„მე თქვენს სიყვარულს ღმერთს ავუტან“

„მე თქვენს სიყვარულს ღმერთს ავუტან“

ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სხეულის წმინდა ნაწილები პირვანდელი საფლავიდან ამოასვენეს და ჯერ სამთავროს ფერიცვალების ტაძარში, შემდეგ სვეტიცხოველში გადაასვენეს. მონასტრიდან გამობრძანებულ ღირსი მამის წმინდა ნაწილებს ათასობით მორწმუნე სანთლებით შეეგება. საფლავის გახსნის პროცესს მხოლოდ საეკლესიო პირები ესწრებოდნენ.

დეკანოზი რევაზ სიხარულიძე აცხადებს, რომ ძველი, ბერ-მონაზვნური წესით, კუბოს გარეშე, მხოლოდ ჭილოფში გახვეული ბერი გაბრიელის ნეშტი არც გახრწნილია და არც მთლად უხრწნელი; კერძოდ, ძვალი და კუნთოვანი ქსოვილი არ არის გახრწნილი. მისი თქმით, წმინდანობასთან არ არის კავშირში სხეული გახრწნილია თუ არა და წმინდანობა პირის მიერ გაკეთებულ საქმეებს უკავშირდება. მით უმეტეს, რომ წმინდანების უმრავლესობა ძვლის სახით არის წარმოდგენილი და ეს სრულიადაც არ აკნინებს მათ მოღვაწეობას.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთმა მონაზონმა განმარტა, რომ იგი პირადად დაესწრო საფლავის გახსნის პროცესს და დარწმუნდა, რომ ბერი გაბრიელის ნეშტი უხრწნელი იყო.

დღის განმავლობაში სამთავროს მონასტრის ტერიტორიაზე შესვლა სპეციალური საშვით ხდებოდა. სვეტიცხოვლის მიმართულებით გაკეთდა კორდონი და წესრიგს ჯარისკაცები იცავდნენ.

მომლოცველთა ნაწილი მონასტერთან ახლოს მდებარე მთაზე ასულიყო და იქიდან აკვირდებოდა სიტუაციას, უფრო გაბედულები კი ხეზე ამძვრალიყვნენ და ამგვარად ცდილობდნენ მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნას. გამონაკლისი იყო ნოდარ ხადური და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. იგი მამა გაბრიელის საფლავზე ურიგოდ შესვლისთვის სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს.

მთლიანობაში, სამთავროს დედათა მონასტერში შესასვლელად საპატრიარქოს მიერ 600-მდე საშვი გაიცა, რომლითაც შეზღუდული შესაძლებლობის პირებმა, ასევე, სასულიერო პირებმა და მანდილოსნებმა ისარგებლეს.

***

მამა გაბრიელი პირველი იყო, ვინც კომუნისტების დროს (1955 წელს) ბერად აღიკვეცა და ეკლესია ააშენა. ხოლო 1965 წლის 1-ელ მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა ლენინის 12-მეტრიანი პორტრეტი. გაავებული ბრბო გაბრიელ ბერს უმოწყალოდ გაუსწორდა. ცოცხალ-მკვდარი ბერი ყბა-სახისა და სხეულის 17 მოტეხილობით უშიშროების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: “იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება, უნდა ეწეროს, დიდება ქრისტე ღმერთს”. კრემლიდან გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს განჩინებით. მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ. იგი თავადვე ამბობდა, „მე ვერ გამიგო ქართველმა ერმა. ახლა ვერ მიგებთ, მოვა დრო და ცოტას გამიგებთ“...

მასზე მოგონებების ავტორი ოთარ ნიკოლაიშვილი იხსენებს, რომ სიმართლისთვის დევნილმა გაბრიელ ბერმა თავისი ბერობის 40 წლის მანძილზე 15 წელი იმათხოვრა, 25 წელი სასაფლაოებზე იცხოვრა, გამოსცადა ციხე და საგიჟეთი. გარდაცვალებამდე მამა გაბრიელის სინჯარაში აღებული სისხლი კი დღემდე უხრწნელია. 

არქიმანდრიტი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე 1929 წლის 26 აგვისტოს თბილისში დაიბადა. დედას (შემდგომში – მონაზონი ანა, დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში) ეშინოდა, რომ არავის შეენიშნა ვაჟის რელიგიით დაინტერესება, რადგან გამორიცხული არ იყო ოჯახის დასმენა ბავშვის კომუნისტური იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ აღზრდისთვის. მამა გაბრიელი კი ყრმობიდანვე უცნაურად იქცეოდა – თანატოლებთან თამაშს განერიდებოდა და მარტოობასა და მდუმარებას ამჯობინებდა. ბავშვს ერთი საკვირველი გართობა ჰქონდა: ხელში მოგრძო ჯოხს დაიჭერდა და გაიქცეოდა. ირგვლივ მყოფი ჩიტები ამ ჯოხს მოეხვეოდნენ და ჟღურტულით დაჰყვებოდნენ. ეს მოვლენა ყველას აკვირვებდა.

გაბრიელ ბერის მამა, ვასილ ურგებაძე შინსახკომის წარმომადგენელი, მტკიცე ხასიათის კომუნისტი იყო. როგორც ამბობენ, მისი ხელმძღვანელობით დაანგრიეს ეკლესია და სანაცვლოდ კინო კლუბი ააშენეს. 1931 წელს რამდენიმე შეთქმულმა მოკლა ვასილ ურგებაძე. ის ჯერ კაშნეთი გაგუდეს, შემდეგ ტყვია ესროლეს. ამის შემდეგ მამა გაბრიელს მამის პატივისცემის გამო ბავშვობაში მოფერებით ვასიკოს ეძახდნენ.

მეორე მსოფლიო ომის დროს გაუბედურებული ხალხი, ვისაც ფრონტიდან ცნობა არ ჰქონდათ ახლობლებზე, მასთან მიდიოდა ამბის გასაგებად. მამა გაბრიელი, რომელიც მაშინ 12 წლის იყო, ყველას პასუხობდა და თან უქადაგებდა. მოგვიანებით საკუთარ  ეზოში ეკლესია ააშენა. ხშირად აწიოკებდნენ ახალი ეკლესიის ამშენებელს. იყო შემთხვევები, როდესაც მივიდოდნენ, ეკლესიის რაღაც ნაწილს დაანგრევდნენ, ხოლო მეორე დღეს ჩუმად ფულს სთავაზობდნენ, რაც დავანგრიეთ, აღადგინეთო.

კომუნისტური რეჟიმის დევნისას ხალხი წმინდა ხატებს სხვენსა თუ სხვადასხვა საცავში მალავდა. მცირეასაკოვანი გაბრიელი მათ ეუბნებოდა, თქვენთან, სახლში (ადგილს ზუსტად მიუთითებდა) ხატი გისვენიათ, ან ჯეროვანი პატივი მიაგეთ, ან მე მომეცით და ჩემთან მექნება; შემდგომ, თუ კვლავ მოინდომებთ მათ პატივისცემას, მოდით და სიხარულით დაგიბრუნებთო. ზოგიერთი შეინანებდა და ხატს იტოვებდა, ზოგიც კი ხატს ატანდა.

როდესაც მღვდლად აკურთხეს, ხალხი პატივს სცემდა. გაბრიელი სახლში რომ მივიდოდა, თავის ეკლესიაში შესული ხშირად გულსაკლავად ტიროდა. ერთხელ მისი და დაინტერესდა ძმის ტირილის მიზეზით, მან კი უთხრა, ქრისტე ბაგაში იშვა, მე კი ხალხი პატივს მომაგებს და ხელებზედ მკოცნისო. ცხადია, თავმდაბლობის გამო ამის ეუხერხულებოდა.

1987 წლიდან მამა გაბრიელმა სამთავროში, ე.წ. კაკლოვანში მცირე ზომის ფიცრულში დაიწყო ცხოვრება. ამ ფიცრულს ადრე მონასტერი საქათმედ იყენებდა, შემდგომ კი უფუნქციოდ იყო დარჩენილი. ეს მის სიმდაბლეს და ასკეტიზმს ადასტურებდა.

ერთხელ საქართველოში ათონის მთიდან ქსეროპოტამის მონასტრის წინამძღვარი იოსები და ბერები ჩამობრძანდნენ და გაბრიელ ბერს ათონზე წასვლა შესთავაზეს, რაზეც უპასუხია: „მე ჩემს ათონზე ვარ. მე ჩემს საქართველოს ათონზე არ გავცვლი“.

12 წლის ასაკში მამა გაბრიელი თავისი განუყრელი სახარებით სახლიდან წასულა. საღამოხანს ჩასულა მცხეთაში და პირველად სამთავროს დედათა მონასტერში მისულა. იღუმენია ანუსიამ (კოჭლამაზაშვილი) იგი სიყვარულით მიიღო, მაგრამ ვერ დაიტოვა, რადგან დედათა მონასტერში მამაკაცის მიღება არ შეიძლებოდა და უთხოვია, სვეტიცხოველში ჩასულიყო. ვასიკოს გულმხურვალედ ულოცია სამთავროს ივერიის ღმრთისმშობლის ხატთან და უთხოვია, მონასტერში სენაკი და ცხოვრების უფლება მიეცა. სვეტიცხოველში 3 დღე გაუჩერებიათ, რადგან მთავრობის დადგენილებით, არასრულწლოვანთა ხანგრძლივად შეფარება იკრძალებოდა. შემდეგ შიო-მღვიმის მონასტერში ასულა, სადაც, ასევე, მხოლოდ 3 დღით შეიფარეს და მცირე საგზლით ზედაზნის მონასტერში გააცილეს.

იმჟამად ზედაზენზე რამოდენიმე მხცოვანი ბერი მოღვაწეობდა. მათ იმდენად შეიყვარეს ნორჩი მორწმუნე, რომ მონასტრის ახლოს ფარული სამყოფი მოუწყვეს და რამდენიმე კვირა დაიტოვეს. ჩეკისტების გამკაცრებული კონტროლის გამო ბერები იძულებული გახდნენ ღვთისმსახურებით გულანთებული ბავშვი ბეთანიის მონასტერში გაეგზავნათ. ვასიკოს აუხსნეს გზა და საგზალიც გაატანეს. ბეთანიაში მას დახვდა ორი ბერი - ღირსი მამა გიორგი (მხეიძე) და ღირსი მამა იოანე (მაისურაძე). ბეთანიელი ბერები გაბრიელ ბერის უსაყვარლეს მოძღვრებად იქცნენ. სწორედ მათი საფლავების გახსნა უძღოდა გაბრიელ ბერის საფლავის გახსნას, რაც მამა გაბრიელმა სიცოცხლეშივე იწინასწარმეტყველა.

ხშირად მართლმადიდებელი მორწმუნეები გაურკვევლობაში არიან და აინტერესებთ, ვინ ცხონდება და ვინ წარწყმდება?! მამა გაბრიელს მიაჩნდა, რომ არ შეიძლება იმის თქმა, მარტო მართლმადიდებლები ცხონდებიან, ხოლო კათოლიკეები, მუსლიმანები და სხვები წარწყმდებიან. მისი აზრით, შეუძლებელი იყო ქვეყნის გამჩენს მილიონობით ადამიანი ხსნის გარეშე, მხოლოდ ჯოჯოხეთისა და მარადიული სატანჯველისთვის გაემრავლებინა. მით უფრო, რომ იქაც არიან სიკეთისა და სიავის მოქმედნი. მას უყვარდა წმიდა მამათა გამონათქვამი: სამი რამ გააკვირვებს ცხონებულს სამოთხეში: პირველი, როცა იქ მოხვდება, მეორე - ვისაც იქ ელოდა, რომ ვერ ნახავს და მესამე - ვისაც არ ელოდა, მას რომ ნახავს იქ. ამიტომ მცოდველ მომაკვდავზეც კი არ შეიძლება ხელაღებით დასკვნის გამოტანა, ცხონდება თუ წარწყმდება იგი.

ხშირად თავმდაბლად იტყოდა: „ამ ხნის ბერი ვარ და ვერ გამიგია, სრულყოფილად ვერ ჩავმწვდარვარ, თუ რა არის და როგორ მოქმედებს ნამდვილი სიყვარული“.

მამა გაბრიელი მიიჩნევდა, რომ ყოველი სულდგმული ღვთისგანაა გაჩენილი, ამიტომ უმიზეზოდ, გართობის მიზნით ნადირობას და ცხოველის კვლას თუ ცემას დაუშვებლად თვლიდა. იგი იხსენებდა პატერიკში მოთხრობილ ისტორიას, როცა მგზავრები უდაბნოს გადიოდნენ და ერთ-ერთმა დაინახა, როგორ მისდევდა წყურვილისგან ენაგადმოგდებული ძაღლი. წყლის მარაგის სიმცირის მიუხედავად, ცხენიდან გადმოიხარა და ნახევარი ძაღლს დაალევინა. ამ დროს მგზავრებს ზეციდან ხმა მოესმათ, ამ კაცს ბევრი ცოდვა ეპატიაო.

ცოდვათა დავიწყება და შეუნანებლობა დიდ დანაშაულად მიაჩნდა. ასეთებად უმეტესად ე.წ. ელიტურ საზოგადოებას განიხილავდა, რომლებიც რატომღაც მომავალი თაობისთვის მისაბაძად ითვლებოდნენ: მაგალითად, პრესისა და ტელევიზიის იმ პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც დეზინფორმაციას ახდენდნენ და უზნეობით რყვნიდნენ მომავალ თაობებს; მკვლელ ექიმებსა და მშობლებს, რომლებიც აბორტით კლავდნენ უფლის შვილებს და თავს მკვლელებად არ მიიჩნევდნენ; მოსამართლეებს, რომლებიც ანგარებისა და სხვა მიზეზთა გამო ხშირად დამნაშავეს ამართლებდნენ, მართალს კი ადანაშაულებდნენ; ადამიანებს, რომლებიც პატიმარს წამებაში კლავდნენ და მსხვერპლს თვითმკვლელობას აბრალებდნენ, პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც ანგარების მიზეზით სამშობლოს მრავალ ტალანტს უკარგავდნენ.

ცნობილია, რომ მამა გაბრიელს გაჭირვებულთა დაპურება უყვარდა. იგი ფიქრობდა, რომ ღვთის განგებით, მათხოვრებს განსაკუთრებული მისია ეკისრებოდათ და ჩვენი სულის ცხონებას ემსახურებოდნენ. ამიტომ მათხოვრები ყოველთვის იყვნენ და იქნებოდნენ.

მამა გაბრიელის აზრით, ადამიანები საკუთარი სიძუნწის გამართლებას ცდილობენ, როცა მათხოვრებს არ ეხმარებიან და თავს იმართლებენ, რომ დავეხმაროთ, მაინც დათვრება და დავარდებაო. იგი მიიჩნევდა, რომ უფალი არსად აკონკრეტებდა, მაინცდამაინც ამ მათხოვარს დაეხმარეთ, სხვას კი არაო; უბრალოდ, უფალი ამბობდა, ითხოვდე და მოგეცემაო. ამიტომ ადამიანი ყველა მთხოვნელს უნდა დაეხმაროს. მით უფრო, ხშირად უსახლკაროდ დარჩენილი მათხოვრები ზამთარშიც კი ღამეს მიწაზე დაწოლილნი ატარებენ. ასეთები სწორედაც სპირტიანი სასმელების თუნდაც ჭარბი მიღებით უძლებენ სიცივეს და მათ არა განკითხვა, არამედ დახმარება სჭირდებათ.

„უნდა დავიმახსოვროთ, რომ ჩვენი საქმე არ არის, ვინ რისთვის მათხოვრობს, არის თუ არა ხეიბარი, შეუძლია თუ არა მუშაობით თავის რჩენა. რადგან მათხოვრობამდე მივიდა, მხოლოდ დახმარება გვმართებს და არა განკითხვა ან დაცინვა. არსებობს ასეთი ხატი_ გზად დავარდნილ მათხოვარს მოწყალე მდიდარი ხელში ქისას უდებს და იგივე ქისა ხელში უჭირავს ციდან გამოწვდილ მაცხოვრის ხელს“.

მამა გაბრიელის საფლავზე დღემდე უამრავი სასწაულებრივი კურნება აღესრულება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიაქვთ სამკურნალო ზეთი, რომლის წაღებაც მამა გაბრიელის ტაძარში გადასვენების შემდეგაც სამთავროს ფერისცვალების დედათა მონასტრიდან მომლოცველებს მომავალშიც შეეძლებათ.

„არა არს კაცი, რომ სცხონდეს და არა სცოდოს. მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური. ყველას გთხოვთ მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემი საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია”, - ეს ანდერძი გაბრიელ ბერმა სრულიად საქართველოს დაუტოვა. წუხდა, რომ მიწიერ საქართველოს ტოვებდა, რადგან მას თავისი სამშობლო ძალიან უყვარდა, მაგრამ ღმერთთან რომ მიდიოდა, უხაროდა, რადგან ამბობდა, იქიდან საქართველოს უფრო შევეწევიო. ბერი გაბრიელი 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. დამწუხრებულმა მრევლმა მამა გაბრიელი მიწის მისაყრელადაც ვერ გაიმეტა. ამიტომ მიწას საფლავის ნაპირას ყრიდნენ, შემდეგ მიწამ თავად დაფარა მისი ნეშტი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომაზე შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაადგინა. მამა გაბრიელის ნეშტს 24 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ და ერთი კვირის მანძილზე მრევლს საშუალება ექნება, მას პატივი მიაგოს.

hosutty Use Amelotex suspension as directed by your doctor <a href= ბმული vs cialis</a> The concept of a privileged structure is closely related to that of an NP template or NP scaffold
1 წლის უკან