ქაღალდზე აშენებული უნივერსიტეტი ქარმა წაიღო

ქაღალდზე აშენებული უნივერსიტეტი ქარმა წაიღო

წინა ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ იყო ისეთი, რაც უბრალოდ არ არსებობდა. ამის მიუხედავად, არარსებულის არსებობას გვაჯერებდნენ და გვიმტკიცებდნენ, რომ ყველაფერი რეალობა იყო. ყველაზე დიდი აფერა ქალაქ ლაზიკას ეხება, რომელიც პრაქტიკულად “აგვიშენეს”, “გაგვილამაზეს”, “ხალხიც შეასახლეს” და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ბიზნესმენებსაც ატერორებდნენ. რეალურად კი ლაზიკას ადგილზე ისევ ჭაობია და სწორედ ამ ჭაობში იძირება წინა ხხელისუფლება.

არანაკლებ საინტერესო იყო საქართველოში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის თემაც. 2010 წელს, მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისადმი საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი იყო იდეა ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნის შესახებ.

ხანგრძლივი კონსულტაციების, ეკონომიკური ანალიზის, ხარჯების, სარგებლის და ბენეფიციარების შეფასების შედეგად გადაწყდა, რომ ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისათვის არ იყო მისაღები და აღარ მოხდა მისი კომპაქტში გათვალისწინება. მათივე თქმით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ თავიდანვე უარყო ბათუმში იტექნოლოგიური უნივერსიტეტის  შენობის აგების იდეა.

და რა მოხდა ამის შემდგომ? მიხეილ სააკაშვილმა საზეიმოდ გვამცნო, რომ აჭარაში მალე ახალი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდებოდა და, რაც მთავარია, ამერიკულ დიპლომს გასცემდა.

თავიდან ეს განცხადება ხელისუფლების მოქმედმა წარმომადგენლებმაც გაიოცეს, მაგრამ რადგან მიშამ თქვა, ერთ ხმაში დაიწყეს მტკიცება, რომ ეს უნივერსიტეტი საქართველოს მომავალი იყო.

მოგეხსენებათ, ასეთი დონის უნივერსიტეტს შესაბამისი შენობა სჭირდება და...

“ჩვენ აჭარაში “ბათუმი თაუერს” ვაშენებდით. ეს უნდა ყოფილიყო საქართველოში უდიდესი ბიზნესცენტრი. ერთ დღეს კი სააკაშვილმა გამომიცხადა, რომ “ბათუმი თაუერში” ბიზნესცენტრის ნაცვლად ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გაიხსნებოდა. თავიდან გავიოცე, მაგრამ დამამშვიდეს, მშენებლობა ძველი პროექტით განაგრძე, არაფერი შეცვალოო. ბიზნესცენტრსა და უნივერსიტეტს შორის განსხვავება ხომ არის? ელემენტარულად, აუდიტორიები ხომ უნდა იყოს? პროექტში არანაირი ცვლილება არ გამაკეთებინეს და მეც უნივერსიტეტად მონათლულ ბიზნესცენტრს ვაშენებდი" - ეს განცხადება “ბათუმი თაუერის” მშენებელი კომპანიის, “ზიმოს” დირექტორმა, ზურაბ კიკნაძემ გააკეთა.

რა გამოდის? სააკაშვილმა ზუსტად იცოდა, რომ ბათუმში არანაირი უნივერსიტეტი არ შენდებოდა და ამის მიუხედავად, აქეთ მოსახლეობას აყრiდა თვალში ნაცარს, იქეთ -  გაოცებულ ამერიკელებს, რომლებსაც ვერაფრით გაეგოთ, რა უნდოდა საქართველოს პრეზიდენტს და რატომ ასაღებდა რაღაც მაღალ შენობას უნივერსიტეტად. სააკაშვილის შეჩერება შეუძლებელი გახდა. მან უნივერსიტეტი გახსნა კიდეც და განაცხადა, რომ შენობა სტუდენტების მისაღებად მზად იყო. აჯობებს, ისევ ბატონ ზურაბ კიკნაძეს მოვუსმინოთ.

“ჯერ მხოლოდ სამი სართულია გარემონტებული და სამუშაოდ ვარგისი. მთლიანად შენობა უკვე 78 მილიონ 486 ათასი ლარი დაჯდა და მის დასრულებას 5 მილიონი კიდევ ჭირდება. პრინციპში, გააჩნია დამკვეთი რას მოითხოვს, თორემ შესაძლოა შენობას 100 მილიონიც კი არ ეყოს, - აცხადებს კიკნაძე.

წინა ხელისუფლებამ 78 მილიონზე მეტი დახარჯა შენობაში, რომელსაც პრაქტიკულად ვერაფერში იყენებს. ამავე შენობაში, სააკაშვილის მითითებით, გაკეთდა ძვირადღირებული ლაბორატორიები, რომლებიც უკვე აღარ ვარგა, რადგან მათ დავალიანების გამო ელექტროენერგია აღარ მიეწოდებათ და შესაბამისად, აპარატურა მწყობრიდან არის გამოსული.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს ახალმა მთავრობამ შენობა ბათუმის მერიას გადასცა. სააკაშვილმა მაშინვე პრესკონფერენცია გამართა და იმჟამინდელ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილების გადახედვისკენ, ანუ იმისკენ მოუწოდა, რომ ფარსი, სახელად “ამერიკული უნივერსიტეტი”, ისევ გაგრძელებულიყო. არადა, სააკაშვილის ხელისუფლებამაც კი ვერ შეძლო და ვერ იპოვა უნივერსიტეტი, რომელიც ამ შენობის მენეჯმენტს საკუთარ თავზე აიღებდა. ყველა ხვდებოდა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა, ხვდებოდა წინა ხელისუფლებაც, მაგრამ ერთხელ ნათქვამის უარყოფა არ ჩვეოდა და ამ იდეასაც ბოლომდე მიაწვა.

მოქმედმა ხელისუფლებამ კი პრობლემა მარტივად და, რაც მთავარია, ეფექტურად გადაჭრა. 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი 140 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულების მიზანია, საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. აქცენტი კეთდება ზუსტი, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე. საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე კომპაქტის ფარგლებში იგეგმება პროექტები ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში.

ზოგადი განათლები სხარისხის განვითარების მიზნით საქართველოს რეგიონებში 130-მდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტრენინგების და საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება იგეგმება.

საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოვლინდა აშშ-სა და საქართველოს უნივერსიტეტებისგან  შემდგარი სამი ნახევარფინალისტი კონსორციუმი. დღეისათვის მიმდინარეობს კონკურსის საბოლოო ფაზა. განათლების სფეროს წამყვანი პროფესიონალებისაგან  შემდგარი  დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისია შეაფასებს და შეარჩევს პროექტს (ან პროექტებს). გამარჯვებული კონსორციუმი საქართველოში განახორციელებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო პროგრამებს მომავალი 20 წლის განმავლობაში.

შესაბამისად, ის ინვესტიცია, რომელიც ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში უნდა ჩადებულიყო, სხვა მიმართულებით დაიხარჯება და რაღა თქმა უნდა, ისევ განათლების სისტემას მოხმარდება.

„შედეგი იქნება ბევრად კარგი, ვიდრე ამერიკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იყო, ვინაიდან ამჯერად ეს არის ძალიან კარგად გათვლილი და გაზომილი გეგმა. 30 მილიონის ინვესტირება მოხდება უმაღლესი განათლების ნაწილში, დაფინანსება იქნება სახელმწიფოს მხრიდანაც. საუბარია, ტექნიკურ და საინჟინრო მიმართულებების განვითარებასა და ხარისხის ამაღლებაზე“ - აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე.

მინისტრის პოზიციას სრულად იზიარებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის  საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯიმ მაკნიკოლასი. სხვათა შორის, ის იმ დროსაც იხსენებს, როცა წინა ხელისუფლებისგან უნივერსიტეტთან დაკავშირებით შეთავაზება მიიღო.

„2011 წელს ჩვენ განვიხილეთ და შევაფასეთ ეს წინადადება ხარჯთაღრიცხვის თვალსაზრისით, ქვეყნის მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ რამდენად იყო ის გამართლებული თავისი ხარჯებით და ეკონომიკური მონაცემებით. ასევე შევაფასეთ წინადადება პროგრამის ბენეფიციარებზე, ანუ საქართველოს მოქალაქეებზე გავლენის თვალსაზრისით. იმ დროს მიღებული შემოთავაზება არ იყო გამართლებული საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე“ - განაცხადა მაკნიკოლასმა და იქვე დაამატა, თუ რას ითვალისწინებს ახალ ხელისუფლებასთან გაფორმებული ხელშეკრულება:

„წინადადების მიხედვით, პარტნიორობის ფარგლებში, ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის ყურადღება გამახვილებული იყო სამეცნიერო და საინჟინრო პროგრამებზე, რომლებიც სტუდენტების კომპიუტერული კურსების მეშვეობით უნდა მიეწოდოს. ეკონომიკური ანალიზის შემდეგ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საკმაო კეთილგანწყობით შეხვდა ამ წინადადებას”.

პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია და ისე ჩანს, თანხის მიზნობრივად და რაციონალურად ხარჯვა აშკარად იმაზე მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ვიდრე წინა ხელისუფლების მიერ ქაღალდზე და ჰაერზე აშენებული უნივერსიტეტი.