3 წლით თავისუფლების აღკვეთა კვარიათაში მდებარე სხვისი ბინის მისაკუთრებისთვის, 10 წელი გაფლანგვისთვის, ასევე გაფლანგვისთვის 4 წელი და 9 თვე, 2 წელი ამომრჩევლის მოსყიდვისთვის - ასე დაიანგარიშა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ვანო მერაბიშვილისთვის განკუთვნილი სასჯელი.
მოსამართლის განმარტებით, გაფლანგვის ეპიზოდში მისჯილმა 10-მა წელმა სხვა ბრალდებები გადაფარა, შემდეგ კი, 2012 წლის დეკემბერში მიღებული ამნისტიის მუხლის გათვალისწინებით, სასჯელი განახევრდა. შედეგად, აღნიშნულ ბრალდებებში, ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ გამოიტანა.
2013 წლის 21 მაისს დაკავებულ მერაბიშვილს, დღეის მდგომარეობით, მოსახდელი დარჩა 4 წელი, 3 თვე და 4 დღე. თუმცა, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ წარმოებული საქმეები ამით არ დასრულებულა. სასამართლო განხილვები სანდრო გირგვლიანიასა და 26 მაისის ეპიზოდებზე კვლავ გრძელდება და ადვოკატის განმარტებით პროცესები ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებშიც არის ჩანიშნული.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი for.ge-სთან განმარტავს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს.
„არ გვაქვს იმედი, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო რამე ცვლილებას შეიტანს, მაგრამ ბუნებრივია, ვაპირებთ გასაჩივრებას. რაც შეეხება განაჩენს, მიგვაჩნია, რომ უკანონოა, დაუსაბუთებელია. ვნახოთ, რას ჩაწერს სამოტივაციო ნაწილში მოსამართლე. დარწმუნებულები ვართ, რომ მნიშვნელოვანს ვერაფერს ჩაწერს. არ გამოკვეთილა ისეთი რამ, რაც გახდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი. შესაბამისად, ვიდავებთ ყველა ინსტანციაში“, - განაცხადა ადვოკატმა.
ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩნენ ვანო მერაბიშვილის თანაპარტიელები - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლემ, გადაწყვეტილების მიღების დროს ხელისუფლების წარმომადგენლების ინტერესები გაითვალისწინა.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ის შედეგი, რაც დადგა, ხელისუფლებას თავიდანვე ჰქონდა გარანტირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გადაიტანეს საქმე ქუთაისის სასამართლოში. დღეს ნათელი გახდა, რასაც ჩვენ მუდმივად ვუსმევდით ხაზს, რომ მათ მოსამართლესთან ურთიერთობები ჰქონდათ აბსოლუტურად დალაგებული. ჩვენ ვერ დავარქმევთ მართლმსაჯულების ზეიმს იმას, რაც ქუთაისის სასამართლოში მოხდა. ვანო მერაბიშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა ივანიშვილის სურვილის ასრულებაა - მან თქვა, ვანო მერაბიშვილი ზის და კიდევ დიდხანს იჯდებაო. მოსამართლემ დღეს ივანიშვილის სურვილი ოფიციალურად გააფორმა“, - განაცხადა For.ge-სთან ირმა ნადირაშვილმა.
კითხვაზე, აქვთ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხელისუფლებასა და მოსამართლეს შორის კავშირის დამადასტურებელი რამე ფაქტი, ნადირაშვილი პასუხობს: „ფაქტი რად გინდათ, თბილისიდან გადაიტანეს საქმე ქუთაისში, მეტი რა ფაქტი უნდა ყოფილიყო?!“
ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ნაკლებად საინტერესოა სოსო რობაქიძისთვის, 2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან, საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა სასამართლოს გადაწყვეტილებას სანდრო გირგვლიანისა და 26 მაისის ეპიზოდებზე ელის.
„კომენტარს გავაკეთებ, როდესაც დასრულდება ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბარლდებებზე სასამართლო. თუ მას 5 წელი დაუტოვეს და ამნისტირებული მუხლი მისცეს, გასაპროტესტებელი იქნება. ჯერჯერობით საქმეების განხილვა გრძელდება და ვნახოთ, რა იქნება ბოლო განაჩენი. მერაბიშვილი, სულ ცოტა 20-25 წელი უნდა იჯდეს ციხეში და არანაირი ამნისტია არ უნდა შეეხოს. გადამწყვეტია, რა შედეგით დასრულდება 26 მაისისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე წარმოებული პროცესი“, - განუცხადა For.ge-ს რობაქიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი კი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მან სხვა საქმეებზეც უნდა აგოს პასუხი.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ეს პიროვნება ფლანგავდა ხალხის ფულს, სხვის ქონებას იყო დაუფლებული და იყენებდა მას პირადი მიზნებისთვის. იგი უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცხადდა დამნაშავედ. ერთ ნაწილში უკვე დადასტურდა, რასაც ამბობდა და ფიქრობდა ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პიროვნების შესახებ. არ მინდა პროცესებს გავუსწრო, თუმცა, საზოგადოებაში ასევე დიდი მოლოდინია გირგვლიანის და 26 მაისის საქმეებზეც“, - განაცხადა For.ge-სთან საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ინტერესი გაჩნდა ე.წ. ორი გვამის დაკვეთასთან დაკავშირებითაც და ამ საკითხზე ვანო მერაბიშვილის განცხადებაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
„ამ ადამიანის ისტორია სავსეა დანაშაულებრივი წარსულის ნიშნებით და არავინ უნდა დადგეს კანონზე მაღლა - ყველამ უნდა აგოს პასუხი, მიუხედავად იმისა, ეს დანაშაული როდის იყო ან იქნება ჩადენილი“, - განმარტავს ქუცნაშვილი.