„გაურკვევლობა კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას“

„გაურკვევლობა კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას“

სოზარ სუბარი ვარაუდობს, გეგუთის ციხეში შესაძლოა, მორიგი საპროტესტო ტალღა აგორდეს, მსჯავრდებულები, ამჯერად, პროტესტის მიზეზად მედიკამენტებისა და საკვების პრობლემას დაასახელებენ. მინისტრი, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, რადგან სუბარის განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი სტანდარტები მოქმედებს, პატიმრების პროტესტი კი ხელოვნურადაა გამოწვეული.

პატიმრების მხრიდან განმეორებით პროტესტს არ გამორიცხავს სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი გეგუთში მიმდინარე პროცესებს სისტემატურად აკვირდება. ომბუდსმენი მსჯავრდებულების პრობლემებს სწავლობს და დასკვნას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

For.ge სახალხო დამცველს, უჩა ნანაუაშვილს ესაუბრა.

ბატონო უჩა, რა ხდება გეგუთის კოლონიაში, რეალურად რა გახდა ამ პროტესტის მიზეზი?

- გეგუთში ამჟამად სიწყნარეა. შეიძლება ითქვას, რომ პროტესტი აღარ არის იმ ფორმით, როგორც ეს ბოლო დღეების განმავლობაში იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარებულია. ჯერ კიდევ დეკემბერში დაწყებული აქცია, შეიძლება ითქვას, უშედეგოდ დამთვარდა. იცით, რომ საუბარი იყო მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის შექმნაზე. ეს მოთხოვნა დღემდე არ დაკმაყოფილებულა და შესაბამისად დაძაბულობა კვლავ არსებობს. ის მოთხოვნები, რაც იყო მაშინ, დღემდე არსებობს, რაც რეალურად კიდევ უფრო ძაბავას მდგომარეობს.

დავაკონკრეტოთ, რას ნიშნავს - დაძაბულობა კიდევ არსებობს, რაც ძაბავს ვითარებას - რას გულისხმობთ?

- ვგულისხმობ იმას, რომ უნდა მომხდარიყო მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის, ან რაიმე ფორმით უნდა მომხდარიყო უკვე მიღებული განაჩენების გადახედვის მექანიზმი. ეს ამ პროტესტს გაცილებით უფრო შეამსუბუქებდა. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ელოდებოდა მსგავსი მექანიზმის შექმნას, რაც არ მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პირდაპირ მოქმედებს იმ დაძაბულობაზე და მდგომარეობაზე, რომელიც იქ არის. თუმცა, საყოფაცხოვრებო პრობლემებიც არის, მაგრამ ძირითადად, მაინც ვფქირობ, რომ მთვარი მიზეზი არის ეს გადაწყვეტლება, რომელზეც პასუხი ჯერჯერობით გაუგებარია. არავინ არ იცის როდის მოხდება მსგავსი მექანიზმის შექმნა, ეს გაურკვევლობა კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას.

სწორედ ამიტომაც ჩვენ, გარდა იმისა, რომ ვმუშაობთ გარკვეულ მექანიზმზე, რომელიც კანონში შესულ განაჩენებზე იმუშავებს, ასევე დეტალურად ვმუშაობთ იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს მსჯავრდებულებს. ამ დღეების განმავლობაში მონიტორინგს ვახორციელებდით გეგუთის კოლონიაში. მინდა გითხრათ, რომ მონიტორინგი არ შეგვიწყვეტია, პირიქით, უფრო ვაძლიერებთ. არა მხოლოდ კონკრეტულ ინციდენტებზე უნდა გვქონდეს რეაქცია, არამედ დეტალურად უნდა შევისწავლოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებთ პატიმრებს, რათა შემდგომში მოხდეს ამაზე რეაგირება. ეს ახალი გადაწყვეტილებაა, რომელიც ახლახან მივიღეთ. უახლოეს ხანში კონკრეტულად ამ დაწესებულების სისტემურ მონიტორინგს დავიწყებთ. ზოგიერთ დაწესებულებაში ამ წუთებშიც მიმდინარებს მონიტორინგი. რამდენი დაწესებულებაში კი უკვე ჩატარებულია.

ამ მონიტორინგის ფარგლებში რამე დარღვევები აღმოაჩინეთ?

- ამის შესახებ მზადდება ანგარიში. შესაბამისად, ეს ინფორმაცია საჯარო გახდება საზოგადოებისთვის. ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენიმე დაწესებულებაში სისტემური მონიტორინგი უკვე ჩატარდა.

რა პრობლემებია დღეს? პატიმრები დღესაც იგივე პრობლემების წინაშე დგანან, რაც იყო წლების განმავლობაში?

- არა - სისტემური დანაშუალი, წამების ფაქტები, გადატვირთულობა, არადამიანური მოპყრობა, გარდაცვალების ფაქტები - რა თქმა უნდა, არაა. იგივე, ჯანდაცვის კუთხით ძალიან სერიოზული ცვლილებებია, მაგრამ რიგ შემთხვევებში არის გარკვეული ხარვეზები, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ და მივმართავთ შესაბამის უწყებებს.

სასჯელაღსრულების მინისტრი ამბობს, რომ შესაძლოა, გეგუთის კოლონიაში მორიგი საპროტესტო ტალღა აგორდეს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მან შს მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ეს პროცესები მხარდაჭერილია გარე ძალებისგან. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს პროცესები იყოს მართული?

- გამიჭირდება ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ გეტყვით, რომ პირადად ვიყავი მომსწრე რამდენიმე ფაქტის, როდესაც არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ხშირ შემთხვევაში ჭორებიც კი ვრცელდებოდა, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობდა დაძაბულობის კერის შექმნას. სწორედ ეს ხდებოდა გეგუთში მიმდინარე პროცესების დროს. იგივე, გეგუთში მე თვითონ შევესწარი არასწორი და გაზვიადებული ინფორმაციის გავრცელებას. რამდენად არის დაგეგმილი ეს პროცესები, ამაზე კომენტარი გამიჭირდება... არ ვიცი... შს სამინსიტრომ უფრო მეტი იცის.

რაც შეეხება პატიმარ ლაშა შავაძეს, ის ასახელებს კონკრეტულ პირებს, რომლებმაც მას შეუკვეთეს ია მეტრეველის მკვლელობა. ვიცი, რომ ხართ საქმის კურსში, თუ შეხვდით ამ პატიმარს?

- ვიცი ამის შესახებ. ჩვენი წარმომადგენელი შეხვდა მას. ამ საკითხზე დაწყებული გვაქვს მოკვლევა. მოკვლევის დასრულებამდე გამიჭირდება რაიმე კონკრეტულის თქმა, მაგრამ როგორც კი გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია, ეს დეტალები გახდება საჯარო.

თომასამერბერგის განცხადებით, მთავრობამ პირობა დადო, რომ ადამაინის უფლებები ქვეყანაში იქნება დაცული. მთავრობამ წარმოადგინა ადამაინის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა, თუმცა საია ამ გეგმას არ იზიარებს. თქვენ თუ იზიარებთ მთავრობის სტარტეგიას?

- ჯამში, ნორმალურია. შეიძლება ითქვას, მისასალმებელია, რომ მსგავსი გეგმა მომზადდა, რადგან ხელისუფლება გარკვეული მიმართულებით იღებს პასუხისმგებლობას, რაც პირველად ხდება ქვეყანაში. ჩვენი კრიტიკა უკავშირდება პროცესს, ამ პროცესში უნდა მონაწილეობდეს გაცილებით მეტი ორგანიზაცია, მეტი ჯგუფი. როგორც წესი, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ნაჩქარევად არ უნდა იყოს მიღებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გათვლილი იყოს ფინანსური მხარე.

როდესაც საუბარია ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიის გეგმაზე, რომ ჩვენ ევროპული სტანდარტებით უნდა ვიმოქმედოთ, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უფლებებით ხელმძღვანელობენ? როგორიც არის იგივე სიცოცხლის უფლება...

- გასული წლის განმავლობაში იყო რამდენიმე ინციდენტი, როდესაც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს ჰქონდა ადგილი. დარღვევები არის, მაგრამ, ისეთი დარღვევები, რომელიც სიცოცხლის უფლებას ხელყოფს, რა თქმა უნდა, არაა. თუმცა, არის მთელი რიგი დარღვევები და ხარვეზები, რაზეც ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ.

რაც შეეხება გახმაურებულ საქმეებს, ეს ადამიანები პროკურატურისგან ისევ ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. სახალხო დამცველი არ ინტერესდება რა ეტაპზეა ეს საქმეები?

- ამაზე ყოველთვის ვიღებთ პასუხს, რომ მიდის გამოძიება.

შეიძლება უსასრულოდ გრძელდებოდეს გამოძიება?

- არა, რა თქმა უნდა. ყველა ელოდება, მითუმეტეს ამ ცვლილებების ფონზე, რომელიც განხორციელდა. შეიძლება ობიექტური მიზეზებით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საზოგადოება მალე მიიღებს პასუხს ძალიან ბევრ კითხვაზე.