პოლიტპატიმარი ზაალ ჟვანია ერთ-ერთი მათგანია, ვინც ნაციონალების დროს საკუთარ ოჯახთან ერთად დევნა იწვნია. ის და მისი ორი ვაჟი გამოგონილი ბრალდებებით ციხეში ჩასვეს. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ზაალ ჟვანიას სასარგებლოდ სასამართლომ, დავალიანებისა და მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას სოლიდური თანხის გადახდა დააკისრა, რომელიც შემდგომ სახელმწიფომ აიღო ვალად. ამ თანხის ამოღება შევარდნაძის ხელისუფლების მიერ იბლოკებოდა. მოგვიანებით, 2003 წლის ბოლოს საქმემ საკონსტიტუციო სასამართლომდეც მიაღწია, რომელმაც დაადგინა ზაალ ჟვანიას სიმართლე და მის სასარგებლოდ თანხის გადახდა სახელმწიფოს დააკისრა. ზაალ ჟვანიამ თანხის ამოღების მიზნით დასახმარებლად იმხანად ხელისუფლებაში მოსულ მიხეილ სააკაშვილს მიმართა, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ნაციონალები მისი ფირმით დაინტერესდნენ. ზაალ ჟვანია და მისი ვაჟები პოლიტიკურ ნიადაგზე დააპატიმრეს, ქონება კი დაუყადაღეს. მისგან ყოფილი მაღალჩინოსნების დადანაშაულებას ითხოვდნენ, რასაც ჟვანია არ დათანხმდა და 15-წლიანი პატიმრობა „დაიმსახურა“ .
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ აწ უკვე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ზაალ ჟვანია სამართლიანობის აღდგენას დიდხანს ელოდა. თუმცა, იმის გამო, რომ ქვეყანაში ძველი საქმეები არ გადაიხედა და არც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის, ან პროკურატურაში რეაბილიტაციის საქმეთა დეპარტამენტის ამოქმედება მოხერხდა, ზარალის ანაზღაურების ნაცვლად, დღეს უკვე ისევ მისი ბინის ხელში ჩაგდებით დაინტერესდნენ. როგორც აღმოჩნდა, ნაციონალების მიერ უსამართლოდ გამოტანილი განაჩენი ახალი ხელისუფლებისთვისაც დასაყრდენი აღმოჩნდა და ამჯერად, მეტრო „დელისთან“ მდებარე ზაალ ჟვანიას სახლი აუქციონზე გაიტანეს. ამის საპასუხოდ, ყოფილი პოლიტპატიმარი საკუთარი ღირსების დაცვას აპირებს და მზადაა, თავისი ქონება სიცოცხლის ფასად დაიცვას. ამავდროულად, დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო, სადაც მისი საქმე გადაგზავნილია, მის სიმართლეს დაადგენს, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პროცედურები დროში გაჭიანურებულია.
„საქართველოს პროკურატურას მივმართე, მაგრამ თავს იმართლებენ, თითქოს, საქმეში არ არსებობს ახალი გარემოება და თურმე, ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება არ აქვთ. სინამდვილეში, ახალი გარემოებაც გავაცანი, თუმცა, აშკარაა, პოლიტიკური ნება არ არის, რომ ამ საქმეების გადახედვა მოხდეს. ალბათ, ამიტომაც დახუჭეს თვალი ჩემს მიერ მიტანილ ახალ გარემოებაზე. თავის დროზე ჩემი დაჭერა იმის გამო მოხდა, რომ ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ მოგებული მქონდა საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის აღსრულების შემთხვევაშიც, 2004 წლისთვის უკვე 18 მილიონი დოლარი მეკუთვნოდა. ეს დაანგარიშებული აქვს იუსტიციის სამინისტროს საბუღალტრო ექსპერტიზას. ზუსტად ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე დამიჭირეს, რომ იგი არ აესრულებინათ. ახლა ეს მთავრობა იმას წუხს, რომ არ ამისრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. არადა, 90-ე ბრძანებით, 2003 წლამდე, ავტომატურ რეჟიმში ზარალის გამო, 18 მილიონი დოლარი მეკუთვნოდა, 2004 წლიდან კი უკვე საბანკო პროცენტი მოქმედებს და უზარმაზარ თანხაზე ადის. ასეთი შემთხვევისთვის, როცა სახელმწიფო არ ასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას, საბანკო წლიური პროცენტი უკვე 25,8%-ია, ანუ თანხა ადის სადღაც 70 მილიონამდე, შეიძლება, უფრო მეტიც ჰქონდეთ გადასახდელი. ამ თანხის ხსენებაზე ამათ აკანკალებთ და არ იციან, რა მოუხერხონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამხელა თანხის მოცემა არ უნდათ. ვეუბნები, ჯანდაბას, თუ აღასრულებთ გადაწყვეტილებას და წაიღებთ ჩემს ბინას, ამისრულეთ ეს გადაწყვეტილებაც. ამაზე პასუხი არ აქვთ, თავჩაღუნულნი დგანან და ბურტყუნებენ რაღაცეებს“, - აცხადებს ზაალ ჟვანია For.ge-სთან საუბარში.
როგორც გავარკვიეთ, მისი საქმით უკვე დაინტერესდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მომავალი კვირის დასაწყისში ზაალ ჟვანიას იუსტიციის სამინისტროში იბარებენ. ამ ეტაპზე ზაალ ჟვანიასთვის უცნობია, რას მოიფიქრებს იუსტიციის სამინისტრო, თუმცა დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლოში მის მიერ შეტანილ სარჩელზე მისთვის გამამართლებელი განაჩენი დადგება და ჩვენს მთავრობას მის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ბრძოლის შანსი არ ექნება.
პოლიტპატიმარი აცხადებს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა ის და მისი შვილები პატიმრები იყვნენ, არავითარი შემოსავალი არ ჰქონიათ. მისი ერთი შვილი პატიმრობის შემდეგ „თელასში“ მუშაობდა, თუმცა დღეს იქიდან წასვლა აიძულეს, მეორე შვილი და პირადად იგიც დაუსაქმებელია, ახლა კი სახლს ართმევენ და გამოდის, ადამიანს სიდუხჭირისა ან დანაშაულისთვის სწირავენ.
„მართალია, ქუჩებში არავინ გვირტყამს და არ გვცემს, მაგრამ მათი მომადუნებელი და დეპრესიაში ჩამგდები პოზიცია არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე ნაციონალების აგრესიული პოზიცია. მე ვერ ვიტყვი, რომელი უფრო უარესია. თეა წულუკიანი გამოვიდა, ფული არ გვაქვს, სამართალი რომ აღვადგინოთო. ე.ი. წულუკიანი ფულს ითხოვს სამართლის აღდგენაში და ამ ქვეყანაში სამართალი ფულთან პირდაპირპროპორციული ყოფილა. არავის ეგონოს, თითქოს ქონებას კბილებით ვიცავ, უბრალოდ, ღირსებას ვიცავ, რადგან მამაჩემის ნაყიდი სახლის წართმევას მიპირებენ. თოფით დავდგები იმ სახლში. აბა, შემოვიდეს ვინმე, ვესვრი, ვინც იქნება. ვიცი, რომ შეიძლება, ის ტყვია უდანაშაულო კაცს მოხვდეს, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არ დამრჩენია. უბრალოდ, ღირსების საქმეა. თუ გავიმარჯვებ, პირობას ვდებ, ვინმეს, მარჩენალდაკარგულ, მრავალშვილიან ოჯახს ვაჩუქებ ამ ბინას, მაგრამ ბოლომდე ვიომებ არა ქონებისთვის, არამედ ღირსებისთვის. 15 წელი მომისაჯეს და თვალი არ დამიხამხამებია, ღირსება არ დამიკარგავს, არ ვითანამშრომლე და ხელი არ დავადე იმ პიროვნებებს, რომლებიც მათ უნდოდათ“, - აცხადებს პოლიტპატიმარი.
მისი აზრით, ახალი ხელისუფლება ნაციონალების დროინდელ დანაშაულს „აპრავებს“. ეს მაშინ, როცა მის მიმართ წაყენებული აბსურდული ბრალი დილეტანტისთვისაც აშკარაა. დასწამეს, თითქოს, პირთა ჯგუფთან ერთად ჩაიდინა თაღლითობა. ამ დროს კი „პირთა ჯგუფი“დაუდგენელია.
„ვეკითხები, კაცო, ვინ არის ის პირთა ჯგუფი, ვისთან ერთადაც დანაშაული ჩამიდენია?! სახელები და გვარები მაინც მითხარით-თქო. დაუდგენელ პირთა ჯგუფიაო. ეს ხომ სიგიჟეა. ვითომ მივაყენე სახელმწიფო ორგანიზაციას 422 ათასი ლარის ზარალი. სპეციალურად დამაპირისპირეს სახელმწიფო კომპანია, თორემ მათ არაფერი სადავო არ ჰქონდათ, 300 ათასი აქეთ მეკუთვნის, მე ვარ დაზარალებული და ამ დროს მე გამომიყვანეს დამზარალებლად. ისევ ის მოსამართლეები და პროკურორები სხედან და ვინ გადახედავს ამ საქმეს? სავლეს და პავლესი არ იყოს, პროკურატურაში ვინ იტყვის, ღმერთო, გვაპატიე, ზაალ ჟვანიას თავი უნდა დავანებოთ და ჩვენ ვართ დასაჭერებიო?! ახლა მერაბიშვილის წინააღმდეგ რომ გამოდის პროკურორი ბაჩიაშვილი, ის ჩემი საქმის პროკურორი იყო და ციხეში რვანახევარი წელი დამიმატეს კიდევ, ვითომ ტელეფონი მქონდა. თემა სულ სხვა იყო, ვიღაცეებზე ითანამშრომლეო. არადა, კამერაში ტელეფონი არ მქონია. დაწერეს, ზაალ ჟვანიამ ქრთამის სახით ფული ვერ გადაიხადა, რადგან თანხა არ ჰქონდა, მაგრამ ათი თვე კამერაში ტელეფონი ჰქონდა და ამ ათი თვის განმავლობაში ამ ტელეფონით არ უსარგებლია, რადგან არ სჭირდებოდაო. დანაშაული ხომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირისგან უნდა შედგებოდეს. თუ მე ფული ვერ გადავუხადე, მაინც მომიტანეს ეს ტელეფონი და „პოსლეზე“ მენდნენ?! მაშინ ათი თვე რატომ არ ვისარგებლე ამ ტელეფონით?!“ - დღემდე აინტერესებს ზაალ ჟვანიას.
იგი უსამართლობასთან ბრძოლას კონკრეტული საქმიანობითაც აპირებს. უახლოეს ხანში არასამთავრობო ორგანიზაციას - „პატრიოტები საქართველოს მიწა-წყლის დასაცავად“ დააარსებს. ფიქრობს, რომ ამით სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის სასარგებლო პროექტებს დაიცავს, ასევე, არ დაუშვებს, ხალხს ისევ ჩამოართვან ქონება და ქუჩაში დატოვონ ოჯახები. მისი მიზანია ქვეყანაში გაჩნდეს საშუალო ფენა. სწორედ ამ ფენის ეშინოდა შევარდნაძეს, სააკაშვილს და, სავარაუდოდ, საშუალო ფენას არც ახალი ხელისუფლება სწყალობს. არადა, საშუალო ფენა ქვეყნის მდგრადობისა და თავისუფალი აზრის ძირითადი საყრდენია.