ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს 50 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სიმართლე რომ ითქვას, განაჩენი მოსალოდნელი იყო, რადგან საქმე მილიონობით გაფლანგულ ლარს ეხებოდა და მოწმეთა უპრეცედენტო რაოდენობაც დაიკითხა, თუმცა სასჯელის ზომა არც ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოეწონათ და არც რიგით ამომრჩეველს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებმაც მოქმედ ხელისუფლებას ხმა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მისცეს. ნაციონალებმა, საერთოდ, სასჯელი გააპროტესტეს, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა კი 5 წელი იცოტავა და არც ჭიაბერაშვილის გათავისუფლება მოექონა ბევრს.
სხვათა შორის, სწორედ ივანე მერაბიშვილის მთავრობის მიერ მიღებული კანონები რომ ყოფილიყო ძალაში და ეპიზოდთა უპირობო შეკრებითობის პრiნციპს ემოქმედა, ყოფილი პრემიერი მინიმუმ ორციფრა სასჯელს ვერ გადაურჩებოდა და თუ ყველაფერს ბოლომდე დაითვლიდნენ, ეგებ სამციფრიანი სასჯელიც მიეღო.
განაჩენის გამოცხადებისთანავე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ჯერ მოსამართლე დაამუნათეს, შემდეგ კი ხელისუფლება, რომელიც თემიდაზე ზეწოლაში დაადანაშაულეს და ეს მაშინ, როცა მათი ხელისუფლების პირობებში, საქმეების 99.8%-ს პროკურატურა უპირობოდ იგებდა და სასჯელს საახალწლო კანფეტებივით არიგებდა. რაც მთავარია, მაშინ მოსახლეობას პროტესტის გამოთქმის შესაძლებლობაც კი არ ჰქონდა, რადგან ასეთ შემთხვევაში თავად შეიძლებოდა გამხდარიყო იმ სასამართლოს მსხვერპლი, რომლის სადავეებიც ხელისუფლებას მყარად ეპყრა ხელთ და ევროპელი პარტნიორების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ უშვებდა. მაშინ ამერიკის ელჩიც გაოცებული ამბობდა, უპრეცედენტო განაჩენებიაო, თუმცა თურმე სახელმწიფოს და მის ხერხემალს ასე სჭირდებოდათ და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ნახევარი საქართველო კრიმინალი იყო, მეორე ნახევარი კი ამისთვის მომწიფებული და სამართლიანობის სადარაჯოზე მდგარი ხელისუფალნი ყველას “ყვარყვარეს ციხეში” ერეკებოდნენ.
მერაბიშვილის დანაშაული ეჭვს რომ არ იწვევდა, რეალურად ყველამ იცოდა, მაგრამ ხანდახან არის მომენტი, როცა ოპოზიციამ ისე უნდა ისაუბროს, როგორც დღეს საუბრობს, თორემ ისინი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ და მერაბიშვილი მათი გუნდის წევრი არ ყოფილიყო, ციმბირს იქეთ რომ ქვეყანაა, იქ გაუშვებდნეენ სასჯელის მოსახდელად.
რიგითი ადამიანების აზრით, ეს საკმარისი სასჯელი არ არის და საზოგადოება მოუთმენლად ელის, რას გადაწყეტს სასამართლო გირგვლიანის საქმესა და 26 მაისის აქციის დარბევაზე. ორივე შემთხვევაში ადამიანები არიან გარდაცვლილი და თუ იმას გავიხსენებთ, როგორ მარტივად და მშვიდად ითხოვს მერაბიშვილი ორ გვამს, სანაცვლოდ კი დიდ პრემიას იძლევა, სავარაუდოდ, ბრალეულობა ამ საქმეებშიც დაუმტკიცდება, თუმცა უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ნაადრევი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება. ნაციონალური მოძრაობის წევრებს კი ის უფრო უნდა აწუხებდეთ, რატომ მთვლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მათ 9-წლიან მოღვაწეობას კრიმინალად და რატომ ითხოვს მათ სამაგალოთოდ დასჯას, ვიდრე ის, დაუმტკიცებს თუ არაკონკრეტულ საქმეს სასამართლო.
ასეა თუ ისე, დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება მოწმობს, რომ სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, კანონის მოთხოვნების სრული დაცვით და მიუხედავად ოპონენტების სურვილისა, აღნიშნულ საქმეებს პოლიტიკური ელფერი შესძინონ, სამართლიანობა მკვიდრდება.