„ივანიშვილმა მსახიობებს ყოველთვიური დახმარება გაუფრთხილებლად შეუწყვიტა“, - ამის შესახებ თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს.
„არსებობს გრადაცია და დამსახურებული მსახიობის ტიტული. ასეთი მსახიობები, რომლებიც ინდივიდუალურად ადრეც დიდ დახმარებას იღებდნენ, დღესაც იღებენ დახმარებას და მათ ისევ დაუდეს ხელშეკრულება. უბრალოდ, დახმარება მოუხსნეს ზუსტად იმ მსახიობებს, რომლებსაც ისედაც ცოტა თანხით ეხმარებოდნენ და, რომლებსაც ისედაც დაბალი ხელფასები ჰქონდათ. როგორც ვიცი, ახლა ფიქრობენ, ეს საკითხი როგორმე გადაწყვიტონ. მე სპონტანურად დავწერე ამის შესახებ ფეისბუკზეც, რადგან, თუ არ ამოვიღებდით ხმას, შეიძლება, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ძალზე გაეჭიანურებინათ და ამ თემაზე ძალიან დიდხანს ეფიქრათ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი. ცოტა ხანს კიდევ დაველოდებით. დახმარებას წლების განმავლობაში ვიღებდით და მადლობის მეტი რა გვეთქმის ბიძინა ივანიშვილისთვის, დახმარებაზე მადლობა უნდა თქვა, რადგან დახმარებას ვერ მოითხოვ, მაგრამ მაინტერესებს, ახლა რატომ შეწყდა ეს დახმარება?!“ - გვითხრა ეკა ანდრონიკაშვილმა.
მისი თქმით, ე.წ. „არადამსახურებულ“ მსახიობებს ყოველთვიურად 320 ლარს ან ცოტა მეტ თანხას აძლევდნენ. ამასთან, ეკა ანდრონიკაშვილი განმარტავს, რომ სხვა მსახიობებიც, ვისაც დახმარება შეუწყვიტეს, მის პოზიციას იზიარებენ, რადგან ჩვეულებრივ, მოქმედ, სცენაზე მდგომ მსახიობებს ბარათზე აღარ დახვდათ თანხა და განსაკუთრებით ისინი „გაიჭყლიტნენ“.
„ვიცოდით, რომ თანხას გვაძლევდნენ, ამიტომ წინასწარი გათვლები გვქონდა, ზოგი კრედიტს იხდიდა ამ თანხით, ზოგიც ნაწილობრივ, ოჯახს არჩენდა. ახლა საუბრობენ, რომ შეიძლება ხელფასზე დამატებით მოგვცენ თანხა, ანუ სხვა მეთოდი გამოიყენონ ჩვენს დასახმარებლად, მაგრამ ეს შეუძლებელია, მაშინ ძალიან დიდი სხვაობები გამოვა ხელფასებს შორის. ეს მართლა დახმარება იყო ხელოვანი ხალხისთვის, რომლებსაც სხვა პროფესია არ გააჩნიათ და არც იციან, სხვა რამის კეთება – მიზერული ხელფასების ფონზე... ძალიან რთული პერიოდები გადაგვატანინა ამ დახმარებამ... მაგრამ, დღეს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მსახიობებს უფრო ულხინთ, ან რამე შეიცვალა მათ ფინანსებში, ან ზოგადად ქვეყანა ეკონომიურად უკეთეს პოზიციაშია, ძალიან დიდი შეცდომაა. ასეთი კრიზისი, რაც შარშან და წელსაა, დიდი ხანია არ ყოფილა“, - აცხადებს ეკა ანდრონიკაშვილი.
მისთვის კიდევ უფრო გასაკვირია, რომ ეს ყველაფერი ყოფილი პრემიერის სამოქალაქო სექტორში გადასვლის შემდეგ ხდება, როდესაც თითქოს, ხელ-ფეხი გაეხსნა მეცენატობისა და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისთვის.
ამ თემასთან დაკავშირებით „პირველთან“ საუბარში მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე აცხადებს, რომ სხვადასხვა თეატრში მოღვაწე ხელოვანებმა ყოფილი პრემიერის მიერ შექმნილი ფონდიდან ხელფასი ბოლოს 2013 წლის დეკემბერში მიიღეს. თუმცა იანვრიდან ეს დახმარება შეწყვეტილია.
ნინელი ჭანკვეტაძის აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მსახიობები არსებობისთვის საკმარის ანაზღაურებას არა რომელიმე ბიზნესმენისგან ან ქველმოქმედისგან, არამედ სახელმწიფოსგან უნდა იღებდნენ. მისი აზრით, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო თეატრებში სახელფასო ფონდების გაზრდაზე იზრუნებს. მით უფრო, რომ მსახიობებს საკმაოდ დაბალი შემოსავალი აქვთ. ამასთან, იგი ვერავითარ დარღვევას ვერ ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილის დახმარების შეწყვეტა მსახიობების წინასწარ გაფრთხილების გარეშე მოხდა.
მსახიობი თვლის, რომ, თუ ვინმეს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები ჰქონდა ბანკის ან სხვა რაიმე ტიპის საფინანსო ორგანიზაციის წინაშე, კრედიტების გადახდა საკუთარი ხელფასიდან უნდა შეძლონ და ამიტომაცაა აუცილებელი თეატრებში ხელფასების გაზრდა.
ნინელი ჭანკვეტაძის ამ განცხადებას ეკა ანდრონიკაშვილი For.ge-ს მეშვეობით გამოეხმაურა. იგი განმარტავს, რომ არ არის თეატრის ფონდი ისე ძლიერი, მსახიობების უზრუნველყოფა მოახერხოს.
„ნინელი ჭანკვეტაძეს დაუტოვეს თავისი დახმარება და შეიძლება, მისთვის ადვილია ასე ლაპარაკი“, - გვითხრა ეკა ანდრონიკაშვილმა.
For.ge მსახიობ გივი ბერიკაშვილსაც დაუკავშირდა. მისთვის გაუგებარია, რატომ აპროტესტებენ მსახიობები დახმარების მოხსნას.
„რა უბედურებაა, რატომ ლაპარაკობენ ასე, ცოტა ენას კბილი დააჭირონ. არაფერი არ შეუწყვეტიათ, კულტურის რანგის მუშაკების თანხები გადაეცა კულტურის სამინისტროს, სპორტის მუშაკების თანხები - სპორტის სამინისტროს და ამ თვის ბოლოსთვის გადაწყდება საკითხი. თვის ბოლოდან დარიგდება ყველას დახმარება. მე თუ მკითხავთ, არც დეკემბრამდე და არც მანამდე არ უნდა მიეცათ მაგათთვის დახმარება. მათი ვალი ხომ არ აქვს? ამ მსახიობებმა ხომ უნდა გაარკვიონ, რა ხდება შიგნით?!“
მისი განმარტებით, მსახიობი გამონაკლისი არ არის და დანარჩენ ჩვენს მოქალაქეებსაც ცხოვრება კარგად არ აქვთ აწყობილი. ასე რომ, დახმარებას ყველა საჭიროებს, უბრალოდ, გააჩნია, ვინ გეხმარება და რატომ. ბიძინა ივანიშვილი კი, პოლიტიკაში შემოსვლამდეც, 20 წლის განმავლობაში უანგაროდ ეხმარებოდა ყველა გაჭირვებულს.
„მარტო ჩემმა ძმაკაცმა კახი კავსაძემ ხუთი ოპერაცია გაიკეთა და ბიძინამ უანგაროდ დაუფინანსა. ეს კაცი უზარმაზარ საქმეებს აკეთებს და ხელოვანებისთვის დახმარებები გაგრძელდება, უბრალოდ, გადაამისამართეს ეს დახმარება“, - გვითხრა გივი ბერიკაშვილმა.
ფონდ „ქართუს“ იურისტმა ნინო კიკნაძემ For.ge-ს განუცხადა, რომ ფონდი მსახიობებისა და სპორტსმენების დასაფინანსებლად სამინისტროებს გრანტს გამოუყოფს და თებერვლის ბოლოდან მოხდება თანხების გაცემა. ამასთან, თანხის რაოდენობა და დასაფინანსებელ პირთა სია არ შეიცვლება და ეს ადამიანები იანვრისა და თებერვლის დაფინანსებას მიიღებენ.
თუ რატომ შეიცვალა დაფინანსების არსებული წესი, ამასთან დაკავშირებით ნინო კიკნაძე აცხადებს, რომ ამიერიდან უფრო პრაქტიკული წესი დაინერგება. უფრო მეტიც, მისი თქმით, მათ ფონდში არაერთი ხელოვანი თუ სპორტსმენი რეკავდა და მათ იცოდნენ იმის შესახებ, რომ დახმარებას თებერვლის ბოლოდან მიიღებდნენ. ასე რომ, ეს ინფორმაცია მთლად მოულოდნელი არ ყოფილა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი ფინანსურად ასობით ხელოვანს ეხმარებოდა.