აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე მოწმის სახით ბათუმის პროკურატურაში დაიკითხა. საუბარია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება ბათუმში, ხულოს ქუჩა №6-ში მილიონ ნახევარ ლარად შეფასებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისებისა და დაზიანების ფაქტს.
ლევან ვარშალომიძის დაკითხვის დასრულებამდე ბათუმის პროკურატურასთან იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი უმცირესობიდან მიხეილ მახარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“.
For.ge-სთან საუბარში პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი თემურ დოლიძე აცხადებს, რომ საქმე ეხება ქალაქ ბათუმში მდებარე ძველ აბანოს, სახელწოდებით „ვენეცია“. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
ლევან ვარშალომიძის გარდა, დაიბარეს თუ არა ამ საკითხზე სხვა პირები, ამ საკითხთან დაკავშირებით თემურ დოლიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მისთვის ცნობილია მხოლოდ ვარშალომიძის მოწმის სახით დაბარების თაობაზე.
ლევან ვარშალომიძე დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა. დაკითხვიდან გამოსული კი, მისი თანაპარტიელების მსგავსად, პოლიტიკურ დევნაზე ალაპარაკდა. იგი აქტივისტებისა და პარტიის წევრების დაკითხვაზე დაბარებას კვლავაც არ გამორიცხავს და მის დაბარებას ოპონენტების წინააღმდეგ ტერორის კლასიფიკაციას აძლევს, რომელიც წინასაარჩევნოდ უფრო გაიზრდება.
„არჩევნების წინა პერიოდში ტერორი უფრო გაიზრდება. კარგად გვახსოვს ერთი წლის წინ დადგმული შოუ, ეს შოუ დღესაც გრძელდება. მე მართლაც მიხარია, რომ დღეს ვდგავარ და ვცხოვრობ იმ ქალაქში, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ავაშენეთ. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას წელიწადნახევრის განმავლობაში არაფერი რომ არ აქვს გაკეთებული, ამის გადაფარვა სურს და ღმერთმა ხელი მოუმართოს“, - განაცახდა ვარშალომიძემ.
მისივე განმარტებით, მისი მმართველობის პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოცხადებული იყო აუქციონი და ყველაფერი კანონის გათვალისწინებით მოხდა.
„უკვე მეორედ ვიმყოფებოდი დაკითხვაზე. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ჰგონიათ, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში ბათუმში არსებულ აბანოების ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო აუქციონი. მე ტერიტორია არ გამისხვისებია. ჩვენს დროს გასხვისებული საინვესტიციო ობიექტი ახალმა მთავრობამ გააგრძელა, კითხვა ისმის, ჩვენთან რა გინდათ?!“ - განაცხადა ვარშალომიძემ.
ჩვენ ლევან ვარშალომიძესთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა განგვიმარტეს, რომ იგი ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებდა.
როგორც რიგითი აჭარლებისგან გავარკვიეთ, აბანოების საკითხი მხოლოდ ერთი ცალკე თემაა, რომელიც ნაციონალებმა ბათუმში დასანგრევად გაიმეტეს. სინამდვილეში, ბათუმში ვეღარც ძველ სასტუმრო „ლონდონის“ შენობას იხილავთ (ზვიად გამსახურდიას ქ. №13), რომლის დანგრევამდე მიყვანაზეც დაინტერესებულმა პირებმა „ადრევე იზრუნეს“ და ეს ნაგებობა მრავალი წელი სახურავგადახდილი და გამოღადრული იდგა. არადა, ბათუმელების თქმით, თავის დროზე რომ მიესწროთ, ამ შენობის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, მხატვარი აკაკი ძნელაძე For.ge -სთან საუბარში აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა აუცილებელი იყო, მაგრამ ცხრაწლიანი მმართველობის დროს კონკრეტულად ბათუმს ამ მხრივ სახე შეეცვალა და ძველი ბათუმი აღარ არსებობს. კერძოდ, ისტორიულ ძეგლებს მანსარდები დააშენეს, გააფუჭეს, ძველი სიდიადე და ნამდვილი მნიშვნელობა დაუკარგეს. რაც გადარჩა, ახალი ხელისუფლება ცდილობს, შეინარჩუნოს და გაამდიდროს. უფრო მეტიც, თბილისის მსგავსად, როგორც აღმოჩნდა, ბათუმშიც ძეგლებს, სპეციალურად უცვლიდნენ სტატუსს და არაერთი გადაცდომებია ამ მხრივ.
„აბანოების შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ბათუმის ცენტრში მდებარე ფოსტის შენობა დაამახინჯეს და გააფუჭეს, ლევან ვარშალომიძის დროს გაიყიდა და უკვე ინვესტორი აგებს რაღაცას. ფაქტობრივად, ძეგლი შეირყვნა. გარდა ამისა, ობიექტების ერთ ლარად გაყიდვის ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა. ამის უკან არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ კორუფციული გარიგება არსებობდა, მაგრამ ეს ფაქტები სამართალდამცავებმა უნდა გამოიკვლიონ. ბათუმში მდებარე აფთიაქის შენობა ჯერ კიდევ სტატუსიანია, იგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ითვლება, მაგრამ, პირვანდელი სახით საერთოდ აღარ არსებობს. აფთიაქი კი დგას, მაგრამ ისე სახეცვლილია, რომ ვერავინ ცნობს. სასტუმრო „ლონდონი“, ეს ასი წლის ძეგლ-შენობა, საერთოდ არ არსებობს, ძეგლი ქაღალდზეა, მაგრამ ამ შენობის ადგილას ააშენეს სხვა სასტუმრო“, - აცხადებს აკაკი ძნელაძე .
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კობა ხაბაზი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ რა სარჩულს დაუდებენ და როგორ შეფუთავენ ლევან ვარშალომიძის პროკურატურაში დაბარებას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ესაა ტოტალური ზეწოლა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მისი განადგურების მცდელობაა.
„ლევან ვარშალომიძე დაიბარო იმისთვის, რომ მან ბათუმს ზიანი მიაყენა, აბსურდია. ბათუმი ლევან ვარშალომიძის ხელში გახდა შავი ზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი ქალაქი. ბათუმი არასდროს ყოფილა ისე ლამაზი, როგორც დღესაა, არასდროს არ გაკეთებულა ბათუმში იმდენი, რამდენიც ვარშალომიძის დროს. ჩაბნელებული, ჩაზენექილსკამებიანი ბათუმის ნაცვლად მივიღეთ ჩემი ულამაზესი ბათუმი. დღევანდელ ხელისუფლებას ნამუსი რომ ჰქონდეს, დაკითხავდა და დააპატიმრებდა ასლან აბაშიძის იმ მომხრებს, რომლებმაც ბათუმი გაანადგურეს. ეს იქნებოდა სამართლიანობის აღდგენა. ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლამდე ბათუმი განადგურებული იყო, ნაციონალების დროს ბათუმი გახდა ულამაზესი ქალაქი, დღეს კი ბათუმში ყველაფერი შეჩერებულია. მე ეს სამი რეალობა ვიცი, რომელსაც საკუთარი თვალით ვხედავ“, - გვითხრა კობა ხაბაზმა.
რაც შეეხება ლევან ვარშალომიძის მიმართ უბრალო ბათუმელების მიერ გამოთქმულ ბრალდებას, რომ მან მიწები თუ ისტორიული შენობები თურქებსა და სააკაშვილის მაღალჩინოსნებზე ერთ ლარად გაასხვისა, კობა ხაბაზი კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა არ გამორიცხავს, რომ შეიძლება, ერთ ლარად გასხვისდა ტერიტორია ბათუმში, მაგრამ მის ადგილას აშენდა „რედისონი“, ან კიდევ, შესაძლოა, ერთ ლარად გასხვისდა რომელიმე ტერიტორია და მის ადგილას აშენდა დედაენის ძეგლი, ბათუმის უნიკალური გასართობი კომპლექსი თუ ფანტასტიური ბულვარი.
„მთავარია, როგორი ბათუმი გვქონდა და რას უკეთებენ დღევანდელ ბათუმს!“ - ასკვნის კობა ხაბაზი.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2012 წლის 28 დეკემბერს ლევან ვარშალომიძე ფინანსთა სამინისტროს აჭარის საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს. იმ დროს „ქართული ოცნების“ წევრებმა ლევან ვარშალომიძე შეძახილებით გააცილეს და ამბობდნენ, რომ მან აჭარის მიწები ერთ ლარად გაასხვისა, რის გამოც პასუხი უნდა აგოს. იმ პერიოდში ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის პრივატიზაციის საკითხებზეა დაბარებული და უფრო კონკრეტულად, „ასეთი ლამაზი ბათუმის აშენების გამო დაიბარეს“.