კაფე „გალერიში“, სავარაუდოდ, ბიონარკოტიკის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის ამბის გახმაურების შემდეგ, უფრო აქტუალური გახდა პრობლემა, რა ხდება კლუბებში და ხომ არ არის ისინი ნარკოტიკების გავრცელების წყაროდ ქცეული? საუბარია 23 წლის დავით ცხაკაიაზე, რომელიც ცნობილი კარდიოლოგის, გულიკო ჩაფიძის შვილიშვილია.
ცნობილი სახეები ბიონარკოტიკის აკრძალვის მოთხოვნით სოციალურ ქსელში სტატუსებს წერენ და პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით განცხადებებს ავრცელებენ.
მომღერალმა ხათუნა ჟორდანიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
„გალერი“ - ჯოჯოხეთის ბუდე... რატომ არ იკეტება ეს უბედურება, სადაც მთელმა თბილისმა იცის, რომ იყიდება ყველანაირი ნარკოტიკი. პატრონი ჰყავს თუ არა საერთოდ ამ ქვეყანას? საიდან გაჩნდა ამდენი იარაღი და ნარკოტიკი ამ ქალაქში? როდემდე უნდა გავიღვიძო დილით, იმის შიშით, რომ გავიგებ რამე უბედურებას?“
მომღერალი მაია დარსმელიძეც „გალერიში“ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა: „არავითარი ნარკოტიკები არ იყიდება „გალერიში“! რამდენ „დუქანში“ მომხდარა უბედური შემთხვევა - მაშინ „დუქნებიც“ დავხუროთ. რაღაც ორი კინკილა კლუბი გვაქვს, სადაც მეც და ბევრი ჩემნაირი სიამოვნებით დადის, სადაც ხალხი ერთმანეთს არ გრუზავს. საშინელებაა, რაც მოხდა, მაგრამ ეს კონკრეტული კლუბის ბრალი კი არა, ქვეყანაში შემოყრილი სინთეტიკური ნარკოტიკების ბრალია“.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს, რომ „ბიო“ საფოსტო ამანათებით შემოდის ქვეყანაში და ფოსტა მონაწილეობს ნარკოტიკული საშუალება „ბიო“-ს გაყიდვაში. თავის მხრივ, „საქართველოს ფოსტა“ ნანუკა ჟორჟოლიანს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშულებს და სასამართლოში უჩივის. როგორც ფოსტაში აცხადებენ, პრევენციის მიზნით, მათ ჯერ კიდევ 2013 წლის მაისს მიმართეს მსოფლიო საფოსტო კავშირს და მის წევრ 191 ქვეყანას. მიმართვა მოიცავდა ე.წ. „სპაისის“ (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების) ჩამონათვალს, რომელთა შემოტანაც საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალებოდა. ფოსტაში განმარტავენ, რომ დამატებით საქართველოში შემოსული ტვირთები ქვეყნის საბაჟო საზღვარზე, საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი მექანიზმებით კონტროლდება შესაბამისი სტრუქტურების მიერ.
რა ხდება ჩვენს კლუბებსა და კაფეებში, ამასთან დაკავშირებით For.ge „გალერის“ დღის მენეჯერს, ხათუნა კალანდაძეს ესაუბრა.
იგი გვარწმუნებს, რომ სისულელეა, თითქოს, კლუბებში ხდება ნარკოტიკების გავრცელება. უფრო მეტიც, მას უკვირს, რატომ რჩება საზოგადოების ნაწილს ასეთი შთაბეჭდილება და რატომ ავრცელებენ მსგავს ინფორმაციებს?!
„აქედან გაასვენეს ეს ბიჭი, ექსპერტიზის პასუხი არ ვიცით, მაგრამ, სავარაუდოდ, ალბათ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. არანაირი შელაპარაკება და ინციდენტი არ მომხდარა. გამთენიისას მოხდა ეს ტრაგედია. ჩვენ შემოსასვლელში ვამოწმებთ ახალგაზრდებს, მაგრამ როგორ მდგომარეობაში არიან ისინი, არ ვიცით. ჩვენ ხომ არ ვართ კრიმინალური პოლიცია, რომელიც ანალიზს გაუკეთებს ახალგაზრდებს?! გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ სოკოებივით მომრავლებულ აფთიაქებს შეზღუდვა დაუწესდეთ, რეცეპტით იყიდებოდეს წამლები და არა ისე, ვისაც მოუნდება, იმდენს ყიდულობს და ყლაპავს“, - აღნიშნა ხათუნა კალანდაძემ.
ჩვენ ხათუნა ჟორდანიას ვესაუბრეთ. მან განმარტა, რომ თავად არ სტუმრობს ასეთ კლუბებს და კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ფლობს ინფორმაციას იმ დოზით, როგორც ეს ქალაქშია გავრცელებული.
„რა ზომებს მიიღებს ხელისუფლება, არ ვიცი, მაშინ მე ვიქნებოდი ხელისუფლებაში და თავად ვიფიქრებდი ამ თემაზე. კატასტროფული მდგომარეობაა ქალაქში. საშინელებაა, სავსეა ქალაქი წამლითა და იარაღით. ამიტომაც დასახმარებლად მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს. დარწმუნებული ვარ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში დადიან ბავშვები და ჩვეულებრივად დაშვებულია ბარებში შესვლა არაფხიზელ მდგომარეობაში. თუ მთავრობის ნება იქნება, ჩვენს პატარა ქვეყანაში შესაძლებელი იქნება ამის გაკონტროლება“, - გვითხრა ხათუნა ჟორდანიამ.
ქალაქის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ფსიქო-კორექციისა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ექიმი-ნარკოლოგი ილია ჩიკვილაძე ჩვენთან საუბარში ვერ აკონკრეტებს, სცოდავენ თუ არა ქართული კლუბები ნარკოტიკების გავრცელების კუთხით.
„ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის პაციენტებს არ უთქვამთ, რომ ბიონარკოტიკი კლუბებში შეიძინეს. თანაც, კლინიკისთვის „ბიოთი“ მიმართვიანობა იშვიათობაა. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა პაციენტი სხვა ნარკოტიკსაც მოიხმარს და პერიოდულად დამატებით მოიხმარს „ბიო“-ს. ფაქტია, რომ „ბიო“ სინთეზური ნარკოტიკია, მაგრამ ამ სინთეზურში არ შედის ის აქტიური ნივთიერება, რაც შედის ანაშაში, პლანში ან მარიხუანაში. ანალიზის დროს მისი ჩვენება არ ხდება“, - აცხადებს ილია ჩიკვილაძე.
ამასთან, მიიჩნევს, რომ კანონი უნდა გამკაცრდეს, რადგან უფროსი თაობა დაღუპულია, მომდევნო თაობაც იღუპება და ახლა ბავშებიც თუ დაიღუპიან, მაშინ რისთვის გვინდა ეს ქვეყანა?! თუმცა ექიმი-ნარკოლოგი ეჭვობს, მარტივი იყოს ამის გაკონტროლება. მაგალითად, როდესაც მოდის ე.წ. ამანათი, მისი გახსნის უფლება არავის აქვს, თუ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს. ამდენად, ტრანსპორტირებისას მისი აღმოჩენა რთულია.
„ბიო“-ს სუნს არ იღებს ძაღლი და რანაირად უნდა გამკაცრდეს კონტროლი?! ამის შემოტანა 2-3 წელია დაიწყო, შეიძლება, მანამდეც შემოდიოდა, მაგრამ არ ჩანდა. თბილისში უამრავი ახალგაზრდა მოიხმარს ბიონარკოტიკს. სულ ახლახანს ასეთი ფაქტიც გავიგე, რომ ახალგაზრდა ბიჭი იწვა კომატოზურ მდგომარეობაში „ბიო“-ს მომხმარების შედეგად, მაგრამ მერე რა მოხდა, არ ვიცი“, - განმარტავს ექიმი-ნარკოლოგი და მიიჩნევს, რომ სხვა ნივთიერებებთან, მათ შორის, სასმელთან შერევისას „ბიო“-მ შეიძლება, ფატალური შედეგი გამოიღოს. ეს თავად ორგანიზმზეცაა დამოკიდებული, რამდენად გაცვეთილია ორგანიზმი ალკოჰოლიზმით ან ნარკომანიით. ეს თავის ტვინის ქერქზე მოქმედებს და შეიძლება, სუნთქვის უკმარისობა და გულის გაჩერება მოჰყვეს.
For.ge-სთან საუბარში სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელი, ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე აცხადებს, რომ კლუბი აქ არაფერ შუაშია და ბიომარიხუანა საერთოდ არ მიეკუთვნება კლუბურ ნარკოტიკს.
„საქართველოში მისი მოხმარება გამოწერის მეშვეობით ხდება. თუ ერთი კლუბი დაიხურება, ნარკოტიკს მეორე კლუბში გაავრცელებენ, მეორეში არ იქნება - ქუჩაში, სადარბაზოში ან მიწისქვეშა გადასასვლელში გაავრცელებენ. „ბიო“ ბევრად მძიმე შედეგს, მძიმე გართულებებს იწვევს ფსიქიკაზე, ნერვულ სისტემაზე. ადამიანის ჯანმრთელობას და ფსიქიკას უფრო მეტ ზიანს აყენებს, რადგან სინთეტური წარმონაქმნია. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნარკოტიკია მთელ თბილისში და, ზოგადად, საქართველოში. ვერ ვიტყვი, რომ მარიხუანა ჩაანაცვლა, რადგან მარიხუანას ჰყავს თავისი მომხმარებელი, ხოლო ბიონარკოტიკი საერთოდ სხვა ტიპის ნარკოტიკია. მას არ ჩაუნაცვლებია მარიხუანა, ეს არის დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი“, - აცხადებს ზურაბ სიხარულიძე.
***
„ბიო“ ნარკოტიკთან მიმართებით კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და სამძიმარს უცხადებს კაფე „გალერიში“გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს. მისი თქმით, პრაქტიკულად დასრულებულია მუშაობა ახალ კანონპროექტზე, რომელიც ზოგადად ანტინარკოტიკულ კამპანიას ეხება.