მომავალ კვირას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი ევროპის ერთა თასის გათამაშების მორიგ შეხვედრას ჩაატარებს და თბილისში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებს. იმედია ბორჯღალოსნები ტრადიციას არ დაარღვევენ და მოწინააღმდეგეს ჩრდილოეთ ქვეყანაში კვლავ დამარცხებულს გაუშვებენ.
დღევანდელი საკვირაო სპორტული „ისტორიების“ მოყოლა ერთი დაუჯერებელი შემთხვევით მსურს დავიწყო. ეს ამბავი რამდენიმე ათეული წლის წინ დაფიქსირდა და ქართული რაგბის მატიანეში „ოქროს ასოებით“ შევიდა. ნება მომეცით სიტყვა ყოფილ მორაგბეს, ბატონ გია კორკოტაშვილს გადავცე.
„რაგბიში ვეთამაშებოდით ქუთაისის ბიჭებს. საბჭოთა კავშირის თასის გათამაშებისთვის ვიბრძოდით. უბრალოდ, სპარინგი გაიმართა. გახურებულ თამაშში ვართ, ერთმანეთს არ ვინდობთ, გულშემატკივარიც ბობოქრობს.
უცებ, ქუთაისლების ერთ-ერთი გულშემატკივარი წამოხტა ფეხზე, ხელში დიდი ყანწი უჭირავს და შესძახა, ხალხო მისმინეთო. ხალხი მისკენ შეტრიალდა. დაიწყო, - ამ ყანწით მინდა, გოგლა შავთელიშვილის სადღეგრძელო შევსვა, გოგლიკ გაგიმარჯოს, შენს ფეხს და მარჯვენას გაუმარჯოს, შენს კაცობას და მეობასო. მოიყუდა ყანწი და დალია.
გაავსო ისევ ღვინით, გადააწოდა იქვე მჯდომებს, დალიეს მათაც. ისევ გაავსო ყანწი პირამდე და გოგლას დაუძახა, მოდი სამადლობელი დალიეო. მოთამაშემ, მოუბოდიშა, ბიჭებო, ხომ ხედავთ, ვთამაშობ და ვერ დავლევო. გადაირია ის კაცი, ახლა არ შემშალო ჭკუიდან, სამადლობელი არ უნდა შესვა, ბიჭო, ეს როგორი წესიაო.
რაღას იზამდა გოგლიკა, მივიდა შესვა ყანწი ბოლომდე, ისევ დაბრუნდა მოედანზე და თამაში გააგრძელა. საქმე ის არის, ეს თამაში წავაგეთ. მოწინააღმდეგეებმა კი იქვე გააგრძელეს სმა, შორს წასვლა აღარ მოუწიათ“.
იმედია რუსეთის მორიგი დამარცხების შემდეგ ქართველი გულშემატკივარი კარგად მოილხენს, სტუმრები კი რაგბის თამაშის ანა-ბანას კიდევ ერთხელ სერიოზულად ჩაუჯდებიან და უძლეველი ქართველების გამწარებას სამომავლოდ გადადებენ.
რაგბიდან ფეხბურთზე გადავინაცვლოთ და მკითხველს მორიგ „ისტორიულ-სახალისო“ ამბებს გავაცნობ. ბატონი კონსტანტინე შანიძე ჩვენი საკვირაო „სპორტული გამოშვებების“ ხშირი სტუმარი ბრძანდება. ეს პიროვნება დღეს კიდევ რამდენიმე საინტერესო ამბავს მოგვიყვება.
თბილისის „დინამოს“ სტადიონი შორეულ 1936 წელს გაიხსნა. ალბათ გაინტერესებთ ამ სპორტულ სარბიელზე გატანილი პირველი გოლის ავტორის ვინაობა. სიტყვას ბატონ კოსტიას გადავცემ.
„1936 წელს ახალაშენებულ “დინამოს” სტადიონზე პირველი მატჩი ჩატარდა - 7 სექტემბერს კიევის “დინამო” მივიღეთ! პირველი გოლი „დინამოს” სტადიონზე ნიკოლოზ სომოვმა შეაგდო, მერე ბორის პიჭაძემაც გაიტანა თავისი და ის მატჩი ფრედ, 2:2 დამთავრდა.
იმ წელს ჩემპიონები ჩვენ უნდა გავმხდარიყავით, პირველ ადგილზე მივდიოდით, მაგრამ 24 ოქტომბერს ასევე „დინამოს” სტადიონზე უსუსტეს ლენინგრადის „კრასნაია ზარიასთან” 2:3 წაგებულმა მატჩმა მესამე ადგილზე გაგვიყვანა...“
1937 წელს თბილისს სახელგანთქმული ბასკი ფეხბურთელები ესტუმრნენ. რასაკვირველია იმ შეხვედრებს ახალგაზრდა ფოტოგრაფი კონსტანტინე შანიძეც დაესწრო.
„1937 წელს თბილისში ლეგენდარული ბასკები ჩამოვიდნენ! ვაგზალთან დავხვდი და დავიწყე სურათების გადაღება. განსაკუთრებით ეჩებერიას ვუღებდი, ბორის პაიჭაძემ მომატყუა - მეგრელიაო და ვაჩხაკუნე და ვაჩხაკუნე აპარატი. ვარჯიშის დროს მისი დარტყმული სტადიონის რკინის მოაჯირს მოხვდა და გასკდა ბურთი. თბილისის ამბავი ხომ იცით? იმწამსვე ჭორი წავიდა ქალაქში, ესენი ვინ ჩამოვიდნენ - დარტყმით ბურთებს ხეთქავენო!!! მთელი თბილისი სტადიონისკენ დაიძრა, ყველას უნდოდა თამაშზე დასწრება! მესამე იარუსი ჯერ არ იყო დამთავრებული “დინამოს” სტადიონზე და სულ ოთხი მილიციელი იცავდა ამხელა პერიმეტრს, უწესრიგობა აზრადაც არავის მოსვლია, არავინ დამჯდარა დაუმთავრებელ ტრიბუნაზე...“
თბილისის „დინამოში“ თავის დროზე არაერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები თამაშობდნენ. იმ დროს ეროვნებათა შორის შუღლი რასაკვირველია უცხო ხილი არ გახლდათ, მაგრამ საქართველოს უპირველეს გუნდში შოვინიზმის გამოვლინებას ადგილი არასდროს ჰქონია. ამას ბატონი კონსტანტინეს სიტყვებიც მოწმობს.
„დინამოში” ოჩამჩირელი აფხაზი ნიაზ ძიაპშიპა თამაშობდა. ერთხელ სახლში მიმიპატიჟა, ოჯახში რომ შევედი, ყველა აფხაზი იყო. გადაირივნენ სიხარულით და საპატიო ადგილას დამსვეს. თვალებში შემომციცინებდნენ, დედამისი კი აფხაზური ტრადიციისამებრ მოდიოდა, თავზე ხელს გადამისვამდა და მლოცავდა“.
წარმოშობით ოჩამჩირელი გახლდათ ტრაგიკულად გარდაცვლილი ვიტალი დარასელიაც. ერთხელ ბატონმა კონსტანტინემ ვიტალის ფოტოსურათი გადაუღო. სამწუხაროდ ეს სურათი ფეხბურთელის ცხოვრებაში უკანასკნელი აღმოჩნდა.
„იმ დღეს ვიტალი ვარჯიშიდან გამოვიდა, ზოლიანი მაისური ეცვა. დამიძახა: - ძია კოსტია, მოდი ამ ფორმაში გადამიღეო. ფერადი ფირი მქონდა და რამდენიმე გადავუღე. არ მომეშვა - მოდი ახლა მთელი ტანით გადამიღეო... ბურთზე ფეხი დაადო - ასე უფრო კარგად გამოვა, ვინ იცის, სად დაგჭირდებაო! ვარჯიშის შემდეგ მითხრა, ჩემს ძმას გავუვლი ხონის კოლონიაში, პროდუქტებს დავუტოვებ და დედაჩემთან წავალ ოჩამჩირეშიო. ციოდა, ამხანაგიც წაჰყვა... წავიდა და...
სწორედ ის სურათი გავადიდეთ და ოჩამჩირეში მის სახლზე გაკრული იყო...“
ნება მომეცით დღევანდელი მოგონებების კიდევ ერთი სტუმარი წარმოგიდგინოთ. ბატონი გურამ ქავთარაძე პროფესიით სამთო ელექტრო მექანიკოსი იყო. მისთვის „დინამო” იყო ყველაფერი - „დინამოთი” სუნთქავდა, მისით იძინებდა და იღვიძებდა.
„დინამოს" სტადიონი ხელმეორედ 1976 წელს გაიხსნა და თამაშებისას ნემსი არ ჩავარდებოდა-ხოლმე ტრიბუნებზე. ყველა სექტორს თავისი დაცვა ჰყავდა, მილიციელებიც ცდილობდნენ, ხალხთან ურთიერთობა არ გაეფუჭებინათ, მაგრამ ზოგი მათგანი ხალხის შესაშინებლად მკაცრად იქცეოდა.
ერთხელ მეცხრე სექტორში ერთი პატარა ბიჭი უბილეთოდ შეიპარა, დაცვის უფროსმა ხელი სტაცა და გაყვანა დაუპირა, ატყდა ჩოჩქოლი, მოვარდა ოპერჯგუფი და ბიჭი ძალით გაათრიეს ტრიბუნიდან. ხალხს თამაშის ყურების სურვილი დაეკარგა, მძიმედ იმოქმედა ამ ამბავმა. მოვიდა ის პოლკოვნიკი, თავაწეულია, იარაღზე ხელი უდევს, ამაყად დაიარება კიბეზე - აი რა მაგარი ვარო!
ყველა გასუსული უყურებს თამაშს და უცებ ქავთარა წამოდგა:
- დახვრიტეთ უკვე ბატონო პოლკოვნიკო?
დღევანდელი მოგონებების დასასრულს კიდევ ერთ ისტორიას შემოგთავაზებთ, რომელსაც ადგილი ბატონი ნოდარ ახალკაცის სამუშაო კაბინეტში ჰქონდა. ამ შემთხვევას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი, ბატონი დავით კვინიკაძე გაიხსენებს.
„ნოდარ ახალკაცთან კაბინეტში რაღაც დოკუმენტზე ვმუშაობთ. მისი ოთახის კარი ყოველთვის ღია იყო - რის დაცვა, რა დაცვა... შემოვიდა ვიღაც პიროვნება და ნოდარს მიმართა:
-ბატონო ნოდარ! ერთი ისეთი საფეხბურთო ილეთი დავამუშავე, თუ ნაკრებში ამიყვანთ, ყველა თამაშში 2-3 ბურთს აუცილებლად გავიტანო. მაინც, რა ისეთი ილეთი დაამუშავეო, - ჰკითხა ცხონებულმა. რაო და, როდესაც მოწინააღმდეგე დაჯარიმდება, მე ბურთს ჩავაწოდებ მეტოქის საჯარიმოში, მერე ბურთს იქ დავხვდები და თავური დარტყმით მათი კარის ბადეს შევარხევ; ამ ილეთს მე „მესხი-კალოევის დუეტი“ დავარქვიო.
ნოდარმა ჩვენ თვალი ჩაგვიკრა, მას კი ხელი მაგრად ჩამოართვა, შეაქო, მაგრამ, ბოლოს დაღონებული სახით უთხრა: - ეს ძალიან კარგი ილეთი დაგიმუშავებია, მაგრამ, შენ ფეხბურთის თამაშის ერთი წესი დაგვიწყნია: ფეხბურთელს ჯარიმის დარტყმის შემდეგ ბურთით თამაში აღარ შეუძლია, ვიდრე მას სხვა მოთამაშე არ შეეხება - ბურთზე მიყოლებით ორჯერ შეხება აკრძალულია.
მერე კი სერიოზული ტონით განაგრძო: - ნამეტანი ჭკვიანი კაცი ჩანხარ და მოდი, ასე მოვიქცეთ: შენ სხვა, ახალი ილეთის დამუშავებაზე ივარჯიშე, მე კი „ფიფას“ ხელმძღვანელობას მაღარიჩის სახით ერთ კაი მოზრდილ ჭედილას დავუკლავ და, იქნებ, როგორმე ეს ოხერი წესი გავაუქმებინოო.
მაგარი კმაყოფილი წავიდა ის პატიოსანი კაცი ნოდარის ოთახიდან.
მადლობის თქმაც კი დაავიწყდა.“