვეთ ნემსი და გავუშვით სასტუმროში. გავიხედეთ, გავიდა ერთი საათი და ისევ მოგვადგა. ვიფიქრეთ, გამოვკითხავთ ერთი როგორ ჩააბარა გამოცდა ცოლთანო და გადავირიეთ. გვითხრა, ისევ ცუდი ამბავი დამემართა, ვერაფერი მოვახერხე, ისევ გაუვიდა წამალს ვადაო. დავჭყიტეთ თვალები, ვკითხეთ, ისევ პოლიცია დაგადგა თავს თუ რა მოხდაო. გვიპასუხა, არა, რა პოლიცია, მოფერება როგორც კი დავუწყე, კარებზე ბრახუნი ატყდა, ვიფიქრე, ისევ პოლიცია თუ არის-მეთქი, ქორწინების მოწმობა დავიჭირე და ისე გავაღე კარი, გავიხედე და... ორი სანტექნიკი არ დგას? მითხრეს, თქვენს სააბაზანოში ონკანია გაფუჭებული, ქვედა ნომერში წყალი ჩადის და უნდა გავაკეთოთო. მერე შენ რა უთხარიო, ვკითხეთ. დაღონებული ხმით გვითხრა: რა უნდა მეთქვა, შემოვუშვი, სანამ იმათ ის „კრანი“ გაარემონტეს, ჩემი „კრანი“ გაფუჭდა და იქნებ ერთი ნემსი ისევ გამიკეთოთო. უარი ვუთხარით, როგორ შეიძლება ამდენი აღმგზნების გაკეთება, ისევ რომ დაგადგეს ვინმე, ისევ აქ გამოიქცევიო? გაეღიმა, არა, ეს ბოლო ნემსია, მოვიფიქრე, ჩემი ოთახის კარის წინ „ეტაჟნიცას“ მაგიდა მოვაჩოჩე, იქ დავსვი სართულის მაყურებელი ქალი, ხელში ჩემი იარაღი მივეცი და გავაფრთხილე, ვინც ამ პერიმეტრს ათი მეტრით მოუახლოვდება, ესროლე პირდაპირ ფეხებშიო. მოკლედ, რაღას ვიზამდით? გავუკეთეთ ისევ ნემსი და გავუშვით. მერე აღარ დაბრუნებულა. ეტყობა, გაჭრა მისმა მეთოდმა“.

„მოგონებების“ ესტაფეტას „ოთხი გიას“ წევრს, ბატონ გია ნაცვლიშვილს გადავცემთ.

„ერთი ჩემი მეგობარი სექსოლოგია. ხშირად ვაკითხავდი სამსახურში. ერთ დღესაც, ახლობელმა მოაკითხა და შესჩივლა, უნდა მიშველოო. ჩემმა მეგობარმა, როგორც პაციენტს ისე მიმართა, დაბრძანდი და მომიყევი რა პრობლემა გაწუხებსო. ისიც ჩამოჯდა, თითი სასქესო ორგანოსკენ მიიშვირა და დაიწყო: აღარ შემიძლია, უნდა მიშველო, ეს საოხრე არქეოლოგივით სულ დაბლა იყურებაო. რასაკვირველია, ექიმმა დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი, გამოუწერა წამლები და დაუწყო მკურნალობის კურსი.

გავიდა რამდენიმე დღე, ისევ მივაკითხე ჩემს ძმაკაც სექსოლოგს. ვზივართ, ვსაუბრობთ და უცებ გაიღო კარი და ის ტიპი შემოვარდა. გამარჯობაც კი არ უთქვამს, ისე გაიშვირა ხელი სასქესო ორგანოსკენ და დაიწყო: შენ გაიხარე, ძმაო, არქეოლოგი იყო ეს შობელძაღლი და ახლა ისეთი ასტრონომია, მიედაროს ნებისმიერი ამ სფეროს პროფესიონალიო“.

მომდევნო ორ „შემთხვევას“ „ოთხი გიას“ კიდევ ერთი მონაწილე, ბატონი გია ღარიშვილი მოგვიყვება. მისი პირველი „ისტორიის“ მთავარი მოქმედი გმირი, ქურთი ქალბატონი, მეეზოვე დეიდა სარა იქნება.

„დედაჩემი ისეთი მკაცრი ქალი იყო, სულ მაფრთხილებდა, შვილო, არ შეიძლება ლექციაზე დაგვიანებაო და დილაადრიან წამომახტუნებდა ხოლმე საწოლიდან. ამიტომ, ყველაზე პირველი მე ვიყავი ხოლმე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაჭიმული.

იქ სულ მხვდებოდა მეეზოვე დეიდა სარა, რომელსაც ისე უყვარდა თბილისი, ისე უვლიდა, ხვეტდა და ასუფთავებდა, რომ, ერთი შეხედვით მიხვდებოდა ადამიანი, ამას დიდი სიყვარულით აკეთებდა და არა მოვალეობის მოხდის მიზნით. უნივერსიტეტის მეორე კორპუსიდან რომ დაჰყვებოდა თავისი ცოცხით ქუჩას, პირველ კორპუსამდე ერთ ნამცეცს არ ტოვებდა.

ერთ დღესაც, ვდგავარ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაჩერებაზე და ჩემს თანაკურსელებს ველოდები. დეიდა სარა იქვე ახლოს გვის. გავიხედე, მიწისქვეშა გადასასვლელის ბორდიურზე დაჯდა ქართველი ქალი, დადო ჩანთა, მოხსნა პირი და გაამზადა მზესუმზირა გასაყიდად. სარამ თვალები ჭყიტა, გაიდო მხარზე ცოცხი და მიადგა იმ ქალს: „რა არის, ქალო, ესა, რა გამოდის, რომ შენ ქართველი არის და თბილისი გიყვარს და მე ქურთი ვარ და თბილისი არ გიყვარს? აი, აი... შენ ჩემი უნივერსიტეტი ნაგავი ქნა, ბალღები მოვლენ სემიჩკა იყიდიან და ჩავჩავაზეს და ცერეთელს აი ფუ უქნას? ნამუსი აღარ არის? შენ მე ვის უნდა, ვინ არის ვარ, შევარცხვინე შენი კაცობრიობა”.

მე შორიდან ვუყურებ. უცებ, ეტყობა, ის სიტუაცია წარმოიდგინა დეიდა სარამ, რაზეც ლაპარაკობდა, თავისი გამობრძმედილი ცოცხი მოუქნია საწყალ „მესემიჩკეს” და ზედ თავზე გადაატეხა. ამ ამბიდან გავიდა ოცი წელი. უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან მომიწია გაჩერებაზე დგომა. გავიხედე, ისევ ზის ვიღაც „მესემიჩკე” მიწისქვეშა გადასასვლელის ბორდიურზე და, უცებ თავზე დაადგა მეეზოვე ქურთი ქალი.

როგორც შემდეგ გაირკვა, დეიდა სარას შვილი ყოფილა. მიადგა „მესემიჩკეს” და დაუწყო ყვირილი: „შენ აქ როგორ ზიხარ? მე მოვხვეტე, შენთან მოვიდა, იყიდა სემიჩკა, ჩავჩავაზეს და ცერეტელს ახ თფუ ქნა, დაყარა, ნამუსია? დავაი აბა აქედან”! - და თავზე გადაატეხა ცოცხის ტარი იმ საწყალს. გამეღიმა. ვიფიქრე, ეძახე ახლა ამათ ქურთები, აი, ესენი არიან ნაღდი თბილისელები, კოლორიტები და ამ ქალაქის ნამდვილი პატრიოტები-მეთქი“.

დღვანდელი სახალისო „წერილის“ დასასრულს სიტყვას კვლავ გია ღარიშვილს გადავცემ.

„ერთხელ, ორი მანქანით მივდიოდით საძმაკაცო. „გაიშნიკებმა” გააჩერეს წინ მიმავალი ჩვენი მეგობრის მანქანა. ჩვენც, რასაკვირველია, უკან მივადექით და გავჩერდით. მაშინ ის დრო იყო მანეთი რომ მანეთობდა. წინა მანქანაში ადმინისტრატორი იჯდა და მას ჰქონდა ფული. იფიქრა, ამათ ფული რომ არ მივცეთ, ისე არ გაგვიშვებენო, გაიკრა ჯიბეზე ხელი და ამოიღო 500 მანეთი - სულ მანეთიანები და სამმანეთიანები. ამ დროს მძღოლმა საბუთები გადააწოდა „გაიშნიკს”, ადმინისტრატორმა კი ფულის გადათვლა დაიწყო მისაცემად, მაგრამ, უცბად, ჩაიქროლა დიდმა ტრაილერმა. ისეთი ჰაერის ტალღა წამოვიდა, ეს ხუთასი მანეთი ჰაერში აფრინდა.

დააჭყიტეს თვალები „გაიშნიკებმა”, გაეკიდნენ ამ ფულს და დაიწყეს შეგროვება. რამდენი მანქანა გაივლიდა, აფრიალდებოდა მანეთიან-სამმანეთიანები ჰაერში და ისინიც დაიწყებდნენ ხტუნვასა და ხელების ფოთიალს ჰაერში. ისე დაიღალნენ, ქანცი გაუწყდათ. მოკლედ, იმდენი ქნეს საცოდავებმა, ერთ საათში ძლივს შეაგროვეს ის ფული. მერე ამბობდნენ, რა ღმერთი გაგვიწყრა და რაღა მაინცდამაინც თქვენ გაგაჩერეთო. რაც მთავარია, მანქანიდან გადმოსული რომ დაგვინახეს, წვალებით შეგროვებული თანხა მძღოლს უკან დაუბრუნეს“.